Nutricia
გლომერულონეფრიტი: ბავშვის თირკმელი განსაცდელშია

თარიღი: 09 თებერვალი, 2021

ადამიანის ცხოველმყოფელობა ორგანოთა შეთანხმებული მუშაობის შედეგია. ამ ჰარმონიის მნიშვნელოვანი ნაწილია თირკმელი. დაშლის პროდუქტებით მდიდარი სისხლი ფილტრაციას სწორედ თირკმელში განიცდის, მავნე ნივთიერებებისგან იწმინდება და ასე მიეწოდება ქსოვილებს.

თირკმლის ფუნქციური ერთეულია ნეფრონი – კაპილარული გორგლისა და თირკმლის მილაკებისგან წაროქმნილი სტრუქტურა, რომელიც ბოუმენის კაფსულაშია მოთავსებული. თირკმლის ფუნქციური თუ ორგანული დაზიანება ყველა ასაკში საშიშია.

ბავშვობის ასაკში განვითარებულ გლომერულონეფრიტზე – თირკმლის სტრუქტურების ანთებით დაავადებაზე – ექიმი ნეფროლოგი, მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ურონეფროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თინათინ დავითაია გვესაუბრა.

რა არის გლომერულონეფრიტი
ტერმინი “გლომერულონეფრიტი” მოიცავს თირკმლის გორგლებისა და მისი სხვა სტრუქტურების ანთებითი ხასიათის დარღვევათა ფართო სპექტრს. ამ დარღვევებს სხვადასხვა წარმომავლობა, მიმდინარეობა, კლინიკური გამოვლინება და პროგნოზი აქვს.

პირობითად, განასხვავებენ გლომერულონეფრიტის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველადი გლომერულონეფრიტის დროს დაზიანება თირკმლით შემოიფარგლება, მეორეულის შემთხვევაში კი თირკმლის დაზიანება ამა თუ იმ სისტემური დაავადების (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურას) გამოხატულებაა.

გლომერულონეფრიტების კლასიფიცირება, გარდა წარმომავლობისა, ხდება კლინიკური გამოვლენისა და ჰისტომორფოლოგიური მახასიათებლების მიხედვითაც (ამ მონაცემებს თირკმლის ბიოფსიით მიღებული მასალის ქსოვილოვან დონეზე შესწავლა გვაწვდის). ბავშვებთან ხშირია პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი (როდესაც გლომერულების ენდოთელიური და მეზანგიური უჯრედები მრავლდება). ცნობილია მისი რამდენიმე კლინიკური ფორმა:

1. მწვავე გლომერულონეფრიტი – ვლინდება ჰემატურიით (შარდში ერითროციტების გაჩენით), პროტეინურიით (შარდში ცილების გაჩენით), გლომერულური ფილტრაციის შენელებით, შეშუპებითა და არტერიული წნევის მატებით. მკითხველისთვის ადვილი გასაგები რომ იყოს, აქვე ავხსენოთ: ნორმალურ შარდში ჩვეულებრივმა კვლევებმა ცილა, გლუკოზა და ერითროციტები არ უნდა გამოავლინოს. მათი არსებობა, რაოდენობა და ხასიათი თირკმლის როგორც მფილტრავი ორგანოს დაზიანებაზე მიგვანიშნებს. ბავშვებთან მწვავე გლომერულონეფრიტის ყველაზე ხშირი ფორმაა მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი, რომლის განვითარებას ხშირად წინ უძღვის A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ანგინა (2-3 კვირით ადრე), თუმცა შესაძლოა, მწვავე გლომერულონეფრიტი სხვა ინფექციური დაავადების შემდეგაც განვითარდეს. მწვავე გლომერულონეფრიტის ვარიანტებია IgA ნეფროპათია, ქვემწვავე ბაქტერიულ ენდოკარდიტთან ასოცირებული ნეფრიტები და სხვა.

2. სწრაფად პროგრესირებადი გლომერულონეფრიტი – კლინიკური სინდრომია, რომელიც ვლინდება მწვავე გლომერულონეფრიტის კლინიკური ნიშნებით, მაგრამ, მისგან განსხვავებით, სულ რამდენიმე თვეში, კვირაში ან დღეში პროგრესულად აუარესებს თირკმლის ფუნქციას. სწრაფად პროგრესირებადი გლომერულონეფრიტის დამახასიათებელია ექსტრაკაპილარული ნახევარმთვარეები (კაფსულის სივრცეში, რომელშიც ნეფრონი მდებარეობს, უჯრედები პროგრესულად მრავლდება და მიკროსკოპში ნახევარმთვარეებივით ჩანს). დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს თირკმლის შეუქცევადი დაზიანების რისკს.

3. მორეციდივე მაკროსკოპული ჰემატურია – ბავშვებთან ამ დარღვევას ხშირად იწვევს IgA ნეფროპათია, იგივე ბერჟეს დაავადება, რომელიც უმეტესად ზედა სასუნთქი გზების ინფექციიდან 1-2 დღის შემდეგ ვლინდება.

4. ქრონიკული გლომერულონეფრიტი – მისი კლინიკური ნიშნებია მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის ფუნქციის მოშლა, პროტეინურია ჰემატურიით ან მის გარეშე. თირკმლის ქსოვილოვანი მასალის შესწავლა ავლენს სხვადასხვა ხარისხის ფიბროზს, სკლეროზსა და მილაკოვან ატროფიას. მკითხველისთვის უცხო ყველა ეს ტერმინი მოიაზრებს თირკმლის ქრონიკული დაავადების შედეგად განვითარებულ ქსოვილოვან ცვლილებებს, რომლებიც ხელს უშლის ორგანოს ნორმალურ ფუნქციობას.

გლომერულონეფრიტის წარმომავლობა და მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. არსებული მონაცემები მოწმობს, რომ შემთხვევათა უმრავლესობა სხვადასხვა გამომწვევზე, მათ შორის – ინფექციურ აგენტზე, აუტოიმუნური პასუხია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორგანიზმი იმდენად ერთვება უცხო სხეულთან ბრძოლაში, რომ უცხოსა და შინაურს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს და მტერთან ერთად საკუთარ უჯრედებსაც აზიანებს. იმუნური პასუხი ხელს უწყობს ბიოლოგიური პროცესების გააქტიურებას, რაც გლომერულების ანთებას ედება საფუძვლად.

რამდენად ხშირია გლომერულონეფრიტი ბავშვებთან და რა თავისებურებები ახასიათებს?
მცირე ასაკში გლომერულონეფრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმა მწვავე ინფექციის შემდგომ განვითარებული გლომერულონეფრიტია, უმეტესად – პოსტსტრეპტოკოკური, ანგინის შემდგომი. საბედნიეროდ, უკანასკნელ ხანს მისმა გავრცელებამ საგრძნობლად იკლო. დაავადებას სეზონურობა ახასიათებს, თუმცა იზოლირებული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. ზოგიერთ რეგიონში ეპიდემია ციკლურ ხასიათს ატარებს – ყოველ 5-7 წელიწადში ერთხელ იფეთქებს ხოლმე. შედარებით იშვიათია გლომერულონეფრიტის ისეთი ფორმები, როგორიცაა IgA ნეფროპათია – ბერგერის დაავადება, როდესაც თირკმლის დაზიანება იმუნური სისტემის  აქტივობითაა განპირობებული, სისტემური წითელი მგლურას თანმხლები ნეფრიტი და სხვა.

რაც შეეხება ასაკობრივ თავისებურებებს, მწვავე ინფექციის შემდგომ განვითარებული გლომერულონეფრიტი უმეტესად ორ წელს გადაცილებულ ბავშვებთან გვხვდება. IgA ნეფროპათია იშვიათია მოზარდებთან. მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი უმეტესად რვა წელზე უფროსი ასაკის ბავშვებთან აღირიცხება, ხოლო სისტემური წითელი მგლურას ფონზე განვითარებული ნეფრიტი ხშირია სქესობრივი მომწიფების წინარე და უშუალოდ სქესობრივი მომწიფების ასაკში მყოფ გოგონებთან.

როგორ ვლინდება
გლომერულონეფრიტი ბავშვებთან სხვადასხვა კლინიკური სცენარით ვითარდება. ზოგ შემთხვევაში ერთი და იგივე დაავადება (მაგალითად, IgA ნეფროპათია) ვლინდება სხვადასხვა ფორმით. სწორედ გამოვლენის მრავალფეროვნება განაპირობებს დაავადების სირთულეს, ამიტომ გლომერულონეფრიტების კლინიკურ სურათს განსაზღვრავს რამდენიმე ძირითადი სიმპტომისა (დაავადებისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნის) და სინდრომის (რამდენიმე სიმპტომის ერთობლიობის) თანხვედრა და მათი გამოვლენის ხარისხი.

გლომერულონეფრიტის ზოგიერთი ფორმის დროს შარდის სინდრომი ერთადერთი გამოხატულებაა და უმეტესად შემთხვევით, ამბულატორიული კვლევის დროს ვლინდება. განსხვავებენ ჰემატურიული (სისხლი შარდში), პროტეინურიულ (ცილა შარდში) და შერეული ტიპის შარდის სინდრომებს. უკანასკნელ შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევა შარდში გამოავლენს როგორც ცილას, ისე სისხლის წითელ უჯრედებს.

ჰემატურიის გამოვლენის დროს ყურადსაღებია თანმხლები სიმპტომები: სახისა და სხეულის შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა და ოლიგურია ანუ გამოყოფილი შარდის ოდენობის შემცირება. ამ სიმპტომთა ერთობლიობა მწვავე ნეფრიტულ სინდრომზე მიუთითებს. ჰემატურია აშკარაც შეიძლება იყოს (მაკროჰემატურია) და შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველიც (მიკროჰემატურია). ამ უკანასკნელის დროს შარდში სისხლის უჯრედების აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიულადაა შესაძლებელი.

გლომერულონეფრიტების უმრავლესობისთვის (მაგალითად, IgA ნეფროპათიისთვის) დამახასიათებელია მაკროჰემატურია, რომელიც ბავშვებთან ზედა სასუნთქი გზების ინფექციიდან ერთი-ორი დღის შემდეგ იწყება და ხუთ დღეში უკუვითარდებ. მწვავე გლომერულონეფრიტი, რომელიც ვითარდება სტრეპტოკოკული ფარინგიტის ან კანის ინფექციის (იმპეტიგო) გადატანიდან 7-12 დღის შემდეგ, მიმდინარეობს ჰემატურიით, შეშუპებით, რომელიც მალევე გაივლის, მაღალი არტერიული წნევითა და ოლიგურიით.

როდის მივმართოთ ექიმს
მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თუ პაციენტი დროულად მოხვდება ექიმთან, კეთილსაიმედო გამოსავლის ალბათობა გაცილებით დიდია, ამიტომ ყველას ვურჩევ, თირკმლის გლომერულური დაავადებისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას, ჰემატურია იქნება ეს, პროტეინურია, არტერიული წნევის მატება, შეშუპება, ოლიგურია, თუ შარდის გამოყოფის შემცირება ან სრული შეწყვეტა, პირველივე დღეს მიმართონ სპეციალისტს, რათა დროულად დაინიშნოს მკურნალობა და თავიდან ავიცილოთ ყველა ის გართულება, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენი შვილების ჯანმრთელობას.

რით რთულდება
რით შეიძლება გართულდეს გლომერულონეფრიტი?
გართულებები უმთავრესად მის თანმხლებ სიმპტომებს უკავშირდება. მაგალითად, არტერიულ ჰიპერტენზიას. ასეთებია გულყრა, ინსულტი, თავის ტვინის სტრუქტურის, გულის, თირკმლის, თვალის დაზიანება.

გარდა მაღალი წნევისა, გლომერულონეფრიტს თან ახლავს თირკმლის უკმარისობაც, რომელთან ასოცირებული პირველადი გართულებებია ორგანიზმის სითხით გადატვირთვა, ელექტროლიტური დისბალანსი, ანემია, ძვლების პათოლოგიური მინერალიზაცია, ზრდის შეფერხება, ენდოკრინული დარღვევები.

გლომერულონეფრიტის ზოგიერთი ფორმის პროგრესირებას მივყავართ თირკმლის ქრონიკულ უკმარისობამდე, რომელიც ბავშვის ორგანიზმს არასასურველ შედეგებს უქადის.

როგორ სვამენ დიაგნოზს
გლომერულონეფრიტის კლინიკური დიაგნოზი ემყარება კლინიკური სიმპტომებისა და პაციენტის გასინჯვის შედეგებს, ოჯახურ ანამნეზს, სიმპტომებს, რომლებიც თირკმლისა თუ სხვა ორგანოების დაზიანებისთვის არის დამახასიათებელი, ლაბორატორიული (სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური და სეროლოგიური კვლევები) და ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს. დიაგნოზის საბოლოო დადასტურება კი ხდება თირკმლის ბიოფსიის შედეგად აღებული ქსოვილის ჰისტოლოგიური შესწავლის საფუძველზე .

როგორ მკურნალობენ
გლომერულონეფრიტის მკურნალობის მთავარი კომპონენტია ორგანიზმზე პირველადი გამომწვევის დამაზიანებელი ზემოქმედების აღმოფხვრა და დაავადების სიმპტომური მართვა. თირკმლის პათოლოგიების დროს სიმპტომური მართვა მაღალი არტერიული წნევის რეგულირებას, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენას, თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის კორექციას გულისხმობს.

გლომერულონეფრიტის სხვადასხვა კლინიკური ფორმა, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირ მკურნალობას მოითხოვს. მაგალითად, ინფექციის შემდგომი მწვავე გლომერულონეფრიტი უმეტესად თავისთავად გაივლის, მხოლოდ პროცესის ფხიზელი მეთვალყურეობა და სიმპტომური მართვაა საჭირო. გლომერულონეფრიტის ისეთი ფორმების მკურნალობა, რომლებიც სისტემური დაავადებით, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურათია გამოწვეული, ეფუძნება იმუნოსუპრესიული (იმუნური აქტივობის დამაქვეითებელი)  პრეპარატების ფართო სპექტრის – სტეროიდებისა და ინტრავენური ციკლოფოსფამიდის ან მიკოფენოლატ მოფეტილის – გამოყენებას.

რას ველოდეთ
გლომერულონეფრიტის განვითარების წინაპირობაა თირკმლის ქსოვილში ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსების ჩალაგება, რაც იწვევს იმუნურ ანთებით პროცესს, თირკმლის უჯრედების სხვადასხვა ხარისხის პროლიფერაციას და თირკმლის ჯანსაღი ქსოვილის დაზიანებას. გამოსავალი კი დაავადების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, თუმცა იმედისმომცემია ბოლოდროინდელი მონაცემები, რომლებიც მოწმობს, რომ დღეს გლომერულონეფრიტის თითქმის ყველა ფორმისთვის პროგნოზი დადებითია.

თუ ანთებითი პროცესი დროებითია, როგორც, მაგალითად, მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის დროს, პაციენტი გამოჯანმრთელდება, ანთებითი პროცესის უწყვეტი ან პროგრესული მიმდინარეობის დროს კი ხდება ნეფრონების (თირკმლის ფუნქციური ერთეულების) პროგრესული კარგვა და თირკმლის ფუნქცია გამოუსწორებლად ირღვევა.

პოსტინფექციური გლომერულონეფრიტი ბავშვის სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. თანამედროვე იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობის ფონზე დაავადებული ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობამ მნიშვნელოვნად იმატა (მაგალითად, მგლურასმიერი ნეფრიტის დროს).

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა
პირველი და მთავარი რჩევაა, მივაჩვიოთ ბავშვები ცხოვრების ჯანსაღ წესს, უზრუნველვყოთ მათი ჯანსაღი კვება, თვალი ვადევნოთ, რომ სათანადო რაოდენობით მიიღონ სითხე, ბევრი იმოძრაონ და საკმარისი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე; თვითნებურად არ გადავუხვიოთ ვაქცინაციის სქემას, რეგულარულად ვატაროთ პედიატრთან პროფილაქტიკისთვის, ნებისმიერი პათოლოგიური სიმპტომის გამოვლენისას დროულად წავიყვანოთ ექიმთან და ზედმიწევნით შევასრულოთ მისი რეკომენდაციები.