Nuk
როგორ აზიანებს თამბაქო სისხლძარღვებს

თარიღი: 15 ნოემბერი, 2023

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი, ასევე, მოზარდების და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თამბაქოს მომხმარებელია.

 

მოწევა გულის დაავადების მთავარი რისკფაქტორია, თუმცა ეს მავნე ჩვევა აზიანებს სხეულის თითქმის ყველა ორგანოს: სისხლძარღვებს, ფილტვებს, თვალებს, რეპროდუქციულ სისტემას, ძვლებს, შარდის ბუშტს და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ სისხლძარღვთა ქირურგი არჩილ სიგუა ამბობს, რომ ქიმიკატები, რომლებსაც ისუნთქავთ მოწევის დროს, აზიანებს გულსა და სისხლძარღვებს, რაც ზრდის არტერიებში ფოლაქების აღმოცენების რისკს.

 

ბატონო არჩილ, როგორ, რა მექანიზმით გვაზიანებს თამბაქოს მოწევა?
როცა ადამიანი ეწევა თამბაქოს, მის ორგანიზმში შედის როგორც ნიკოტინი, ისე წვის პროდუქტები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ როგორც ფილტვებზე, ისე ნივთიერებათა ცვლაზე ორგანიზმში.

 

თავიდან, მწეველობის საწყის ეტაპზე, ეს ისე ძლიერად არ არის გამოხატული, რადგან ორგანიზმი ძლიერია და ამას ერევა. მაგრამ როცა ადამიანი წლების განმავლობაში ეწევა, ორგანიზმი იმდენად არის ნიკოტინითა და წვის პროდუქტებით მოწამლული, რომ ზემოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, რის შედეგადაც ორგანიზმში ირღვევა სხვადასხვა ლიპიდების ბალანსი. ამ დროს იწყება სქელდება არტერიის კედელი, გასქელებულ კედელზე კი წარმოიშობა ათეროსკლეროზული ფოლაქი – ეს არტერიის შიდა გარსის კეროვანი გასქელებაა, რომელიც აღმოცენდება ლიპიდების დაგროვების უბანში შემაერთებელი ქსოვილის გავრცელების შედეგად.

 

საბოლოოდ ფოლაქით ვიწროვდება და იხურება არტერიის სანათური, ანუ სისხლს უჭირს იქ გასვლა.

 

ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას გულის, ფეხის, ხელი ან თავის ტვინის [სანათურში], თუმცა ეს პროცესი პირველ რიგში აზიანებს მცირე კალიბრის არტერიებს.

 

რა მყისიერი საფრთხე შეიძლება შექმნას სისხლძარღვების პრობლემის მქონე ადამიანისთვის თამბაქოს მოწევამ?
უშუალოდ მოწევის დროს, სიგარეტის კვამლის ყლაპვის პროცესში ან აქედან 5-7 წუთის შემდეგ, წვის პროდუქტების გამო წვრილი არტერიები ისპაზმება, ანუ დროებით ვიწროვდება. მართალია, ეს არ არის გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ იმ შემთხვევებში, როცა უკვე არსებობს/სახეზეა სისხლძარღვის გარკვეული დაზიანება, ამ ხანმოკლე სპაზმსაც შეუძლია მნიშვნელოვანი სისხლძარღვი დახუროს და მოიტანოს ნევრალგიური ან კარდიალური დარღვევები – ინფარქტის ან ინსულტის სახით.

 

შესაძლებელია თუ არა განვსაზღვროთ რა დროს სჭირდება თამბაქოს სისხლძარღვების დასაზიანებლად?
ეს ძალიან ინდივიდუალურია, (იშვიათად მაგრამ მაინც) შეიძლება ადამიანი 20 წელი ეწეოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყოს სისხლძარღვების დაზიანება, მაგრამ შეიძლება ეწეოდეს 5 წელი და ჰქონდეს არტერიების უფრო სერიოზული პრობლემა. ეს დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე, მის სხვა ჩვევებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს დიაბეტი, ჭარბი წონა… ერთი მეორეს რომ ემატება, უფრო სწრაფად ვითარდება ეს პროცესები. 

 

რა მნიშვნელობა აქვს მოწევაზე თავის დანებებას ხანგრძლივი მწეველობის შემდეგ, როცა სისხლძარღვები უკვე დაზიანებულია?
როცა სისხლძარღვი ზიანდება, სამწუხაროდ, თამბაქოზე თავის დანებების შემდეგ პროცესი უკან არ ბრუნდება, ფოლაქები ისევ იქ რჩება, სადაც წარმოიშვა; მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვანელებთ პრობლემის განვითარებას და ჯანმრთელობის პერსპექტივა პაციენტს უკეთესი აქვს.

 

ახლო პერიოდში მყოლია ორი ერთნაირი პრობლემის მქონე პაციენტი, ორივე, არტერიის დაზიანების პრაქტიკულად იდენტური შემთხვევით (პრობლემები ტერფზე – განგრენა იყო წამოსული), ორივეს ჩავუტარეთ მცირეინვაზიური, ოპერაციული მკურნალობა; მათგან ერთმა მიატოვა თამბაქოს მოწევა იმავე დღეს, როცა დაუსვეს დიაგნოზი, მეორემ – არა. შედეგი სხვადასხვა ჰქონდათ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტია.

 

ხშირად ხდება, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტები რამდენიმე თვე ანებებენ თავს მოწევას, მაგრამ ბოლოს სადღაც მაინც მოწევენ ერთ ღერს, ამის შემდეგ კი გაჩერება უჭირთ. ამიტომ, როცა თავს ანებებთ მოწევას, იმ ერთ ღერსაც ნუ გაეკარებით. იგივე ვრცელდება ელექტროსიგარეტებსა და ვეიფებზე.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge