Nuk
როგორ ვუშველოთ ყაბზობას და მუცლის ტკივლს ბავშვებში

თარიღი: 07 ნოემბერი, 2023

მუცლის ტკივილი და ყაბზობა ბავშვებში, რა სიმპტომებით ვლინდება ყაბზობა, რა უწყობს ხელს მის განვითარებას, რამდენად საგანგაშოა ეს პრობლემა და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე, ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პედიატრმა –  ეკა უბერმა ისაუბრა.

 

ეკა, უმეტესად რა მიზეზით არის განპირობებული მუცლის ტკივილი წლამდე ასაკის ბავშვებში?
ახსენეთ, ტკივილი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მე უფრო  დავკონკრეტდები და აღვნიშნავ, პირველი 3-4 თვის ასაკის ბავშვების მუცლის ტკივილს, რომელიც ხშირ შემთხვევაში განხილულია, როგორც ფიზიოლოგიური კოლიკა, რა თქმა უნდა, თუ  სერიოზული თანდაყოლილი პათოლოგია, ქირურგიული პათოლოგია ან შემდგომში განვითარებული ქირურგიული პათოლოგია გამორიცხულია. უხშირეს შემთხვევაში ეს არის ახალშობილთა კოლიკა, რომელსაც ჩვენ ფიზიოლოგიურ ნორმად მივიჩნევთ. ფიზიოლოგიურ ნორმას თავისი დეფინიცია აქვს, თუმცა სამედიცინო საზოგადოება დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, რამდენი არის ნორმა, რამდენი ხანი შეიძლება ბავშვმა იტიროს და ეს ჩაითვალოს ფიზიოლოგიურ კოლიკად და ნორმად და რამდენს იქით არის უკვე პათოლოგია. ზოგადი დეფინიცია პირველი 4 თვის ასაკის ბავშვებისთვის შემდეგნაირი გახლავთ, თუ ბავშვი დღის განმავლობაში სამ საათზე მეტს ტირის, კვირაში 3 დღეზე მეტს ტირის და მუცლის ტკივილი გრძელდება 4 თვის ზევით ასაკში, ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა ფიზიოლოგიურ კოლიკას სცილდება და აქ საქმე სხვა მიზეზებთან, სხვა მიზეზებით განპირობებულ კოლიკებთან გვაქვს. მათ შორის ერთ-ერთია ძროხის რძის ცილის აუტანლობა. დღეს, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო შეკრულობაზე, რომელიც სამედიცინო ლიტერატურაში ყაბზობის სახელწოდებით არის ცნობილი და რომელიც პედიატრიულ – ამბულატორიულ პრაქტიკაში მომართვიანობის ერთ-ერთი უხშირესი ჩივილია. ყაბზობა ეს არის დაყოვნებული, არასრულფასოვანი ან გაძნელებული დეფეკაცია, ანუ ნაწლავთა დაცლა, რაც  სხვადასხვა ასაკში ინდივიდუალურია. ზოგადად, მოზრდილ ადამიანში ყაბზობად განიხილება კვირაში 2 ჯერ და უფრო ნაკლებჯერ კუჭის მოქმედება, მაგრამ ბავშვებში ცოტა სხვანაირად დგას ეს საკითხი და ეს დამოკიდებულია ასაკზე და კვებით რაციონზე. მაგალითისთვის, ახალშობილებს და ადრეულ ასაკის ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე არიან, შესაძლებელია, რომ კვირაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდეთ კუჭის მოქმედება, ეს ნორმად განიხილება. თუ ბავშვი დღის განმავლობაში თუნდაც ერთჯერადად იღებს ხელოვნურ ნარევს, მისი კუჭის მოქმედება აუცილებლად უნდა იყოს ყოველდღიური. ეს რაც შეეხებოდა ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს. ორი წლის ასაკისთვის ნაწლავთა მოქმედება  მოზრდილისას უახლოვდება და ის უნდა იყოს ყოველდღე ან ორ დღეში ერთხელ მაინც, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია განავლის კონსისტენცია. ყაბზობად განიხილება თუ განავლოვანი მასები უფრო ფორმირებულია ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში, დეფეკაცია შედარებით გაძნელებულია, ბავშვი საცვალს სვრის ფეკალური მასებით, ან განავლოვანი მასები არის ძალიან წვრილი, თხელი ე.წ. ზონრების სახით, თუნდაც ეს ზონრები ყოველდღიურ ხასიათს ატარებდეს. შემიძლია ვთქვა, რომ 1 წლის ზემოთ ბავშვებში, განსაკუთრებით 5-6 თვის ასაკიდან, მუცლის ტკივილის უხშირესი მიზეზი შესაძლებელია იყოს ყაბზობა და არა ჰელმინთები ე.წ. ჭიები. ჩვენ ხშირად გვსმენია ფრაზა, ჭიები ჰყავს და მაგიტომ ხომ არ სტკივა მუცელი, თუმცა ჰელმინთებით განპირობებული მუცლის ტკივილი ძალიან იშვიათია.

 

თქვენ ახსენით თუ როგორია ნაწლავთა მოქმედება ყაბზობის დროს და თქვით, რომ ამას შეიძლება თან ახლდეს მუცლის ტკივილი. ეს არის ის ორი ძირითადი სიმპტომი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ბავშვს ყაბზობა აქვს თუ არის კიდევ დამატებითი სიმპტომატიკა, რომელიც გამოხატულად მიუთითებს ყაბზობაზე?
რა თქმა უნდა, ყაბზობა მთელი რიგი სიმპტომატიკით ხასიათდება. ყაბზობის დროს უფრო იშვიათია ნაწლავთა მოქმედება, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში, განსაკუთრებულად მყარია განავლოვანი მასები. შესაძლებელია, ნაწლავთა მოქმედება იყოს კენჭების მსგავსი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შესაძლებელია საცვლის განავლოვანი მასებით დასვრა. ყაბზობად განიხილება დღის განმავლობაში თუნდაც ხშირი დასვრა, რადგან ითვლება, რომ ამ დროს არასრულად ხდება ნაწლავის დაცლა, დეფეკაცია და სწორედ ეს არის საცვლის დასვრის მიზეზიც. რა თქმა უნდა, ასეთ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს კვების რაციონი და პერიოდი თუ როდის ვითარდება ყაბზობა. ზოგადად, სამ პერიოდს გამოყოფენ. ფუნქციურად განიხილება ყაბზობა, როდესაც მას არ უდევს საფუძვლად არანაირი ორგანული პათოლოგია, ანუ სამედიცინო პათოლოგია. თუ ყაბზობას საფუძვლად არ უდევს არანაირი სამედიცინო პათოლოგია, არანაირი თანდაყოლილი ანომალია, ესეთ ყაბზობას ვეძახით ფუნქციურ ყაბზობას და ასეთი არის ყაბზობის შემთხვევათა 95 %. 5%-ში შეიძლება იყოს თანდაყოლილი ნაწლავის განვითარების ანომალია, მთელი რიგი დაავადებები, ასევე მალაბსორბციის სინდრომი, ანუ შეწოვის დარღვევით მიმდინარე დაავადებები და სხვადასხვა ენდოკრინული თუ ნერვული სისტემის მემკვიდრული დაავადებები. შეიძლება იყოს მედიკამენტური ყაბზობაც, როცა ყაბზობა სხვა მიზნით მიღებული მედიკამენტის გვერდითი ეფექტია. არსებობს ფიზიოლოგიური მდგომარეობები, როდესაც ბავშვი უფრო მიდრეკილია ყაბზობისკენ. პირველი, როდესაც შერეული, დამატებითი კვება შემოდის მის რაციონში, ანუ  ბავშვი გადადის შერეულ კვებაზე. მეორე, როდესაც ე.წ. საპირფარეშოს უნარ-ჩვევების გამომუშავება ხდება, განსაკუთრებით, როდესაც ბავშვი პამპერსიდან საცვლებზე გადაგვყავს. ასეთ დროს ბავშვი ფსიქოლოგიურად იტვირთება, იკავებს განავლოვან მასებს და ცდილობს, რომ შემოთავაზებულ ახალ ფორმას, ტუალეტს თავი აარიდოს. მესამე, ეს არის სკოლაში წასვლის პერიოდი. ახალი გარემო ხშირ შემთხვევაში დისკომფორტს იწვევს, ბავშვი შეჩვეულია სახლის, სხვა ჰიგიენურ წესებს, რაც ასევე შეიძლება იყოს სერიოზული პრობლემის, ყაბზობის ჩამოყალიბების მიზეზი.

 

რა ტიპის საკვებმა შეიძლება მიიყვანოს ბავშვი ფუნქციურ ყაბზობამდე?
არ არსებობს კონკრეტული საკვები, რომელიც ცალსახად შეიძლება იწვევდეს ყაბზობას. ერთადერთი კაკაოს შემცველი პროდუქტებია აღიარებული, როგორც შეკრულობის ერთ-ერთი დიდი „მეგობარი“. რა თქმა უნდა, შეკრულობას ხელს უწყობს სხვადასხვა პროდუქტები, მაგალითად: კარტოფილი, ბრინჯი, ზოგიერთი მარცვლეული და სხვა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ცალსახად ყაბზობის გამომწვევი საკვები არ არსებობს. ერთადერთი მშობლებს ვთხოვთ ბავშვების კვების რაციონში შეამცირონ შოკოლადი და ტკბილეული, ესეც რეკომენდაციაა და არა აუცილებელი პირობა. ყაბზობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ძროხის რძის ცილის აუტანლობა განიხილოს, ყაბზობა შეიძლება იყოს აღნიშნული ცილის აუტანლობის ერთ-ერთი კრიტიკული გამოვლინება.

 

მათ შორის მოზრდილ ასაკშიც?
მოზრდილ ასაკში, იშვიათად, რადგან, როგორც წესი, ძროხის რძის ცილის აუტანლობა გადის 2, მაქსიმუმ 8 წლის ასაკამდე, ძირითადად 2 წლიდან ნაკლებ თვალსაჩინოა ეს პრობლემა.

 

გლუტენის აუტანლობამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა?
შეიძლება, თუმცა ეს უკვე ნიშნავს, რომ სახეზეა გლუტენის აუტანლობა და ამ შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ სპეციფიკურ, გლუტენის გარეშე დიეტას და ასეთ დროს, გლუტენის აუტანლობით განპირობებული ცელიაკიისთვის  დამახასიათებელ სხვა პრობლემებთან ერთად, ყაბზობაც  ლაგდება. ჩვენ საუბარი გვაქვს კვებით მოუნელებლობაზე, როცა სხვადასხვა პროდუქტების მონელება ვერ ხდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყაბზობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია ტკბილეული იყოს. რთულად მოსანელებელი უჯრედისი ხელს უწყობს შეკრულობას. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ ხოლმე, რომ ნახევრად მოხარშული ფაფები მისცენ ბავშვებს, რომ უფრო გააქტიურონ ნაწლავის პერისტალტიკა. ხილი, კივი, ქლიავი… ძალიან უწყობს ხელს დეფეკაციას და ნაწლავთა მოქმედებას. საპირფარეშოს უნარ-ჩვევების გამომუშავება აუცილებელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ბავშვებს ხშირ შემთხვევაში უჭირთ დეფეკაციის მიზნით საპირფარეშოში შესვლა, შესაბამისად საჭიროა წამახალისებელი ღონისძიებები, თუნდაც გაჯეტის მიცემა, ეს ერთადერთი დასაშვები სიტუაციაა, როცა შეიძლება ბავშვი გაჯეტით დაკავდეს. საპირფარეშოს უნარ-ჩვევებს ჩამოყალიბებისას ე.წ.  გადაჩვევისას, ბავშვი საათობით არ უნდა იჯდეს, ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ 10-15 წუთის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე და დღის გარკვეულ ინტერვალებში. სასურველია, რომ დღის ეს ინტერვალები ერთი და იგივე იყოს, მაგალითად: დილით და საღამოს ან დილით და შუადღეს. მთავარია, რამდენჯერმე იყოს იმის მცდელობა, რომ ბავშვი თავისით გავიდეს კუჭში.

 

რა ტიპის კვლევების ჩატარებაა საჭირო ბავშვის მუცლის ტკივილის მიზეზის დასადგენად და სრულყოფილი დიაგნოზის დასასმელად?
მუცლის ტკივილი მრავლის მომცველი და მრავალ პროფილურია, ძალიან ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგრამ თუ ბავშვთან მწვავე მუცლის ტკივილის დროს, გამორიცხულია ქირურგიული პათოლოგია, ასეთ დროს, ტკივილის უხშირესი მიზეზი ყაბზობაა. ცოტა მოზრდილ ასაკში, 5-6 წლიდან მუცლის ტკივილის მიზეზი შესაძლებელია იყოს გასტროეზოფაგური რეფლექსი ე.წ. გულძმარვა. თუ ბავშვი ვერ აკონკრეტებს რა სტკივა, ეპიგასტრიუმის მიდამოში ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გულძმარვა, ანუ კუჭის შიგთავსის საყლაპავში ამოსვლა, რაც უხშირესად განპირობებულია არასწორი კვებითი რაციონით, ხშირ შემთხვევაში მყარი საკვები რაციონით. ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ჰელიკობაქტერ პილორიც, რომელიც კუჭის და თორმეტგოჯას ლორწოვანის ერთ-ერთ ძირითად ბაქტერიად არის განხილული. ნებისმიერ შემთხვევაში საგანგაშო და საშიში არაფერია, ყველაფერს მოევლება, უბრალოდ, მთელი რიგი სადიაგნოსტიკო კვლევებია ჩასატარებელი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ანამნეზური მონაცემი და მხოლოდ და მხოლოდ ექიმის ობიექტური გასინჯვაც საკმარისია მიახლოებითი დიაგნოზის დასასმელად. ყაბზობის შემთხვევაში ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევები პრაქტიკულად არ არის მოწოდებული, რა თქმა უნდა, თუ გამორიცხულია სხვა პათოლოგიით მიმდინარე ყაბზობა. ფუნქციური ყაბზობის მკურნალობა, პირველ რიგში, ისევ და ისევ გულისხმობს სპეციფიკურ კვებით რაციონს. ყაბზობისას ეფექტურია: ქატო, ნახევრად მოხარშული ბურღულეული, კანიანი ვაშლი, კივი, ქლიავი და სხვა ხელშემწყობი პროდუქტები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია საპირფარეშოს უნარ-ჩვევების გამომუშავება და თუ ამანაც არ უშველა ბავშვს, მივმართავთ მედიკამენტურ ჩარევას. მიუხედავად იმისა, რომ ყაბზობა ასე თუ ისე უპრობლემო, ყველაზე ნაკლებ საშიში და საგანგაშო დიაგნოზია, მისი მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი, პროფესორი ხშირად ეუბნებოდა მშობლებს, რომ მინიმუმ ის პერიოდი და შესაძლოა ცოტა მეტიც იყო საჭირო სამკურნალოდ, რა პერიოდიც აწუხებდა ბავშვს ყაბზობა, ანუ თუ ბავშვს 6 თვეა აწუხებს ყაბზობა, მაშინ მინიმუმ 6 თვე დასჭირდება მედიკამენტური ჩარევა. ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია, რომ ლაქსატივები ანუ პერისტალტიკის გამააქტიურებელი პრეპარატები არასოდეს იწვევენ შეჩვევას, არ იწვევენ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ისინი, განსაკუთრებით ზოგიერთი ჯგუფის და განსაკუთრებით ლაქტულოზა ჯგუფის პრეპარატები, პრაქტიკულად უსაფრთხოა თუ კონკრეტულ კომპონენტებზე არ აქვს ბავშვს ალერგიული რეაქცია, რაც უიშვიათესია. ზოგიერთი ეს პრეპარატი იმდენად უსაფრთხოა, რომ ორსულებისთვის და ახალშობილებისთვისაც შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის დოზის სწორად შერჩევა. მე პაციენტის მშობლისგან ხშირად გამიგია, ვაძლევდი ამ წამალს, მაგრამ არ უშველა, არ გამოასწორა ყაბზობის პრობლემა, ამიტომ სწორი დოზირება მნიშვნელოვანია. თავიდან შესაძლებელია, უფრო მაღალი დოზით იქნეს დაწყებული მკურნალობა და შემდეგ შემცირდეს და დავიდეს მინიმალურ დოზამდე. მნიშვნელოვანია, მკურნალობა ჩატარდეს უწყვეტად. დედა შეგუებული უნდა იყოს ფაქტს, რომ ლაქსატივების, ანუ დეფეკაციის პერისტალტიკის გამააქტიურებლების მიღება ხდება ხანგრძლივად. როგორც წესი, ხანმოკლე მკურნალობა არაეფექტურია და პრობლემა კიდევ უფრო მძაფრი და ღრმა ხდება. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი საპირფარეშოს უნარ-ჩვევებს, გასათვალისწინებელია, რომ თუ ბავშვს ერთხელ მაინც დაუფიქსირდა მტკივნეული დეფეკაცია, მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში იმახსოვრებს ამ ტკივილს და ცდილობს შეკავებას, რომ თავი აარიდოს ხელახალ ტკივილს.

 

ეკა, ასეთი კითხვა აქვს ჩვენს მსმენელს, წარმოადგენს თუ არა ყაბზობა გენეტიკური ტიპის პრობლემას და თუ ერთ შვილს მკვეთრად აქვს გამოხატული ყაბზობის პრობლემა, შესაძლებელია მეორე და მესამე ბავშვსაც იგივე პრობლემა ჰქონდეს?
შესაძლებელია იყოს გენეტიკური წინასწარ განწყობა, თუმცა ამის მტკიცებულებები არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ბავშვების ცხოვრების წესი, მინიმალური ფიზიკური აქტივობა, ჭარბი წონა, მარტივი ნახშირწყლებით გამდიდრებული საკვების მიღება, ვგულისხმობ სწრაფი კვების პროდუქტებს, ხელს უწყობს ყაბზობას და სამომავლოდ მწვავე ყაბზობა ქრონიკულ, გახანგრძლივებულ ყაბზობაში გადადის.

 

რაზე კეთდება მთავარი აქცენტი ყაბზობის სამკურნალო ეფექტური წამლის შერჩევისას?
არსებობს სწრაფი მოქმედების და გახანგრძლივებული მოქმედების სამკურნალო პრეპარატები. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ გლიცერინის მიკრო ოყნებს, რომ მომენტალური დეფეკაცია მივიღოთ. თუ დიდი ხნის ყაბზობაა, იქ ოყნის და გლიცერინის სანთლის გარდა, არაფერი აღარ არის ეფექტური. მას შემდეგ, რაც პირველად დახმარება გაეწევა ბავშვს, ინიშნება ხანგრძლივი სამკურნალო მოქმედების პრეპარატები. ხშირ შემთხვევაში, მკურნალობა 8-10 თვე გრძელდება

 

კიდევ ერთი კითხვაა მსმენელისგან. ახასიათებს თუ არა სისხლიანი განავალი ყაბზობას?
სისხლიანი განავალი შესაძლებელია ახლდეს ყაბზობას, ასეთ დროს, ზედმეტი ზეწოლისგან კაპილარები სკდება და ანალური ნაწილის დაზიანება ხდება. ახასიათებს სპეციფიკაცია, როგორც წესი, მყარ განავალს ბოლოს ეწვეთება სისხლი. თუ ფაფისებრ განავალში ერევა სისხლი, ეს უკვე სხვა პრობლემის მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, როდის არის ეს სისხლიანი განავალი და განავლოვანი მასები როგორია.

 

შეიძლება თუ არა განმეორებით იჩინოს თავი ყაბზობის პრობლემამ?
ისევ და ისევ ცხოვრების წესზე, აქტივობაზე, ადეკვატური რაოდენობის სითხის მიღებაზე, კვებით რაციონზე და ა.შ. არის დამოკიდებული და გამომდინარე აქედან, შესაძლებელია ამ პრობლემამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ იჩინოს თავი. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ფუნქციური ყაბზობა არ ნიშნავს, რომ რაიმე სერიოზულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რადგან სამედიცინო, ორგანული მიზეზი არ არსებობს. ყაბზობა არასასურველია მოზრდილ ასაკში, რადგან შეიძლება მთელი რიგი სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს.

წყარო: https://fortuna.ge