Nuk
ინფიცირებიდან რომელ დღეს გვაძლევს ზუსტ პასუხს პისიარ ტესტი და საჭიროა თუ არა ანტისხეულების განსაზღვრა

თარიღი: 11 აგვისტო, 2021

რა კვლევები გვჭირდება კოვიდის დროს, რა სიხშირით უნდა ჩავიტაროთ პისიარ ტესტირება და შესაძლებელია თუ არა პასუხი იყოს უარყოფითი, გვჭირდება თუ არა კვლევები ვაქცინაციამდე. ამ და სხვა საინტერესო თემებზე “მეგალაბის” სამედიცინო დირექტორმა ნინო ღულათავამ ისაუბრა.

 

ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. საუბარი დავიწყოთ მალდიტოფის აპარატის შესახებ. რა ტიპის აპარატია ეს, რა ტიპის კვლევები ტარდება მისი გამოყენებით და რა პასუხებს იძლევა მისი საშუალებით ჩატარებული კვლევა?

ნინო ღულათავა: მალდიტოფის აპარატი, რომელსაც „მეგალაბი“ იყენებს, ერთადერთია ამიერკავკასიაში. ეს გახლავთ სპეციალური მიკრობიოლოგიური აპარატი, რომლის საშუალებითაც ბაქტერიოლოგიური კვლევები კეთდება ძალიან სწრაფად და ზუსტად. ამ აპარატის საშუალებით სხვადასხვა ბაქტერიებისა და სოკოების იდენტიფიკაცია 15 წუთშია შესაძლებელი. თუ ადრე 72 საათი გვჭირდებოდა ლოდინი ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხის გასაგებად, ახლა მიკროორგანიზმების სრული იდენტიფიკაცია 24 საათშია შესაძლებელი, ამის წყალობით კი ექიმს შეუძლია დროულად ჩართოს მკურნალობაში ანტიბიოტიკი. აპარატს გააჩნია უზარმაზარი რესურსი, თავის ბიბლიოთეკაში აქვს 10 000-ზე მეტი მიკროორგანიზმის აღწერა და გვაძლევს საშუალებას, რომ მათი იდენტიფიკაცია მოვახდინოთ უმოკლეს დროში. აპარატის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ბიოლოგიური მასალის კვლევა, მაგ: სისხლის, შარდის და ა.შ. თუ ადრე სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხს დაახლოებით 10 დღე სჭირდებოდა, ეს აპარატი უზუსტეს პასუხს გვაძლევს უკვე 24 საათში, რაც უდიდესი დახმარებაა ექიმებისთვის და პაციენტებისთვისაც. სწორედ ამ კვლევას ეყრდნობა ის, თუ რომელი ანტიბიოტიკი და რა დოზით უნდა დაინიშნოს.

 

ქვეყანაში არსებული კოვიდ-ვითარების ფონზე შეუძლებელია არ ვისაუბროთ PCR ტესტების შესახებ. სხვა ლაბორატორიების მსგავსად, „მეგალაბიც“ აკეთებს ამ ტესტებს, თუმცა თქვენ გაქვთ ერთი უპირატესობა – „მეგალაბი“ პაციენტებს სთავაზობს PCR-ის პასუხს გაცილებით სწრაფად, ვიდრე სხვა ლაბორატორიები. როგორ იღებთ გადაწყვეტილებას, ვის სჭირდება სწრაფი პასუხი, თუ ეს თავად პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული? 

ნინო ღულათავა: იქიდან გამომდინარე, რომ მეგალაბი მუდმივად ზრუნავს თავისი სერვისების გაუმჯობესებაზე, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სერვისს „სწრაფი პი სი არი“. ამ კვლევაზე პასუხის მიღება ერთ საათშია შესაძლებელი. ტესტი კეთდება დახურული სისტემა ჯინ-ექსპერტის საშუალებით, რომელიც გამოირჩევა მაღალი სპეციფიკურობით. კლასიკური PCR-ის დროს ჩვენ ველოდებით ნიმუშების დაგროვებას და ერთდროულად 95 ნიმუშს ვტესტავთ, სწრაფი PCR-ის დროს კი ტესტი ინდივიდუალურად კეთდება და შესაბამისად, პასუხიც ერთ საათშია ცნობილი. რაც შეეხება სხვა შეთავაზებებს, გვაქვს კლასიკური PCR ტესტი 6, 12 და 24 საათში. ეს უკვე პაციენტის გადასაწყვეტია, თუ რომელი შეთავაზებით ისარგებლებს. შესაძლოა მას ჰქონდეს სიმპტომები, ეჩქარებოდეს იზოლაციაში გადასვლა, შეიძლება მიფრინავდეს საზღვარგარეთ და დროში იყოს შეზღუდული. ყველა ასეთ სიტუაციაზე ჩვენ გვაქვს მორგებული დროები და უკვე პაციენტის გადასაწყვეტია, თუ რომელ სერვისს აირჩევს.

 

ქალბატონო ნინო, რა სახის კვლევაა PCR ტესტი ნერწყვის სინჯის გამოყენებით?

ნინო ღულათავა: როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის საწყის სტადიაზე PCR ტესტი კეთდებოდა ცხვირ-ხახის ნაცხით, სადაც შესაძლოა ვირუსი მაღალი კონცენტრაციით ყოფილიყო წარმოდგენილი. ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ საკვლევ მასალად ნერწყვიც გამოდგება, რომლის მიღებაც ბევრად მარტივია. აღმოჩნდა, რომ ნერწყვი იგივე სიზუსტით იძლევა პასუხს, როგორც ცხვირ-ხახის ნაცხი, მისი მოპოვება კი არაკომფორტულ პროცედურასთან არ არის დაკავშირებული.

 

ხშირად ხდება, რომ როცა ადამიანს უვლინდება სიმპტომები და არის ინფიცირებულის კონტაქტი, სწრაფი ტესტი უარყოფითია. ასეთ დროს პირველ რიგში პაციენტს ეძლევა PCR ტესტის ჩატარების რეკომენდაცია. თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ  სიმპტომების არსებობის მიუხედავად PCR ტესტის პასუხიც შეიძლება იყოს უარყოფითი. შესაძლოა თუ არა, რომ PCR ტესტმა მოგვცეს ცრუ უარყოფითი პასუხი და სიმპტომების არსებობისას უნდა ჩავთვალოთ თუ არა, რომ გვაქვს ინფექცია? ასევე საინტერესოა, თუ როდისაა საუკეთესო დრო ტესტის ჩასატარებლად?

ნინო ღულათავა: ვირუსს აქვს თავისი საინკუბაციო პერიოდი, რომელიც დაახლოებით 1-3 დღეს გრძელდება. ამ დროს ადამიანი ინფიცირებულია, თუმცა არანაირი სიმპტომი არ აქვს. კონტაქტიდან მე-4-5 დღეს არის იდეალური დრო იმისათვის, რომ PCR ტესტის  ჩასატარებლად ავიღოთ ცხვირ-ხახის ნაცხი. მე-7 დღიდან ცხვირ-ხახაში ვირუსის კონცენტრაცია იკლებს, ანუ შესაძლოა მე-7, მე-8 და მომდევნო დღეებში ტესტმა უჩვენოს ცრუ უარყოფითი პასუხი, რადგან ამ დროს ვირუსის მიმართ PCR ტესტის მგრძნობელობა ქვეითდება. ამიტომ თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან ან პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 72 საათში მოვიღეთ უარყოფითი პასუხი, შემდეგ 72 საათში კიდევ ერთხელ უნდა გავიკეთოთ PCR ტესტი. თუმცა გარკვეული პროცენტი აქაც არის, რომ პასუხი იყოს ცრუ უარყოფითი. გარდა პერიოდისა, თუ როდის უნდა ავიღოთ მასალა ტესტისათვის, მნიშვნელოვანია მისი სწორად აღებაც, რათა ტესტმა ვირუსი დაიჭიროს და შესაბამისად, მისი არსებობის შემთხვევაში დადებითი პასუხი მოვიდეს.

 

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ვირუსის რა რაოდენობა მიიღო ორგანიზმმა ინფიცირებისას. როდესაც ადამიანს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, ექიმები ვარაუდობენ, რომ ადამიანის ორგანიზმში ვირუსი თავიდანვე დიდი რაოდენობით მოხვდა. შესაძლებელია თუ არა ამ მაჩვენებლის დადგენა?

ნინო ღულათავა: არა, ამის დადგენა შესაძლებელი არ არის. თუმცა PCR ტესტს აქვს თავისი ციკლები, ეს ციკლები შესაძლებელია იყოს ადრეულ ფაზაში რაც მიუთითებს იმას რომ ეს მწვავე ფაზაა და არა იმ ვირუსის კონცენტრაციაზე რაც შევისუნთქეთ,. პისიარით ვერ დავადგენთ ვირუსის ოდენობას.

 

ქალბატონო ნინო, კიდევ ერთი კვლევა, რომელზეც უამრავი კითხვა ისმის, არის ანტისხეულების ტესტი. ფაქტობრივად ყოველი მეორე ადამიანი იკეთებს ამ კვლევას, რომელიც ერთის მხრივ იმისათვის არის საჭირო, რომ გავიგოთ გადავიტანეთ თუ არა ვირუსი და მეორეს მხრივ, თუ გადავიტანეთ, გავიგოთ რა რაოდენობის ანტისხეულები გვაქვს. თუმცა ცნობილია ისიც, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ ერთ თვეში არის უკვე შესაძლებელი ვაქცინაცია. მაშინ საერთოდ რა საჭიროა ანტისხეულების ტესტი?

ნინო ღულათავა: ანტისხეულების ტესტი არის თვისობრივი კვლევა, რომლის საფუძველზეც დგინდება, გადაიტანა თუ არა ადამიანმა კოვიდ-19. როგორც იცით, დაავადება შეიძლება იყოს ასიმპტომური. ამ შემთხვევაში ხდება ანტისხეულების განსაზღვრა ვირუსის მიმართ, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დგინდება, რომ ჩვენ გადავიტანეთ კოვიდ-19. ანტისხეულების განსაზღვრა უკვე შესაძლებელია პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ერთი თვის თავზე. გარდა ვირუსის გადატანის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულებისა, ადამიანები ხშირად ამოწმებენ პოსტ-ვაქცინურ ანტისხეულებს, ანუ ამოწმებენ რამდენი ანტისხეული გამომუშავდა აცრის შემდეგ. ეს არის უკვე რაოდენობრივი კვლევა. გააჩნია, რა ტიპის ვაქცინით მოხდა აცრა. ამ შემთხვევაში დგინდება, თუ რა რაოდენობის ანტისხეულები გვაქვს. ამ ტესტის ჩატარება უკვე ვაქცინაციიდან ორ კვირაშია შესაძლებელი. რამდენად არის რაოდენობა მნიშვნელოვანი და რამდენად შეუძლია ამ ანტისხეულებს ვირუსის ნეიტრალიზაცია, ეს უკვე სხვა კვლევის საგანია, რომელიც ჯერჯერობით ჩვენთან  დანერგილი არ არის.

 

ვისაუბროთ იმ ანალიზებზე, რომლებიც კოვიდის მიმდინარეობისას ტარდება. როგორც ცნობილია, ეს არის სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციები, კოაგულოგრამა-დე დიმერი და ასევე C რეაქტიული ცილა. თქვენი დაკვირვებით, სწორია თუ არა მიდგომა, რომ ეს კვლევები კოვიდის დროს საჭიროა?

ნინო ღულათავა: მადლობა ამ კითხვისთვის, რადგან მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამ კვლევებზე. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი უნდა აიცრას. ამიტომ ამ კვლევების შედეგებით პაციენტმა უარი არ უნდა თქვას  აცრაზე, ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ცვლილება დაფიქსირდა. სისხლის საერთო ანალიზი გვაძლევს ზოგად წარმოდგენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, C რეაქტიული ცილა არის ერთ-ერთი ანთებითი მარკერი და უჩვენებს არის თუ არა ანთებითი პროცესი ორგანიზმში, კოაგულოგრამა და დე დიმერი კი სისხლის შემადედებელ სისტემაზე გვაწვდის ინფორმაციას. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე პარამეტრი შეცვლილია, ეს ვაქცინაციის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. უკუჩვენება შეიძლება იყოს ინფექციური ან არაინფექციური გენეზის ანთებითი პროცესი, თუ მომატებულია C რეაქტიული ცილა, ბუნებრივია უნდა მოიძებნოს მიზეზი. თუმცა თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მას ამ კვლევების გარეშეც შეუძლია აცრა. სხვა საკითხია თუ თავს ცუდად გრძნობთ, ასეთ დროს რასაკვირველია კვლევები უნდა ჩაიტაროთ. მე პირადად მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზს, კოაგულოგრამას და C რეაქტიული ცილის ანალიზს გავიკეთებდი. ზოგადად არ არსებობს რეკომენდაცია, რომ აცრის წინ აუცილებლად უნდა გაკეთდეს რაიმე ანალიზი. ეს მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, თუ რაიმე გვაწუხებს და თავს კარგად არ ვგრძნობთ. პროთრომბინის ინდექსის მატება და პატარ-პატარა ცვლილებები ზოგადად არ უნდა იყოს ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძველი.

 

გასაგებია თქვენი დამოკიდებულება ვაქცინაციის წინ ჩასატარებელ კვლევებზე, თუმცა საინტერესოა რას იტყვით ამ კვლევების ჩატარებაზე მაშინ, როდესაც ადამიანს მიმდინარე კოვიდი აქვს. როდის სჭირდება ასეთ პაციენტს კვლევები?

ნინო ღულათავა: ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე კოვიდთან მიმართებაში აქვს თავისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდის მიმდინარეობისას რეკომენდებულია პაციენტმა ჩაიტაროს სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კვლევა დე დიმერზე, რათა შეფასდეს თრომბოზის განვითარების რისკი. ასევე უნდა ჩატარდეს პროკალციტონინის და C რეაქტიული ცილის განსაზღვრა. პროკალციტონინი არის სეფსისის მარკერი, ის მეორადი ბაქტერიული ინფექციის განვითარების შესაფასებლად გამოიყენება. ეს კვლევები ოჯახის ექიმმა უნდა დანიშნოს.

 

ქალბატონო ნინო, აუცილებელია თუ არა, რომ ყველა კვლევა დილის საათებში და უზმოზე  ჩატარდეს?

ნინო ღულათავა: ადრე იყო მიდგომა, რომ ყველა კვლევა უნდა ჩატარებულიყო დილას და უზმოდ. არსებობს კვლევები, რომლებიც მართლაც დილას და უზმოდ უნდა ჩატარდეს. ესაა მაგალითად გლუკოზის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ფერტილობის ჰორმონების, მაგალითად პროლაქტინის კვლევა. რეკომენდებულია ლიპიდური ცვლის დასადგენი კვლევა ჩატარდეს 12 საათიანი შიმშილის შემდეგ. შარდის ანალიზი უნდა ჩატარდეს დილის შარდით და ა.შ.. ზოგადად, უმჯობესია, რომ ყველა ლაბორატორიული კვლევა დილას და უზმოზე ჩატარდეს. არის გარკვეული კვლევები, რომლებიც მოითხოვს უზმოდ ყოფნას და დილას ჩატარებას. თუმცა ისეთი ანალიზებიც არსებობს, რომელთა შედეგებიც არ იცვლება იმის მიხედვით, არის თუ არა ადამიანი უზმოდ და ვიღებთ თუ არა საკვლევ მასალას დილას. თუ გადაუდებელი სიტუაციაა, არანაირი პრობლემა არ არის, რომ ანალიზი გაკეთდეს მაშინ, როდესაც პაციენტი არ არის უზმოდ და გაკეთდეს მაგალითად, დღის მეორე ნახევარში.

 

ქალბატონო ნინო, როგორც ვიცით, „მეგალაბში“ ფუნქციონირებს პათოლოგიათა დეპარტამენტი. თუ შეიძლება უფრო მეტი გვითხრათ ამ დეპარტამენტზე?

ნინო ღულათავა:  „მეგალაბი“ ერთ-ერთი მრავალპროფილური ლაბორატორიაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიის დეპარტამენტსაც. დეპარტამენტში ტარდება ციტოლოგიური, მორფოლოგიური, ჰისტომორფოლოგიური, ციფრული და განეტიკურ-მორფოლოგიური კვლევები. ციფრული მორფოლოგია ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ პირველადი მორფოლოგიის შემდეგ ნიმუშები განვიხილოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მაგალითად ჰოლანდიურ ლაბორატორიაში მომუშავე კოლეგებთან, შეგვიძლია მათთან გავიაროთ კონსულტაცია. ეს მიმართულება ძალიან პოპულარული და სასარგებლოა, განსაკუთრებით ონკოლოგიური პაციენტებისათვის. პათოლოგიის ყველა მიმართულება არის ჩვენთან წარმოდგენილი.

 

კიდევ აპირებს თუ არა „მეგალაბი“ სხვა ტიპის სერვისების და მომსახურების დამატებას, რაც აქამდე არ ყოფილა?

ნინო ღულათავა: ახლო მომავალში ჩვენს სერვისებს გენეტიკური კვლევები დაემატება და ვფიქრობ, ეს მეტად გაამრავალფეროვნებს ჩვენს სერვისს. გენეტიკური კვლევების თვალსაზრისით, ასევე დიაგნოსტიკის და მკურნალობის თვალსაზრისით მიდგომები შეიცვლება, დიაგნოზები დროულად იქნება დასმული, რაც უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

ქალბატონო ნინო, სად ხედავთ გამოსავალს დღევანდელი ეპიდვითარებიდან? აგვისტოში ასეთი რიცხვები აქამდე არასდროს ყოფილა. სად ხედავთ გამოსავალს მაშინ, როდესაც მალე სხვა ვირუსების სეზონიც დაიწყება?

ნინო ღულათავა:  ვაქცინაცია, პირბადე და დისტანცირება, მაგრამ პირველ რიგში ვაქცინაცია. დღესდღეობით მეტი გამოსავალი არ არის. ვირუსისაგან თავის დასაცავად აცრა საუკეთესო გამოსავალია.

წყარო: https://fortuna.ge