Nuk
ზაფხული და სახსრების ტკივილი

თარიღი: 04 ივლისი, 2026

ზაფხული და სახსრების ტკივილი – რატომ უმწვავდება ზოგიერთ ადამიანს ეს პრობლემა სიცხეში? მართლა მოქმედებს თუ არა სიცხე? რატომ ამბობს ზოგი, რომ ზაფხულში უფრო სტკივა, ზოგს კი – პირიქით, ტკივილი უმსუბუქდება?

 

ლელა ტაბიძე - რევმატოლოგი

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სახსარი ორგანიზმისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ &ქუოტ;სახსრები მტკივა&ქუოტ;, მიზეზი ყოველთვის თავად სახსარი არ არის. ამიტომ ამ ჩივილს მთლიანად ორგანიზმის კონტექსტში უნდა შევხედოთ.

ზაფხულში, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის დროს, სისხლძარღვები ფართოვდება. შედეგად, ვენური და ლიმფური სისტემა ყოველთვის ვერ ასწრებს ამ სითხის სრულად უკან დაბრუნებას. ამიტომ ვითარდება მსუბუქი შეშუპება, განსაკუთრებით ტერფებში, წვივებსა და ხელის მტევნებში.

ბევრ ადამიანს უთქვამს: &ქუოტ;ზაფხულში ბეჭედი აღარ მეტევა&ქუოტ; ან &ქუოტ;ხელები და ფეხები მისივდება.&ქუოტ; ასეთ დროს ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახსრებია შეშუპებული, თუმცა სინამდვილეში შეშუპებულია მათ გარშემო არსებული რბილი ქსოვილები და არა თავად სახსარი.

ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, შებოჭილობის შეგრძნება და ზოგჯერ მსუბუქი ტკივილიც, რის გამოც ადამიანს ჰგონია, რომ სახსრების დაავადება გაუმწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ხშირად სისხლძარღვებისა და სითხის დაგროვების შედეგია.

მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებსაც ზაფხულში, პირიქით, სახსრები ნაკლებად აწუხებთ. განსაკუთრებით ეს შეიძლება შეამჩნიონ მათ, ვისაც ოსტეოართრიტი ან სახსრის ძველი დაზიანება აქვს. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ატმოსფერული წნევის ცვლილებაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ კავშირის შესახებ კვლევების შედეგები ბოლომდე ერთმნიშვნელოვანი არ არის. 

რომ შევაჯამოთ, ზაფხულში სახსრების ჩივილების გაძლიერება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სახსრის დაავადება პროგრესირებს. ზოგჯერ მიზეზი უბრალოდ სიცხით გამოწვეული შეშუპებაა. ზოგიერთ ადამიანს კი, პირიქით, თბილ ამინდში სიმპტომები უმსუბუქდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდეს ექიმის მიერ. 

 

2. კონდიციონერი და სახსრები — მითი თუ რეალური საფრთხე? შეუძლია თუ არა კონდიციონერს ტკივილის ან ანთების გამოწვევა? 

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა ზაფხულში. ბევრს სჯერა, რომ კონდიციონერს შეუძლია სახსრების ანთებითი დაავადების გამოწვევა, თუმცა რეალურად კონდიციონერს არ შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ჭეშმარიტად ანთებითი დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი ან სხვა აუტოიმუნური ართრიტები.

მაშინ რატომ ამბობს ამდენი ადამიანი, რომ კონდიციონერის გამოყენების შემდეგ ტკივილი დაეწყო?

ცივი ჰაერის პირდაპირი ზემოქმედებისას კუნთები შეიძლება უნებლიედ დაიძაბოს, დაიჭიმოს. ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია სიცივეზე. შედეგად ვითარდება კუნთის სპაზმი, რომელიც იწვევს ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას და შებოჭილობის შეგრძნებას. ასეთ დროს ადამიანს ხშირად ჰგონია, რომ სახსარი სტკივა, თუმცა სინამდვილეში ტკივილის წყარო კუნთი ან მის გარშემო არსებული რბილი ქსოვილებია.

გარდა ამისა, ცივ გარემოში შეიძლება გამწვავდეს უკვე არსებული რადიკულოპათია. ასეთი პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ აქვთ ნერვის ანთება. თუ ადამიანს კისრის ან წელის სეგმენტში აქვს პრობლემა, სიცივით გამოწვეულმა კუნთების დაჭიმულობამ შეიძლება ნერვზე დამატებითი ზეწოლა შექმნას და გამოიწვიოს ტკივილი, რომელიც ვრცელდება ხელში ან ფეხში, დაბუჟება, ჩხვლეტა ან ზოგჯერ კუნთის სისუსტეც. ასეთ დროს პრობლემა არც სახსარშია და არც თავად კონდიციონერში — კონდიციონერი მხოლოდ ერთგვარი გამღიზიანებელი ფაქტორია, რომელმაც უკვე არსებული პრობლემა გამოავლინა. სხვა სიტუაციაში ასეთი როლი შეიძლება უხერხულმა მოძრაობამ, ხანგრძლივმა მგზავრობამ ან თუნდაც სიმძიმის აწევამ შეითავსოს.

ამ ყველაფრისგან ძალიან განსხვავდება სახსრის ანთება. ართრიტისთვის დამახასიათებელია სახსრის შეშუპება, სახსარი შეხებით თბილია, მოძრაობისას არის ტკივილი და განსაკუთრებით დილის შებოჭილობა, რომელიც 30 წუთზე მეტხანს გრძელდება. ამ შემთხვევაში მიზეზი იმუნური სისტემის მიერ პროვოცირებული ანთებაა და არა სიცივე ან კონდიციონერი.

კონდიციონერი არ იწვევს სახსრის ანთებით დაავადებას, მაგრამ შეუძლია გაამწვაოს უკვე არსებული პრობლემა. ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად განვასხვავოთ, საიდან მოდის ტკივილი, რადგან მკურნალობაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

 

3. ზღვა, აუზი და მინერალური წყლები — ვის ეხმარება და ვის არა? სასარგებლოა თუ არა ცურვა რევმატოლოგიური დაავადებების დროს? ზღვის წყალს აქვს თუ არა სამკურნალო ეფექტი? აუზი ყველასთვის უსაფრთხოა?

რაც შეეხება ზღვასა და აუზს, ხშირად გვესმის: „ზღვიდან რომ ჩამოვედი, თავი ბევრად უკეთ ვიგრძენი." ეს ნამდვილად ხშირი გამოცდილებაა, თუმცა მიზეზი, როგორც წესი, ზღვის წყლის განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები არ არის.

უფრო ხშირად ეფექტი დაკავშირებულია იმასთან, რომ დასვენების პერიოდში ადამიანი მეტად მოძრაობს, ყოველდღიურად ცურავს, დადის ფეხით, ნაკლებ სტრესს განიცდის და უკეთ სძინავს. სწორედ რეგულარული ფიზიკური აქტივობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არამედიკამენტურიმკურნალობა ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების დროს.

ცურვა განსაკუთრებით კარგი ვარჯიშია, რადგან წყალი ამცირებს დატვირთვას სახსრებზე, მაგრამ ამავე დროს კუნთები აქტიურად მუშაობს. ამიტომ იგი რეკომენდებულია როგორც ოსტეოართროზის, ისე ბევრი ქრონიკული რევმატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტისთვის.

რაც შეეხება ზღვის წყალს, მინერალურ წყლებსა და სხვა კურორტულ სამკურნალო საშუალებებს, გარკვეულ ადამიანებში მათ შეუძლიათ დროებით შეამსუბუქონ ტკივილი და გააუმჯობესონ თვითშეგრძნება, განსაკუთრებით რეაბილიტაციის ფარგლებში. თუმცა დღემდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა ან მინერალური აბაზანები სახსროვან დაავადებებს კურნავს ან დაავადების მიმდინარეობას ცვლის. ისინი შეიძლება იყოს დამხმარე საშუალება, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას.

 

4. მზე და აუტოიმუნური დაავადებები — ვისთვის არ შეიძლება მზეზე დიდხანს ყოფნა? როგორ მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები?

როდესაც ზღვაზე ან აუზზე ვსაუბრობთ, პირველი ასოციაცია ხშირად მზესა და გარუჯვას უკავშირდება. 

თუ ადამიანს აქვს დადგენილი აუტოიმუნური დაავადება, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა და ა.შ.  მზეზე ხანგრძლივად ყოფნა მისთვის შეიძლება არასასურველი იყოს.

მიზეზი არის ის, რომ ულტრაიისფერი სხივები (UV) მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს დაავადების აქტივობის გაძლიერება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მგრძნობიარეა კანი და ხშირია კანისმხრივი ჩივილები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი რევმატოლოგიური მედიკამენტი კანს უფრო მგრძნობიარეს ხდის მზის მიმართ. ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს უფრო სწრაფი დამწვრობა ან კანის გაღიზიანება, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანში.

ამიტომ რეკომენდაციები საკმაოდ მარტივია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი:

• მზის პირდაპირი სხივებისგან თავის არიდება, განსაკუთრებით შუადღის საათებში 

• დამცავი ტანსაცმლის გამოყენება (ქუდი, გრძელი მსუბუქი სამოსი) 

• მაღალი შPF-ის მქონე მზისგან დამცავი კრემის რეგულარული გამოყენება 

• ჩრდილში ყოფნის უპირატესობა 

ეს რეკომენდაციები სასარგებლოა ყველასთვის, მაგრამ აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ შემთხვევაში მზე შეიძლება არა უბრალოდ დისკომფორტის, არამედ დაავადების აქტივობის ცვლილების ფაქტორიც გახდეს.

 

5. ზაფხულში აქტიური ცხოვრება — რომელი სპორტია საუკეთესო სახსრებისთვის?

ამ კითხვაზე ერთი უნივერსალური პასუხი არ არსებობს. საუკეთესო სპორტი არ არსებობს — არსებობს კონკრეტული ადამიანისთვის ყველაზე შესაფერისი ფიზიკური აქტივობა.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ადამიანს უკვე სახსრების ან ხერხემლის დაავადება, რა ასაკისაა, როგორი ფიზიკური მომზადება აქვს და რა არის მისი მიზანი.

მაგალითად, თუ ადამიანი მთელი დღე ოფისში ზის, არ აქვს დიაგნოსტირებული რევმატოლოგიური ან ორთოპედიული დაავადება და მხოლოდ პერიოდულად უჩივის ზოგად ტკივილს ან შებოჭილობას სხეულში, მისთვის საუკეთესო დასაწყისი ხშირად უბრალოდ რეგულარული ფეხით სიარულია. ეს არ საჭიროებს სპეციალურ აღჭურვილობას, აუმჯობესებს კუნთების მუშაობას, ამცირებს უმოძრაობის შედეგებს და ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა.

თუმცა ეს ვერ იქნება უნივერსალური რეკომენდაცია ყველასთვის.

თუ ადამიანს, მაგალითად, აქვს ხერხემლის თიაქარი, მუხლის მძიმე ოსტეოართროზი, მენისკის დაზიანება ან სხვა მდგომარეობა, რომლის დროსაც ვერტიკალური დატვირთვა სიმპტომებს აძლიერებს, ხანგრძლივი სიარული ან განსაკუთრებით სირბილი შეიძლება საუკეთესო არჩევანი არ იყოს. ასეთ შემთხვევაში ხშირად უფრო მიზანშეწონილია ცურვა, წყალში ვარჯიში ან ველოსიპედი, რადგან ისინი ამცირებენ დატვირთვას სახსრებზე და ამავე დროს კუნთებს ეფექტურად ავარჯიშებენ.

ზოგიერთისთვის საუკეთესო არჩევანი შეიძლება იყოს იოგა ან პილატესი, თუ მიზანია მოქნილობის, ბალანსისა და სხეულის სწორი ბიომექანიკის გაუმჯობესება. თუმცა ესეც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, რადგან ყველა მოძრაობა ყველა პაციენტისთვის უსაფრთხო არ არის.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ: სახსრის ტკივილი არ ნიშნავს, რომ მოძრაობა უნდა შევწყვიტოთ. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში სწორად შერჩეული ფიზიკური აქტივობა მკურნალობის ნაწილია. პრობლემა არა მოძრაობაში, არამედ არასწორად შერჩეულ დატვირთვაშია.

ამიტომ ჩემი მთავარი რეკომენდაცია იქნება: სანამ სპორტის სახეობას აირჩევთ, განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ სახსრების ან ხერხემლის დაავადება, უმჯობესია ექიმთან ან ფიზიოთერაპევტთან ერთად შეარჩიოთ ის აქტივობა, რომელიც სწორედ თქვენს მდგომარეობას შეესაბამება. ის, რაც ერთ ადამიანს ეხმარება, შეიძლება მეორესთვის სიმპტომების გამწვავების მიზეზი გახდეს. სწორედ ამიტომ რევმატოლოგიაში უნივერსალური ვარჯიში არ არსებობს — არსებობს ინდივიდუალურად შერჩეული ფიზიკური აქტივობა, და სწორედ ეს იძლევა საუკეთესო შედეგს.

 

6. ზაფხულში რომელი პროდუქტები ეხმარება სახსრებს და რომელ პროდუქტებს უნდა ვერიდოთ?

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სახსრების ჯანმრთელობას ერთი კონკრეტული პროდუქტი არ განსაზღვრავს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ზოგადად ჯანსაღი და ბალანსირებული კვება  და ულტრაპროცესირებული საკვებისა და  შაქრის შეზღუდვა.

ასეთი კვება კარგია არა მხოლოდ სახსრებისთვის, არამედ მთლიანად ორგანიზმისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც. ისევ ვბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ: სახსარი არ არის ცალკე ორგანო — ის არის მთლიანად ორგანიზმის ნაწილი.

თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი, სადაც დიეტას რეალურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს — ეს არის პოდაგრული ართრიტი. ამ შემთხვევაში კვებას პირდაპირი გავლენა აქვს დაავადების გამწვავებაზე, რადგან გარკვეული საკვები პროდუქტები ზრდის შარდმჟავას დონეს სისხლში.

წელს კლასიკური „საზაფხულო სცენარი" ასეთია: ცივი ლუდი, ფეხბურთის ყურება და მეგობრებთან ერთად დასვენება. თითქოს იდეალური კომბინაციაა, მაგრამ პოდაგრის მქონე მამაკაცისთვის ეს იდეალური დასვენება ძალიან მალე შეიძლება არასახარბიელო სცენარად გადაიქცეს. ლუდი პურინებით მდიდარი პროდუქტია და წარმოადგენს შარდმჟავას წყაროს, რომელიც შემდეგ იწვევს სახსრების ანთებას.

სხვა მხრივ, ზოგადი პოპულაციისთვის მაინც რჩება მთავარი პრინციპი: ბალანსი, ზომიერება და ჯანსაღი კვება და არა მკაცრი აკრძალვების სია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონკრეტული დაავადება ამას ნამდვილად მოითხოვს.

 

7. რევმატოლოგიური დაავადებების დროს შეიძლება თუ არა შვებულებაში გამგზავრება?ფრენა, გრძელი მგზავრობა, სიცხე, მედიკამენტების შენახვა.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვთქვათ მარტივად: რევმატოლოგიური დაავადება, უმეტეს შემთხვევაში, არ არის შვებულებაზე უარის თქმის მიზეზი. პირიქით — სწორად დაგეგმილი მოგზაურობა და დასვენება ხშირად დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

თუმცა არის რამდენიმე პრაქტიკული საკითხი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ფრენა და გრძელი მგზავრობა ზოგადად უსაფრთხოა, მაგრამ დიდხანს უმოძრაოდ ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს შებოჭილობა, ტკივილი და შეშუპება, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში. ამიტომ გრძელი ფრენების დროს რეკომენდებულია პერიოდულად ადგომა, მოძრაობა, წყლის საკმარისი რაოდენობის მიღება და კომფორტული პოზიციის შერჩევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც უკვე აქვს სახსრების ან ვენური სისტემის პრობლემები.

სიცხე თავის მხრივ პირდაპირ არ „ამწვავებს" რევმატოლოგიურ დაავადებებს, მაგრამ შეიძლება გააძლიეროს დაღლილობა, სისუსტე და დისკომფორტი. ამიტომ მნიშვნელოვანია გადახურების თავიდან აცილება, ჩრდილში ყოფნა და სითხის რეგულარული მიღება.

ცალკე მნიშვნელოვანი თემაა მედიკამენტების შენახვა და მიღება. ბევრი რევმატოლოგიური პრეპარატი საჭიროებს განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებსაც. ამიტომ აუცილებელია ტრანსპორტირების წინასწარ სწორად დაგეგმვა. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ შვებულებამდე პაციენტი იყოს დაავადების შედარებით სტაბილურ ფაზაში. აქტიური გამწვავების დროს მოგზაურობა შესაძლებელია, მაგრამ უფრო რთულია და ზოგჯერ საჭიროებს ექიმთან შეთანხმებას.

მთავარი გზავნილი ასეთია: რევმატოლოგიური დაავადება არ უნდა გახდეს ცხოვრების შეზღუდვის მიზეზი. სწორად დაგეგმილი მოგზაურობა, მედიკამენტების კონტროლი და მარტივი პროფილაქტიკური ზომები საშუალებას იძლევა, რომ შვებულება იყოს უსაფრთხო და კომფორტული — ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის.