Nuk
რატომ იწყებს ტერფი დეფორმაციას

თარიღი: 18 დეკემბერი, 2023

ჰალუქს ვალგუსი, იგივე ვალგუსური დეფორმაცია ტერფის საკმაოდ გავრცელებული, რთული დავადებაა, თუმცა მოსახლეობა მას ხშირად სხვა დაავადების სახელით – „პოდაგრათი“ მოიხსენიებს. ვალგუსური დეფორმაცია ზოგჯერ მტკივნეულია და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შეშლაც შეუძლია. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მამუკა თებიძე ამბობს, რომ პრობლემის სწორად იდენტიფიცირებისა და დროული მკურნალობის შემთხვევაში, სიმპტომები მნიშვნელოვნად უმჯობესდება და გართულებებიც არ ვითარდება. 

 

ვალგუსური დეფორმაცია გვხვდება 18-65 წლამდე ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 23%-ში და 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 36%-ში. აშშ-ში ზრდასრული ქალების გამოკვლევისას, Hallux Valgus-ის დეფორმაცია 30 პროცენტში დაფიქსირდა.

 

ბატონო მამუკა, რა მდგომარეობაა ეს?

ამ დაავადებას ახასიათებს ტერფის დეფორმაცია, ანუ ბიომექანიკის [მოძრაობის] დარღვევა. ხდება ფეხის ცერა თითის ანომალიური გადახრა, რა დროსაც წინა ტერფის სახსარი გარეთ იზნიქება, ფეხის დიდი თითი კი – შიგნით, მომდევნო თითებისკენ და მათ აწვება.

 

რა შეიძლება გახდეს მისი გამომწვევი მიზეზი?

დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ცერა თითის გარე ზედაპირზე ზეწოლა, მაგალითად, ვიწრო ფეხსაცმლისგან, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისგან, ჭარბი წონა და ფეხის გადაჭარბებული დატვირთვა (ფეხზე ხანგრძლივად დგომისა და მუშაობის სახით), განსაკუთრებით, თუ ადამიანს ვიწრო, მჭიდრო ან/და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. რისკფაქტორია  გენეტიკა, ბრტყელტერფიანობა და ზოგადად ცნობილია, რომ ქალებში ეს დაავადება უფრო გავრცელებულია, ვიდრე კაცებში.

 

რა სიმპტომატიკა ახასიათებს?

პირველ რიგში, შეიმჩნევა ცერა თითის გარეთა ზედაპირზე, [სახსრის] ირგვლივ მდებარე კანის სიწითლე და შეშუპება; ასევე, შეიმჩნევა პირველი [ცერა] თითის გადახრა მეორე თითისკენ; ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულის დროს; დროთა განმავლობაში ცერის გარეთა კიდეზე ვითარდება ბორცვისებური ძვლოვანი წანაზარდი, რა დროსაც მჭიდრო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა აძლიერებს ტკივილს.

Cleveland Clinic: ვალგუსური დეფორმაციის სხვა ნიშნებია: ტკივილი და გამაგრება ფეხის პირველ თითში; გაუფერულება ან სიწითლე; დიდი თითის მოხრის ან ამოძრავების შეუძლებლობა (შეიძლება იგრძნოთ ტკივილი ან წვის შეგრძნება მოხრის დროს); გარკვეული ტიპის ფეხსაცმლის ტარების გაძნელება ან ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხსაცმლის ტარებისას; წყლულები და კოჟრები (გასქელებული კანი); დაბუჟება დიდი ფეხის თითში ან მის გარშემო.

რა არ შეიძლება ამ დროს, მდგომარეობა რომ არ  დამძიმდეს? 

ფეხსაცმელი უნდა შევარჩიოთ სწორად, ანუ ვატაროთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელშიც ტერფი თავისუფლადაა და ზეწოლას არ განიცდის არც ცერი და არც სხვა მონაკვეთი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ უნდა ჩაიცვას პაციენტმა; დაიკლოს ჭარბი წონა, თუ კი ასეთი პრობლემა არის.

 

თუ არ ვიმკურნალებთ, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს?

კანის შეშუპებისა და ტკივილის შემდეგ იწყება სხვა თითების დეფორმაცია – იწყებს პირველი თითის, შემდეგ წინა ტერფის ანუ მეტატარზალური ძვლების დეფორმაციას, შემდეგ გადადის მეორე და სხვა თითებზე. 

 

როცა ვითარდება ცერის დეფორმაცია, ეს იწვევს მეორე თითის ჩაქუჩისებრ დეფორმაციას, ანუ მეორე თითი იხრება [სახსარში], რადგან პირველი თითი აწვება მეორე-მესამე თითების მიმართულებით.

 

ეს ძალიან მტკივნეული ეტაპია, წარმოიდგინეთ, ტერფი ფეხსაცმელში, როცა მეორე თითი არის მოხრილი – თავისთავად ხდება თითის მაცერაცია, ამის შემდგომ არის ფალანგის სახსრის ქვეამოვარდნილობა, რომელიც უკვე გაუსაძლის ტკივილს იწვევს. 

 

როგორია მკურნალობის მეთოდები?

მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. თავიდან მკურნალობა კონსერვატიულია და მიმართულია ძირითადად ტკივილის მოხსნისკენ. არის კიდევ ორთოპედიული ფეხსაცმელი, ასევე სპეციალური ფიქსატორები, რომლებიც პირველ და მეორე თითს შორის იდგმება და რომლებიც ასწორებენ პირველ თითს ღერძის მიმართულებით, ეს კი ხელს უშლის ცერს მეორე თითისკენ გადახრაში (ანუ ღერძი უნდა აღდგეს).

 

არაქირურგიული მეთოდები გვეხმარება ტკივილის სინდრომის შემცირებაში, ასევე იმაში, რომ მეტი დეფორმაცია აღარ წავიდეს, თუმცა ძვლოვანი წანაზარდის ზრდას ვერ აჩერებს. 

 

რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, მისი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგალითად, ისმება სპეციალური მეტალოკონსტრუქცია, ვალგუსური დეფორმაცია სწორდება, ანუ ღერძის მთლიანობა აღდგება. თუმცა კონკრეტულად რა სახის ოპერაციული ჩარევა უნდა მოხდეს, ეს რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის შემდეგ, გამოკვლევის შედეგების მიხედვით შეირჩევა.

 

რეციდივი ახასიათებს, მაგრამ თუ პაციენტი ოპერაციული ჩარევის შემდეგ ექიმის მიერ მიცემულ რეკომენდაციებსა და მითითებებს გაითვალისწინებს, რეციდივის რისკი მცირდება. 

 

Mayo Clinic-ი წერს, რომ ბორცვისებურ წანაზარდზე ყინულის დადება მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში მოგიწიათ ფეხზე დგომა ან თუნდაც მაშინ, როცა ადგილზე ანთებითი პროცესია, დაგეხმარებათ ტკივილისა და შეშუპების შემსუბუქებაში. თუ გაქვთ შემცირებული შეგრძნება ან სისხლის მიმოქცევის პრობლემები ფეხებში, ცივის დადებამდე მიმართეთ ექიმს.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge