ზოგიერთი რჩევა მაღალ არტერიულ წნევასთან დაკავშირებით
თარიღი: 09 ივნისი, 2026
წნევის მომატება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს მაშინ, როდესაც სწორად გაზომილი არტერიული წნევა აღემატება 140/90-ს და ეს ციფრები მყარადაა შენარჩუნებული; ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც განგისაზღვრავთ თქვენთვის, პერსონალურად, ოპტიმალური არტერიული წნევის დონეს;
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ „ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზა" ე.ი. თქვენ უკვე შეცვლილი გაქვთ წვრილი სისხლძარღვები და ორგანიზმი ზრდის არტერიულ წნევას გაზრდილი წინააღმდეგობის დაძლევის აუცილებლობის საპასუხოდ; მეორე მხრივ, ეს მომატებული წნევა თავად ხდება სისხლძარღვების და ორგანოთა შემდგომი დაზიანების მიზეზი და ამიტომ მას აუცილებლად მართვა სჭირდება;
ესენციური ჰიპერტენზიის დროს ოპტიმიზირებულ არტერიულ წნევას ძალუძს მნიშვნელოვნად შეამციროს ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა გულის უკმარისობა, წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არიტმია), მიოკარდის ინფარქტი, თირკმლის უკმარისობა, მხედველობის გაუარესება და თავის ტვინის ინსულტი;
უნდა იცოდეთ, რომ ე.წ. „მარეგულირებლები", მხოლოდ აქვეითებენ არტერიულ წნევას. ამიტომ მათ მიღებასთან დაკავშირებულ არტერიული წნევის, ზოგჯერ, მკვეთრ დაქვეითებასთან ასოცირებული გართულებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია დოზის და წამლის მიღების სწორი რეჟიმის შერჩევა;
დღეს ექიმების არსენალში ძალიან ეფექტური მედიკამენტებია, მაგრამ მათი ეფექტურობის გაზრდისთვის უნდა გაითვალისწინოდ:
წნევის გაზომვის წესების დაცვას გადმწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია;
შეზღუდეთ ნატრიუმით მდიდარი საკვების (სუფრის მარილის), ალკოჰოლის მოხმარება;
შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა;
რეგულარულად ივარჯიშეთ;
საჭიროების შემთხვევაში, შეამცირეთ სხეულის წონა (მასა);
ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას.
გახსოვდეთ, რომ არტერიული წნევის ეპიზოდური მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური დაღლილობით და/ან ემოციური გადაძაბავით, ამ დროს წნევის რეგულირებისთვის საკმარისია ფიზიკურად დაისვენოთ და/ან ემოციურად დამშვიდდეთ, ასეთ შემთხვევაში არტერიული წნევა შეიძლება თავისთავად დარეგულირდეს;
ესენციური ჰიპერტენზია არ წარმოადგენს განაჩენს და სასურველი შედეგის მიღწევა, ექიმთან სწორი და მიზანმიმართული თანამშრომლობის შემთხვევაში, სავსებით რეალური ამოცანაა.