Nuk
როგორ მივიტანოთ ეჭვი ფილტვის ანთებაზე

თარიღი: 06 იანვარი, 2020

ქვეყანაში სეზონური გრიპის აფეთქებაა, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გართულება პნევმონიაა.

პნევმონია ანუ ფილტვის ქსოვილის ანთება სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა ბავშვთა ასაკში, ძირითადად გვხვდება, როგორც ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების გართულება.
წარმოშობის მიხედვით ორი ტიპის პნევმონიას ვარჩევთ - საზოგადოებაში შეძენილს და საავადმყოფოსშიდა ინფექციას. ეს უკანასკნელი ვითარდება ჰოსპიტალიზაციის დროს კლინიკაში არსებული რომელიმე მიკრობის ზეგავლენით.
პნევმონიას, როგორც ზოგადად, სასუნთქი გზების ინფექციებს, ახასიათებს ხველა, ცხელება, თუმცა მხოლოდ ამ ნიშნებით მასზე ეჭვის მიტანა ძნელია.
დაავადების დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა, ექიმის საქმეა, მაგრამ ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ყველა დედამ უნდა იცოდეს.
ამისათვის დათვალეთ სუნთქვის სიხშირე

როგორ დავთვალოთ სუნთქვა?
სუნთქვის აქტი ორი ფაზისაგან შესდგება - შესუნთქვა და ამოსუნთქვა. ამ ორი ფაზის დათვლით ვიღებთ 1 სუნთქვით აქტს.
უკვე გიამბეთ, რომ, ადრეული ასაკის ბავშვები ხშირად სუნთქავენ. პნევმონიის დროს სუნთქვის სიხშირე კი განსაკუთრებით მატულობს.
სუნთქვა აუცილებლად მშვიდ მდგომარეობაში უნდა დათვალოთ, რადგან მოძრაობისას ის ხშირდება.
აუცილებლად დათვალეთ 1 წუთის მანძილზე სრულად, რადგან ბავშვებში სუნთქვა არიტმულია.
გადაუდებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენი პატარას სუნთქვის სიხშირე 1 წუთის მანძილზე არის:
2 თვემდე - 60 და მეტი
2 თვიდან 1 წლამდე - 50 და მეტი
1 დან -2 წლამდე - 40 და მეტი
2 -დან 5 წლამდე 30 და მეტი

სუნქვის გახშირება ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების, მათ შორის პნევმონიის, ასევე ბრონქოსპაზმის მთავარი ნიშანია და ამიტომ დახმარებისათვის ექიმს დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე.