Nuk
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი 2-3 წლის ასაკშიც ვერ ლაპარკობს

თარიღი: 26 დეკემბერი, 2023

ქალბატონო ნინო, როდესაც ვსაუბრობთ ენის და მეტყველების განვითარებაზე, ვიცით, რომ არსებობს გარკვეული ნორმები, თუ რა ასაკში რა ტიპის მეტყველება უნდა ჰქონდეს ბავშვს. ბოლო დროს, მთელ მსოფლიოში ხშირია მეტყველების დაგვიანების პრობლემა. ამ პრობლემის გახშირების ფონზე, ენისა და მეტყველების განვითარების ნორმები უცვლელია?
ძალიან კომპლექსური და საინტერესო შეკითხვაა. მნიშვნელოვანია, ეს ეტაპები ყველას კარგად ჰქონდეს გამჯდარი. დავიწყოთ წლამდე ასაკიდან, 6-8 თვის ასაკიდან ბავშვის კარგი „ტიტინი“ უნდა გვესმოდეს. გარდა ტიტინისა, წლამდე ასაკში სხვა ძალიან ბევრი ნიშანი და ინდიკატორია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. მნიშვნელოვანია ყურადღების ხშირი გაზიარება, ეს ნიშნავს მდგომარეობას, როცა ბავშვის და უფროსის ფოკუსი ერთდროულად არის მიმართული ერთი და იგივე საგანზე, მოვლენაზე, ანუ ემოციური კავშირი ბავშვსა და მშობელს შორის არის ინტენსიური, ისინი ერთად აქცევენ რაღაცას ყურადღებას, მაგალითად, მამა შემოდის ოთახში და ორივე, დედაც და ბავშვიც მას უყურებს, მშობელი ეუბნება ბავშვს, „ნახე რა კიდია კედელზე“ და ბავშვიც გაშვერილი ხელის მიმართულებით იყურება.

 

ერთი წლის ასაკისთვის ბავშვი რამდენიმე სიტყვას უნდა ამბობდეს, 2-3 სიტყვაც საკმარისია. შეიძლება ბავშვი ამ 2-3 სიტყვას არ ამბობდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა, ყურადღების გაზიარება.

 

ბავშვი ყურადღებას უნდა აქცევდეს უფროსების საუბარს, უნდა იგრძნობოდეს, რომ ესმის, რასაც უფროსები ეუბნებიან. 1 წლის ასაკში ბავშვი შეიძლება არ ამბობდეს არცერთ სიტყვას, მაგრამ თუ ჩვენ დანარჩენი ტიპის ჩართულობას, რეცეპტულ ენას ვამჩნევთ და ვხედავთ, რომ ვითარდება, მაშინ წლინახევრის ასაკში აუცილებლად უნდა იყოს გარკვეული სიტყვები. 2 წლის ასაკში ბავშვი უკვე უნდა ცდილობდეს გარკვეული სიტყვების გადაბმას. სამი და სამწლინახევრის  ბავშვი უკვე რთულ წინადადებებსაც ამბობენ. ცხადია, 3 წლის ასაკში უფროსებივით ვერ ისაუბრებენ, თუმცა 4 წლის ასაკისთვის ჩამოყალიბებული უნდა იყოს ძირითადი გრამატიკული კატეგორიები, სიტყვების გრამატიკულად დაკავშირება. გეთანხმებით, რომ მთელ მსოფლიოში გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ამ პროცესების და ეტაპების გავლას აგვიანებენ, თუმცა ის, რომ ამ სიგნალებმა შეიძლება განვითარების ეტაპები შეცვალოს, ასეთი რამ ჯერჯერობით არ განიხილება, ამას ძალიან დიდი და ფართო მასშტაბიანი კვლევები დასჭირდება, რაც, ალბათ, ნაკლებ მოსალოდნელია. ძალიან ბევრს მსჯელობენ იმაზე, ეს თანამედროვეობის პრობლემაა თუ იდენტიფიცირების საკითხია, რადგან ახლა მეტი ცოდნაა, მეტი ცნობიერებაა, უფრო მეტ რამეს ვაქცევთ ყურადღებას, ახლა ამ პრობლემის ადრეულ ასაკში გამოვლენის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტია, რომ ძალიან მომრავლდნენ ბავშვები, რომლებიც აგვიანებენ მეტყველებას, მიზეზი შეიძლება მრავალგვარი იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გაჯეტებზე ზედმეტ დამოკიდებულებაზე. ეს ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. გაჯეტებზე ზედმეტმა დამოკიდებულებამ შეიძლება ენის თვალსაზრისით პრობლემა შეუქმნას ნებისმიერ ბავშვს, არ აქვს მნიშვნელობა რაიმე სხვა ფაქტორიც (აუტიზმის და ა.შ)  უშლის თუ არა ბავშვს ხელს განვითარებაში.

 

არსებობენ ბავშვები, რომლებიც იმაზე ადრე იწყებენ ლაპარაკს ვიდრე ეს სტანდარტი და ნორმაა, 2 წლის ასაკისთვის უკვე ლექსებს ამბობენ და გამართულად საუბრობენ. ასეთი ბავშვების მშობლები ხშირად ამბობენ, რომ მათ ეს ლექსები და ა.შ. გაჯეტების მეშვეობით ისწავლეს, მაგრამ როგორ კი საქმე მეტყველების შეფერხებაზე მიდგება, სპეციალისტები ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ბავშვი უნდა მოვაშოროთ ნებისმიერ გაჯეტს. შესაძლებელია გაჯეტი ბავშვების გარკვეულ ნაწილს მეტყველების სტიმულაციაში ეხმარებოდეს და ნაწილს ხელს უშლიდეს? რაზე არის დამოკიდებული ეს ყველაფერი?
ესეც ძალიან საინტერესო შეკითხვაა. იმას, რომ ბავშვმა გაჯეტებიდან ბევრი რამ ისწავლა, ხშირად აღნიშნავენ, როგორც მეტყველების კარგი განვითარების მქონე ბავშვების მშობლები, ასევე მეტყველების განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების მშობლებიც. ამბობენ, რომ ბავშვმა ისწავლა: ფერები, ციფრები, გარკვეული სიტყვები, ფრაზები და ა.შ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ენა ცოცხალი კომუნიკაციის პროცესში ვითარდება, ეს კვლევებით დასტურდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მასშტაბური კვლევები ჩატარდა ჩინეთში და ამერიკაში. კვლევისას ბავშვები დაყოფილები იყვნენ ჯგუფებად. ერთ ჯგუფს დღეში 3-4 საათის განმავლობაში მიეწოდებოდა ინგლისური ენა კომპიუტერზე დაფუძნებული ინტერაქციით, მეორე ჯგუფს ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ძიძა ჰყავდა. იგივე ხდებოდა აშშ-ში, ბავშვების ერთ ნაწილს მანდარინის ენაზე მოლაპარაკე ძიძა ჰყავდათ, მეორე ნაწილს კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდებოდა ეს ენა, იგივე ინტენსივობით და იგივე შინაარსით. აღმოჩნდა, რომ ენა უკეთესად აითვისეს იმ ბავშვებმა, რომელთაც ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდათ. ენა არის იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ფერების და ციფრების ცოდნა, დათვლა და ა.შ. ენის ათვისება ნიშნავს, რომ მე სიტყვებს  სხვადასხვა კომბინაციებში ვსწავლობ, კომუნიკაციისას შემიძლია ვიყო სპონტანური, შემიძლია ავაწყო სხვადასხვა რიგის წინადადებები, შესაძლებელია დავუშვა ლოგიკური შეცდომები და მერე გავასწორო ეს შეცდომები. ენის ათვისება მთელი მექანიზმია, კომპლექსური მანქანაა. ცოცხალ კომუნიკაციაში რომ შევდივარ, სულ სხვადასხვა ტიპის კომბინაციებით მესაუბრებიან, მეც მესმის, რომ სხვადასხვა ტიპის კომბინაციებით უნდა ვისაუბრო.

 

ენობრივი განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ემოციური კავშირი, ჩართულობა, ერთად რაღაცის კეთება, ასეთ დროს, არა მხოლოდ შემეცნებითად, არამედ ენობრივადაც ვითარდები. გაჯეტი ნამდვილად გასწავლის ზეპირად გარკვეული რაოდენობის სიტყვებს, ფრაზებს, ენის განვითარებისთვის კი მნიშვნელოვანია ამის გარჩევა, დაზეპირება საკმარისი არ არის. ბავშვებში ენის ათვისების ორი გზა არსებობს. პირველი არის ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ბავშვების უმრავლესობა სწორედ ასე ვითარდება. ბავშვებს ახასიათებთ სიტყვების კვლავწარმოება და როდესაც ბავშვი ამბობს სიტყვას „წავდიოდი“ ეს ჩვეულებრივი საბავშვო შეცდომაა. ბავშვს გაგონილი აქვს ფორმა მივდიოდი, მის ტვინში კი ჩადებულია, რომ „ოდა“ წარსულის ფორმაა, აქედან გამომდინარე კი ამბობს „წავდიოდი“. ამას ჰქვია ენის ანალიტიკური ათვისება, ანუ ბავშვი ანალიზის მეთოდით ითვისებს ენას.

 

არსებობს ენის ათვისების გეშტალტური ფორმაც, როცა ბავშვები რაღაც ფორმებს იზეპირებენ. ჩვეულებრივ, გეშტალტური ათვისების ფორმისკენ მიდრეკილები არიან ის ბავშვები, რომელთაც უჭირთ ენის ნორმალური ათვისება, უჭირთ ათვისება ანალიზური ფორმით. არსებობენ კომუნიკაციის პრობლემის მქონე ბავშვები, რომლებმაც ზეპირად იციან ფრაზები მათი საყვარელი ანიმაციებიდან, ფილმებიდან , კომიქსებიდან და ა.შ. პატარა ასაკში მათ ეს დაზეპირებული ფრაზები შეიძლება კონტექსტიდან ამოგლეჯილად წამოისროლონ. ენას აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, პრაგმატიკა, რაც გულისხმობს იმას თუ როგორ ვიყენებ ენას, რა კონტექსტში, მოსაუბრესთან ვსაუბრობ თუ არა იმ თემაზე, რაზეც უნდა ვსაუბრობდე, ვიცი თუ არა, როდის უნდა შევცვალო ენა, ხვდები თუ არა, რომ საუბარი დასრულდა, სხვა თემაზე გადავიდა და ა.შ. ბავშვები, რომელთაც გეშტალტურად აქვთ ენა ათვისებული, როგორც უკვე გითხარით, პატარა ასაკში, როგორც წესი, კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყენებენ დაზეპირებულ ფრაზებს, მერე ნელ-ნელა სწავლობენ კონტექსტში ჩასმას, რაც ნიშნავს, რომ ისინი ნელ-ნელა ითვისებენ პრაგმატიკის საფუძვლებს. არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ გეშტალტურად ათვისებული ენით  თავისუფლად კომუნიკაცია შესაძლებელია. აუტიზმის მქონე ბავშვს, რომელსაც განსაკუთრებული უნარები აქვს, შეიძლება ძალიან დიდი რაოდენობის ფრაზები ჰქონდეს დამახსოვრებული გეშტალტური მეთოდით და საკმაოდ ეფექტურადაც იყენებდეს ამ ფრაზებს კომუნიკაციისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე იქცევა უმრავლესობა. უმრავლესობა შეიძლება მხოლოდ ფრაზების სწავლით შემოიფარგლოს, ამიტომ ჩვენი ამოცანაა,  მათ ცოცხალი ანალიზური ენის ათვისებაში დავეხმაროთ.

 

ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ენის განვითარებისას, ექსპრესიული ენის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც თუ რამდენად ესმის ბავშვს ჩვენი წარმოთქმული სიტყვები, რომ მნიშვნელოვანია რეცეპტული ენაც. როდესაც ვსაუბრობთ მეტყველების შეფერხებაზე, ორივე ნაწილში შეინიშნება პრობლემა თუ მხოლოდ ექსპრესიულში?
ეს ძალიან ინდივიდუალურია, გააჩნია ბავშვს. შეიძლება ვიღაცასთან იყოს როგორც რეცეპტული, ისე ექსპრესიული ენის პრობლემა. როგორც წესი, რეცეპტული ენის პრობლემას თან ახლავს ექსპრესიული ენის პრობლემაც, რადგან თუ არ მესმის კარგად, თავისთავად მიჭირს მეტყველების დაწყება. თავისუფლად შეიძლება ბავშვს არ ჰქონდეს რეცეპტული ენის პრობლემა და ჰქონდეს წმინდა სამეტყველო პრობლემა, ჰქონდეს არტიკულაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც უკვე სხვა ტიპის პრობლემაა და როგორც წესი, უფრო გვიან ასაკში იჩენს თავს.

 

როცა ბავშვს ესმის, მაგრამ უჭირს სიტყვების წარმოთქმა და შესაბამისად ჩამორჩება განვითარების ეტაპს, არის თუ არა ის ე.წ. „Late talker”?
იმის თქმას ბავშვი “Late talker”- ია თუ საქმე გვაქვს ენობრივ დარღვევასთან, დინამიკაში დაკვირვება სჭირდება. “Late talker”- ებისთვის უფრო დამახასიათებელია ის, რომ ისინი კარგად არიან ჩართულები კომუნიკაციაში, გამოხატავენ ინიციატივას, კომუნიკაციის სურვილს, ვიცით, რომ მათ რეცეპტული ენის პრობლემა არ აქვთ და ისინი უბრალოდ აგვიანებენ სიტყვების გამოთქმას. ნამდვილად შესაძლებელია, რომ ბავშვმა გაცილებით გვიან დაიწყოს საუბარი. ითვლებოდა, რომ თუ ბავშვი უბრალოდ “Late talker”-ია და სხვა ყველაფერი წესრიგშია, საუბრის დაწყების მერე არაფერი პრობლემა არ არის და მერე ყველაფერი კარგად მიდის და ძირითადად ეს ასეც ხდება, თუმცა თანამედროვე კვლევების მიხედვით, ის რაღაც კვალს მაინც ტოვებს, მაგალითად, “Late talker” – ის სფერო ვერ იქნება ისეთი რამ, რასაც ბევრი წერა-კითხვა სჭირდება. “Late talker”-ის ფენომენი იწვევს იმას, რომ ბევრი მშობელი მეტყველების შეფერხებას ყურადღებას არ აქცევს, სხვა ბავშვების მაგალითზე ფიქრობენ, რომ მათი ბავშვიც უბრალოდ გვიან დაიწყებს საუბარს. თუ ვხედავთ, რომ ბავშვი გახდა წლინახევრის და არცერთი სიტყვა ჯერ არ უთქვამს, გახდა 2 წლის და ორსიტყვიან კომბინაციებს საერთოდ არ ცდილობს, მნიშვნელოვანია არ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და აზრი სპეციალისტს ვკითხოთ.

 

როდესაც ვსაუბრობთ გაგების ნაწილზე, ბავშვს ესმის თუ არა ჩვენი ნათქვამი, როგორ უნდა გავმიჯნოთ ბავშვს იმ დოზით ესმის, როგორც საჭიროა თუ მხოლოდ მინიმალური რამ ესმის ჩვენი საუბრიდან?
ესმის თუ არა ბავშვს, რა ესმის და რა არ ესმის – ეს ყველაფერი სპეციალისტის დაკვირვების საგანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებს ძალიან ბევრი რამ ესმით კონტექსტიდან გამომდინარე, მაგალითად, შეიძლება ბებიამ შვილიშვილს უთხრას „ბებო, მიდი რა, მომიტანე…“ და ბავშვმაც მოუტანოს სათვალე, თუმცა ფრაზაში არსად ჩანს, რომ ბებიამ სათვალე ითხოვა. ბებია არ ამბობს კონკრეტულად თუ რა უნდა მოუტანოს ბავშვმა, მაგრამ ბავშვი კონტექსტიდან გამომდინარე ხვდება. ხანდახან, შეიძლება გვეგონოს, რომ ბავშვს ესმის ჩვენი ნათქვამი, მაგრამ რეალურად ასე არ იყოს, მაგალითად, შეიძლება ბავშვს ვუთხრათ „ჩაიცვი ფეხსაცმელი“, მანაც ჩაიცვას, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენი ნათქვამი გაიგო, არამედ იმიტომ, რომ ვდგავართ შემოსასვლელში, რადგან ამ დროს ყოველთვის სათამაშოდ გავდივართ ეზოში, ბავშვი შეიძლება კონტექსტიდან გამომდინარე მიხვდეს და ამიტომ ჩაიცვას ფეხსაცმელი. იმის გასაგებად, ნამდვილად ესმის თუ არა ბავშვს ჩვენი ნათქვამი, სპეციალური დაკვირვების ტექნიკები არსებობს. სხვათა შორის, აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის დამახასიათებელია გამეორება, მათ შეიძლება გაიმეორონ ჩვენი ნათქვამი „ჩაიცვი ფეხსაცმელი“ და ჩვენც გაგვიხარდეს, რომ ბავშვმა არა მხოლოდ გაიგო ჩვენი ნათქვამი, არამედ გაიმეორა, მაგრამ დავინახავთ, რომ ის არ ჩაიცვამს ფეხსაცმელს. რომ განვმარტოთ, ბავშვის ტიპური განვითარება შემდეგნაირი გახლავთ, ჯერ მოდის გაზიარებული ყურადღების ელემენტები, მერე მიზანმიმართულ მეტყველების გარეშე კომუნიკაციაში შემოდიან ბავშვები, მერე მოდის სხვადასხვა სიტყვების და შინაარსების გაგება და ამის მერე მოდის მეტყველება. სწორედ ამიტომ ჰქვია აუტიზმის განვითარებას ატიპიური განვითარება, შეიძლება ბავშვი ფრაზებს ამბობდეს, მაგრამ ეს არ იყოს გაგებული და გააზრებული.

 

შესაძლებელია თუ არა, რომ კონკრეტული პრობლემები, როგორიცაა განვითარების შეფერხება, ნაკლები კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის საგნების გამოყენების არ ცოდნა, რაც მის ასაკში წესით უნდა იცოდეს ბავშვმა, ენის და მეტყველების განვითარების დაგვიანება და ა.შ. გამოწვეული და განპირობებული იყოს მშობლის უყურადღებობით და მიშვებულობით?
გააჩნია მიშვებულობას, საეროდ, ჩვენს განვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს, როგორც გენეტიკა, ისევე გარემო. შეიძლება ბავშვის გენეტიკური მარაგი იმდენად ძლიერი იყოს, რომ არამხარდამჭერი გარემოს და მშობლის შემთხვევაშიც, ძალიან კარგად განვითარდეს, მაგრამ შეიძლება იყოს ბავშვი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ განვითარდეს. არასწორი იქნება, რომ მშობელმა მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალოს ის, რომ ბავშვს განვითარებაში რაღაც შეფერხება აქვს, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ თუ ბავშვს განვითარების ასპარეზი არ ეძლევა, არ ეთამაშებიან, არ აქვს ისეთი გარემო, სადაც ბავშვებთან ან დიდებთან შევა კომუნიკაციაში, დაკავდება სხვადასხვა აქტივობებით და ა.შ. ეს გამოიწვევს განვითარების ასპარეზის შევიწროებას. ამ თემაზე  საუბარი გაჯეტებით დავიწყე, რადგან როდესაც ბავშვი 3-4 საათს, ზოგჯერ მთელ დღეს, გაჯეტთან ატარებს, ეს დრო მის ენობრივ, შემოქმედებით და ზოგად განვითარებას აკლდება.

 

ქცევითი დარღვევა, რომელიც საკმაოდ ხშირია, კომპლექსურად დგას იმ პრობლემებთან, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ თუ ეს ცალკე გამოხატული პრობლემაა?
როგორ წესი, ქცევა არის რაღაცა პრობლემის გამოხატვა, ბავშვი ასეთი ქცევით ახდენს კომუნიკაციას, მიგვანიშნებს, რომ რაღაც უჭირს და როგორც წესი, ქცევითი პრობლემები დაკავშირებულია კომუნიკაციურ პრობლემებთან, თვითონ კომუნიკაციის პრობლემები რა მიზეზით არის, ეს კიდევ ცალკე თემაა. ზოგადად, ტანტრუმები დამახასიათებელია 2-3 წლის ასაკის ბავშვისთვის, რადგან ეს არის ასაკი, როდესაც ის გადის „დედის ბუდიდან“, რასაც ეძახიან „Out of nest”, როდესაც ბავშვი ცდილობს იყოს დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად გააკეთოს რაღაცები. ასეთ დროს, ცხადია, უფრო მეტად დგება ბავშვის უსაფრთხოების საკითხი და დედა-შვილი ვერ თანხმდებიან ერთმანეთთან იმაზე თუ რა შეიძლება და რა არ შეიძლება. 2-3 წელი  თვითდამკვიდრების და ტანტრუმების ასაკია, მაგრამ თუ ეს არის ჩვეულებრივზე ბევრად ინტენსიური, ხშირი, ხანგრძლივი, ეს უკვე არის „სიგნალი“, რომ ბავშვს შეიძლება რაიმე სხვა ტიპის პრობლემა ჰქონდეს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი გარემოში, სადაც ვერ აგებინებთ, არ გესმით, არ იცით თუ რას მოითხოვენ თქვენგან, არ იცით თუ როდის დამთავრება ამ გარემოში ყოფნა, ვერ ხვდებით, რას ელიან თქვენგან და ა.შ. ასეთ დროს, რაღაც ეტაპზე აუცილებლად გააკეთებთ რამე ისეთს, რაც სოციალურად მოსალოდნელი არ არის, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში არიან ბავშვები. დღეს, როდესაც გვინდა, რომ კომუნიკაციაში დავეხმაროთ ბავშვს, ინდივიდუალური გეგმები და მიზნები მხოლოდ ბავშვებისთვის აღარ იწერება, იწერება მისი კომუნიკაციური პარტნიორისთვისაც, იქნება ეს მშობელი, ძიძა თუ სხვა. კომუნიკაცია ორმხრივი აქტია და ორივე ადამიანი პასუხისმგებელია. დღეს ასევე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმ მომრავლებულ სტრესორებზე, რაც გარშემო არის. ბავშვზე მოქმედებს არეული დღის რეჟიმი, ძილის წინ დიდხანს გატარებული დრო ისეთ სათამაშოსთან, რომლისგანაც დიდი ინტენსივობით მოდის ხმა, ფერები, სისწრაფე, რაც ძალიან დიდი ინტენსივობით მიეწოდება ტვინს, ტვინს კი ამის გადასამუშავებლად სჭირდება ენერგია. როცა ბავშვი ამ ენერგიისგან იცლება,  აღარ აქვს ენერგია იმისთვის, რომ სხვა რამეში მშვიდად და აქტიურად იყოს ჩართული, ეს ყველაფერი კი იწვევს გაღიზიანებას, ქცევით სირთულეებს.

 

ძალიან ხშირია ფიზიოლოგიური ფაქტორიც, ქცევითი სირთულეები ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიით, ტკივილის გამო, როდესაც ბავშვი ვერ გვაგებინებს თუ რა აწუხებს. მნიშვნელოვანია ძალიან კარგად ვიცნობდეთ ბავშვის სენსორულ პროფილს. ზოგიერთი ბავშვი შეიძლება ისე გაღიზიანდეს ხმაურზე, რომ მთლიანად „მოერღვას“ ქცევა. მართალია, ასეთი ტიპის რეაგირება ძირითადად აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ნებისმიერ ბავშვს შეიძლება გამოუვლინდეს ამ ტიპის პრობლემები, არ არის აუცილებელი რაიმე დიაგნოზი ჰქონდეს მას. ასეთ დროს ბავშვები ვერ ახდენენ კომუნიკაციას, შეიძლება თავადაც ვერ აცნობიერებდნენ, რომ ხმა არის გამღიზიანებელი. ზედმეტმა შეხებამაც შეიძლება გააღიზიანოს ბავშვი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი ბავშვი ისეა მოწყობილი, რომ ძალიან სჭირდება ბევრი მოძრაობა და თუ ის იძულებულია, რომ ერთ ადგილას იჯდეს დიდი ხნით, მაშინ აუცილებლად იზამს რაიმე ისეთს, მაგალითად, მაგიდიდან გადმოაგდებს რაღაცას. შესაბამისად, მიზეზები, რომელთა გამოც შეიძლება ვლინდებოდეს ბავშვის ჩვენთვის არასასურველი ქცევა, ძალიან მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია და ამას დაკვირვება სჭირდება.

 

მოგვიყევით „ბავშვის ადრეული განვითარების ინსტიტუტზე“
ჩვენი ინსტიტუტი მრავალპროფილურია. ჩვენი ნაწილია „საქართველოს პორტიჯის ასოციაციაც“, რომელიც არის ბავშვთა ადრეული ჩარევის პროგრამა. ჩვენ საქართველოში ამ პროგრამით მუშაობა 2007 წელს დავიწყეთ, ვიყავით „პიონერები“, მაგრამ ახლა, თუ არ ვცდები, საქართველოს მასშტაბით 36-მდე ორგანიზაციაა, რომლებიც ადრეული ჩარევის პროგრამას ახორციელებენ, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. ახლა ძალიან გაიზარდა როგორც ადრეული გამოვლენის შემთხვევები, ისე მომართვის შემთხვევებიც. როდესაც ოჯახში თუ ბაღში შეამჩნევენ, რომ რაღაც არ მოსწონთ ბავშვის განვითარებაში, ხდება გადამისამართება ადრეული ჩარევის პროგრამაში. ადრეული ჩარევის სპეციალისტები ეხმარებიან ოჯახს, მშობელს, რომ ისინი მერე თავიანთ შვილებს დაეხმარონ ყოველმხრივ განვითარებაში. ეს ყველაფერი კი რაც შეიძლება ბუნებრივ გარემოში და ბუნებრივ კონტექსტთან ახლოს ხდება, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი, კომუნიკაცია, ენა, ყველაფერი ბუნებრივ კონტექსტში ვითარდება. არ არსებობს განვითარება კვირაში ორჯერ, 2-3 საათით ხდებოდეს და დანარჩენი დრო ისე ვიყოთ. მნიშვნელოვანია, სპეციალისტებმა საკუთარი ცოდნა გადასცენ იმ ადამიანებს, ვინც ბევრ დროს ატარებენ ბავშვებთან. მშობლებს არ უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ისინი შვილების თერაპევტები უნდა იყვნენ, ეს ამას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივ სიტუაციაში, თამაშისას, ჭამისას, სეირნობისას, იცოდნენ თუ რას მიაქციონ ყურადღება, როგორ ესაუბრონ, როგორ ეთამაშონ ბავშვებს, როგორ წაახალისონ მათი დამოუკიდებლობა, რა ასწავლონ და ა.შ. მათ ბუნებრივ გარემოში უნდა შეძლონ ბავშვების მხარდაჭერა.

 

ეს ყველაფერი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მშობლები ხშირად არასწორად იქცევიან და რეაგირებენ, თუნდაც იგივე მეტყველების ნაწილში, როდესაც ბავშვს რაღაცების გამეორებას აძალებენ. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომით მუშაობენ.
შეიძლება სადღაც ისეთი სპეციალისტიც შეგხვდეთ, რომელიც ზუსტადაც, რომ „გაიმეორე, გაიმეორე…“ მეთოდით მუშაობს, მაგრამ თანამედროვე მიდგომა აბსოლუტურად განსხვავდება. არსებობს ძალიან კარგი პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მთავარი დევიზიცაა „არ თქვა თქვი“, ანუ არ უთხრა ბავშვს, რომ რაღაც თქვას, რადგან რაღაცების მოწოდება ქმნის დაძაბულობას, კომუნიკაცია კი მაშინ არის სასურველი, როცა ეს ორმხრივად სასიამოვნოა. ჩვენი ამოცანაა, ბავშვს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ის დაინახავს თუ რა კარგია ადამიანებთან კომუნიკაცია. ადრეული განვითარების პროგრამა ძირითადად სახლში ვიზიტებზეა დაფუძნებული, თუმცა შესაძლებელია ბავშვების ცენტრში მოსვლა და სპეციალისტის ბაღში მისვლაც. „ბავშვის განვითარების ინსტიტუტში“ გვაქვს აუტიზმის პროგრამაც, რომელიც არის სხვა ტიპის და 2-დან 18-წლამდე ბავშვებს ეხმარება, ასევე გვაქვს ენა-მეტყველების სეანსები და ა.შ. რაც შეეხება ადრეული ჩარევის პროგრამას, ის ფოკუსირებულია დაბადებიდან 6 წლამდე ბავშვებზე და მათი ოჯახების გაძლიერებაზე. ყოველ კვირეულ შეხვედრებზე, როცა სხვადასხვა შემთხვევებს განვიხილავთ, ძალიან ემოციური მოსასმენია თუ როგორ საუბრობენ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ. რა თქმა უნდა, ბავშვის წარმატება ყოველთვის ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ორმაგად სასიამოვნოა, როცა ამაში წვლილი მიგიძღვის.

წყარო: https://fortuna.ge