Nuk
შესაძლებელია თუ არა სისხლის საერთო ანალიზით მძიმე დაავადებების დადგენა

თარიღი: 16 მაისი, 2021

როდის რომელი კოვიდ-ტესტის ჩატარებაა საჭირო, როგორ უნდა მოვემზადოთ სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევების წინ და რაზე შეიძლება მიანიშნებდეს სისხლის ანალიზში მაღალი ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს)? – აქტუალურ კითხვებს “მეგალაბის” ლაბორატორიის უფროსი, ნინო ჩიქოვანი პასუხობს…

ალბატონო ნინო, ქვეყანაში აქტიური მზადებაა მესამე ტალღისათვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმ ლაბორატორიების საქმიანობა, რომლებიც მაღალი ხარისხის კვლევებს გვთავაზობენ. გარდა ამისა ვაქცინაცია უკვე დაიწყო და ამის ფონზე აქტიური საუბარი მიმდინარეობს იმაზე, თუ რა კვლევების ჩატარება არის საჭირო ვაქცინაციამდე იმისათვის, რათა მაქსიმალურად დავიცვათ თავი იმ ტრაგიკული შედეგისგან, რაც სამწუხაროდ დადგა ქალბატონი მეგის შემთხვევაში. არის თუ არა ვაქცინაციამდე სასურველი რიგი კვლევების ჩატარება, გვირჩევთ თუ არა რაიმე ტიპის კვლევებს ვაქცინაციისათვის მოსამზადებლად?
ნინო ჩიქოვანი: დიახ, ევროპამ უკვე დააანონსა კოვიდის მესამე ტალღა და ბუნებრივია, ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. შესაბამისად გარკვეული სახის კვლევებზე მოთხოვნაც გაიზრდება. რაც შეეხება კვლევებს ვაქცინაციის წინ, ამ ეტაპზე მტკიცებულების დონეზე არ არსებობს კვლევების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარებაც სავალდებულოა ვაქცინაციის წინ. თუმცა ადამიანმა პროფილაქტიკის მიზნით ისედაც უნდა ჩაიტაროს გარკვეული კვლევები პერიოდულად, რათა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყური მიადევნოს. ასეთი კვლევაა თუნდაც ბანალური სისხლის საერთო ანალიზი რომელიც ძალიან მრავლისმთქმელია ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. ყველა ადამიანმა პერიოდულად უნდა ჩააბაროს სისხლის საერთო ანალიზი და ოჯახის ექიმთან კონსულტაცია გაიაროს. შესაბამისად, ამის გაკეთება რეკომენდებულია ვაქცინაციის წინაც. სისხლის საერთო ანალიზის გარდა, ოჯახის ექიმი ჩახედავს ანამნეზს, ნახავს ხომ არ არის იქ ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციები, ზოგადად რა პათოლოგიები ფიქსირდება, რა ქრონიკული დაავადებებია ანამნეზში და ამის შემდეგ მოგვცემს რჩევას. შესაძლოა მან დამატებითი კვლევებიც დანიშნოს.

მინდა გკითხოთ ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის ტესტზე. რა ტიპის ტესტია ეს და რა ინფორმაციას იძლევა?
ნინო ჩიქოვანი: კორონავირუსის ანტისხეულების ტესტი გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, გადავიტანეთ თუ არა კორონავირუსი. როგორც ვიცით, ვირუსის უსიმპტომო ფორმები საკმაოდ გავრცელებულია და იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს აინტერესებთ, ვირუსი გადაიტანეს თუ არა, ეს საკმაოდ მოთხოვნადი ტესტია. თუ ადამიანს აღმოაჩნდება ანტისხეულები, შემდეგ უკვე ისაზღვრება მათი რაოდენობა, ანუ ანტისხეულების ტიტრი. ეს საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ, თუ რა ოდენობის ანტისხეულები გვაქვს ორგანიზმში და ამ ეტაპზე რამდენად ვართ დაცული მეორედ ინფიცირებისაგან. როგორც წესი, დაავადების გადატანიდან 4 თვის შემდეგ ანტისხეულების ტიტრი საკმაოდ მცირეა და უკვე აღარ არის საკმარისი ორგანიზმის დასაცავად. ზოგადად ანტისხეულის ტიტრი ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა იყოს, ის არც უკუჩვენებაა ვაქცინაციისათვის.

კიდევ ერთი კვლევის შესახებ მინდა გკითხოთ – როდის არის უკეთესი კოვიდის ანტიგენის ტესტის ჩატარება და შეიძლება თუ არა, რომ პასუხი ცრუ–უარყოფითი იყოს?
ნინო ჩიქოვანი: ამ ეტაპზე პოპულაციაში კოვიდის გარდა სეზონური გრიპიც ცირკულირებს. ეს ის პერიოდია, როცა ვირუსები გახშირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა, ექიმები პირველივე სიმპტომზე ფიქრობენ , ხომ არ არის კოვიდი. როგორც წესი, ანტიგენის ტესტი სიმპტომების გამოვლენიდან 72 საათის შემდეგ ინიშნება. ანტიგენის სწრაფი ტესტი საკმაოდ დიდი სიზუსტით, 95%-ით ახერხებს კორონავირუსის იდენტიფიცირებას. თუმცა ეს ტესტი არ არის 100%-იანი, ასე რომ დასაშვებია მან ცრუ-უარყოფითი შედეგიც უჩვენოს. თუმცა ამისი შანსი საკმაოდ დაბალია. საინტერესოა, რომ ცრუ-უარყოფითი პასუხის მიზეზი შესაძლოა ნიმუშის აღების ტექნიკაც იყოს. ტექნიკური ნაწილი მნიშვნელოვანია, რადგან თუ ნაცხს სწორად არ ავიღებთ, შეიძლება ვირუსის კარგად „წამოჭიდება“ ვერ მოხდეს და პასუხი უარყოფითი იყოს მაშინ, როცა რეალურად ადამიანი ინფიცირებულია. იმ შემთხვევაში, თუ ანტიგენის ტესტი უარყოფით პასუხს უჩვენებს, მაგრამ პაციენტს აქვს სიმპტომები და ამიტომ ექიმი ფიქრობს, რომ ეს კოვიდია, მივდივართ უკვე პისიარ ტესტის საჭიროებამდე, რომელიც უფრო სარწმუნოა, მას სპეციფიკურობაც მეტი აქვს და მგრძნობელობაც.

ქალბატონო ნინო, ვიცით, რომ „მეგალაბი“ პაციენტებს ბინაზე გამოძახების სერვისს სთავაზობს, რაზეც ბევრმა მოქმედმა და დიდი ისტორიის მქონე ლაბორატორიამ უარი თქვა, განსაკუთრებით მეორე ტალღის დროს. „მეგალაბი“ ამ მიმართულებით 24 საათი მუშაობს. საინტერესოა, რამდენად დაცულია ბინაზე გამოძახების დროს ანალიზების ტრანსპორტირების მექანიზმი, სანდოა თუ არა ანალიზის შედეგი მაშინ, როცა ვიძახებთ ლაბორატორიას, რომელიც შემდეგ სხვა გამოძახებებზე მიდის? როგორ მუშაობს ეს მექანიზმი?
ნინო ჩიქოვანი: რასაკვირველია, ამისთვის სპეციალური გაიდლაინი არსებობს. ლაბორატორიაში არსებობს სპეციალური ხარისხის კონტროლის დოკუმენტი, სპეციალური გაიდლაინი, რომელშიც გაწერილია თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ნიმუშს ბინაზე ვიღებთ, როგორ უნდა მოხდეს შემდეგ ნიმუშის ტრანსპორტირება და ლაბორატორიაში მოტანა. ზოგადად, ანალიზის აღების წინა ეტაპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანალიზის სიზუსტისთვის. ამას ჩვენ პრეანალიტიკას ვეძახით. იმისათვის, რათა ანალიზის პასუხი სწორი იყოს, პრეანალიტიკის ყველა ეტაპი უნდა იყოს დაცული. ის ანალიზები, რომლებსაც ამ ეტაპზე ბინაზე მისვლით ვაკეთებთ, განსაკუთრებულ დანადგარს ან სპეციალურ კონტეინერს არ საჭიროებენ. მათთვის საკმარისია ლაბორატორიული ჩანთა, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი თერმული დამცავი შრით და შტატივით, რათა არ მოხდეს ტრანსპორტირების დროს ნიმუშის ნჯღრევა. სწორედ ამ ფორმით ხდება ნიმუშის ლაბორატორიამდე მიტანა.

საინტერესოა, არსებობს თუ არა კვლევები, რომლების ჩატარებაც გამოძახების პირობებში რეკომენდებული არ არის?
ნინო ჩიქოვანი: დიახ, ასეთი კვლევები არსებობს. ზოგი ტესტის ჩატარება არ არის რეკომენდებული ბინაზე, რადგან მათ სჭირდებათ სპეციალური მომზადება, სპეციალური სამედიცინო სერვისი, გარემო, სადაც ნიმუშები უნდა იქნას აღებული და გაანალიზებული. ბინის პირობებში ამ ანალიზებს უბრალოდ ვერ გავაკეთებთ. ექიმებმა ამ კვლევების შესახებ იციან თავიანთი პროფილების მიხედვით და შესაბამისად, ისინი პაციენტს არ ეტყვიან, რომ ამ ანალიზების გასაკეთებლად ლაბორატორია გამოიძახონ. თუ პაციენტი ლაბორატორიას იძახებს იგულისხმება, რომ მას უკვე გავლილი აქვს კონსულტაცია ექიმთან, რომლის დანიშნულებითაც ანალიზს იკეთებს.

ქალბატონო ნინო, ვისაუბროთ ლაბორატორიული კვლევებისათვის მომზადებაზე. არსებობს კვლევები, რომლებსაც სპეციალური მომზადება სჭირდება, მაგალითად ანალიზამდე ბოლო 8 საათი უზმოდ ყოფნა ან რაიმე სხვა პირობის დაცვა. როგორ შეიძლება მოვემზადოთ ანალიზებისათვის, იქნება ეს ბინაზე აღებული თუ ლაბორატორიაში? რა ტიპის რეკომენდაციები შეგიძლიათ მოგვცეთ ამ მხრივ?
ნინო ჩიქოვანი: ნამდვილად არსებობს ანალიზები, რომლებსაც უზმოზე ვაკეთებთ. გარდა ამისა არსებობს ანალიზებიც, რომელთა ჩასატარებლადაც აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდი პაციენტი იყოს მშიერი, იქნება ეს 8 საათიანი თუ უფრო დიდი ინტერვალი კვებიდან კვებამდე. მაგალითად ლიპიდური სპექტრის, ანუ ქოლესტერინის ანალიზი კეთდება უზმოზე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის კვლევამდე საჭიროა 8-12 საათი ვიყოთ მშიერი და ა.შ. ანალიზის პასუხზე ბევრი რამ მოქმედებს, მაგალითად ის, თუ ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე ხართ, რა მდგომარეობაში იღებთ ანალიზს: წევხართ, სხედხართ თუ დგახართ და ა.შ. მნიშვნელობა აქვს ემოციურ მდგომარეობასაც. ემოციურმა ფონმა შეიძლება განსხვავება მოგვცეს, მაგალითად სისხლის ანალიზის შედეგში.ზოგადად ეს სპეციფიკური პირობები სისხლის ანალიზს ყველაზე ნაკლებად ეხება. ერთადერთი სასურველია, რომ ამ ანალიზის ჩაბარებამდე ორგანიზმი დამშვიდებული და დასვენებული იყოს. კონკრეტული კვლევებისათვის მოსამზადებლად სხვადასხვა რამაა საჭირო, რასაც ექიმები აგვიხსნიან. კვლევის დანიშვნის შემთხვევაში თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ უნდა მოემზადოთ კონკრეტული ანალიზისთვის.

ინდა შევეხოთ ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა ანალიზების საზღვარგარეთ გადამოწმება. რასაკვირველია ქვეყანაში არის მაღალი დონის ლაბორატორიები, მათ შორის „მეგალაბიც“ , სადაც ძალიან სანდო პასუხებს იძლევიან კვლევების შემდეგ, თუმცა მაინც ხშირად გვესმის, რომ ადამიანმა ჯერ საქართველოში, რამდენიმე ლაბორატორიაში ჩაიტარა ერთი და იგივე კვლევა, შემდეგ კი საზღვარგარეთ გაგზავნა. რა შემთხვევაში ღირს კვლევის საზღვარგარეთ გაგზავნა, როდის შეიძლება პასუხი საეჭვოდ მივიჩნიოთ და „მეგალაბი“ როდის მიმართავს ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნის პრაქტიკას?
ნინო ჩიქოვანი: პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ საუბარი არ არის რუტინულ კვლევებზე და კვლევები, რომლებიც მოწმდება სხვადასხვა ლაბორატორიებში და შემდეგ შესაძლოა სხვა ქვეყანაშიც გაიგზავნოს, ძირითადად ონკოლოგიურ პაციენტებს სჭირდებათ. ეს არ არის რუტინული კვლევები, რომლებიც შეიძლება ყველას დასჭირდეს. სპეციფიკური შემთხვევებისათვის „მეგალაბს“ ცხადია ჰყავს პარტნიორები საზღვარგარეთ, თუნდაც ნიდერლანდებში. „მეგალაბის“ პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტს ბატონი ალექსანდრე ბაიდოშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ნიდერლანდებში მოღვაწეობს. ჩვენ მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ზოგადად მთელი სამედიცინო სამყარო თანხმდება იმაზე, რომ მედიცინაში ორჯერ ორი ოთხი არ არის. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული და ყველა საინტერესო ქეისში, მით უმეტეს დიაგნოსტიკის ნაწილში, თუ ექიმები დიაგნოზზე ვერ თანხმდებიან, მათთვის ყოველთვის საინტერესოა კოლეგების აზრი. „მეგალაბს“ ასეთი შემთხვევებისთვის აქვს ტელეხიდის საშუალება. ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ ევროპელ კოლეგებს. შემდეგ დგება უკვე კონსილიუმი, მიმდინარეობს მსჯელობა და კეთდება დასკვნები, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა თვითონ ნიმუშიც კი გაგზავნილა ნიდერლანდებში, არც ესაა გამონაკლისი შემთხვევა. ეს ყველაფერი ბუნებრივია იქამდე ხვდება, სანამ დიაგნოზი პაციენტამდე მივა. ზოგადად, „მეგალაბის“ დევიზი არის ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი პაციენტი, ჩვენი ამოსავალი წერტილია არ ვავნოთ პაციენტს. შესაბამისად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პაციენტი იყოს კმაყოფილი, მას დროულად ჰქონდეს ზუსტი პასუხი და დრო არ დაკარგოს, დროზე დაიწყოს მკურნალობა. საინტერესოა, რომ საზოგადოება ძირითადად შეცდომებზე კონცენტრირდება. როცა საზღვარგარეთიდან ისეთივე დიაგნოზი ჩამოდის, როგორიც საქართველოში დაისვა, ასეთ შემთხვევებზე არავინ საუბრობს. თუ სადმე რამე შეგეშალა, ამას კი არავინ გაპატიებს. ჩემთვის ეს გულდასაწყვეტია, რადგან როგორც წესი, საქართველოში დასმული სწორი დიაგნოზების რაოდენობა გაცილებით მეტია. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ პაციენტი ყველა ეტაპზე იყოს ინფორმირებული. იგვიანებს პასუხი? პაციენტმა უნდა იცოდეს, რა არის ამის მიზეზი. შესაძლოა საჭირო იყოს დამატებითი მასალა, ან დამატებითი აზრის მოსმენა დიაგნოზის ფორმირებაში. პაციენტმა ყოველთვის უნდა იცოდეს, თუ რა ეტაპზეა კვლევა. როცა პაციენტი ინფორმირებულია, ამით მის ნდობასაც იმსახურებ და შენც კმაყოფილი ხარ, რადგან საკუთარ სინდისთან მართალი ხარ.

ქალბატონო ნინო, საინტერესოა რომელია ყველაზე მოთხოვნადი კვლევები საქართველოში? თქვენი ლაბორატორიის, „მეგალაბის“ მაგალითზე რომ გვითხრათ, რომელი ანალიზების ჩატარებაა საჭირო ყველაზე ხშირად?
ნინო ჩიქოვანი: ასე ზუსტად სტატისტიკაში არ ჩამიხედავს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სისხლის საერთო ანალიზი ძალიან მოთხოვნადია, ისევე როგორც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ანალიზები. ამ მხრივ ნამდვილად საგანგაშო ვითარებაა ქვეყანაში, რადგან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები უკვე ძალიან ახალგაზრდა ასაკში წამოვიდა და ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს ამ კვლევის ჩასატარებლად.

დავუბრუნდეთ სისხლის საერთო ანალიზის თემას. ძალიან ხშირად ადამიანები კითხულობენ – „თუკი რაიმე პრობლემა მაქვს, სისხლის ანალიზში ეს გამოჩნდება?“ – ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად საინტერესოა.
ნინო ჩიქოვანი: ჩვენი საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ სისხლის ანალიზი ძალიან მრავლისმთქმელია და მას საკმაოდ დიდი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. როცა ადამიანს რაიმე პრობლემა აქვს, იქნება ეს სისტემური დაავადებები, ინფექციური პროცესი, ჰორმონალური დისბალანსი, ონკოლოგიური დაავადებები თუ სხვა, ეს სისხლის ანალიზის ცვლილებაში აისახება. პირველი, რასაც ნებისმიერი ექიმი ნიშნავს ნებისმიერი ჩივილით მიმართვის შემთხვევაში, არის სწორედ სისხლის საერთო ანალიზი და ამაში ყველა მსმენელი დამეთანხმება. ეს იმიტომ ხდება, რომ როცა ექიმი სისხლის საერთო ანალიზის პასუხს უყურებს და მოსმენილი აქვს ჩივილები, ის ხვდება, თუ რა არის დამატებით გასაკეთებელი. მე არც მახსენდება ჩემს პრაქტიკაში, რომ სისხლის საერთო ანალიზის გარეშე რაიმე კვლევა დამენიშნა. იმედი მაქვს, რომ საქართველოში პრევენციული მედიცინა ნელ-ნელა წინა პლანზე წამოვა და ერთგვარად კულტურის ნაწილი გახდება, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა, რომელსაც არაფერი აწუხებს, ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს რუტინული კვლევები, მაგალითად სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, გადაიღოს კარდიოგრამა და გაესაუბროს ექიმს.

შარდის საერთო ანალიზი შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს სისხლის საერთო ანალიზისაგან შედეგების ნაწილში?
ნინო ჩიქოვანი: ამ ორ ანალიზს შორის არავითარი კორელაცია არ არსებობს. შარდის ანალიზი ძირითადად საშარდე სისტემაზე და თირკმელებზე იძლევა ინფორმაციას, სისხლის საერთო ანალიზი კი გაცილებით ყოვლისმომცველია. შარდის საერთო ანალიზი ვერ მოგვცემს იმ ინფორმაციას, როგორსაც სისხლის საერთო ანალიზი.

სისხლის ანალიზზე ვისაუბრეთ და არ შემიძლია არ გკითხოთ ედს–ის (ერითროციტების დალექვის სიჩქარე) შესახებ. ზოგჯერ ედს–ის მაღალი მაჩვენებელი პანიკის საფუძველი ხდება ხოლმე, განსაკუთრებით თუ ბავშვებზე ან მოზარდებზე ვსაუბრობთ. რა არის ედს–ი, რაზე მიუთითებს და რა შეიძლება იყოს პრობლემა მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი მაღალია?
ნინო ჩიქოვანი: ედს (როე რუსულიდან დამკვიდრებული სიტყვაა) ერითროციტების დალექვის სიჩქარეს ნიშნავს. მისი მატება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესთან, მაგალითად სხვადასხვა სახის ინფექციასთან, სიმსივნესთან, რევმატოიდულ პრობლემებთან, თირკმლის ან სხვა ორგანოების დაავადებასთან და ა.შ. სტატისტიკურად, მაღალი ედს-ი შემთხვევათა 39%-ში ინფექციებთან ასოცირდება, 23%-ში სიმსივნეებთან, 17%-ში სისტემური დაავადებებთან. თირკმლის დაავადება მაღალი ედს-ის გამომწვევი შემთხვევათა 3%-შია, სხვა ორგანოების პრობლემებზე ის 18%-ში მიუთითებს. თუმცა ხდება ისეც, რომ არ ფიქსირდება არანაირი პათოლოგია და მხოლოდ ედს-ია მაღალი. ასეთი არის შემთხვევათა 2%. ანუ რეალურად არის შანსი, რომ ადამიანს მაღალი ედს-ი ჰქონდეს, მაგრამ ჯანმრთელი იყოს. დღეისათვის ედს-ის განსაზღვრა ხდება ტექნოლოგიების დახმარებით, თუმცა ზოგ ლაბორატორიაში დღემდე მიმართავენ ედს-ის კაპილარებში განსაზღვრის მეთოდს. როდესაც ამ მეთოდით ვცდილობთ ედს-ის დადგენას, დიდი მნიშვნელობა აქვს ოთახის ტემპერატურას. თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია, ედს-იც ძალიან მაღალი იქნება. თუმცა ამ შეცდომისგან მაღალი დონის ლაბორატორიები დაზღვეული არიან, რადგან ედს-ის განსაზღვრის პროცესიც სხვა ანალიზების მსგავსად სრულად ავტომატიზებულია.

ბოლო შეკითხვას თქვენი ლაბორატორიის, „მეგალაბის“ შესახებ დაგისვამთ. კვლევების რა სპექტრს მოიცავს ამ ეტაპზე სერვისი, რომელსაც „მეგალაბი“ გვთავაზობს და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რა სერვისების დამატებას გეგმავთ პაციენტებისათვის?
ნინო ჩიქოვანი: „მეგალაბის“ დევიზია „ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რათა ჩვენთან შემოსული პაციენტი „მეგალაბიდან“ არ გავიდეს უკმაყოფილო, ანუ სრულად მოვიცვათ ის ყველა ანალიზი და სისტემა რაც შეიძლება პაციენტს დასჭირდეს. ჩვენი ლაბორატორია დიდი ხნის არ არის, ორი წლისაა და ამის კვალობაზე კვლევების საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. ჩვენთან ტარდება ტესტების უმეტესი ნაწილი კლინიკურ-ლაბორატორიული, მიკრობიოლოგიური, პათოლოგ-ანატომიური, მოლეკულური დიაგნოსტიკის მიმართულებით. ამ ეტაპზე უკვე მოვიცავთ თითქმის ყველა კვლევას, რაც აუცილებელია დიაგნოსტირებისათვის თანამედროვე მედიცინაში და გაფართოებას, განვითარებას კვლავაც ვაგრძელებთ ყველა მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ბოლომდე მოვიცვათ კვლევების სპექტრი მოლეკულური დიაგნოსტიკის ნაწილში და ყველა ის ტესტი, რომელზეც იქნება მოთხოვნა, დაწყებული გენეტიკური დაავადებების წინასწარგანწყობიდან დასრულებული სიმსივნეების დიაგნოსტიკით, შევთავაზოთ პაციენტებს. ამ ეტაპზე უკვე არსებობს ახალი გენერირების მანქანები გენეტიკურ და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში და ჩვენ ახლა ზუსტად იმ ეტაპზე ვართ, როდესაც დაწყებული გვაქვს მუშაობა ამ კვლევების დანერგვაზე. უახლოეს მომავალში „მეგალაბში“ ეს სერვისიც იქნება წარმოდგენილი.

წყარო: https://fortuna.ge