Nuk
რადიაციული გამოსხივება ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ-ერთი გამშვები მექანიზმია

თარიღი: 16 ოქტომბერი, 2023

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მზის გულზე დიდხანს ყოფნამ, რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ მზეზე გასვლისას, როგორ შევარჩიოთ სწორად მზისგან დამცავი საშუალება, როგორ ვუმკურნალოთ მზისგან მიღებულ დამწვრობას, მის თანმდევ პრობლემებს და გართულებებს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე დერმატო-ვენეროლოგმა, ნინო ოთარაშვილმა ისაუბრა.

 

ქალბატონო ნინო, შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის განმავლობაში, ზღვაზე თუ მთაში ადამიანები უკონტროლოდ დიდ დროს ატარებდნენ მზეზე… რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მათთან ერთად იყვნენ ბავშვებიც, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვილებიც კი. როგორია თქვენი დაკვირვება, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით, რა გაჩვენათ ამ ზაფხულმა?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემაა. მე ვთვლი, რომ ეს ეპოქალური პრობლემაა, რადგან როგორც მოგეხსენებათ ყველა საუკუნეს თავისი პრობლემატური, იმ პერიოდში აქტუალური დაავადებები მოსდევს.

 

მნიშვნელოვანია, რომ მზეზე ყოფნისას კარგად დავიცვათ თავი, რადგან დღეს ჩვენი კანისთვის მიყენებული ზიანი, გარკვეული პერიოდის შემდგომ, აუცილებლად ცუდად შემოგვიბრუნდება. მნიშვნელოვანი და საგანგაშო სიგნალია ისიც, რომ მოიმატა ონკოლოგიურმა დაავადებებმა.

 

მოგეხსენებათ, რომ კანი ყველაზე დიდი ორგანოა, ეს არის ბარიერი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს გარემოსგან მიჯნავს, ამიტომ ყველაზე დიდი დარტყმა კანზე მოდის. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი დაცვა მნიშვნელოვანია.

 

რა დროს, დღის რომელ მონაკვეთში შეიძლება, რომ ძალიან პატარა ბავშვები ან თუნდაც უკვე მოზარდები გარეთ გავიყვანოთ, როცა ვიმყოფებით ზღვაზე ან მთაში მაშინ, როცა მზე კაშკაშებს და ძალიან ცხელა, რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ ამ ნაწილში?
ძალიან გულდასაწყვეტი და დასანანია ბავშვების ის რაოდენობა, რაც პირადად მე ვნახე საცურაო აუზებზე უკონტროლოდ მზის ქვეშ, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე. მესმის, რომ დედები იყენებდნენ მზისგან დამცავს, თუმცა მზისგან დამცავი 100%-იან დაცვას არ ნიშნავს. რამენაირად უნდა შევთანხმდეთ, რომ დავიცვათ წესები და მზეზე არ გავიდეთ ისეთ დროს, რა დროსაც მზეზე ყოფნა რეკომენდებული არ არის. თუ აუცილებლად გვიწევს გასვლა, ვეცადოთ, რომ მინიმალურად შევამციროთ ეს პერიოდი და დავიხმაროთ მზისგან დამცავიც.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საუბარი შედეგს გამოიღებს და შემდგომში ასეთ უხეშ დარღვევებს არ წავაწყდებით, რადგან ის, რომ ჩვენ მზის გულზე მიღებული ლამაზი ფერი, არ გადაწონის ჩვენი ჯანმრთელობის ძალიან ძლიერ დაზიანებას.

 

არიან ბავშვები, რომლებიც ძალიან მალე იწვებიან მზეზე და არიან ბავშვები, რომლებიც არ იწვებიან და პირდაპირ, ძალიან მარტივად იღებენ ნამზეურს. მინდა, რომ ამ განსხვავებაზე ვისაუბროთ.
ადამიანი, ბავშვი, რომლის კანიც პირველ, მეორე ტიპს მიეკუთვნება, უფრო მეტად არის მიდრეკილი დამწვრობისკენ. აღნიშნული ტიპისთვის დამახასიათებელია ღია ფერის თმა, ღია ფერის კანი, ჭორფლით დაფარული კანი. ასეთი ტიპის კანს უფრო მეტად უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ის ძალიან მგრძნობიარეა. ასეთი ადამიანები თავადაც აღნიშნავენ, რომ ისინი ვერასდროს იღებენ რუჯს, რადგან იმდენად წინ მოდის დამწვრობის მომენტი, რომ პროცესი რუჯამდე არ მიდის. ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი დაცვა გვჭირდება.

 

ზემოთ აღნიშნული ტიპის კანი ასაკიან ადამიანებში, მამაკაცებშიც და ქალებშიც, მიდრეკილია არასასიამოვნო წარმონაქმნების გაჩენისკენ, განსაკუთრებით კი სახეზე. გამომდინარე იქიდან, რომ ტანსაცმელი ასე თუ ისე ფარავს კანის გარკვეულ ნაწილს, ჩვენ ყოველთვის გავცემთ რეკომენდაციას, რომ სახეზე და დეკოლტეზე გამოყენებული იყოს მზისგან დამცავი.

 

როცა ზღვაზე და მაღალ მთიან კურორტებზე გვიწევს ყოფნა, აუცილებელია ქუდის და მზის სათვალის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ე.წ. კეპები უფრო ნაკლებად გვიცავს, ვიდრე სპეციალურად მზისთვის განკუთვნილი თავსაბურავი. ის, რომ ჩვენ კეპი გვახურავს, არ ნიშნავს იმას, რომ დაცულები ვართ.

 

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად მზისგან დამცავი საშუალებები?
პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის მზისგან დამცავი საშუალება აუცილებლად ცალ-ცალკე უნდა შეირჩეს. ამის ასე გამიჯვნა იმიტომ ხდება რომ, ის ნივთიერებები, რომლებიც უფროსთათვის განკუთვნილ მზისგან დამცავ კრემებში შედის და რომლებიც კანზე ამრეკლავ, დამცავ ეკრანს ქმნის, შეიძლება არაფერს უშავებდეს მოზრდილის კანს, მაგრამ მეტად სახიფათო იყოს ბავშვისთვის, ამიტომ ძალიან ბევრმა კომპანიამ უკვე მკაცრად დაიწყო უფროსებისთვის და პატარებისთვის განკუთვნილი მზისგან დამცავების გამიჯვნა.

 

რაც შეეხება მზისგან დამცავის პროცენტებს, ზოგადად, ვიცით, რომ მეტი დაცვა უნდა გვქონდეს აქტიურ მზეზე და შედარებით ნაკლები ზამთარში, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია, თუ დღის რომელ მონაკვეთში გავდივართ გარეთ, მით უმეტეს მაშინ, თუ მზეზე ან მთაში ვიმყოფებით. აღსანიშნავია, რომ ზღვის წყალი ირეკლავს მზის სხივებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის ინტენსივობას.

 

მზის გამოსხივება, რომელიც ჩვენამდე, დედამიწამდე აღწევს, ეს არის ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და ხილული მზის გამოსხივება. ის რაც ჩვენ გვაზიანებს არის ულტრაიისფერი სხივები და აქაც არის ა, ბ და ც სხივები. თუ კრემს კარგად დააკვირდებით, აწერია, თუ რომელი სხივებისგან გვიცავს ის. ძირითადად ჩვენთვის ბ სხივებია დამაზიანებელი. ბ სხივების ზედდება ინფრაწითელ გამოსხივებასთან კიდევ უფრო აძლიერებს მის დამაზიანებელ ქმედებას და ირთვება კარცეროგენური მექანიზმი. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს დოზირებას და მზეზე გატარებული საათების რაოდენობას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კანი იმახსოვრებს ინფორმაციას და ისე არ არის, რომ მაგალითად, სამი წლის წინ დავიწვით და ამით დავამთავრეთ ეს თემა. ეს აუცილებლად რჩება ჩვენი კანის მეხსიერებაში. ჩვენ თუ ისევ გავაგრძელებთ ასე მოქცევას, შესაბამისად, უფრო სწრაფად წავა პროცესები და შედეგიც უფრო დამაზიანებელი იქნება.

 

მზისგან დამცავებს რომ დავუბრუნდეთ, აღნიშნული კრემები ოთხ ჯგუფად იყოფა. კრემი 6-10 დამცავით არის მსუბუქი, 15-20 დამცავით არის საშუალო, 50-მდე დამცავით არის ძლიერი და 50-ის ზევით – ძალიან ძლიერი. დამცავის არჩევა დერმატოლოგის კონსულტაციით, კანის ტიპის შესაბამისად შეგვიძლია.

 

ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, რომ როგორც გარკვეული მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული და ა.შ. მიგვაქვს თან, როცა დასასვენებლად მივდივართ, ასევე აუცილებლად თან უნდა წავიღოთ მზისგან დამცავიც.

 

შეიძლება, რომ მუქი ფერის კანს საერთოდ არ სჭირდებოდეს მზისგან დამცავი?
ასე ვერ ვიტყვი… გააჩნია ამინდს, მზეზე დაყოფილ ხანგრძლივობას და ა.შ. ადამიანი, რომელსაც მეოთხე ტიპის კანი აქვს უფრო მედეგია მსგავსი ტიპის გამოსხივებისადმი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას დაცვა არ სჭირდება.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა სახეზეა მკვეთრად გამოხატული დამწვრობა, თანმდევი ქავილი, დაჭიმულობა და ა.შ. , როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა?
პირველ რიგში, აუცილებელია კანის გაგრილება ცივი კომპრესით. არავითარ შემთხვევაში არაა რეკომენდებული დამატენიანებელი და მკვებავი მალამოების და კრემების წასმა, რადგან ამით ჩვენ კანს პირიქით ვახშობთ და იმ სითბოს, რომელიც ჩვენი კანიდან გამოიყოფა ხელს ვუშლით. ჩვენი მიზანია ის, რომ მიღებული რადიაცია რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს კანიდან. ცივ კომპრესებთან ერთად, პირველადი დახმარებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა ბეპანთენის კრემი. შეგვიძლია მივიღოთ ანტიჰისტამინური საშუალება, რომ დამწვრობის თანმდევი ჩივილები, წვა, ქავილი, დაჭიმულობა შევამციროთ. თუ დამწვრობას ტემპერატურული რეაქციაც ახლავს, აუცილებლად უნდა მივიღოთ სიცხის დამწევი საშუალება.

 

თუ პაციენტი რაიმე პრობლემაზე მკურნალობს და გარკვეული ჯგუფის პრეპარატებს იღებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ განვითარდეს ფოტოქიმიური ან ფოტოალერგიული რეაქცია. თვითონ პრეპარატის მიღების მომენტი კიდევ უფრო ამცირებს ამ პერიოდს, განსაკუთრებით ეს ეხება დიურეტიკებს, ანტიბიოტიკებს, ფსიქიატრიულ დარგში გამოყენებულ მედიკამენტებს.

 

ვიცით, რომ რადიაციული გამოსხივება ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ-ერთი გამშვები მექანიზმია, მაგრამ სანამ ამ მძიმე პრობლემაზე ვისაუბრებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ მთელი რიგი დერმატოზებია, რომელიც ძალიან მარტივად ირთვება და იწყება ამ რადიაციული გამოსხივების დროს. ამ ტიპის გამოსხივების ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი წარმონაქმნებიც. ძალიან ბევრი და ნაირფერი პრობლემა შეიძლება შეგვექმნას ასეთი უკონტროლო გარუჯვით.

 

ნამდვილად არ არის მითი, რომ არის ფსორიაზის ტიპები, სადაც თვითონ ფოტოდერმატოლოგია, სხივური თერაპია, ასე ვთქვათ, ძალიან კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ კატეგორიულად, ხაზგასმით ვამბობ, რომ აქ საუბარია კონკრეტული სიგრძის სხივზე და კონკრეტულ დოზაზე და არა ჩვენით რუჯზე წამოწოლაზე. არის გარკვეული ფორმები, სადაც ამ დროს პირიქით მწვავდება ფსორიაზი.

 

პაციენტები აკნეს დროსაც ხშირად აღნიშნავენ, რომ ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ არაჩვეულებრივად აქვთ სახე, რომ ზღვის წყალმა, მზის გამოსხივებამ სახე გამონაყარი დაუმშვიდა. რა თქმა უნდა, ეს შედეგი გარკვეული პერიოდი გრძელდება, მაგრამ არის აკნე, რომლის დროსაც მზის გამოსხივებაზე მოხვედრისას საოცარი, მწვავე რეაქცია იწყება და თავისთავად უნდა მოვერიდოთ.

 

აუცილებლად უნდა ვისაუბრო ფოტოალერგიულ და ფოტოქიმიურ რეაქციებზე. აქ ირთვება სხვადასხვა მექანიზმი, დამწვრობა ან ალერგიული რეაქცია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანზე დერმატიტი წარმოიქმნება. ალბათ, ყველას გაგებული გვექნება სოლარული ურტიკარიაც, რა დროსაც პაციენტი ამბობს, რომ უბრალოდ გარკვეული პერიოდით გაიარა მზეზე და საკმაოდ არა მსუბუქი ალერგიული რეაქცია დაეწყო. ესეც არის ერთ-ერთი ნოზოლოგია, რომელიც მზის გამოსხივებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

 

ბევრი ჩივის მზის შედეგად აქერცლილ კანზე, დატოვებულ გამონაყარზე, ლაქებზე, ქავილზე, ეს ალერგიულ რეაქციას ნიშნავს თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე?
ეს არის ფოტოალერგიული რეაქცია. რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ არ შეგვიძლია იმის განსაზღვრა, თუ როდის მოხდება ამ რეაქციის ჩართვა. ქავილიც ნამდვილად შეიძლება ამ ყველაფრის თანმსდევი იყოს. ეს ყველაფერი თავს განსაკუთრებით ტანსაცმლისგან ნაკლებად დაფარულ ადგილებში იჩენს, ეს შეიძლება იყოს დეკოლტე, სახე, კისერი, ხელები… აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს მზემ, გარდა დამწვრობისა.

 

სოლარული ურტიკარია არის ერთ-ერთი ნოზოლოგია, რომელიც მზის გამოსხივების შედეგად შეიძლება აქტიურდება.

 

ასევე, არსებობს სოკოვანი ნაირფერი პიტირიაზი, მზია გამონაყარი, რომელიც ყოველწლიურად აქტიურდება. შეიძლება ადამიანმა იმკურნალოს, გაუსუფთავდეს კანი, მაგრამ პრობლემამ შეიძლება კვლავ იჩინოს თავი მზეზე ყოფნისას, გაოფლიანებისას, სოლარიუმში ვიზიტისას. სოლარიუმი კიდევ ცალკე თემაა და ჩვენ კატეგორიულად ვთხოვთ ჩვენს პაციენტებს, რომ არ იარონ. გამონაყართან ერთად ეს იწვევს, პიგმენტაციის წარმოქმნასაც, რაც საკმაოდ ძნელად განკურნებადია და ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი რჩება. ეს არის იმ გამოსხივების შედეგი, რომელმაც ჩვენი კანი საკმაოდ დააზიანა.

 

აღსანიშნავია, თვითონ პიგმენტური ლაქები სახეზეც. კანი განსაკუთრებით იჭერს ამ ლაქებს, როდესაც ქალბატონებში დაწყებულია მენოპაუზა და სასქესო ჰორმონები დისბალანსშია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მზის გამოსხივება კანის დაბერებას უწყობს ხელს.

 

კლიმატიდან გამომდინარე, ჩვენ მზეზე დიდხანს ყოფნა არ გვჭირდება იმისთვის, რომ გარკვეული სარგებელი მიიღოს ორგანიზმმა.

 

კი, ძალიან ლამაზია რუჯი, მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ბოლო წლები კატეგორიულად ვერიდები. ჩვენთვის ჯანმრთელობა უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს.

 

მზეზე ყოფნისას თანდაყოლილ ლაქებს ან კანზე არსებულ წარმონაქმნებს ხშირად იფარავენ სხვადასხვა დამცავი საშუალებებით, არის თუ არა ეს შესაბამისი დაცვა?
არსებობს სპეციალური სტიკერები და ეს ძალიან კარგი გამოგონებაა და ამ სტიკერით აბსოლუტურად საიმედოდ დავფარავთ კონკრეტულ არეს. მზისგან დამცავი კრემები უბრალოდ ახანგრძლივებს ჩვენს დაცვას, ეს არ არის აბსოლუტური პანაცეა და გარანტი, რომ არაფერი დაგვემართება.

 

როგორია მზისგან დამცავის მოქმედების ვადა და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სწორად?
სახლიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე უნდა დავიტანოთ დამცავი, რომ მან მოქმედება დაიწყოს. ზღვაზე ყოფნისას აუცილებელია პერიოდულად დამცავის განახლება და თავიდან დატანა, რადგან წყალი რეცხავს მას. თუ დამცავს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, სახლში მისვლისას აუცილებლად უნდა ჩამოვიბანოთ ის, რადგან მისი კანზე დატოვება და ასე დაძინება, კატეგორიულად არ შეიძლება.

წყარო: https://fortuna.ge