Nuk
ალერგიული რინიტი და მისი მთავარი სახელმძღვანელოს ARIA გაიდლაინის ბოლო ცვლილებების შესახებ

თარიღი: 07 ივლისი, 2026

ალერგიული რინიტი (AR) გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე, სამუშაო და სკოლის პროდუქტიულობაზე, ასევე სოციალურ აქტივობებზე. დაავადება არ არის გადამდები, თუმცა გენეტიკურად განპირობებული კი შეიძლება იყოს. ალერგიული რინიტი მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10%-დან 30%-მდე ადამიანს აწუხებს.

 

ძირითადი სიმპტომები:
ცემინება: ხშირი და შეტევითი ხასიათის
სურდო: ცხვირიდან გამჭვირვალე, თხელი ლორწოვანი გამონადენი
გაჭედილობა: ცხვირის ღრუს ლორწოვანის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება
ქავილი: თვალების, ცხვირის, სასისა და ყელის არეში
თვალების გაღიზიანება: ცრემლდენა, თვალების ჩაწითლება და შეშუპება
მუქი წრეები თვალების ქვეშ: გამოწვეული ვენური სისხლის შეგუბებით
ქრონიკული დაღლილობა: უხარისხო და დარღვეული ძილის გამო

 

ალერგიული რინიტის ტიპები და გამომწვევი მიზეზები
დაავადება სიმპტომების გამოვლენის პერიოდულობის მიხედვით ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:
სეზონური (ინტერმიტული): სიმპტომები ვლინდება მხოლოდ წელიწადის გარკვეულ დროს (მაგალითად, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე). მისი მთავარი გამომწვევია ხეების, ბალახებისა და სარეველების ყვავილის მტვერი, რომელსაც ქარი ავრცელებს.
მთლიანი წლის (პერენიალური): სიმპტომები პაციენტს მთელი წლის განმავლობაში აწუხებს. მას იწვევს შენობაში არსებული მუდმივი ალერგენები, როგორებიცაა ოთახის მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველები, ობის სოკოები ან ტარაკნების ნარჩენები.

 

მკურნალობა და მართვა
ალერგიული რინიტის სრულად განკურნება რთულია, თუმცა სიმპტომების კონტროლი და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სრულიად შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

 

ალერგენებთან კონტაქტის შემცირება:
ყვავილობის სეზონზე ფანჯრების დახურვა
სახლში ჰაერის გამწმენდი (HEPA) ფილტრების გამოყენება
თეთრეულის ხშირი რეცხვა ცხელი წყლით (მტვრის ტკიპების საწინააღმდეგოდ)
ცხვირის ღრუს რეგულარული გამორეცხვა ფიზიოლოგიური (მარილიანი) ხსნარით.

 

მედიკამენტური თერაპია:
ანტიჰისტამინური პრეპარატები: ტაბლეტების ან ცხვირის სპრეის სახით, რომლებიც ბლოკავენ ჰისტამინის მოქმედებას და აქრობენ ქავილსა და ცემინებას
ცხვირის სტეროიდული სპრეები: ითვლება ყველაზე ეფექტურ პირველი რიგის საშუალებად ადგილობრივი ანთებისა და გაჭედილობის შესამცირებლად
დეკონგესტანტები (სისხლძარღვთა შემავიწროებელი სპრეები): გამოიყენება მხოლოდ მოკლევადიანად (მაქსიმუმ 3 -5 დღე) ცხვირის მკვეთრი გაჭედილობისას, რათა თავიდან იქნას აცილებული დამოკიდებულება.

 

იმუნოთერაპია (ალერგენსპეციფიკური მკურნალობა):
ყველზე გონივრული უკვე გამოვლენილი სიმპტომების მკურნალობა კი არა, მათი პრევენციაა, რაც ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის საშუალებით მიიღწევა.  "ალერგიის აცრები" ან ენისქვეშა წვეთები/ტაბლეტები  ორგანიზმს თანდათანობით აჩვევენ ალერგენს და ამცირებენ მასზე მგრძნობელობას.

 

ARIA (ალერგიული რინიტი და მისი გავლენა ასთმაზე) ალერგიული რინიტის მთავარ გაიდლაიანად ითვლება. განახლებული ვერსია 2024-2025 წელს გამოქვეყნდა ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის (EAACI) მხარდაჭერით. ალერგიული რინიტისა და მისი ასთმაზე ზემოქმედების (ARIA) სახელმძღვანელო პირველი გამოცემა 1999 წელს გამოიცა, შემდგომი გადახედვებით 2008, 2010, 2016 და 2019 წლებში, რაც ასახავდა ახალი თერაპიული ვარიანტების შემუშავებას და/ან მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას. მტკიცებულებების სფეროში შემდგომმა წინსვლამ განაპირობა ARIA-ს მითითებების 2024–2025 წლების გადახედვის შემუშავება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ARIA 2024–2025 სახელმძღვანელო პრინციპები ჩამოყალიბებულია, როგორც პიროვნებაზე ორიენტირებული, ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ხელოვნური ინტელექტის (AI) მხარდაჭერით, GRADE მიდგომის გამოყენებით. სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი ეხება AR-ის ინტრანაზალურ მკურნალობას, კერძოდ კორტიკოსტეროიდებს (INCS), ინტრანაზალურ H1-ანტიჰისტამინურებს (INAH) და INAH+INCS-ის ფიქსირებულ კომბინაციებს. ნაშრომის პირველ ნაწილში განხილული მიდგომები ეხმარება პაციენტებს, მათ მომვლელებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს ინტრანაზალური მკურნალობის არჩევაში.*
სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი ეხება ალერგიული რინიტის (AR) სამკურნალოდ პერორალური და თვალის მედიკამენტების ხშირ გამოიყენებას. ეს სტატია ეხმარება პაციენტებს, მათ მომვლელებს და ჯანდაცვის სპეციალისტებს ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ ორალური და თვალის მკურნალობის მეთოდების შერჩევაში.*
მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იქნას გათვალისწინებული დაავადების კლინიკური ცვალებადობა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.