Nuk
PMS - პრემენსტრუალური სინდრომი

თარიღი: 18 მაისი, 2020

პრემენსტრუალური სინდრომი მრავალფეროვანი ფიზიკალური და ემოციური სიპტომების ერთობლიობაა, რომელიც, როგორც წესი, გამოვლინდება მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი ან ორი კვირით ადრე და ქრება მენსტრუალური სისხლდენის დაწყების შემდეგ. 

დადგენილია, რომ ყოველი 4 მენსტრუალური ასაკის ქალიდან 3 - ზე  მეტს გარკვეული ფორმით გამოხატული აქვს პრემენსტრუალური სინდრომი.

სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ზოგ შემთხვევაში, უმნიშვნელოდ გამოვლინდება, მაშინ, როცა ქალთა გარკვეული პოპულაციისთვის ის სერიოზული დისკომფორტის შემქმნელია. განსხვავდება სიმპტომების გამოვლენის დროის დამოკიდებულებაც მენსტრუალური სისხლდენის დაწყებასთან. 

პმს-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს: შემსუბუქდეს ან პირიქით - გაუარესდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ის გავლენას ახდენს ქალის ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულ რიტმზე. სწორედ ამიტომ, უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ, რომ აღნიშნულმა პრობლემებმა აკონტროლოს თქვენი ცხოვრება! სათანადო მკურნალობასთან ერთად, ცხოვრების წესის კორექტირებაც დაგეხმარებათ თავადვე შეამციროთ ან მართოთ პერმენსტრუალური სინდომის ნიშნები თუ სიმპტომები. 

პმს-ის პოტენციური ნიშნებისა და სიმპტომების ჩამონათვალი მრავალფეროვანია. თუმცა,როგორც წესი, ქალების უმეტესობას რამოდენიმე მათგანი გამოუვლინდება. ესენია:

1. ემოციური და ქცევითი პრობლემები:

- დაძაბულობა და შფოთვა

- დეპრესია

- ტირილიანობა

- მოწყენილობა ან გაღიზიანება და აღშფოთება

- მადის დაკარგვა და საკვების აუტანლობა

- ძილის პრობლემები (ინსომნია-უძილობა)

- სოციალური პრობლემები-გარიყულობის შეგრძნება


2. ფიზიკალური ნიშნები და სიმპტომები:

- სახსრების და კუნთების ტკივილი

- თავის ტკივილი 

- დაღლილობა

- წონაში მატება - დაკავშირებული სითხის შეკავებასთან (შეშუპება)

- მუცლის შებერილობა

- მკერდის დაჭიმულობა

- აკნე

- ყაბზობა ან დიარეა

მიუხედავად პრემენსტრუალური სინდრომის გამოხატულ სიმპტომთა სიმძიმისა, ქალთა უმეტესობაში ნიშნები და სიმპტომები ძირითადად ქრება მენსტრუაციის დაწყებიდან პირველი 4 დღის განმავლობაში, მაგრამ ქალთა მცირე ნაწილს პრემენსტრუალური სინდრომის ნიშნები არ უქრება ამ პერიოდში. სინდრომის ეს ფორმა ცნობილია, როგორც PMDD - პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა. PMDD ნიშნები და სიმპტომები მოიცავს უფრო რთულად გამოხატულ ხასიათის ცვლილებებს, დეპრესიას, შფოთვას, გაღიზიანებადობასა და დაძაბულობას. ზოგიერთი, ფიზიკალური ტკივილი ან ემოციური სტრესი შესაძლოა იყოს იმდენად მძიმე, რომ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს ქალის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე.

მიზეზები:

პრემენსტრუალური სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა, არსებობს რამოდენიმე მიზეზი, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს აღნიშნული კონდიციის განვითარებას:

1. ჰორმონების ციკლური ცვლილებები:

პრემენსტრუალური სინდრომის ნიშნები და სიმპტომები იცვლება ჰორმონალური რყევების მიხედვით და ქრება ორსულობისა და მენოპაუზის დროს.

2. ქიმიური ცვლილებები თავის ტვინში:

ფიქრობენ, რომ ნეიროტრანსმიტერი - სეროტონინი გადამწყვეტ როლს თამაშობს განწყობის შექმნაში და მისი რყევები შეიძლება წარმოადგენდეს ტრიგერს პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების განვითარებაში. კერძოდ, სეროტონინის დეფიციტმა შესაძლოა ხელი შეუწყოს როგორც პრემენსტრუალური დეპრესიის, ასევე საკვების აუტანლობის და ძილის პრობლემების განვითარებას. ზოგიერთ ქალს, მძიმე პრემენსტრუალური სინდრომით, აქვს არადიაგნოსტირებული დეპრესია . თუმცა, მხოლოდ დეპრესია, როგორც წესი, არ არის ხოლმე პმს-ის ყველა სიმტომის განვითარების მიზეზი.

3. სტრესი პრემენსტრუალური სინდრომის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზადააა მიჩნეული.

4. ზოგიერთი სიმპტომის გაუარესებას იწვევს საკვებში მარილის მაღალი შემცველობა, ასევე 

5. ალკოჰოლის და კოფეინის მოხმარება.

დიაგნოსტიკა:

არ არსებობს უნიკალური ფიზიკალური გამოკვლევები და ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც ზუსტად დაგვიდასტურებდა პრემენსტრუალური სინდრომის დიაგნოზს. 

დიაგნოზი ემყარება ოვულაციის პერიოდის შემდეგ მენსტრუაციის დაწყებამდე გამოვლენილი იმ ემოციური თუ ფიზიკალური სიმპტომების აღრიცხვას, რომლებისც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ჩვეულ რიტმზე. დიაგნოზის დასმა, ძირითადად, გამოვლენილი სიმპტომების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით ხდება, იმის მიხედვით, ესა თუ ის სიმპტომი რა დროს გამოვლინდება.

ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ დაკვირვება და სიმპტომების გამოვლენის დროის და სიმძიმის ჩანიშვნა კალენდარში ან დღიურში მომდევნო 2 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში. ამ დროს უნდა ჩაინიშნოთ დღე, როცა პირველად გამოვლინდება პმს-სიმტომები და დღე, როცა გაქრება ისინი. რა თქმა უნდა, უნდა ჩაინიშნოთ მენსტრუაციის დაწყების და დამთავრების დღეებიც.

სიმპტომების დღიური ჩამონათვალის წარმოება დაეხმარება ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში.

მკურნალობა:

ცხოვრების წესის ცვლილება პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია!

ხშირ შემთხვევაში თქვენ თავად შეგიძლიათ მართოთ ან შეამციროთ პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომები კვების სტილის შეცვლის გზით, ვარჯიშით და დღის რეჯიმის ცვლილებით. სწორედ ამიტომ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები!

1. შეიტანეთ ცვლილებები თქვენს დიეტაში!

- მიირთვით მცირე ულუფებით და ხშირად, რათა შეამციროთ დისკომფორტი გამოწვეული ზედმეტი საკვებით

- შეზღუდეთ მარილის და მარილიანი საკვების მოხმარება, რაც შეამცირებს სითხის შეკავებას ორგანიზმში

- აირჩიეთ საკვებად ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული

- მიირთვით კალციუმით მდიდარი პროდუქტები. თუ თქვენ არ გიყვართ რძე და რძის პროდუქტები და თვლით, რომ თქვენი რაციონი არასაკმარისადაა დაბალანსებული კალციუმით, შეგიძლიათ გამოიყენოთ კალციუმის და D ვიტამინის დანამატები. 

- მოერიდეთ კოფეინს და ალკოჰოლს

2. აქციეთ ვარჯიში თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად!

- დაუთმეთ დღეში მინიმუმ 30 წუთი ფეხით ან ველოსიპედით სეირნობას, ცურვას ან სხვა სახის აერობიკას კვირაში რამდენიმე დღე მაინც. რეგულარული დღიური ვარჯიში დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და გარკვეული სიმპტომების შემსუბუქებაში, როგორიცაა მაგ: დაღლილობა და დეპრესიული განწყობა.

3. შეამცირეთ სტრესი!

- მეტი დრო დაუთმეთ ძილს!

- ვარჯიში, კუნთების პროგრესულ რელაქსაციასა და ღრმა სუნქვაში, დაგეხმარებათ, შემცირდეს თავის ტკივილი, შფოთვა და უძილობა. 

- სცადეთ იოგა და სხვადასხვა სახის სარელაქსაციო მასაჟები.

4. ჩაინიშნეთ პმს სიმტომები რამდენიმე თვის მანძილზე

- აღრიცხეთ, როდის გამოვლინდება ესა თუ ის სიმტომი და აგრეთვე ის მიზეზები, რასაც თავად უკავშირებთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენას. ეს საშუალებას მოგცემთ შეიმუშაოთ სწორი სტრატეგია გამოვლენილი სიმპტომების შესამცირებლად.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ქალების უმეტესობისთვის ცხოვრების წესის ცვლილება დადებითად მოქმედებს პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების შემსუბუქებისა და გაქრობის კუთხით. მაგრამ, თუ თქვენ ვერ ახერხებთ მართოთ თქვენი პრემენსტრუალური სინდრომი რაციონალური დიეტით და ცხოვების წესის ცვლილებით და თუ პმს სიმტომები გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ აქტივობაზე, გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. საჭირო რეკომენდაციებთან ერთად, პრემენსტრუალური სინდრომის გამოხატული სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ერთი ან რამდენიმე მედიკამენტის დანიშვნა.

P.S.იყავით მეტად ინფორმირებული ! დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა !

გაეცანით ჩვენს სტატიებს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ .

სტატიის ავტორები:

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე