Nuk
როგორ ამოვიცნოთ დროულად მალთაშუა დისკის თიაქარი?

თარიღი: 05 ოქტომბერი, 2025

რა არის მალთაშუა დისკის თიაქარი?
მალთაშუა დისკი წარმოადგენს ხრტილოვან-ჟელესებურ სტრუქტურას, რომელიც მდებარეობს ხერხემლის მალებს შორის, მონაწილეობს მალების ერთმანეთთან შესახსრებაში, უზრუნველყოფს ხერხემლის მოქნილობას და დრეკადობას, აქვს ბალიშის როლი - შთანთქავს მოძრაობისას ხერხემლის მალებზე წარმოქმნილ დატვირთვას. მალთაშუა დისკის ცენტრს ქმნის ჟელესებური მასა (პულპოზური ბირთვი), რომელიც გარშემორტყმულია მკვრივ-ელასტიური რგოლით (ფიბროზული რგოლი).

 

მალთაშუა დისკის თიაქარი არის დაავადება, როდესაც პულპოზური ბირთვი ან მისი ნაწილი კარგავს სტრუქტურულ მთლიანობას, გამოარღვევს ფიბროზულ რგოლს და სცდება მის საზღვრებს. გამოვარდნილი დისკის ფრაგმენტი, უმრავლეს შემთხვევაში, ხვდება ხერხემლის არხში, სადაც მდებარეობს ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვების ფესვები და ზურგის ტვინი. ხერხემლის არხის სივრცე შემოსაზღვრულია ძვლოვანი და იოგოვანი სტრუქტურებით. აქედან გამომდინარე, ხერხემლის არხში დამატებითმა მოცულობამ, მალთაშუა დისკის ფრაგმენტის სახით, შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის ფესვებზე ან/და ზურგის ტვინზე ზეწოლა.

 

გამომწვევი მიზეზები
ხერხემლის ძლიერმა დატვირთვამ (მაგ. ტრავმამ, მძიმე საგნის აწევამ ან აწეული მძიმე საგნით ბრუნვითმა მოძრაობამ) შეიძლება გამოიწვიოს დისკის ნაწილის გამოვარდნა. მალთაშუა დისკის ქსოვილები და მისი მიმდებარე იოგები, ასაკის მატებასთან ერთად, განიცდიან დეგენერაციულ ცვლილებებს - ვითარდება დისკოზი. ხერხემლის დისკოზის დროს დისკი კარგავს ელასტიურობას, წყალს, სიმაღლეს და ამ ფონზე, ჩვეულმა ფიზიკურმა აქტივობამ ან უხერხულმა მოძრაობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს თიაქარი.

 

თიაქრის განვითარების რისკ-ფაქტორები

 

ხერხემლის თიაქრის განვითარების რისკ-ფაქტორებია:
ჭარბი წონა, რაც იწვევს დამატებით სტრესს მალთაშუა დისკებზე, განსაკუთრებით ხერხემლის ქვედა ნაწილზე (წელის მიდამო).
სისტემატური ფიზიკური დატვირთვა (სიმძიმის აწევა, მოზიდვა, მიწოლა, ბრუნვითი მოძრაობა და ა. შ.) ზრდის თიაქრის განვითარების რისკს.
მემკვიდრული ფაქტორები. ზოგ ადამიანს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა დისკის თიაქრის მიმართ. ხშირია ერთი ოჯახის რამდენიმე წევრის თიაქრით დაავადების შემთხვევები.
თამბაქოს მოწევა - ითვლება, რომ თამბაქოს მოწევა არღვევს მალთაშუა დისკის ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, რაც აღრმავებს დეგენერაციულ პროცესებს.
ავტომობილის ხანგრძლივად მართვა- დიდხანს ჯდომა და ავტომობილის ძრავის ვიბრაცია უარყოფითად მოქმედებს ხერხემალზე.
ნაკლებაქტიური ცხოვრების წესი. ამ შემთხვევაში სუსტდება ზურგის კუნთები და იზრდება დატვირთვა მალთაშუა დისკებზე.

 

ეპიდემიოლოგია
მალთაშუა დისკის თიაქარი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. სხვადასხვა კვლევებით, გავრცელება წელიწადში 1000 ზრდასრულიდან 5-20 შემთხვევას შეადგენს. ამ დაავადების მქონე პაციენტები პოპულაციის დაახლოებით 1-3%-ს წარმოადგენენ. უფრო ხშირად მალთაშუა დისკის თიაქარი აწუხებთ კაცებს და მეტად გავრცელებულია 30-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში.

 

მალთაშუა დისკის თიაქრის სახეობები და სტადიები
მალთაშუა დისკის თიაქრის სახეობებს განასხვევებენ ადგილმდებარეობის და დაზიანების სირთულის მიხედვით.
მალთაშუა დისკის თიაქარი შეიძლება გაჩნდეს ხერხემლის ნებისმიერ ნაწილში, ყველაზე ხშირად - წელის მიდამოში (ლუმბალური თიაქარი). ასევე გვხვდება კისრის ნაწილში. იშვიათად, მალთაშუა დისკის თიაქარი შეიძლება განვითარდეს გულმკერდის მიდამოში (თორაკალური თიაქარი).

 

დაზიანების სირთულის მიხედვით, განასხვავებენ შემდეგი ტიპის სტადიებს:
პროტრუზია - ხშირად განიხილება, როგორც ხერხემლის თიაქრის ჩამოყალიბების წინარე სტადია. ამ დროს პულპოზური ბირთვი ნაწილობრიც გადაადგილდება, თუმცა ფიბროზული რგოლი დარღვეული არ არის. პროტრუზიის სიმპტომები, როგორც წესი, ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე მალთაშუა დისკის თიაქრის შემთხვევაში. ამ მდგომარეობას ახასიათებს ქრონიკული ტკივილი, მგრძნობელობის დარღვევა, კუნთებში სისუსტე და დაბუჟება.
ექსტრუზია - ვითარდება მაშინ, როდესაც ირღვევა სტრუქტურული მთლიანობა და პულპოზური ბირთვი გამოარღვევს ფიბროზულ რგოლს, თუმცა დისკის ფრაგმენტი ჯერ კიდევ უკავშირდება ძირითად მასას. სიმპტომები, როგორც წესი, უფრო მკვეთრადაა გამოხატული. ის იწვევს ძლიერ და გახანგრძლივებულ ტკივილს, მგრძნობელობის სერიოზულ დარღვევებს, კუნთოვან სისუსტესა და დაბუჟებას.
სეკვესტრაცია - ნიშნავს, რომ პულპოზური ბირთვის ნაწილი მთლიანად წყდება ძირითად მასას და თავისუფლად ხვდება ხერხემლის არხში. სეკვესტრაცია ხასიათდება ძალიან ძლიერი ტკივილით, რომელიც გადაეცემა კიდურებს. გამოხატულია კუნთოვანი სისუსტე, მგრძნობელობის დაქვეითება და სხვა გართულებები. 

 

მალთაშუა დისკის თიაქრის სიმპტომები
მალთაშუა დისკის თიაქრის სიმპტომები დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობაზე, ზომაზე და მდგომარეობის სირთულეზე. ასევე მნიშვნელობა აქვს ნერვზე ზეწოლის ხარისხს. ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი ზოგჯერ, დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ ხერხემლის გამოსახულებითი კვლევისას ვლინდება.

 

ხერხემლის გავრცელებული სიმპტომებია:
ტკივილი მალთაშუა დისკის თიაქრის ყველაზე ხშირი ჩივილია. ტკივილი შეიძლება იყოს ადგილობირვი (ხერხემლის მიდამოში) ან გადაცემითი (ქვედა ან ზედა კიდურში). ადგილობრივი ტკივილის მიზეზია ხერხემლის იოგოვანი აპარატის დაზიანება, ხოლო გადაცემითი ტკივილის მიზეზია ზურგის ტვინის ფესვის გაღიზიანება თიაქრის ზეწოლის შედეგად (რადიკულოპათია). ტკივილის ლოკალიზაციას განსაზღვრავს თიაქრის მდებარეობა. წელის მალთაშუა დისკის თიაქარი, როგორც წესი იწყება წელის ტკივილით, რასაც თან ერთვის გადაცემითი ტკივილი ფეხში. იშვიათად, თიაქარი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ გადაცემითი ტკივილით, წელის ტკივილის გარეშე. უმრავლეს შემთხვევაში, გადაცემითი ტკივილი ცალმხრივია. კისრის მალთაშუა დისკის შემთხვევაში, კისრის ტკივილი გადაეცემა ხელში, იშვიათად ბეჭში.
დაბუჟება და ჩხვლეტა - რადიკულოპათიის გამოვლინება არ შემოიფარგლება მხოლოდ გადაცემითი ტკივილით. ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვის ფესვზე თიაქრის ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს ფესვში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნერვული ბოჭკოების დაზიანება, რისი პირველი გამოვლინებაც შეიძლება იყოს დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურის რომელიმე ნაწილში.
სისუსტე - მამოძრავებელი ბოჭკოების დაზიანებას მოსდევს კიდურში შესაბამისი კუნთების სისუსტე. ნერვი ვეღარ გზავნის სრულფასოვან სიგნალს კუნთში, შედეგად სუსტდება კუნთის კონტროლი. მაგალითად წელის მეხუთე მალთაშუა დისკის თიაქრის დროს, მამოძრავებელი ბოჭკოების დაზიანება იწვევს სისუსტეს ფეხის გაშლისას. კისრის თიაქრისას შესაძლოა დაზიანდეს მხარისა და ხელის კუნთები.

 

გართულებები
შარდვის და ნაწლავის ფუნქციების დარღვევა - ანატომიურად, ზურგის ტვინი მთავრდება წელის პირველი მალის დონეზე. წელის პირველი მალთაშუა დისკის დონიდან ქვემოთ, ხერხემლის არხში არის მხოლოდ ზურგის ტვინიდან გამომავალი ფესვების კონა, ე. წ. „რაშის კუდი“. წელის მიდამოს დიდი ზომის თიაქრის შემთხვევაში, ზეწოლას განიცდის არა მხოლოდ ერთი ფესვი, არამედ ფესვების კონა - „რაშის კუდი“. ამ დროს, გარდა ზემოთ აღწერილი ნიშნებისა (ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე), შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა შარდვისა და ნაწლავის ფუნქციების დარღვევა - გაძნელება ან შეუკავებლობა.
ზურგის ტვინის დაზიანება - მალთაშუა დისკის თიაქარმა, ნერვული ფესვების გარდა, შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის დაზიანება (მიელოპათია). ზურგის ტვინი შეიძლება დაზიანდეს კისრის ან გულმკერდის მალთაშუა თიაქრების დროს. ზურგის ტვინის დაზიანებას მოსდევს სისუსტე კიდურებში სრულ უმოძრაობამდე, მგრძნობლობის მოშლა სრულ დარღვევამდე, ასევე შარდვის და ნაწლავის ფუნქციების დარღვევა.
ძალის დეფიციტი კიდურებში - ნერვულ ფესვზე ძლიერი ან ხანგრძლივი ზეწოლისას შეიძლება განვითარდეს პარეზი, ანუ კიდურის ნაწილობრივი დამბლა, ხოლო ხანგრძლივად არსებული სისუსტე კუნთის ატროფიასაც იწვევს. ეს საკმაოდ იშვიათი, თუმცა სერიოზული გართულებაა, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნერვის შეუქცევადი დაზიანება და მუდმივი ფუნქციური დარღვევები. 

 

დიაგნოსტირება
მალთაშუა დისკის დიაგნოსტირებისას, პირველ ეტაპზე მკურნალი ექიმი ატარებს პაციენტის ნევროლოგიურ შემოწმებას, რაც გულისხმობს:
რეფლექსების შემოწმება;
კუნთების სიძლიერის შემოწმება;
მგრძნობელობის შემოწმება.

 

ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკური შემოწმება და სამედიცინო ისტორია საკმარისია დიაგნოზის დასასმელად. სხვა შემთხვევაში ინიშნება გამოსახულებითი კვლევები:
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ზურგის ტვინის, ნერვული ფესვების, მალთაშუა დისკების და მიმდებარე იოგოვანი აპარატის დეტალურ ვიზუალიზაციას იძლევა.
დიაგნოსტირებაში ასევე გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრფია, რომელიც კარგად გამოსახავს ძვლოვან სტრუქტურებს, გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ხერხემლის არხის ზომა და ფორმა, ასევე მალთაშუა დისკები.
მალთაშუა დისკის თიაქრის სადიაგნოსტიკო კვლევებს შორის შეიძლება დაინიშნოს მიელოგრამა, რომლის დროსაც, ზურგის არხში კონტრასტული საღებავის შეყვანით, ხდება ხერხემლის სვეტის დეტალური ვიზუალიზაცია. კვლევის სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით, პროცედურა იძლევა უფრო მკაფიო და დეტალურ სურათს განსაკუთრებით ხერხემლის არხისა და ხერხემლის დისკების ანომალიების იდენტიფიცირებისას.
ზოგ შემთხვევებში, დამატებით კეთდება ელექტრონეირომიოგრაფია. ეს გამოკვლევა გვიჩვენებს, რამდენად არის ნერვული ფესვი დაზიანებული.

 

მკურნალობის მეთოდები
მალთაშუა დისკის თიაქრის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდს მოიცავს და შეირჩევა სიმპტომების სიმძიმისა და ნევროლოგიური დაზიანების მიხედვით. ნიუ ჰოსპიტალსში თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა იქმნება საჭიროებიდან გამომდინარე.

 

კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს მედიკამენურ მკურნალობას, ფიზიოთერაპიას და ცხოვრების წესის ცვლილებებს. ამ ტიპის მკურნალობა უფრო ხშირად ინიშნება მაშინ, როდესაც სიმპტომები ზომიერია და არ არის გამოხატული ნევროლოგიური დეფიციტი.
კონსერვატიული მკურნალობის დროს ინიშნება ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა:
ტკივილგამაყუჩებლები;
ნეიროპათიული მედიკამენტები;
კუნთის დამამშვიდებელი მედიკამენტები.

 

მნიშვნელოვანი როლი აქვს ფიზიოთერაპიას და სამკურნალო ვარჯიშებს, რომლებიც მოიცავს გაჭიმვებს, ზურგის კუნთების გამაძლიერებელ სპეციალურ პროცედურებს, პოზების კორექციას და თერაპიულ მასაჟს. პარალელურად აუცილებელია ცხოვრების წესის ცვლილებებიც - ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა, სხეულის წონის კონტროლი, ხანგრძლივი ჯდომის თავიდან აცილება და სხვა.
როდესაც კონსერვატიული მკურნალობის მეთოდები საკმარისი არ არის ტკივილის გასაქრობად, ინიშნება მკურნალობის ინტერვენციული მეთოდები, როგორიცაა:
ინექციები;
რადიოსიხშირული აბლაცია.
ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის ქირურგიული მეთოდით მკურნალობა პაციენტების შედარებით მცირე ნაწილს (დაახლოებით 10%-ს) ესაჭიროება. ოპერაცია ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
ძლიერი გადაცემითი (ფესვობრივი) ტკივილის შემთხვევაში, რაც არ კუპირდება ან ძნელად ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას. აღნიშნულის გამო პაციენტის ჩვეული აქტივობა შეზღუდულია, ცხოვრების ხარისხი გაუარესებული;
არაქირურგიული მკურნალობის მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში;
ფესვის დაზიანების ნიშნების (დაბუჟება, მგრძნობელობის მოშლა, სისუსტე) არსებობის შემთხვევაში;
ზურგის ტვინის დაზიანების (მიელოპათიის) კლინიკური ან/და რადიოლოგიური ნიშნების არსებობის შემთხვევაში;
მწვავედ განვითარებული „რაშის კუდის“ ან ზურგის ტვინის დაზიანების ნიშნების დროს, საჭიროა გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა.
წელის მალთაშუა დისკის თიაქრის ქირურგია

 

წელის მიდამოში, შუა ხაზზე, დაზიანებული დისკის დონეზე კეთდება მცირე ზომის (3.5 სმ-მდე) კანის განაკვეთი. ზურგის კუნთების გვერდზე გადანაცვლების შემდეგ, ქირურგისთვის ხილული ხდება მალის უკანა ნაწილი. მიკროსკოპის კონტროლით, ძვლის მცირე ნაწილის მოცილებთ, მალებს შორის სივრცის საშუალებით, ხდება მიდგომა ნერვულ ფესვზე და დისკის თიაქარზე, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი ამოიკვეთება და ნერვული ფესვი თავისუფლდება.

 

კისრის მალთაშუა დისკის თიაქრის ქირურგია
კისრის წინა ზედაპირზე, უფრო ხშირად მარჯვნივ, კეთდება მცირე ზომის (4-5 სმ) განაკვეთი. მიკროსკოპის კონტროლით, ერთის მხრივ ხორხსა და საყლაპავს, ხოლო, მეორეს მხრივ, კუნთებს და სისხლძარღვებს შორის სივრციდან ხდება მიდგომა ხერხემლის მალების წინა ზედაპირზე, დაზიანებული დისკის დონეზე. შემდგომ, ხდება მალთაშუა დისკის სრულად მოცილება თიაქართან ერთად. ხერხემლის სტაბილიზაციის მიზნით, მალთაშუა სივრცეში, ამოღებული დისკის ადგილზე შეიძლება მოთავსდეს სხვადასხვა ტიპის იმპლანტი. 

 

ოპერაციის შემდგომი პერიოდი
პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას, ოპერაციის შემდეგ, ფესვობრივი (გადაცემითი) ტკივილები აღარ აწუხებს. ფესვის დაზიანების სხვა ნიშნები (დაბუჟება, მგრძნობელობის მოშლა, სისუსტე), როგორც წესი, უკუგანვითარებას განიცდის იმ შემთხვევაში, თუ მათი აღმოცენებიდან ოპერაციამდე დიდი დრო არ არის გასული. პაციენტების გააქტიურება (ადგომა,სიარული) ხდება მალევე, ოპერაციის მომდევნო დღეს. სტაციონარში, პაციენტი ყოვნდება საშუალოდ 2 დღის განავლობაში.

 

რეკომენდაციები პრევენციისთვის
მალთაშუა დისკის თიაქრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხერხემლის დაცვა ზედმეტი დატვირთვისა და მავნე ჩვევებისგან. პრევენციული რეკომენდაციებია:
ზურგის კუნთების გამაგრება. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ცურვა, იოგა და სიარული;

 

დიდხანს ჯდომის შემთხვევაში, ხერხემლის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

 

სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება, აუცილებლობის შემთხვევაში სიმძიმის სწორად აწევა - დატვირთვის გადანაწილება კიდურებზე და არა ხერხემალზე.

 

საკმარისი სითხის მიღება - დისკის ელასტიურობისთვის ორგანიზმის ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია;წონაში დაკლება;

 

თამბაქოს მოწევის შეწყვეტა.