პანტოსტაბილი / Pantostabyl
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): pantoprazole
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- მწარმოებელი კომპანია: DEVA Holding
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
პანტოსტაბილი 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
მიიღება პერორალურად.
მოქმედი ნივთიერება: ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 45.11 მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატს, რაც შეესაბამება 40 მგ პანტოპრაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბონატი უწყლო, მანიტოლი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლივინილპიროლიდინი K90, კალციუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი/PEG 3350, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, სიმეთიკონი Q7-2587.
1. რას წარმოადგენს პანტოსტაბილი და რისთვის გამოიყენება
პანტოსტაბილი წარმოდგენილია ტაბლეტის სახით, რომელიც შემოგარსულია სპეციალური ნივთიერებით (ნაწლავში ხსნადი გარსი), რაც იცავს პრეპარატს კუჭში გახსნისგან. თითოეული ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას - 40 მგ პანტოპრაზოლს (პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატის სახით).
პანტოსტაბილის მოქმედი ნივთიერება პანტოპრაზოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი“. პრეპარატი ამცირებს კუჭში წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას და გამოიყენება მჟავიანობასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავური დაავადებების სამკურნალოდ.
პანტოსტაბილი წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვებში, რომლებიც შეიცავს ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარულ 14 ან 28 ტაბლეტს. ტაბლეტები არის ოვალური ფორმის, ღია ყვითელი ფერის, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.
პანტოსტაბილი ინიშნება:
მოზრდილებსა და 12 წლიდან ასაკის ბავშვებში:
რეფლუქსური ეზოფაგიტის (საყლაპავის ანთება კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავისკენ დაბრუნების გამო) სამკურნალოდ.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გერდ) სამკურნალოდ.
მოზრდილებში:
ბაქტერიით Helicobacter pylori (H. pylori) გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულების სამკურნალოდ ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად, ბაქტერიის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, მსგავსი წყლულების რეციდივის რისკის შემცირების მიზნით.
პეპტიური წყლულის (თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულები) სამკურნალოდ.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის (პანკრეასის სიმსივნეები, რომლებიც კუჭში ჭარბი მჟავიანობის გამომწვევ ჰორმონს წარმოქმნიან) და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლის დროსაც კუჭში ხდება დიდი რაოდენობით მჟავას წარმოქმნა.
2. რა უნდა იცოდეთ პანტოსტაბილის მიღებამდე
არ მიიღოთ პანტოსტაბილი
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პანტოპრაზოლის ან პანტოსტაბილის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის ან ბენზიმიდაზოლების (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები) მიმართ
თუ გაქვთ ალერგია პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების შემცველი პრეპარატების მიმართ.
დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პანტოსტაბილის მიღებისას
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება ან პრობლემები ღვიძლთან დაკავშირებით. თქვენი ექიმი უფრო ხშირად დაგინიშნავთ ღვიძლის ფერმენტების ანალიზს, განსაკუთრებით პანტოსტაბილით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში პანტოსტაბილით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დაიცავით სიფრთხილის ზომები ორგანიზმში ვიტამინი B12-ის შემცირებული ოდენობის ან მისი შემცირების რისკ ფაქტორების არსებობის შემთხვევაში. ისევე, როგორც მჟავიანობის შემამცირებელმა სხვა საშუალებებმა, პანტოპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ვიტამინი B12-ის შეწოვის შემცირება.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ პანტოსტაბილს იყენებთ ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, თქვენი ექიმი დიდი ალბათობით განახორციელებს თქვენი მდგომარეობის რეგულარულ დაკვირვებას. თუ შენიშნავთ ნებისმიერ ახალ ან უჩვეულო სიმპტომს, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
პანტოსტაბილით მკურნალობისას შეიძლება დაითრგუნოს კიბოს სიმპტომები და საბოლოო ჯამში დააყოვნოს დიაგნოსტირება. ამიტომ, პანტოსტაბილით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი დაგინიშნავთ გარკვეულ ანალიზებს კიბოს გამოსარიცხად. მკურნალობის პერიოდში სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყო დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის მასის დაკარგვა). როგორც პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორმა, მაღალი დოზებით და ხანგრძლივად (1 წელზე მეტი დროის განმავლობაში) გამოყენებისას პანტოსტაბილმა შეიძლება მცირედიდ გაზარდოს ბარძაყის, მკლავის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ პაციენტებში და რისკის სხვა ფაქტორების გამოვლენის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ პანტოსტაბილის დაბალ დოზას ან უფრო ნაკლები ვადით.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ წარსულში დადგენილი გაქვთ ჰიპომაგნიემია (სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე). როგორც პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორმა, პანტოსტაბილმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია სულ მცირე 3 თვიანი (ზოგჯერ 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში) მკურნალობის შემდეგ. ამ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მაგნიუმის დანამატი ან შეამციროს პანტოსტაბილით მკურნალობა. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ პანტოსტაბილით მკურნალობის პერიოდში გაქვთ უჩვეულოდ სწრაფი, ნელი ან არათანაბარი გულისცემა, გრძნობთ დაღლილობას ან თავბრუსხვევას, გაქვთ კუნთების სპაზმი ან კრუნჩხვა. ვინაიდან ეს სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპომაგნიემიასთან. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ასევე იყენებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს. ჰიპომაგნიემია შეიძლება ასევე იწვევდეს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითებას. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლის რეგულარული ანალიზების ჩატარება მაგნიუმის დონის მონიტორინგის მიზნით.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გიტარდებათ ნეიროენდოკრინული სიმსივნის დიაგნოსტიკური ანალიზები, რადგან პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, პანტოსტაბილმა შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ანალიზების შედეგებზე.
პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, პანტოსტაბილმა შეიძლება მცირედიდ გაზარდოს ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ორგანოებში, შესაბამისად კი ინფექციის რისკი (Salmonella და Campylobacter).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი) საშუალებებით (აასს) გამოწვეული წყლულების პროფილაქტიკისთვის პანტოსტაბილის გამოყენება უნდა შეიზღუდოს პაციენტებში, რომლებშიც საჭიროა აასს ხანგრძლივი მკურნალობა და იმყოფებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ (მაგალითად, ასაკი 65 წელს ზემოთ, წყლულების ან კუჭიდან სისხლდენის ანამნეზით).
თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ ან გამასქელებელ პრეპარატებს, როგორიცაა ვარფარინი და ფენპროკუმონი, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი შემოწმება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის, თუ შეამჩნევთ, რომელიმე ქვემოთ აღწერილ სიმპტომს:
მოულოდნელი კლება წონაში
ღებინება, განსაკუთრებით მრავალჯერადი
ყლაპვის გაძნელება
სისხლიანი ღებინება
სიფერმკრთალე ან სისუსტე (ანემია)
სისხლი განავალში
მძიმე და/ან პერსისტული ფაღარათი
თუ აღნიშნული სიფრთხილის ზომები გეხებოდათ წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
პანტოსტაბილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პანტოსტაბილი გადაყლაპეთ მთლიანად მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით, დაღეჭვის და გადატეხვის გარეშე, ჭამამდე 1 საათით ადრე.
ორსულობა
მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ შესაბამისი მონაცემები არარსებობს. თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, მოცემული პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ თქვენთვის სარგებლიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოტენციური რისკი თქვენი მომავალი ბავშვისთვის.
თუ მკურნალობის პერიოდში დაადგენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღებულია ცნობები დედის რძეში პანტოპრაზოლის გამოყოფის შესახებ. მეძუძურ ქალებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისთვის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
თავბრუსხვევის ან მხედველობის დარღვევის შემთხვევაში არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოთ მექანიზმებთან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პანტოსტაბილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
პანტოპრაზოლმა შეიძლება დააქვეითოს სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკური ისეთი პრეპარატების შეწოვა, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოზაკონაზოლი, ან კიბოს სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატის შეწოვა, როგორიცაა ერლოტინიბი, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის მჟავას დონეზე (pH).
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირეს აივ-ის (შიდსი) სამკურნალო პრეპარატების, მაგალითად ატაზანავირის, შეწოვას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, მათ შორის პანტოპრაზოლი, არ გამოიყენება ატაზანავირთან ერთად.
პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ამიტომ, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება პანტოპრაზოლსა და სხვა პრეპარატებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში. თუმცა, ქვემოთ მითითებული პრეპარატებით ჩატარებული სპეციალური ანალიზებით კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნა:
კარბამაზეპინი (ეპილეფსიისა და ხასიათის ცვლილების სამკურნალო საშუალება),
დიაზეპამი (გამოიყენება მოუსვენრობის მოსახსნელად),
ნიფედიპინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),
გლიბენკლამიდი (გამოიყენება სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად).
კონტრაცეფციული აბები (ლევონორგესტრელის და ეთინილესტრადიოლის შემცველი)
თუ იყენებთ პრეპარატს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე (როგორიცაა ფენპროკუმონი/ვარფარინი), რეკომენდებულია სისხლის შედედების მაჩვენებლების მონიტორინგი პანტოპრაზოლით მკურნალობის დაწყების და შეწყვეტის შემდეგ, ასევე არარეგულარული გამოყენების პერიოდში.
ანტაციდებთან ერთდროულად გამოყენებისას ურთიერთქმედება არ აღინიშნა. ანტაციდები არის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭის მჟავიანობის დაუყოვნებლივ დასაქვეითებლად, როგორც წესი, დასაღეჭი ტაბლეტების ან სიროფის სახით.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
3. როგორ უნდა მიიღოთ პანტოსტაბილი
მითითებები სწორად გამოყენებასთან და დოზირებასთან/მიღების სიხშირესთან დაკავშირებით
მოზრდილები და 12 წლიდან ასაკის ბავშვები:
რეფლუქს ეზოფაგიტის (საკვებისა და კუჭის მჟავე შიგთავსის გადატანა კუჭიდან ყელისა და კუჭის დამაკავშირებელ მილში) და მასთან დაკავშირებული სიმპტომების (მაგალითად, წვა და ტკივილი გულ-მკერდის არეში, კუჭის მჟავე შიგთავსის გადატანა კუჭიდან საყლაპავ მილში, ტკივილი ყლაპვისას) სამკურნალოდ:
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს პანტოსტაბილის 1 ტაბლეტს დღე-ღამეში. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დღე-ღამეში 2 ტაბლეტამდე გაზრდილი დოზა. რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ შეადგენს 4-8 კვირას. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობას.
მოზრდილები
ბაქტერიით H. pylori გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულების სამკურნალოდ ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად:
რეკომენდებული დოზა შეადგენს პანტოსტაბილის 1 ტაბლეტს 2-ჯერ დღე-ღამეში, პლუს 2 ანტიბიოტიკი ამოქსიცილინი, კლარითრომიცინი ან მეტრონიდაზოლი (ან ტინიდაზოლი) ტაბლეტების სახით. პანტოპრაზოლის პირველი ტაბლეტი მიიღება საუზმემდე 1 საათით ადრე, ხოლო მეორე ტაბლეტი მიიღება საღამოს ვახშმამდე 1 საათით ადრე. ჩვეულებრივ მკურნალობის პერიოდი გრძელდება 1-2 კვირა. დაიცავით ექიმის მითითებები და გაეცანით მითითებული ანტიბიოტიკების შეფუთვის ჩანართებს.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ:
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს პანტოსტაბილის 1 ტაბლეტს დღე-ღამეში. თქვენს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება დოზის გაორმაგება. კუჭის წყლულების მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ შეადგენს 4-8 კვირას. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ შეადგენს 2-4 კვირას. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობას.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა მდგომარეობების ხანგრძლივი მკურნალობისთვის, როდესაც კუჭში ხდება დიდი რაოდენობით მჟავას წარმოქმნა:
ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს პანტოსტაბილის 2 ტაბლეტს დღე-ღამეში.
მიიღეთ ეს 2 ტაბლეტი ერთსა და იმავე დროს ჭამამდე 1 საათით ადრე. შეიძლება, თქვენმა ექიმმა მოგვიანებით დააკორექტიროს დოზა, კუჭში წარმოქმნილი მჟავას რაოდენობის მიხედვით. დღეში 2 ტაბლეტზე მეტის დანიშვნის შემთხვევაში ისინი მიიღება ორჯერ დღე-ღამეში.
თუ თქვენმა ექიმმა დღე-ღამეში 4 ტაბლეტზე მეტი დაგინიშნათ, ის გეტყვით პრეპარატის მიღების შეწყვეტის ზუსტ დროს.
მიღების წესი
პანტოსტაბილის ტაბლეტები არ უნდა დაღეჭოთ ან გადატეხოთ, ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ჭამამდე 1 საათით ადრე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
12 წლამდე ასაკის ბავშვებში მოცემული პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში
პანტოსტაბილი გამოიყენება ხანდაზმულებში დოზის კორექციის გარეშე.
თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტები
არ გამოიყენით პანტოსტაბილი H. pylori-ის აღმოფხვრის თერაპიისთვის, თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ღვიძლის მძიმე ან ზომიერი ხარისხის პრობლემები.
ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
დღე-ღამეში 20 მგ პანტოპრაზოლის 1 ტაბლეტზე მეტი არ უნდა მიიღოთ ღვიძლის მძიმე ხარისხის პრობლემების შემთხვევაში.
თუ ფიქრობთ, რომ პანტოსტაბილის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ პანტოსტაბილის საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბების სიმპტომები ცნობილი არ არის.
პანტოსტაბილის ძალიან ბევრი ტაბლეტის მიღების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პანტოსტაბილის მიღება
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ მომდევნო დოზა თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ ჩვეულებრივ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პანტოსტაბილის მიღება
თქვენი ექიმი გაცნობებთ, თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ პანტოსტაბილი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე, ვინაიდან სიმპტომები შესაძლებელია კვლავ წარმოიშვას ან გაუარესდეს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები თავს იჩენს პანტოსტაბილის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში.
გვერდითი მოქმედება კლასიფიცირებულია სიხშირის შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი:აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს
ხშირი:აღენიშნება 100-დან 1-10 პაციენტს
არც ისე ხშირი:აღენიშნება 1000-დან 1-10 პაციენტს
იშვიათი:აღენიშნება 10000-დან 1-10 პაციენტს
ძალიან იშვიათი:აღენიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს
ცნობილი არაა:შეუძლებელია შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით
შეწყვიტეთ პანტოსტაბილის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ქვემოთ მითითებული მდგომარეობა:
მძიმე ალერგიული რეაქციები (სიხშირე - იშვიათი): ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი (ჭინჭრის ციება), სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე თავბრუსხვევა გახშირებული გულისცემით და ძლიერი ოფლიანობით.
კანის მძიმე მდგომარეობები (სიხშირე უცნობია): კანზე მტკივნეული გამონაყარი სწრაფად გავრცელებული ბუშტუკების წარმოქმნით; და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება; თვალების, ცხვირის, პირის/ტუჩების ან სასქესო ორგანოების მიმდებარე უბნების დაწყლულება (მათ შორის, მცირე სისხლდენა) (ეს შეიძლება იყოს კანის მძიმე რეაქციების ნიშნები, როგორიცაა სტივენ-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ლაიელის სინდრომი) და სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
სხვა მძიმე მდგომარეობები (სიხშირე უცნობია): კანის და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, გამონაყარი, გადიდებული თირკმელები ზოგჯერ გამოხატული შარდვის დროს ტკივილით და ქვედა წელის ტკივილით (თირკმელების მწვავე ანთება).
ეს არის ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი მათგანის გამოვლენა ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია პანტოსტაბილის მიმართ.
შეიძლება საჭირო იყოს სასწრაფო სამედიცინო დაკვირვება ან ჰოსპიტალიზაცია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ მდგომარეობას:
არც ისე ხშირი (აღენიშნება 1000-დან 1-10 პაციენტს)
თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; დიარეა; სისუსტის შეგრძნება; ღებინება; შებერილობა და მეტეორიზმი კუჭის არეში; ყაბზობა; პირის ღრუს სიმშრალე; ტკივილი კუჭის არეში; ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი და კანზე გამონაყარი; სისუსტე; ძილის დარღვევა.
ბარძაყის, მკლავის ან ხერხემლის მოტეხილობის მომატებული რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც 1 წელზე მეტი დროით იღებენ პროტონული ტუმბოს ისეთ ინჰიბიტორებს, როგორიცაა პანტოპრაზოლი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც ზრდის ოსტეოპოროზის რისკს.
იშვიათი (აღენიშნება 10000-დან 1-10 პაციენტს):
გემოს შეგრძნების გაუარესება ან სრული დაკარგვა; მხედველობის დარღვევები, როგორიცაა არამკვეთრი მხედველობა; გამონაყარი (ჭინჭრის ციება); სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; წონის ცვლილება; სხეულის მაღალი ტემპერატურა; მაღალი სიცხე; ხელებისა და ფეხების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; მამაკაცებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია).
ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
დეზორიენტაცია.
ცნობილი არაა (შეუძლებელია შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით):
არარსებული საგნების დანახვა ან გაგონება (ჰალუცინაცია), დროისა და ადგილის შესაბამისობის დაკარგვა და დაბნეულობა (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც ეს სიმპტომები წარსულში გამოუცდიათ); სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია).
პანტოსტაბილის 3 თვეზე მეტხანს გამოყენების შემთხვევაში, ასევე შეიძლება დაიწიოს სისხლში მაგნიუმის დონე. მაგნიუმის დაქვეითებული დონე (ჰიპომაგნიემია) თავს იჩენს დაღლილობის, კუნთების უნებლიე სპაზმის, დეზორიენტაციის, კონვულსიის, თავბრუსხვევის და გახშირებული გულისცემის სახით. მაგნიუმის დაქვეითებულმა დონემ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმისა და კალციუმის დონის დაცემა. ექიმს შეიძლება დაგინიშნოთ რეგულარული ანალიზები სისხლში მაგნიუმის დონის მონიტორინგის მიზნით.
გვერდითი მოქმედება, რომელიც გამოვლენილია სისხლის ანალიზებით:
არც ისე ხშირი (აღენიშნება 1000-დან 1-10 პაციენტს)
ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე.
იშვიათი (აღენიშნება 10000-დან 1-10 პაციენტს):
ბილირუბინის დონის მომატება; სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმი) დონის მომატება; სისხლის მოცირკულირე მარცვლოვანი ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრად დაცემა, დაკავშირებული მაღალ ცხელებასთან.
ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება იწვევდეს ჩვეულებრივზე უფრო ხშირ სისხლდენას; სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება იწვევდეს უფრო ხშირ ინფექციებს, სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, ასევე თრომბოციტების რაოდენობის თანმხლები პათოლოგიური კლება.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული ამ შეფუთვის ჩანართში.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება უშუალოდ შეტყობინებათა ნაციონალური სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
5. პანტოსტაბილის შენახვის პირობები
შეინახეთ პანტოსტაბილი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალ შეფუთვაში.
პრეპარატი შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.