Nuk
რაზე მიუთითებს მტკივნეული მენსტრუალური ციკლი, ჭარბი წონა და სხვა სიმპტომები

თარიღი: 23 აგვისტო, 2023

რამდენად ხშირია პოლიკისტოზი, რა გამოხატული სიმპტომები გააჩნია მას და განკურნებადია თუ არა, რა დროს შეიძლება ჩაითვალოს მენსტრუალური ციკლი დარღვეულად, რა ტიპის პათოლოგიაა ენდომეტრიოზი და რამდენად საყურადღებოა ის, რა განსხვავებაა ჰისტეროსკოპიასა და ლაპაროსკოპიას შორის, რა უნდა გავაკეთოთ გინეკოლოგიური პათოლოგიების პრევენციისთვის“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე კლინიკა „ლიდერმედის“ რეპროდუქტოლოგმა, მეან-გინეკოლოგმა, ვალენსიის უნივერსიტეტის მაგისტრმა – ქეთევან ქანთარიამ ისაუბრა.

 

რამდენად ხშირია პოლიკისტოზი და რაიმე გამოხატული სიმპტომი თუ გააჩნია მას?
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზია. მისი ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გინეკოლოგიური თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ ქალებს, რომელთაც პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი აქვთ, მოგვიანებით სხვადასხვა დაავადებების განვითარების გაცილებით მეტი რისკი აქვთ. ქალბატონები ხშირად გვეუბნებიან, ვიყავი ექოსკოპიაზე და მითხრეს, რომ მე მაქვს პოლიკისტოზური საკვერცხეები. ექოსკოპიურად შეფასებული პოლიკისტოზური საკვერცხე იმაზე მიგვითითებს, რომ საკვერცხეში არსებული ფოლიკულური მარაგი, რაც ცისტების სახით უნდა იყოს, უფრო მრავლად არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ექოსკოპიური შეფასებით უნდა ვუთხრათ ქალბატონს, რომ მას პოლიკისტოზური საკვერცხეების დიაგნოზი აქვს.

 

არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომები, რომელთა ერთობლიობაც მიგვითითებს იმაზე, რომ  შესაძლოა, ქალბატონს აღნიშნული დაავადება ჰქონდეს. ასეთი სიმპტომებია: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ოვულაციის შეფერხება, რაც შემდგომ უნაყოფობის და უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, გამოვლინებები სახის კანზე, ჭარბთმიანობა, აკნე, თმის ცვენა, ჭარბი წონა. დიაგნოზი ისმევა ჩამოთვლილი სიმპტომების ერთობლიობით, კვლევების შედეგად, მათ შორის, ექოსკოპიით, მიღებული ინფორმაციით და ლაბორატორიული კვლევების შედეგებით.

 

თუ ჩამოთვლილი სამი კრიტერიუმიდან, ორი მაინც მიუთითებს პრობლემაზე, უკვე ვსაუბრობთ, რომ საქმე გვაქვს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომთან. მხოლოდ ცალკე აღებული ჭარბთმიანობა, ცალკე აღებული პოლიკისტოზური საკვერცხეების სურათი ექოსკოპიაზე ან მხოლოდ დარღვეული მენსტრუალური ციკლი, არ ნიშნავს, რომ ქალბატონს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახასიათებს ოჯახური გავრცელება, შეიძლება ჰქონდეს დედას, დას, ანუ ამ დაავადებას აქვს გარკვეული გენეტიკური საფუძვლები. წამყვანი და გამშვები მექანიზმი მაინც ინსულინრეზისტენტობაა, ანუ ინსულინისადმი მგრძნობიარე რეცეპტორების მგრძნობელობის დაქვეითება, რის გამოც ორგანიზმში ჭარბად გამომუშავდება ინსულინი და ეს ჭარბად გამომუშავებული ინსულინი ხდება გამშვები მექანიზმი იმის, რომ ქალის სისხლში იმატებს ანდროგენები, ანუ მამაკაცის ჰორმონები. შესაბამისად, ინსულინრეზისტენტობის მოგვარება და ამ ფონზე ჭარბი წონის და სიმსუქნის კორექცია, შემდგომში ერთ-ერთი წამყვანი საწინდარია იმის, რომ აღდგეს საკვერცხის ფუნქცია და დაუბრუნდეს ქალს ნორმალური მენსტრუალური ციკლი და აულაგდეს სხვადასხვა გამოვლინებები, ჭარბთმიანობა, აკნე და ა.შ. ამ ორ ენდოკრინულ დარღვევას შორის, ვგულისხმობ, ინსულინ რეზისტენტობას და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს, ძალიან დიდი ურთიერთკავშირია. რა თქმა უნდა, სხვა ენდოკრინული დარღვევებიც, მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, იმ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რაც საკვერცხეში მიმდინარეობს, ასევე მნიშვნელოვნად აისახება, თუმცა წამყვანი 60%-ში მაინც ვიტყოდი, რომ არის ინსულინრეზისტენტობა.

 

რა დროს შეიძლება ჩაითვალოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა პრობლემად, რა დროს შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ნორმაა და წარმოადგენს თუ არა მენსტრუალური ციკლის შემცირება სასიგნალო ნიშნავს იმისა, რომ შეიძლება მენოპაუზა დადგეს?
ვიტყოდი, რომ მენსტრუალური ციკლის რეგულარობა და მისი ხასიათის ნებისმიერი გადაცდომა მსოფლიოში მიღებული ნორმიდან, არის ძალიან საყურადღებო. მენსტრუალური ციკლი, ფაქტობრივად, ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ბარომეტრია. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ნორმატივები, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და მინდა გითხრათ, რომ პაციენტის კარგად გამოკითხვის შემდგომ, ანუ ციკლის რეგულარობის, ხანგრძლივობის თუ რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღებით, ბევრი მოკვლევის გარეშეც, შეიძლება, გარკვეულ დიაგნოზამდე მისვლა. მე არ ვამბობ, რომ გამოკვლევები არ არის საჭირო, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ პაციენტი კარგად უნდა გამოვკითხოთ, რამე თუ ის გინეკოლოგიური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარღვევების აშკარა მაჩვენებელია.

 

პაციენტს პირველ რიგში მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაზე ვეკითხებით, თუ ქალი, საშუალოდ, 24 – 38 დღის პერიოდში მენსტრუირებს, ეს ნორმაა. ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენობაც. ძალიან სუბიექტურია, როცა ქალბატონი მოდის და ამბობს, რომ მენსტრუაციის დროს ძალიან ბევრ სისხლს კარგავს, ის მას სწორად ვერ განსაზღვრავს, ამიტომ ჩვენ უნდა ვკითხოთ, რამდენად უქვეითდება მას ცხოვრების ხარისხი მენსტრუაციის დღეებში, რამდენად ხშირად უწევს მას სპეციალური ჰიგიენური პაკეტების თუ ტამპონების გამოცვლა, რამდენად ცდილობს, რომ ამ პერიოდში არ ჩაიცვას ღია ფერის ტანისამოსი, რამდენად უყურებს სკამს ან სავარძელს, როდესაც წამოდგება. ასეთი ტიპის გამოკითხვა უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა, რადგან ეს ბევრი თუ ცოტა ადამიანისთვის ძალიან სუბიექტურია. თუ ამ სიმპტომების ერთობლიობით ექიმი მიიტანს ეჭვს, რომ მენსტრუალური დანაკარგი ბევრია, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად საყურადღებოა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ძლიერ სისხლდენაში შეიძლება გადავიდეს და ქალმა ერთბაშად შეიძლება დაკარგოს ძალიან დიდი რაოდენობის სისხლი და მის სასიცოცხლო ფუნქციებს დაემუქროს საფრთხე ან ქრონიკულ რეჟიმში ჩამოყალიბდეს რკინადეფიციტური ანემია, რომელიც უკვე სხვა ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ონკო საფრთხეებიც, რომელიც განსაკუთრებით პერიმენოპაუზალურ ქალებში არ უნდა გამოგვეპაროს, რადგან ამის უკან შესაძლოა, საშვილოსნოს თუ საკვერცხის სხვადასხვა ონკო პათოლოგიები იდგეს.

 

არსებობენ ქალები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ხანმოკლედ, სისხლის მცირე დანაკარგით მენსტრუირებენ და თუ ეს მათთვის ფიზიოლოგიურია, ეს ნორმაა. თუ ეს მათ რეპროდუქციული ფუნქციის აღსრულებაში ხელს არ უშლით და თუ კარგად გრძნობენ თავს, ისინი რაიმე განსაკუთრებულ კვლევებს არ საჭიროებენ. მენსტრუალური გამონადენის შემცირება მაშინ, როცა პერიმენოპაუზალური პერიოდი იწყება, ნორმაა, რადგან ის ფიზიოლოგიურად მცირდება და მერე საერთოდ წყდება. თუ რეპროდუქციული ასაკის პერიოდში ქალბატონს ნორმალური გამონადენი ჰქონდა, მაგრამ ახლა მკვეთრ შემცირებას ატყობს, რა თქმა უნდა, ამაზე ყურადღების გამახვილება საჭიროა, განსაკუთრებით იმ ქალებთან, რომელთაც ჯერ არ აქვთ რეპროდუქციული ფუნქცია აღსრულებული და არ ჰყავთ შვილი, რადგან ეს შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევის, საკვერცხეების ნაადრევი გალევის სინდრომის მაჩვენებელი იყოს, რა დროსაც საკვერცხე ვეღარ გამოიმუშავებს ადეკვატური რაოდენობით მნიშვნელოვან ჰორმონს, ესტროგენს, პროგესტერონს და შესაბამისად ეს აისახება მენსტრუალური გამონადენის რაოდენობაზეც. შესაბამისად, რაც შეეხება მენსტრუალური გამონადენის შემცირებას, გააჩნია, რა ასაკის ქალბატონი მოგვმართავს და რა ჩივილით, რადგან ერთსა და იმავე სიმპტომზე შეიძლება ან განგაში ავტეხოთ ან ვუთხრათ ქალბატონს, რომ ეს ნორმაა.

 

აქვე მინდა, რომ მენსტრუალური გამონადენის ხანგრძლივობაზეც ვილაპარაკოთ. 7-8 დღეზე მეტხანს თუ გრძელდება მენსტრუალური გამონადენი, აქაც ღრმა კვლევაა საჭირო, რადგან შეძლება ეს გამოწვეული იყოს, როგორც ჰორმონული დისბალანსით, ისე საშვილოსნოში არსებული პათოლოგიებით, მიომებით, პოლიპებით, ჰიპერპლაზიებით და ა.შ. ამ დროს გამონადენი შეიძლება არ იყოს ჭარბი, მაგრამ დღეების რაოდენობა იყოს ხანგრძლივი.

 

განკურნებადია თუ არა პოლიკისტოზი და რამდენად ახასიათებს რეციდივი?
დიახ, განკურნებადი არის. წლების წინ, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ თურმე პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის ჩამოყალიბებაში ინსულინრეზისტენტობას, ჭარბ წონას ასეთი როლი აქვს, რომ ენდოკრინული ჯირკვლები, ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი ასეთ დიდი ურთიერთკავშირშია პოლიკისტოზურ საკვერცხეებთან, პირველი რიგის მკურნალობას, მხოლოდ ოპერაციული გზა წარმოადგენდა. თუ ქალს ციკლი ჰქონდა დარღვეული, თუ აშკარა იყო ექოსკოპიური და ლაბორატორიული ცვლილებები, პირდაპირ კეთდებოდა სოლისებური რეზექცია, ანუ საკვერცხის ქსოვილის ნაწილის ამოკვეთა, რომელიც გარკვეულ პერიოდში რაღაც მექანიზმით ნამდვილად იძლეოდა ციკლის რეგულაციას და უშვილობის პრობლემის მქონე ქალების რაღაც ნაწილიც იღებდა ორსულობას, მაგრამ დროთა განმავლობაში, მაგალითად, 8-12 თვის, 2 წლის შემდგომ, კვლავ ბრუნდებოდა ეს პრობლემა, რადგან იქ უბრალოდ მექანიკურად ხდებოდა საკვერცხის ქსოვილზე შეხება, პოლიკისტოზის გამომწვევი წამყვანი მექანიზმი კი არადიაგნოსტირებული რჩებოდა. რა თქმა უნდა, შემდგომ განვითარდა მედიცინა და ახლა, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი უშუალოდ ინსულინრეზისტენტობის შედეგია, ენდოკრინოლოგთან ერთად ვაწესრიგებთ ინსულინრეზისტენტობას, პარალელურად წესრიგდება ჭარბი წონის და სიმსუქნის პრობლემაც, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა, თავისი თანმხვედრი ბევრი გართულებით. ნამდვილად უცნაურია, რომ თითოეული ერთეულით მასის ინდექსის შემცირება, ქალბატონთან უკვე აისახება, როგორც მენსტრუალური ციკლის რეგულირებაზე, ასევე ერთი თვის განმავლობაში ორსულობის მიღების შანსზე. მკურნალობის სტრატეგიაში, გარდა ინსულინრეზისტენტობის და ჭარბი წონის მოწესრიგებისა, ცხოვრების სტილის შეცვლასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

სწორი კვების და სპორტული ცხოვრების სტილის აქტუალობა აქ წამლის ტოლფასია. თუ ახალგაზრდა ქალთან ჭარბი წონა და პოლიკისტოზური საკვერცხეებია, ზოგიერთი გაიდლაინის მიხედვით, ის არც უნდა მივიდეს გინეკოლოგთან, პირველ რიგში, უნდა მივიდეს ენდოკრინოლოგთან და მოახდინოს წონის რედუქცია, რადგან ამ ფონზეც კი მან უკვე შეიძლება მიიღოს შედეგი.

 

თუ პაციენტი, ვთქვათ, 4-6 თვის ვადაში ვერ მიიღებს შედეგს, ამის შემდეგ მიდის უკვე გინეკოლოგთან. ამით კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ პოლიკისტოზი არ არის საკვერცხეში მიმდინარე რაღაც პროცესის ბრალი, ჩვენ უნდა ვეძებოთ ის სხვა მექანიზმები, რომელთა დარღვევამაც საკვერცხე ამ ცვლილებამდე მიიყვანა. ამ დროს ეფექტურია მედიკამენტური მკურნალობა. თუ ჰორმონული ბალანსის მოწესრიგების და ციკლის აღდგენის პარალელურად, პაციენტის და ექიმის გეგმას ოვულაციის აღდგენაც წარმოადგენს, ჰორმონული ბალანსის გასწორების შემდგომ, აქ უკვე ერთვება ის მედიკამენტები, რომლითაც ვეხმარებით საკვერცხეს, რომ მომწიფდეს ფოლიკული და გასკდეს, ანუ ხდება ოვულაციის პროცესის სტიმულირება და აღძვრა, რის ფონზეც, პრობლემის მოწესრიგების შემთხვევაში, ახალგაზრდა ქალბატონებს 60-70%-ში შეუძლიათ მიიღონ ორსულობა.

 

რაც შეეხება ოპერაციულ მიდგომას, ოპერაცია, რომელიც ზევით უკვე აღვნიშნე, ვგულისხმობ, სოლისებურ რეზექციას, რომლის დროსაც საკვერცხის ქსოვილის დიდი ნაწილის ამოღება ხდება, მინდა, გითხრათ, რომ დღეს ეს მეთოდი სრულად უგულებელყოფილია. რეპროდუქტოლოგისთვის ეს ოპერაცია ძალიან საფრთხილოა და არც ვნიშნავთ, რადგან იმდენად აზიანებს საკვერცხის ქსოვილს, რომ ხდება ჯანსაღი ქსოვილის დაზიანებაც. დღეს, როდესაც თანამედროვე მედიცინას აქვს ლაპაროსკოპიული მეთოდები, როდესაც არსებობს ინვიტრო განაყოფიერება, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის გამო პაციენტი ასეთ ოპერაციაზე გაშვება აღარ უნდა ხდებოდეს.

 

რაც შეეხება ლაპაროსკოპიულ დრილინგს, ჩვენ გვაქვს ასეთი მიდგომა, თუ ყველანაირი მედიკამენტური თერაპია უეფექტოა, შესაძლოა, ძალიან მაღალი რანგის ქირურგის მიერ ძალიან დამზოგველად განხორციელდეს ეს ზომიერი დრილინგი, ანუ საკვერცხის კაფსულის ერთეული გაჩხვლეტა, მაგრამ ამ ოპერაციასაც მაქსიმალურად ვერიდებით და ვავადებთ იმ დრომდე, როცა ქალი რეპროდუქციულ გეგმებსაც დაგვისახავს, რადგან თუ კეთდება ეს ოპერაცია, ბარემ ფასდება მილების გამავლობაც, ფასდება ხომ არ არის ენდომეტრიოზი და ა.შ. დრილინგის შემდგომაც პაციენტმა შეიძლება მიაღწიოს ციკლის რეგულაციას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება კვლავ დაბრუნდეს პრობლემა. შესაბამისად, თუ პაციენტს აქვს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, პირველი რიგის მკურნალობას ნამდვილად მედიკამენტური თერაპია და ჰორმონული ბალანსის აღდგენა წარმოადგენს. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს თუ თან ერთვის უნაყოფობის გამოვლინება, აქ მედიკამენტურ თერაპიას საკვერცხეების სტიმულაციის სხვადასხვა სქემები ემატება, რაც ახალგაზრდა ქალებში ძალიან ეფექტურია. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს მეთოდი უეფექტოა, ინვიტრო განაყოფიერებით, რა თქმა უნდა, ძალიან წარმატებულად მიაღწევენ ეს ქალბატონები შვილოსნობას. როგორც უკვე ვთქვით, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი განკურნებადია, უბრალოდ, დროული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ხშირად ქალბატონებს მენსტრუალურ ციკლს შორისაც აღენიშნებათ სისხლდენა, რაც ნორმას ნამდვილად არ წარმოადგენს და როგორც წესი, ამ სიმპტომის გამო მიდიან ხოლმე ექიმამდე, რა დროსაც კვლევების მიხედვით ვლინდება პოლიპები, მიომები და ა.შ. გარდა ამისა, სხვა რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ პაციენტებმა ყურადღება, რა მიანიშნებს მსგავს პრობლემებზე?
ერთ-ერთ სიმპტომს ჩვენ უკვე შევეხეთ და ეს არის ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა, რომელიც დამახასიათებელია როგორც პოლიპებისთვის, ისე მიომებისთვის. მენსტრუაციათა შორის არარეგულარული ასეთი მცირე გამონადენები ძალიან საყურადღებოა, განსაკუთრებით, 35 წელს ზემოთ ქალბატონებში და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ქალბატონი სქესობრივად აქტიურია თუ არა, ნამშობიარებია თუ არა. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ მე ჯერ არ ვცხოვრობ სქესობრივად აქტიურად და არ მეგონა, თუ ამისთვის ყურადღება უნდა მიმექციაო ან პირიქით, ხშირად გაიგებთ, რომ კი, მე მაქვს ჭარბი დენები, მაქვს მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენი, ძლიერი ტკივილები მენსტრუაციის დროს, მაგრამ ვიცოდი, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ მომიგვარდებოდა ეს პრობლემები. ეს ყველაფერი სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან და იმასთან ქალი ნამშობიარებია თუ არა, არაფერ კავშირშია. ეს პრობლემები ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან საყურადღებოა. ასევე არ არის ნორმალური ტკივილი მენსტრუაციის დროს. თუ ქალბატონი მენსტრუაციის დროს საჭიროებს ტკივილგამაყუჩებლების მიღებას, ტკივილის გამო რჩება სახლში, ვერ მიდის სასწავლებელში, სამსახურში, ეს ნორმალური არ არის. მსუბუქი შეკუმშვები, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს, მაგრამ ისეთი, რომელიც ქალის ცხოვრების ხარისხს აფუჭებს და საჭიროებს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებას, ნამდვილად წარმოადგენს საყურადღებო სიმპტომს. რა თქმა უნდა, ყველა ეს სიმპტომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე. სიმპტომთა კომბინაცია ყოველთვის ძალიან საყურადღებოა. რაც შეეხება პოლიპებს, ეს ნამდვილად ხშირად დასმული დიაგნოზია. ის უსიმპტომოდაც შეიძლება მიმდინარეობდეს და მხოლოდ სკრინინგული გამოკვლევის დროს აღმოაჩინოს ეს ქალბატონმა. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ზომის პოლიპები ან მრავლობითი პოლიპოზი აუცილებლად საჭიროებს ჰისტეროსკოპიულ მოკვეთას, საშვილოსნოს ღრუდან გამოტანას და მის ჰისტომორფოლოგიურ შესწავლას. ნებისმიერი მასალა, რომელიც ამ დროს გამოტანილია საშვილოსნოს ღრუდან, აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი ჰისტომორფოლოგიურად, რომ ის ონკო პროცესები, რაც შეიძლება განვითარდეს ენდომეტრიუმში, არ გამოგვეპაროს. აქ განსაკუთრებით პერიმენოპაუზალურ და მენოპაუზალურ ქალბატონებს ვგულისხმობ. ხშირად კითხულობენ, რამდენად უშლის პოლიპი ხელს ორსულობის მიღებას, ხშირ შემთხვევაში პოლიპი, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალი, ისე ზის საშვილოსნოს ღრუში, რადგან მისი ზომა იმდენად დიდია, რომ ზოგჯერ ფაქტობრივად მთლიანად იკავებს მას. ქალი, რომელიც დიდი ხანია გეგმავს ორსულობას და ვერ იღებს მას, აუცილებლად საჭიროებს ჰისტეროსკოპიულ ჩარევას და ოპერაციულ მკურნალობას. აქვე მინდა, ვთქვა ისიც, რომ პოლიპის შემთხვევაშიც შეიძლება დაორსულდეს ქალი. ის ისტორიები, როცა ამბობენ, არა უშავს, მეც მქონდა პოლიპი და მივიღე ორსულობაო, ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს. ასეთი შემთხვევები პრაქტიკაშიც გვხვდება და ლიტერატურაშიც არის აღწერილი. უბრალოდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან სხვას ასე ჰქონდა, ჩვენც ასე გვექნება. პოლიპის დროს ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია გინეკოლოგთან კონსულტაცია და ჰისტეროსკოპიის დაგეგმვა. ჰისტეროსკოპია იმდენად ნაკლებ ინვაზიური მეთოდია, რომ ქალბატონს ჰისტეროსკოპიიდან ერთ თვეშივე შეუძლია დაგეგმოს ორსულობა.

 

რა ტიპის პათოლოგიაა ენდომეტრიოზი და რამდენად საფრთხილო და საყურადღებოა ის?
ენდომეტრიოზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გინეკოლოგიური დარღვევაა, ეს არის მდგომარეობა, როდესაც საშვილოსნოს ღრუში არსებული უჯრედები, გადიან საშვილოსნოს გარეთ, მის კუნთოვან შრეში, ზოგჯერ საშვილოსნოს კუნთოვანი შრის გარეთაც, მილებში, საკვერცხეებში, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე და თავის აქტიურობას განაგრძობენ იქ, სადაც ისინი არ უნდა იყვნენ. ხშირად ეს შეიძლება აბსოლუტურად უსიმპტომო იყოს და სხვა მიზნით ჩატარებული ლაპაროსკოპიის დროს აღმოჩნდეს, რომ ქალბატონს, თურმე ენდომეტრიოზული კერები ჰქონია, თუმცა ის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომატიკითაც შეიძლება იყოს გამოხატული. პირველი სიმპტომი ეს არის ძლიერი ტკივილი მენსტრუაციის მოსვლამდე ან მენსტრუაციის დროს, ასევე მენსტრუალური გამონადენის გახანგრძლივება, მცირედი ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე ან მენსტრუაციის დასრულებისას, ასევე მნიშვნელოვანი სიმპტომია მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი და უნაყოფობა. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები მაინც არ არის ბოლომდე საკმარისი იმისთვის, რომ ენდომეტრიოზის დიაგნოზი დაისვას, რადგან ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმისთვის ოქროს სტანდარტს ლაპაროსკოპია და ჰისტომორფოლოგიური შესწავლა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მანამდე ვიწყებთ მედიკამენტურ მკურნალობას და ვმკურნალობთ იმ სიმპტომებს, რაც ენდომეტრიოზს ახასიათებს. ჰორმონული თერაპიის ფონზე პაციენტებს ხშირ შემთხვევაში ეხსნებათ სიმპტომები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენდომეტრიოზის კერები მთლიანად ლაგდება. სად წავიდეთ მედიკამენტური მკურნალობით და სად პირდაპირ ლაპაროსკოპიით და სად ორივეთი ერთად, ეს ქალბატონის რეპროდუქციული გეგმებიდან და ტკივილის ინტენსივობიდან გამომდინარე დგება.

 

რა განსხვავებაა ჰისტეროსკოპიასა და ლაპაროსკოპიას შორის და როდის მიმართავთ მათ?
ორივე სხვადასხვა ჩარევაა, უბრალოდ, ორივე ენდოსკოპიურ მეთოდს წარმოადგენს და არ საჭიროებს მცირე მენჯის ღრუს გახსნას, არის დაბალ ინვაზიური მეთოდი და ძალიან სწრაფი რეაბილიტაცია ახასიათებს. ჰისტეროსკოპიის ჩატარებიდან 3-4 საათში, პაციენტი ფაქტობრივად თავისით ტოვებს კლინიკას. რაც შეეხება ლაპაროსკოპიით მცირე ჩარევებს, პაციენტი ამ დროს 24 საათში ტოვებს კლინიკას და სწრაფად უბრუნდება თავის ჩვეულ რეჟიმს. ლაპაროსკოპიის დროს მთლიანად მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დათვალიერება ხდება. რაც შეეხება ჰისტეროსკოპიას, ის ვაგინალური მიდგომით შედის  უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში და პოლიპების შეხორცებითი პროცესების, ძგიდეების, ჰიპერპლაზიების და საშვილოსნოს ღრუში არსებული მიომების სადიაგნოსტიკოდ ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. საერთოდ, გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში, ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპია, ორივე ოქროს სტანდარტია. რომელი როდის კეთდება, პაციენტის ჩივილზე არის დამოკიდებული, მაგალითად, თუ პაციენტი უნაყოფობის ჩივილით არის მოსული, მაშინ 12 თვიანი რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდგომ, განსაკუთრებით, 35 წლამდე ქალბატონებს ვგულისხმობ, პირდაპირი ჩვენებაა, რომ ჩატარდეს სადიაგნოსტიკო ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპია. სადიაგნოსტიკო ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წინასწარ არ ვიცით დიაგნოზი, რომ ექოსკოპიურად არაფერია დიაგნოსტირებული, არც კისტები, არც მიომა, არც პოლიპი, არც შეხორცებითი პროცესი. სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია და ლაპაროსკოპია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შემდგომი 12 თვის განმავლობაში ორსულობის დადგომის შანსებს, თუნდაც არაფერი გავაკეთოთ და მხოლოდ დიაგნოსტიკა ჩავატაროთ. მკურნალობისთვის, წინასწარი დიაგნოზის შემდეგ, უკვე ვაკეთებთ, ან ლაპაროსკოპიას ცალკე ან ლაპაროსკოპიას ჰისტეროსკოპიასთან ერთან ან ცალკე ჰისტეროსკოპიას, გააჩნია, რა დიაგნოზი გვაქვს. თუ ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპია შვილოსნობის გაუმჯობესების მიზნით ტარდება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქირურგის მაღალ კვალიფიკაციას, რადგან როგორც საკვერცხის, ისე საშვილოსნოს თითოეულ მილიმეტრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, მინიმალური ჩარევით უნდა მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი.

 

არსებობს თუ არა მთავარი, ისეთი ტიპის კვლევები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა თუ არა, წამყვანი ტიპის გინეკოლოგიური პრობლემები რომ გამოვრიცხოთ ან გამოვავლინოთ?
რა თქმა უნდა, არსებობს და კიდევ კარგი, რომ არსებობს, რადგან ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი პათოლოგიების გართულებების თავიდან აცილება შეგვიძლია. ამაშია ზუსტად აზრი და არსი სკრინინგის, წინასწარ, მაშინ ჩატარებული კვლევების, როცა არაფერი გვაწუხებს. მიხარია, რომ ბოლო დროს ხშირად მოდიან პაციენტები, რომელთაც უბრალოდ რუტინული გინეკოლოგიური სკრინინგის ჩატარება სურთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მივმართოთ ნებისმიერი პროფილის ექიმს მაშინ, როდესაც პრობლემა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვისაუბრებ ულტრასონოგრაფიულ კვლევაზე, რასაც ჩვენ ექოსკოპიას ვეძახით. ახლა ისე დაიხვეწა ულტრასონოგრაფია, რომ ზოგჯერ ფაქტობრივად სხვა ძვირადღირებული კვლევების, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის საჭიროებასაც კი ანაცვლებს. საშვილოსნოს ღრუს თანდაყოლილი პათოლოგიების დიაგნოსტიკაში, ფაქტობრივად, მოგვიხსნა ტომოგრაფიის საჭიროება. ექოსკოპიით პოლიპების, მიომების, ცისტების, ზოგჯერ ფალოპის მილების პათოლოგიების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი. როდესაც სკრინინგულად კეთდება ექოსკოპია, ქალბატონებს ყოველთვის ვურჩევ, რომ მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-8, მე-9, მაქსიმუმ მე-10 დღეს ჩატარდეს ეს სკრინინგული გამოკვლევა, რადგან ამ პერიოდში ყველაზე კარგი ფაზაა მენსტრუალური ციკლის, როდესაც თითქმის ყველა პათოლოგიის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ექოსკოპიით ყველაფერს ვერ ვნახულობთ. სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპიის დროს 10-15 %-ში შეიძლება აღმოვაჩინოთ ისეთი დიაგნოზი, რომელიც ექოსკოპიაზე არ ჩანს. ცალკე თემას წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის სკრინინგული გამოკვლევა ე.წ. PAP ტესტი და კოლპოსკოპიური შეფასება.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე დიდი ხანია არსებობს საშვილოსნოს ყელის გამოკვლევის ეს სკრინინგული უფასო პროგრამა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენასა და პროფილაქტიკაში. რამდენ ხანში უნდა ჩაიტაროს ქალბატონმა კვლევა, ეს უკვე დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზე, რომელიც მას პირველადი შეფასებით აქვს. ნორმის შემთხვევაში 2-3 წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაკეთდეს სკრინინგი. სხვათა შორის, ციკლის მე-8, მე-9 დღე ძალიან კარგი პერიოდია საშვილოსნოს ყელის გამოკვლევისთვის, ამიტომ ქალბატონებს ვურჩევდი ამ დღეს დაგეგმონ ექიმთან ვიზიტი, რადგან შეძლებენ, როგორც ექოსკოპიურ დიაგნოსტირებას, ისე საშვილოსნოს ყელის გამოკვლევასაც. ეს არის ის ბაზისური კვლევები, რაზეც ჩვენ ვდგავართ და საიდანაც შეიძლება, რომ ჩვენ უკვე გამოვიტანოთ წინასწარი დიაგნოზი. რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ რას აღმოვაჩენთ, კვლევებიც უფრო ღრმავდება. აუცილებლად აქვე მინდა აღვნიშნო ძუძუს სკრინინგი, რომელიც თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება გინეკოლოგიური პათოლოგიების სკრინინგს. ვინაიდან საშვილოსნო, საკვერცხე, ძუძუ განიხილება, როგორც ერთი მთლიანი სისტემა, როგორც ჰორმონოდამოკიდებული ორგანო, რა თქმა უნდა, ძუძუს სკრინინგი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და არ უნდა დაგვავიწყდეს. გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკისას, ძუძუს კვლევას აუცილებლად ვეუბნებით პაციენტს.

 

როგორ შევამციროთ პრემენსტრუალური სიმპტომები და მენსტრუალური ტკივილი და რა უნდა გავაკეთოთ გინეკოლოგიური პათოლოგიების პრევენციისთვის?
პუბერტატის და გარდატეხის ასაკის მქონე გოგონების და ბიჭების სქესობრივ აღზრდას და სწორ ინფორმირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ კულტურის ჩამოყალიბება ძალიან ადრეული ასაკიდან უნდა მოხდეს. მაგალითად, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიხედვით, გოგონას პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან 13 წლის ასაკში უკვე უნდა განხორციელდეს, რომ მიეწოდოს მას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ნორმა, თუ რა უნდა აიცილოს თავიდან. ასევე მნიშვნელოვანია სქესობრივად გადამდები ინფექციებისაგან დაცვა და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების გეგმაზომიერი და ექიმთან შეთანხმებული მოხმარება, რომ თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ არა სასურველი მოვლენა, რასაც აბორტი ჰქვია. ზუსტადაც აბორტების მინიმუმამდე დაყვანით, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვაუმჯობესებთ ქალის შემდგომ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და თავიდან ვიცდენთ ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს, რაც აბორტის შემდგომ პერიოდს ახასიათებს. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია სწორი კვება, ვინაიდან ამ გადამეტებული ნახშირწყლების, ცხიმიანი პროდუქტების მიღება, თანხვედრაში არის შემდგომ სიმსუქნესთან და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სიმსუქნის და ინსულინრეზისტენტობის მნიშვნელობაზე პოლიკისტოზთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ სისხლდენების, გინეკოლოგიური და ონკოლოგიური პათოლოგიების რისკები სიმსუქნის მქონე ქალებს 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ნორმალური მასის მქონე ქალებს. შეზღუდული უნდა იყოს ნიკოტინის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. რა თქმა უნდა, აუცილებელია იმ სკრინინგული კვლევების ჩატარება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება მენსტრუაციის წინა გამოვლინებებს, მათი სწრაფად გამოვლენისთვის, პაციენტებს ვეუბნებით, რომ დააკვირდნენ სიმპტომებს, რომ აწარმოონ დღიური, რომ დააკვირდნენ გამოვლენილი სიმპტომები, უხასიათობა, ხასიათის ცვალებადობა და სხვა, კავშირშია თუ არა მენსტრუალურ ციკლთან. თუ ეს კავშირი ვლინდება, რა თქმა უნდა, მენსტრუაციის წინა სიმპტომების მქონე პაციენტს იგივე რუტინული გამოკვლევები სჭირდება. ეს ყველაფერი მოვლადია, ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას, მაგრამ პრეპარატის დანიშვნა, ასე უბრალოდ არ ხდება, ის გამოკვლევების შედეგად ირჩევა.

წყარო: https://fortuna.ge