Nuk
საჭიროა თუ არა ოპერაცია ცხვირის ძგიდის დეფორმაციის დროს და იწვევს თუ არა ის, სუნთქვის გაძნელებას

თარიღი: 26 დეკემბერი, 2023

რა იწვევს სუნთქვის გაძნელებას, რა ტიპის პრობლემაა ცხვირის ძგიდის დეფორმაცია, როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს, ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამომწვევი რომელი პრობლემა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს „ჯანმრთელობის სახლის“ ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოტორინოლარინგოლოგი დავით მამისაშვილი უპასუხებს.

 

რამდენად ხშირი და რა ტიპის პრობლემაა ცხვირის ძგიდის დეფორმაცია?
ეს ძალიან ხშირი პრობლემაა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებაში იდეალურად სწორი ცხვირის ძგიდე არ არსებობს, მეტ-ნაკლებად მაინც არის ხოლმე გაღუნვა. შესაძლოა ცხვირის ძგიდე გაღუნული იყოს ერთ რომელიმე მხარეს, ეს იყოს ფიზიოლოგიური გაღუნვა, პაციენტი ამ დროს ნორმალურად სუნთქავდეს და ეს პრობლემა მხოლოდ ექიმთან ვიზიტისას აღმოაჩინოს. მსგავსი შემთხვევისას, რა თქმა უნდა, არანაირი ჩარევა არ ხდება, მაგრამ შეიძლება პირველადი კონსულტაციისას აღმოვაჩინოთ, რომ არის პათოლოგიური გაღუნვა, C-ს მსგავსი ან S-ს მსგავსი, მთლიანად არის გადაკეტილი ერთი სავალი, გაძნელებულია ცხვირით სუნთქვა. ჩვენთან, „ჯანმრთელობის სახლში“ მცირე ზომის კამერის საშუალებით ხდება ცხვირის ღრუს დათვალიერება და არსებულ პრობლემას თავადვე ხედავს პაციენტი. ამის შემდეგ ხდება რინომოტორული, ცხვირის ფუნქციონალური გამოკვლევა და მხოლოდ ამის საფუძველზე დგინდება დიაგნოზი.

 

ძგიდის დეფორმაციის შემთხვევაში, სუნთქვის პრობლემები ცხოვრების რაღაც ეტაპზე იჩენს თავს, თუ მუდმივად გამოხატულია?
მუდმივად გამოხატულია, მაგრამ როდესაც არის ვირუსული ინფექცია ან არის ალერგიული ფონი, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მწვავდება. ცხვირის ძგიდის დეფორმაცია არ არის თანდაყოლილი დაავადება, არის შეძენილი და ცხვირის ტრავმის შედეგად ვითარდება. ცხვირის ძგიდის დეფორმაცია შეიძლება გამოიწვიოს ბავშვობაში მიღებულმა ტრავმამაც და ფიზიოლოგიური მშობიარობისას მიღებულმა ტრავმამაც, რის შედეგადაც შეიძლება არასწორად განვითარდეს ცხვირის ძვლოვანი, ხრტილოვანი, ჩონჩხოვანი ნაწილი.

 

არის თუ არა სხვა რაიმე ტიპის პრობლემა ოტორინოლარინგოლოგიაში, რომელმაც შეიძლება სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს?
რა თქმა უნდა, მრავალი პრობლემა არსებობს. ცხვირით სუნთქვის გაძნელება შეიძლება გამოიწვიოს სარქვლის პრობლემამაც, რა დროსაც პაციენტს ჩასუნთქვისას ცხვირის ნესტოები ეკეცება. გარდატეხის ასაკამდე ბავშვებში ხშირად არის ხოლმე ადენოიდების ჰიპერტროფიის ხარჯზე გამოწვეული ცხვირით სუნთქვის გაძნელება. პაციენტები ადენოიდებს ხშირად პოლიპებს ეძახიან, მაგრამ პოლიპები სულ სხვა დაავადებაა, ნაზალური პოლიპები გარდატეხის ასაკის შემდეგ ვითარდება.

 

ცხვირით სუნთქვის გაძნელება ასევე შეიძლება გამოიწვიოს: ცხვირის ნაზალურმა და ქოანალურმა პოლიპებმა, მსხვილი სარქველის პროლაფსმა, ნიჟარების ჰიპერტროფიამ, ანუ შეშუპებამ. ნიჟარები სისხლმბადი ორგანოებია, აქვს ძვლოვანი სტრუქტურა, ღრუბლისებრი ქსოვილით არის შემოფარგლული და დაფარულია ლორწოვანი გარსით. რინიტის და ალერგიების დროს ხშირად ხდება ხოლმე ნიჟარების ჰიპერტროფია, რამაც შეიძლება ცხვირით სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს. ცხვირით სუნთქვის გაძნელება შეიძლება გამოიწვიოს ვაზომოტორულმა რინიტმაც, რა დროსაც პაციენტი ხშირად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა შემავიწროებელ წვეთებზე, ქსილომეტაზოლინის ჯგუფის პრეპარატებზე.

 

თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემებიდან, რომელია ყველაზე ხშირი და რა დროს არის საჭირო ქირურგიული ჩარევა?
პროცენტულადაც და ჩვენს კლინიკაშიც ყველაზე ხშირია ცხვირის ძგიდის ოპერაციები. ცხვირის ძგიდის გამრუდების პრობლემის მოგვარება მხოლოდ ქირურგიულად არის შესაძლებელი და ამ ოპერაციას სეპტოპლასტიკა ეწოდება. როგორც წესი, ასეთ დროს კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. როდესაც პაციენტი მოდის კლინიკაში, პირველ რიგში, ჩვენ ვადგენთ რა ფორმის გამრუდება აქვს პაციენტს, რათა შესაბამისად განვსაზღვროთ შემდგომი ტაქტიკა, ჩარევის მასშტაბი. ოპერაციული ჩარევა ღია ან დახურული მეთოდით ხდება. არის შემთხვევები, როდესაც დახურული მეთოდით ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება და ეს პირდაპირ კავშირში არის რინოპლასტიკასთან. ასეთ დროს, რინოპლასტიკასთან ერთად ხდება ხოლმე ცხვირის ძგიდის დეფორმაციის გასწორება. ხშირ შემთხვევაში ვიღებთ ხრტილოვან ნაწილს, სპეციალური ინსტრუმენტების საშუალებით ვასწორებთ მას და ამის შემდეგ ვაბრუნებთ ცხვირის ღრუში.

 

ცხვირით სუნთქვის გაძნელების მქონე ადამიანები ხშირად ეჩვევიან პირით სუნთქვას. განგვიმარტეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ცხვირით სუნთქვა?
ცხვირით სუნთქვა მნიშვნელოვანია, რადგან ცხვირი ერთგვარი ფილტრის ფუნქციას ასრულებს, ხდება ჰაერის გაფილტვრა, დატენიანება და ამის შემდეგ ის გადის სასუნთქ გზებს, ხდება ფილტვებში და ჟანგბადის რაოდენობა იმ კონცენტრაციით მიეწოდება თავის ტვინს, რა კონცენტრაციაც არის საჭირო ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის და ჯანმრთელობისთვის.

 

როდესაც თავის ტვინი ჟანგბადის შიმშილს განიცდის, იწყება პრობლემები და ეს ვლინდება: თავის ტკივილით, დაღლილობით, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებით, სისუსტით, ძილიანობისკენ მიდრეკილებით. ასეთ დროს, შეიძლება დაიწყოს: იმუნიტეტის დაქვეითება, ყელთან დაკავშირებული პრობლემები, ფარინგიტი, სხვადასხვა შორს წასული პრობლემები, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები სხვადასხვა პათოლოგიები. შესაბამისად, პაციენტი არაჯანსაღად იქნება თუ მხოლოდ პირით ისუნთქებს, ცხვირით სუნთქვა აუცილებელია.

 

როდის დგება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა ცხვირის ძგიდის დეფორმაციის შემთხვევაში?
რა თქმა უნდა, ცხვირის ძგიდის გამრუდების დიაგნოზის დასმისას, ყოველთვის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა. ვცდილობთ ხოლმე, ოპერაცია 15-16 წლის ასაკის ზემოთ ჩავატაროთ, მაგრამ როდესაც გამოხატულია ეს პროცესი, ეს აისახება ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, არის ღამის აპნოე, ღამის პერიოდში სუნთქვის გაჩერება და შემდეგ გახშირებული სუნთქვა, არის მეხსიერების პრობლემა, მაშინ ბავშვებშიც ვიღებთ ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას და ეს ოპერაცია დამზოგველი მეთოდით ტარდება. ბავშვებში ღია წესით არ ვმუშაობთ, ვმუშაობთ დახურული, დამზოგველი წესით. მოზარდებში და უკვე ზრდასრულ ადამიანებში ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც ღია მეთოდით, ის დახურულით. ღია მეთოდით ხდება კოლუმელაზე განაკვეთის გაკეთება, ხდება ცხვირის ნესტოების მთლიანად აშრევება, ძგიდის გამოყოფა და ზემოდან ჩავდივართ გასასწორებლად, ანუ ზემოდანვე ხდება ცხვირის ძგიდის გასწორება და თუ საჭიროა რეზექცია. დახურული მეთოდით ცხვირის გარდამავალ ნაოჭზე ხდება განაკვეთი. დახურული მეთოდით ცხვირის ფორმა არ იცვლება, მხოლოდ გამრუდებული ნაწილის გასწორება და ცხვირის ძგიდის ძვლოვანი ნაწილის რეზექცია ხდება.

 

აღნიშნეთ, რომ ხშირად თანხვედრაში კეთდება რინოპლასტიკა და ძგიდის დეფორმაციის გასწორება. რამდენად დიდი სირთულის ოპერაციაა ეს და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს რეაბილიტაციის პროცესი?
შედარებით იოლად გადააქვთ პაციენტებს რეაბილიტაციის პერიოდი, როდესაც დახურული მეთოდით კეთდება ცხვირის ძგიდის რეზექცია, რადგან ამ დროს არ ხდება ჩალურჯებები, ცხვირის შეშუპება. შედარებით რთული არის რეაბილიტაციის პერიოდი, როდესაც რინოპლასტიკასთან ერთად ხდება ცხვირის ძგიდის სეპტოპლასტიკა, ცხვირის ძგიდის რეზექცია. ასეთ დროს, შეშუპებები შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს, შეიძლება შეშუპება 8 თვის განმავლობაშიც კი იყოს. ხშირად პაციენტი ოპერაციას ტამპონების გამო არ იკეთებს, რადგან ფიქრობს, რომ ტამპონებით ვერ ისუნთქებს, თუმცა ახლა ყველაფერი ძალიან დაიხვეწა, არსებობს გაწოვადი ტამპონები, მილიანი ტამპონები, ღრუბლით დაფარული და ამ ტამპონების შემთხვევაში პაციენტი ნორმალურად სუნთქავს ცხვირით. ცხვირის ძგიდის რეზექციის შემდგომი რეაბილიტაცია მაქსიმუმ ერთთვიანია. 3-დან 5 დღემდე ვაჩერებთ ტამპონებს, შემდეგ ვიღებთ მათ და ვნიშნავთ ნაზალურ შესასხურებლებს, რასაც პაციენტი სადღაც 1 თვის განმავლობაში იყენებს. შეიძლება ითქვას, რომ არც ისე რთული რეაბილიტაციის პერიოდი აქვს მსგავს ოპერაციებს.

 

რას ნიშნავს კარგად გაკეთებული ოპერაცია და რაზეა ეს დამოკიდებული?
ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, გუნდზეც, იმაზე თუ რამდენად შეთანხმებულად მუშაობს ქირურგი, ასევე დამოკიდებულია გარემოზე, ინსტრუმენტებზე და პაციენტის მოთხოვნაზე. სპეციალისტმა პაციენტს უნდა აუხსნას შესაძლო გართულებები. შეიძლება პაციენტს ჰქონდეს მსხვილი ძვლოვანი სტრუქტურა, სქელი კანი და ამიტომ უფრო გაურთულდეს რეაბილიტაციის პერიოდი, შესაძლოა მალე არ დაცხრეს შეშუპებები. არსებობს ოპერაციის შემდგომი გართულებები და სამწუხაროდ, შეიძლება ნებისმიერ ქირურგს მოუვიდეს ეს, დაზღვეული არავინ არის. ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს შემდეგ კმაყოფილ ან უკმაყოფილო პაციენტს. ჩვენ ვცდილობთ, რომ არ გვყავდეს უკმაყოფილო პაციენტი, ბოლომდე დავაკმაყოფილოთ მისი სურვილი და გავიკეთოთ ისეთი ცხვირი, როგორიც პაციენტს სურს და როგორიც ქირურგს წარმოუდგენია.

 

სინუსიტი ამ სეზონის მთავარი გამოწვევაა და ხშირად იჩენს ხოლმე თავს ქრონიკული სინუსიტიც, რაც არ არის მარტივი პრობლემა და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. რა იწვევს სინუსიტს და როგორია მისი მკურნალობის სწორი სქემა?
სინუსიტი ცხვირის დანამატი წიაღების ანთებაა. რეალურად ამ წიაღებში ჰაერი უნდა იყოს, მაგრამ იქ შეიძლება დაგროვდეს სეკრეტი და ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ სინუსების წიაღების ანთება. ის შეიძლება განვითარდეს ალერგიული რინიტის და ვირუსული ინფექციების ფონზე. სინუსიტს შეიძლება თან ახლდეს ნაზალური პოლიპი. სინუსიტი შეიძლება განვითარდეს ცხვირის ძგიდის დეფორმაციის დროსაც. სინუსიტი ქრონიკულად ითვლება თუ 2-3 თვეზე მეტხანს მიმდინარეობს. შესაბამისი მკურნალობა რომ წარიმართოს, უნდა დადგინდეს, რა სახის სინუსიტთან გვაქვს საქმე, ამისთვის კი კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებია საჭირო. როდესაც პაციენტი მოგვმართავს, დგინდება სინუსიტის სახეობა და შემდგომში ხდება უკვე კორტიკოსტეროიდებით, ადგილობრივი ინტრანაზალური სპრეებით მკურნალობა, ირთვება ანტიჰისტამინური მკურნალობა, ანტიბიოტიკოთერაპიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრთავთ თუ პრობლემა ბაქტერიულია. კონსერვატიული ან ქირურგიული მკურნალობა იმის მიხედვით ინიშნება, თუ რა სახის სინუსის ანთებასთან გვაქვს საქმე. პაციენტებს ხშირად ვუნიშნავთ ფიზიოთერაპიის კურსსაც და სინუსების გამორეცხვასაც.

 

სინუსიტი იმ ტიპის პრობლემაა, რომელიც სიმპტომების დონეზე ვლინდება და რომელსაც არასამედიცინო პირი, პაციენტი თავად ამოიცნობს?
რა თქმა უნდა, სინუსიტი სიმპტომის დონეზე ვლინდება. სინუსიტს ახასიათებს გამონადენი ცხვირიდან, შეიძლება არ იყოს ცხვირიდან გამონადენი, მაგრამ იყოს ყელში ჩანადენი. სინუსიტი ასევე ვლინდება შემდეგი სიმპტომებით, თავის ტკივილით, ყვრიმალების და თვალის არეში ზეწოლით, შესაძლებელია, კეფის არეში ზეწოლაც, სისუსტეც და თანდართული ტემპერატურაც.

 

ჩვენს მსმენელს აინტერესებს, რა სიხშირით არის დასაშვები სინუსიტი და შესაძლებელია თუ არა ერთად განვითარდეს სინუსიტი და ჰაიმორიტი?
რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ჰაიმორიტი ეს არის მაქსიმალური წიაღების ანთება, ეს არის ყველაზე დიდი წიაღი, რაც აქვს ადამიანს. ჰაიმორის წიაღის ხშირი ანთება შეიძლება ზედა კბილითაც იყოს გამოწვეული, ამიტომ პაციენტებს აუცილებლად ვურჩევ, ზედა მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კბილების გადამოწმებას. თუ კბილი ინფიცირებულია ან კარიესულია თავისუფლად შეიძლება წავიდეს ჰაიმორიტი. ჰაიმორიტი შეიძლება თანდართული იყოს სხვა წიაღების ანთებებთან. თუ სხვა წიაღების ანთებებთან ერთად არის ეს ჰაიმორიტი, ეს უკვე რთული სინუსიტია. პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიკეთოს ტომოგრაფია და აუცილებლად უნდა გადაიმოწმოს ზედა კბილები.

 

რაზე მიუთითებს ხშირი სინუსიტი და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?
თუ სინუსიტს ხშირი ფორმა აქვს, აუცილებლად უნდა ინახოს ენდოსკოპიურად, უნდა დათვალიერდეს ცხვირის სავალი, უნდა ინახოს ბუნებრივი სავალიც, რადგან ეს შეიძლება ბუნებრივი სავალის ბლოკი იყოს. თუ ეს ყველაფერი ბლოკით არის გამოწვეული, მაშინ ენდოსკოპიურად უნდა მოხდეს სინუსების გახსნა და სითხის დრენირება. ხანდახან კონსერვატიული მკურნალობა შედეგს არ გვაძლევს და მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული მეთოდით არის ხოლმე შესაძლებელი ამ პრობლემასთან ბრძოლა.

 

როდის არის ტონზილექტომიის ჩატარება აუცილებელი და როდის არ დგას მისი საჭიროება?
როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ტონზილიტი უფრო ხშირად ბავშვთა ასაკშია. ბავშვებში ვაკეთებთ ტონზილექტომიასაც და ადენოტონზილექტომიასაც. ტონზილები ლიმფური ქსოვილებია, ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ იმუნურ სისტემაში. მწვავე ტონზილიტისას, როდესაც მშობელს ბავშვი მიჰყავს სპეციალისტთან, ფიქრობს, რომ ამოკვეთოს, მოაშოროს ბავშვს ეს ტონზილიტი, მაგრამ ყველა შემთხვევაში არ არის საჭირო ამ ოპერაციის ჩატარება. თუ ბავშვებში ტონზილიტი არის შემდეგი სიხშირით 5,6,7 და გართულებულია ანგინებით, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ტონზილექტომია გასაკეთებელია, მაგრამ მწვავე ტონზილიტი არ არის წელიწადში 1-2 შემთხვევა, ამ დროს, არავითარ შემთხვევაში არ კეთდება ტონზილექტომია. პირველ რიგში, სპეციალისტმა უნდა შეაფასოს ქსოვილი, მისი მდგომარეობა, უნდა გაკეთდეს კლინიკო-ლაბორატორიული ანალიზები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს ოპერაციის ჩატარება, დაუშვებელია ტონზილიტის ხელაღებით ამოჭრა. ადენოიდების გართულებით მოსული პაციენტები, ხშირად ტონზილიტის მოშორებაზეც ფიქრობენ, მაგრამ ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან ტონზილები ადამიანის იმუნურ სისტემაში აქტიურ ფუნქციას ასრულებს. ტონზილები აუცილებლად უნდა იყოს ამოკვეთილი მაშინ, როცა ხშირია ანგინები, ზიანდება ლიმფური ქსოვილები, ხდება დეკომპენსირებულ სტადიაში გადასვლა და ორგანიზმის ინტოქსიკაცია სტრეპტოკოკებით, რამაც შეიძლება სერიოზული დაავადებებიც გამოიწვიოს, მათ შორის, თირკმლისმიერი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ართრიტები და ა.შ.

 

როდის გვჭირდება ვიზიტი ოტორინოლარინგოლოგთან და რა არის ის ძირითადი მაჩვენებლები, რაც გვეუბნება, რომ ვიზიტი არ უნდა გადავდოთ და დროულად მივმართოთ სპეციალისტს?
უფრო ოჯახის ექიმები ამისამართებენ ხოლმე პაციენტებს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, მაგრამ ზოგჯერ პაციენტები თავადაც გეგმავენ ხოლმე ექიმთან მისვლას. პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, თუ აქვს: ცხვირთან, ცხვირით სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, ღამის აპნოე, სუნთქვის გაჩერება და შემდეგ გახშირებული სუნთქვა, ქრონიკულად ადვილად დაღლა, ძილიანობისკენ მიდრეკილება, ხვრინვა, ყელთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირი ანგინა, ხმის წასვლა, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი. მნიშვნელოვანია, სპეციალისტმა შეაფასოს მდგომარეობა, რომ დასვას დიაგნოზი და სწორი მიმართულებით წაიყვანოს მკურნალობა.

წყარო: https://fortuna.ge