Nuk
აუტიზმის მქონე ბავშვის ინტელექტი ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს

თარიღი: 20 დეკემბერი, 2020

გავრცელებული შეხედულებით, IQ მაჩვენებელი არის სტატიკური და არ განიცდის ცვლილებას ასაკის მატებასთან ერთად. ამ დღეებში გავრცელდა ახალი სარწმუნო კვლევის შედეგებით მიღებული საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აუტიზმის მქონე პირების ინტელექტის კოეფიციენტი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს მოზარდობისა და ადრეული ზრდასრულობის პერიოდში.

ამ გრძელვადიან კვლევაში მონაწილეობდა აუტიზმის სპექტრის მქონე 126 პირი. კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად აუტიზმის სიმპტომების მყარად შენარჩუნებისა, მონაწილეთა ინტელექტის მაჩვენებელი საშუალოდ 7.28-ით გაიზარდა 12-დან 23 წლამდე პერიოდში.

ეს კვლევა გამოქვეყნდა ამერიკის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული აკადემიის ჟურნალში 2 დღის წინ, 18 დეკემბერს. კვლევა ეფუძნებოდა დაკვირვებას იმ ბავშვებზე, რომელებიც ჩართულნი იყვნენ ლონდონის სპეციალური საჭიროებისა და აუტიზმის პროექტში. კვლევაში მონაწილეობდნენ, როგორც მძიმე ინტელექტუალური შეზღუდვის, ასევე მაღალი ინტელექტუალური მაჩვენებლის მქონე მონაწილეები, რომელთა შეფასება მოხდა 12, 16 და 23 წლის ასაკში.
IQ ტესტები მორგებული იყო თითოეულ ასაკზე და ნაკლებად იყო მოსალოდნელი ქულების ცვლილება. თუმცა, როგორც მკვლევარები ამბობენ, ცვლილებები იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ის შეამჩნიეს მშობლებმაც და მზრუნველმა პირებმაც.
კვლევის თანახმად, უფრო მაღალი შედეგები ჰქონდათ მათ, ვისაც აღენიშნებოდათ სამეტყველო ენის ადრეული რეგრესი. ასეთ ჯგუფში ზრდა იყო საშუალოდ 15,4 ქულა, მაშინ, როცა რეგრესიის არმქონე ჯგუფში იგივე მაჩვენებელი იყო საშუალოდ 6,6.

„მართალია ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმ ალბათობას, რომ ინტელექტის კოეფიციენტის ზრდა გამოიწვია მოტივაციის ზრდამ ან ტესტის ხელმისაწვდომობამ, მაგრამ მთავარია, რომ ეს ალტერნატივები წარმოადგენს ცხოვრებისეული ფუნქციონირების მნიშვნელოვან ასპექტებს, რამაც შესაძლოა შექმნას ახალი საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობები“, განაცხადა ემილი სიმონოფმა (Emily Simonoff), ლონდონის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული კინგსის კოლეჯის ფსიქიატრიის პროფესორმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კვლევას.

მასალა მოამზადა: მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა და ქცევითმა თერაპევტმა გვანცა ვარდიშვილმა.

წყარო:https://bit.ly/2Wzg3sc