Nuk
რძე – ჯანმრთელობის თეთრი ელექსირი

თარიღი: 19 მარტი, 2024

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი საუკუნით ადრე ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები რძეს არა მარტო სასმელად, არამედ სამკურნალოდაც იყენებდნენ. კლეოპატრას რძის აბაზანების ამბავი, დარწმუნებული ვარ, ყველას გაგიგონიათ. შუა საუკუნეების არაბ ექიმს იბნ სინას (ავიცენას) რძის ნაწარმი ხანში შესულთათვის საუკეთესო საკვებად მიაჩნდა. კავკასიის მთიელთა დღეგრძელობას მრავალი მეცნიერი სწორედ რძის ნაწარმით მდიდარ რაციონს უკავშირებდა. რძით მკურნალობდნენ ნერვულ და ფსიქიკურ დაავადებებს.

მედიცინის განვითარებასთან ერთად მრავალი შეხედულება მოძველდა და გადაიხედა. აღმოჩნდა, რომ რძესაც, ისევე როგორც ყველა სხვა საკვებს, ღირსებებთან ერთად ნაკლოვანებებიც ჰქონია. მათ უნდა ვიცნობდეთ, რათა რძისგან, ამ სრულიად განსაკუთრებული სუბსტანციისგან, მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ.

იდეალური საკვები
უამრავი კვლევა მოწმობს, რომ ჩვილისთვის დედის რძეზე სასარგებლო საკვები არ არსებობს. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მისი ზუსტი ანალოგი მეცნიერებს დღემდე ვერ შეუქმნიათ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ექსკლუზიური ძუძუთი კვება სიცოცხლის პირველ 6 თვეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პედიატრიის ამერიკული აკადემიის რეკომენდაციის თანახმად კი ძუძუთი კვების გაგრძელება სასურველია, სულ მცირე, 12 თვე. ექსკლუზიური ძუძუთი კვება ნიშნავს ჩვილის კვებას მხოლოდ დედის რძით, ინდივიდუალური რეჟიმით, მოთხოვნილებისამებრ, დღე-ღამეში 8-12-ჯერ, სხვა საკვებისა და სასმლის (მათ შორის – წყლის) დამატების გარეშე. ქალის რძე საუკეთესო, განუმეორებელი, სტერილური და ცოცხალი ბიოლოგიური საკვებია, რომლის შემადგენლობა ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით იცვლება. ის ადვილი მოსანელებელია და ოპტიმალური თანაფარდობით შეიცავს მაღალი ხარისხის ნუტრიენტებს. ჩვილ ასაკში ძუძუთი კვება ჯანსაღი ფიზიკური და გონებრივი განვითარების საფუძველია. ქალის რძე ეხმარება ბავშვის ორგანიზმს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და მნიშვნელოვნად ამცირებს მრავალი დაავადების განვითარების რისკს. 

ცვალებადი შემადგენლობა
დედის რძე ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და ნახშირწყლების უნიკალური კომბინაციით გამოირჩევა. მისი კიდევ ერთი დიდი ღირსებაა ანტისხეულების, ცოცხალი უჯრედების, ენზიმებისა და ჰორმონების შემცველობა. დედის იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები (რომლებიც ხელოვნურ ნარევში არ არის) ჩვილს არაერთი დაავადებისგან იცავს.

რძე ორი ტიპის ცილას შეიცავს: რძის შრატსა და კაზეინს. მათი თანაფარდობა სხვადასხვა ფაზაში (ხსენი, წინა რძე, უკანა რძე) სხვადასხვაა. ცილების ასეთი ბალანსი დედის რძის ადვილ და სწრაფ მონელებას განაპირობებს. ხელოვნურ ნარევში კაზეინის შემცველობა მეტია, ამიტომ ის შედარებით ძნელი მოსანელებელია. დედის რძეში არსებული ცილების ნახევარზე მეტი რძის შრატია, თუმცა მის შემადგენლობაში კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტი შედის:

• ლაქტოფერინი ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კოლიფორმული ბაქტერიებისა და საფუარი სოკოების ზრდა-გამრავლებას. ეს ცილა თავისუფალი რკინის სეკვესტრაციას ახდენს, რითაც ბაქტერიებს ზრდა-გამრავლებისთვის საჭირო აუცილებელი სუბსტრატის გარეშე ტოვებს. ხსენი (ადრეული რძე, რომელიც სარძევე ჯირკვლებში ბავშვის დაბადების შემდეგ ან ორსულობის მიწურულს წარმოიქმნება) 7-ჯერ მეტ ლაქტოფერინს შეიცავს, ვიდრე მწიფე რძე.

• ლიზოციმი ცილაა, რომელიც ჩვილს ნაწლავის ჩხირისა და სალმონელასგან იცავს და, ამრიგად, ჯანსაღი ნაწლავური ფლორის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ბაქტერიოციდული პროტეინი ქალის რძეში ბევრია, განსხვავებით ძროხის რძისგან, რომელშიც მისი შემცველობა მინიმალურია.

• სეკრეტორული იმუნოგლობულინი A (IgA) დედის რძის შემადგენლობაში შემავალი მთავარი ანტისხეულია, რომელიც ჩვილის სასუნთქ სისტემას და ნაწლავებს მიკრობებისგან იცავს. ახალშობილი IგA-ს დაბალი დონით იბადება, უმწიფარი იმუნური სისტემა მცირე რაოდენობით წარმოქმნის დამცავ მოკლეკულას და ჩვილს პათოგენებთან გამკლავებაში უმეტესად დედის რძით მიღებული სეკრეტორული იმუნოგლობულინი ეხმარება.

• ქალის რძეს შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვილის მსხვილ ნაწლავში ბიფიდობაქტერიების გამრავლებას და მათი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას. ეს ბაქტერიები კი ნაწლავის ინფექციების მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობას უზრუნველყოფენ. დღემდე ჩვილ ბავშვთა საკვებ ფორმულებში ბიფიდოგენური ფაქტორის დამატების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

• დედის რძეში შემავალ ცხიმებს ბავშვის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს ცხიმები მხოლოდ ენერგიის მთავარ წყაროს კი არ წარმოადგენს, არამედ ცხიმში ხსნადი ვიტამინების ასათვისებლადაც აუცილებელია. გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები საჭიროა ბადურასა და ნერვული სისტემის სრულფასოვანი განვითარებისთვის.

გახსოვდეთ, ქალის რძის ფერი მის ცხიმიანობაზე არ არის დამოკიდებული და არც მის კვებით ღირებულებას განსაზღვრავს!

• ლაქტოზა რძის მთავარი ნახშირწყალია. მის წილად მოდის რძის ენერგეტიკული ღირებულების 40-მდე პროცენტი. ადამიანის რძე შეიცავს 100 მლ-ზე დაახლოებით 7,5 გ ლაქტოზას, ძროხისა და სხვა ძუძუმწოვრების რძისთვის კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5 გ-ია. დროულ ახალშობილს დღეში 60-70 გ ლაქტოზის (1 ლ დედის რძე) მონელება შეუძლია.

მიჩნეულია, რომ დედის რძეში შემავალი ლაქტოზა კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს, თუმცა თავად ნახშირწყალს ჩვილები სრულფასოვნად ვერ ითვისებენ (ლაქტოზის ფიზიოლოგიური მალაბსორბცია). აუთვისებელი შაქარი მოქმედებს როგორც პრებიოტიკი ანუ იწვევს ლაქტობაქტერიებისა და მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსისა და იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას.

• ერთადერთი ვიტამინი, რომელიც შეიძლება ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდებოდეს, D ვიტამინია. მხოლოდ დედის რძით კვებისას ბავშვი ვერ იღებს მის ადეკვატურ დოზას და დანამატის სახით მიღება სჭირდება, ამიტომ, თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ყველა ბავშვს ერთი თვიდან აღნიშნული ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა ენიშნება. რაც შეეხება ხელოვნურ ნარევს, თუ ბავშვი დღე-ღამის განმავლობაში 500 მლ ფორმულას იღებს, დამატებით ვიტამინის მიღება აღარ სჭირდება, რადგან D ვიტამინი ყველა ნარევს წარმოების პროცესშივე ემატება.

ცხოველური წარმოშობის რძე
ერთ წლამდე ბავშვის მენიუში ძროხის რძის ჩართვა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მასში ცილა დედის რძესთან შედარებით 3-ჯერ, ხოლო ხელოვნურ ნარევთან შედარებით 2-ჯერ მეტია. 3-ჯერ მეტს შეიცავს კალციუმს, ფოსფორსა და სხვა მინერალურ ნივთიერებებსაც, ზედმეტი ცილა და მინერალური ნივთიერებები კი ჩვილის ორგანიზმისთვის საზიანოა.

ძროხის რძის კიდევ ერთი ნაკლი რკინის დაბალი შემცველობაა, რამაც შეიძლება რკინადეფიციტური ანემიის განვითარებამდეც კი მიგვიყვანოს.

თხის რძე კვებითი ღირებულებით ძროხისას წააგავს, თუმცა შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა და ადვილად ასათვისებელი ცხიმი მასში უფრო მეტია. თხის რძესაც აქვს ნაკლი – ერითროციტების წარმოქმნისთვის რკინაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფოლიუმის მჟავას დაბალი შემცველობა, რის გამოც ამ რძით ნაკვებ ჩვილებს ფოლიუმდეფიციტური ანემია უვითარდებათ.

ამრიგად, ბავშვის რაციონში ძროხისა და თხის რძე შეგიძლიათ ერთი წლიდან ჩართოთ. მაწვნის მიცემა კი 9 თვიდან არის ნებადართული – მაწონი რძემჟავა პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში შემავალი რძის ცილა მაღალი ათვისებადობით გამოირჩევა, ხოლო ლაქტოზის შემცველობა დაბალია.

ცხოველური წარმოშობის რძეს მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. ის წარმოადგენს კალციუმისა და B2 ვიტამინის, ცილებისა და ადვილად ასათვისებელი ცხიმების წყაროს, რომელთა საკმარისი ოდენობით მიღება ძვალკუნთოვანი სისტემის ჯანსაღი ფორმირების, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, ერთიდან ორ წლამდე ბავშვებს მხოლოდ მოუხდელი რძე უნდა მივცეთ, რათა საჭირო ვიტამინები და ენერგია მიიღონ. მოხდილი, უცხიმო რძის მიცემა მხოლოდ ორი წლიდან შეიძლება, ისიც მაშინ, თუ ბავშვის რაციონი დაბალანსებული და მრავალფეროვანია. ორ წლამდე ასაკის პატარებისთვის რძის დღიური ნორმა დაახლოებით 700 მლ-ია.

ფრთხილად, საშიშია!
ცხოველური წარმოშობის რძეზე საუბრისას აუცილებლად უნდა განვმარტოთ რამდენიმე ტერმინი, მით უმეტეს, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 65% ლაქტოზის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის, ბავშვების 1-2%-ს კი აღენიშნება რძის ალერგია, რომელიც ზოგჯერ ასაკთან ერთად თავისთავად გაივლის.

რძის ალერგია ორგანიზმის იმუნური პასუხია რძის ცილებზე (კაზეინი და შრატი) და, ჩვეულებრივ, ადრეულ ასაკში, რძის სმის დაწყებისთანავე იჩენს თავს. რძის ნაწარმის მიღების შემდეგ განვითარებული ჩივილები უმთავრესად დაკავშირებულია რძის ნახშირწყლოვანი კომპონენტის (ლაქტოზის) ათვისების ნაწილობრივ ან სრულ შეუძლებლობასთან და ლაქტოზის აუტანლობა ეწოდება. მის გამოსავლენად მეტი დროა საჭირო და არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც აქტუალური პრობლემაა.

რძის ალერგია გაცილებით ყურადსაღებია, ვიდრე ლაქტოზის აუტანლობა, რადგან ამ უკანასკნელის სიმპტომები კუჭ-ნაწლავით შემოიფარგლება. რაც შეეხება ალერგიას, ორგანიზმის პასუხი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშიც აღმოჩნდეს. სწრაფი დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია ვლინდება რძის პროდუქტის მიღებიდან არა უმეტეს ორი საათის შემდეგ და მისი მთავარი სიმპტომია ჭინჭრის ნასუსხისმაგვარი გამონაყარი. რძის თერმული დამუშავება ამცირებს შრატის ცილების, განსაკუთრებით კი ბეტა-ლაქტალბუმინის ალერგენულობას. საინტერესოა ისიც, რომ რძის მიმართ ალერგიულები არცთუ იშვიათად კარგად იტანენ რძემჟავა პროდუქტებს, მაგალითად, მაწონს. სპეციალისტების აზრით, ძროხის რძეზე ალერგიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია თხის რძე, რადგან, კვლევების თანახმად, ძროხის რძის ალერგიის მქონე პირთა დაახლოებით 40% ყოველგვარი სირთულის გარეშე ითვისებს თხის რძეს. მისი ზოგიერთი ფიზიკურ-ქიმიური თვისება, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ცხიმის მცირე ზომის მოლეკულები ან მოკლე და საშუალოჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების მაღალი კონცენტრაცია, თხის რძეს ადვილად მოსანელებელ პროდუქტად აქცევს.

როგორ მოვიქცეთ
ადრეული ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში საჭიროა რძის წილის შემცირება ან მისი სრულიად ამოღება კვების რაციონიდან. რძემჟავა პროდუქტების (ყველის, ხაჭოს, მაწვნის, ბიფიდობაქტერიების შემცველი იოგურტის), მცენარეული (მაგალითად, ქოქოსის) რძის მიღება ნებადართულია – მათ მიმართ ტოლერანტობა უფრო ადვილად ვითარდება, ოღონდ ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს მკურნალობის სქემაში D ვიტამინისა და კალციუმის პრეპარატების ჩართვა. თუ ბავშვი ძუძუს წოვს, დედის რძის შეზღუდვა არ არის სასურველი. ამ დროს უმჯობესია გამოვიყენოთ ლაქტაზა, რომელიც რძეში იხსნება და ყოველი კვების დროს ეძლევა ჩვილს. ორგანიზმში მოხვედრილი ფერმენტი შლის ლაქტოზას და ჩივილებიც ქრება. როცა ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი არ არის, დაისმის ლაქტოზის დაბალი შემცველობის ხელოვნურ ნარევებზე გადაყვანის საკითხი.

რძის ალერგიის მკურნალობის ერთადერთი მეთოდია სწორი კვების შერჩევა კლინიკური სიმპტომების მიხედვით. რაციონი ამ შემთხვევაში ძირითადად ღრმად ჰიდროლიზებული ან ამინმჟავებზე დაფუძნებული ნარევებისგან შედგება. რძესთან შემთხვევითი კონტაქტისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ მშობელს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს ადრენალინის ავტოინექტორი, სტეროიდი და ანტიჰისტამინური პრეპარატები.

მცენარეული რძე
ბოლო ხანს პოპულარული გახდა ცხოველური რძის ჩანაცვლება მცენარეული ალტერნატივით (ქოქოსის, ნუშის, სოიის, ბრინჯის, კაკლის, შვრიის), რომელიც გაცილებით ძვირი ღირს და არც ეკომეგობრულობით გამოირჩევა. ამ პროდუქტის მომხმარებელთა უმეტესობა ვეგეტარიანელია ან მცენარეულ რძეს გარემოს დაცვის მიზნით ირჩევს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ძროხის რძის ალტერნატივა ნებისმიერ შემთხვევაში დაბალი კვებითი ღირებულებისაა, რადგან ნაკლებ ცილას და კალორიას შეიცავს. ასეთი პროდუქტების უმეტესობას ხელოვნურად აქვს დამატებული D ვიტამინი და კალციუმი. გარდა ამისა, ძროხის რძის შემცვლელები ძირითადად არომატიზებული სახით გვხვდება დახლზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი შაქრისა და კალორიების წყაროა. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ტკბილი სასმელების მიღება, მოზარდ ასაკში კი მსგავსი პროდუქტების გამოყენება მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"