Nuk
მეთოდები, რომლებიც მშობლებს ბავშვების აღზრდაში ეხმარება

თარიღი: 19 ოქტომბერი, 2020

ზოგჯერ მშობლებს უწევთ გაუმკლავდნენ ისეთ სიტუაციებს, როდესაც, მაგალითად: ბავშვები ბოსტნეულის ჭამაზე, ან დროულად დაძინებაზე ამბობენ უარს. ასეთ შემთხვევებში მშობლების მცდელობები, ბავშვებს სწორი გადაწყვეტილებები მიაღებინონ, ხშირ შემთხვევებში ტირილითა და ყვირილით მთავრდება, რაც საბოლოოდ სასიამოვნო არც მშობლებისთვის და არც მათი პატარებისთვის არ არის. იცოდით, რომ ასეთი სიტუაციების თავიდან არიდება უმეტეს შემთხვევაში წარმატებით არის შესაძლებელი? ბავშვების აღზრდის პროცესში აღმოცენებული პრობლემების უმეტესობის მოგვარებას ეფექტურად შეძლებთ, თუკი რევერსიული ფსიქოლოგიის[1]მეთოდებს გამოიყენებთ. მაგალითად, ამ მეთოდის მიხედვით, ბავშვს შვრიის ფაფის ჭამას უკრძალავთ იმის ნაცვლად, რომ მისი ჭამა დააძალოთ. ლოგიკა მდგომარეობს შემდეგში - ადამიანებისთვის უფრო მეტად სასურველი და მიმზიდველი სწორედ აკრძალული საგნებია. როდესაც ბავშვებს უკრძალავთ შვრიის ფაფას, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ მალე სწორედ ეს გახდება მათი საყვარელი საჭმელი.
ამ სტატიის ავტორებმა ზოგიერთი მშობლის ისტორია შეარჩიეს, სადაც ისინი ჰყვებიან იმ ძალიან მარტივი, თუმცა საოცრად ეფექტური მეთოდების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც მათ ბავშვების აღზრდის პროცესში აღმოცენებული სირთულეები მეტნაკლებად მშვიდობიანი გზით გადაჭრეს. თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ მეთოდების მაღალი სიხშირით გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ისინი მანიპულაციის იარაღს წარმოადგენს, რაც საკმაოდ ფაქიზსა და ფრთხილ გამოყენებას საჭიროებს. გახსოვდეთ, რომ ბავშვები უფროსებს აკვირდებიან და მოქცევის წესებს სწორედ მათგან სწავლობენ! ამიტომაც, ასეთი მანიპულაციები იშვიათად, მხოლოდ იმ შემთხვევებში უნდა გამოიყენოთ, როდესაც პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზა არ არსებობს.
ახლა კი განვიხილოთ ზემოთ ნახსენები ზოგიერთი ისტორია:
· „ დედაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა, რომელიც სადილის დროს ბოსტნეულს მხოლოდ საკუთარ თეფშზე დებდა. ერთხელაც მას ბავშვებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ შეიძლებოდა მათ თეფზეც დაედო ბოსტნეული, რაზეც დედამ უხალისოდ უპასუხა: “ეს დიდების საჭმელია. თუმცა, ალბათ არაფერი დაშავდება თუკი ცოტას თქვენც გაგინაწილებთ.“ როგორც დედაჩემი ჰყვება, მას შემდეგ ბოსტნეული ამ ბავშვების საყვარელი საჭმელი გახდა. მე კი ბავშვობაში შეიძლება მაგიდასთან 3 საათი ვმჯდარიყავი და ზიზღით მეყურებინა ბროკოლისთვის, რომლის ჭამასაც მუდამ მაძალებდნენ.“

· „ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო ბავშვობის მეგობარს ცუდი მოქცევისათვის მშობლები ბოსტნეულის სალათის ჭამის აკრძალვით სჯიდნენ. იცით შემდგომ რა მოხდა? ჩემი მეგობარი ბოსტნეულის სალათის მოყვარული გახდა და სკოლის შესვენებაზე ყოველთვის ცდილობდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული ეჭამა. მის მეუღლეს კი, ბავშვობაში ცუდად მოქცევისას წიგნების წაკითხვის აკრძალვით სჯიდნენ და ამ მეთოდს ანალოგიური ეფექტი ჰქონდა. სახალისოა მათი ყურება ახლა, როდესაც ისინი ჯანსაღ საკვებსა და წიგნებს ისე უყურებენ, როგორც შავ ბაზარზე წარმოდგენილ იშვიათ, სანუკვარ საგნებს.“

„ბავშვობაში დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, რომ წვნიანის ჭამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებდი, თუკი ჯერ ტკბილეულს მივირთმევდი. თუმცა, იცით სინამდვილეში რა ხდებოდა? დედაჩემი ყოველთვის იმ ტკბილეულს მყიდულობდა, რომელიც არ მიყვარდა. ამიტომაც, სულ ცოტახანში უკვე მე ვთხოვე, რომ პირველს წვნიანს შევჭამდი და არა - ტკბილეულს. ისიც სიხარულით დამთანხმდა.“

· „წელიწადში ორჯერ ჩემს შვილებს უფლებას ვაძლევ, რომ რაც სურთ ის ჭამონ და რისი გაკეთებაც სურთ, ის - აკეთონ. როგორც წესი, ასეთი თავისუფლება ყოველთვის არაჯანსაღი საკვების მირთმევით მთავრდება ხოლმე. თავისუფლების მინიჭების პირველი სამი შემთხვევა ზედმეტი ასეთი საკვების მიღებითა და პირღებინებით დასრულდა. თუმცა, ეს მათთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა. ამიტომ, ახლა მათთვის მინიჭებულ თავისუფლებას ისინი უფრო გონივრულად იყენებენ - თავად არეგულირებენ არაჯანსაღი საკვების რაოდენობას და ცდილობენ, შედარებით უფრო სასარგებლო საკვები შეარჩიონ.“

· „ როდესაც პატარა ვიყავი, დილით ადრე ადგომა არ მიყვარდა. ერთხელაც, დედაჩემმა მითხრა, რომ დილით მამასთვის ოინი უნდა მოგვეწყო ხოლმე - მას უნდა ეფიქრა, რომ მე მეძინა. დედამ დამარიგა, რომ დილით ტანისამოსი ჩამეცვა და შემდგომ ლოგინში ისე დავწოლილიყავი. თანაც, თავი მძინარედ უნდა მომეჩვენებინა. როდესაც დილით მამა ჩემს გასაღვიძებლად შემოვიდოდა, მე მას ოინს მოვუწყობდი, რადგან უკვე სკოლაში წასასვლელად მზად დავხვდებოდი. დედაჩემის ეს მეთოდი ჩემზე ეფექტურად მუშაობდა, რადგან რამდენიმე წლის მანძილზე მამაჩემს წარმატებით „ვატყუებდი“. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლების მიზანი იყო ის, რომ დილით კამათის გარეშე ავმდგარიყავი და სკოლისათვის თავი მომეწესრიგებინა.“

· „ ბავშვობაში მამა გარეცხილი ტანსაცმლის სწრაფად შეგროვებასა და დაკეცვაში გვეჯიბრებოდა ხოლმე. მაშინ პატარები ვიყავით და გვიხაროდა, რომ მამა ამ შეჯიბრში ვერასდროს იმარჯვებდა.“

„ არ ვიცი ჩემი ეს მაგალითი რევერსიული ფსიქოლოგიის მეთოდად რამდენად ჩაითვლება, შეიძლება სულაც სასოწარკვეთილ მდგომარეობაში დარჩენილი ადამიანის გატანჯული პასუხი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მან გაჭრა! მე და ჩემი შვილი სურსათის მაღაზიაში, სალაროს რიგში ვიდექით. ჩემი შვილი მაშინ 3 წლის იყო, ამიტომ როგორც ხშირად პატარებს სჩვევიათ ხოლმე, ინტენსიური ტირილი დაიწყო, რომელიც სწრაფად გადაიზარდა ტანტრუმში - იგი იატაკზე დაწვა და ყვრილის მოჰყვა. მე მას მშვიდად დავხედე და ხმის ტონის აწევით (თუმცა, არა ყვირილით) ვკითხე: „დედაშენი სად არის? ჩვენ აუცილებლად უნდა ვიპოვნოთ დედაშენი!“ ის იმწუთსვე შეკრთა და გაჩუმდა, შემდეგ დაბნეულად შემომხედა, რადგან დედამისი ხომ მე ვარ. ტანტრუმი შეწყდა და
ყველაფერი ჩახუტებით დასრულდა.“

· „ ჩემს შვილს სათამაშოებისთვის დროებით თავის დანებება და მათი დალაგება ძალიან უჭირდა ხოლმე. თუმცა, ისეთი დავალებების შესრულება უყვარდა, რომლებიც სისწრაფეზე იყო და შეჯიბრის ხასიათს ატარებდა. ამიტომ, ბავშვის ეს გატაცება მისთვის არასასურველ ქმედებასთან დავაწყვილე და ასეთ დავალებას ვაძლევდი ხოლმე: მას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაეწყო წითელი ფერის სათამაშოები. შემდგომ ცისფერი, მწვანე და ა.შ. საბოლოოდ ვიღებდი შედეგს, რომელიც მსურდა: ყველა სათამაშო ყუთში იყო ჩალაგებული.“

· „ როდესაც პატარა ვიყავი, წიგნების თაროზე ერთი ჩემთვის აკრძალული წიგნი იდო. მშობლები მეუბნებოდნენ, რომ მის წაკითხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებდი, თუკი ყოჩაღად მოვიქცეოდი. მახსოვს, ზაფხულის არდადეგები იყო და ამ პერიოდისთვის მოცემული საზაფხულო საშინაო დავალებები უკვე შესრულებული მქონდა, ამიტომ მთელ დღეს თამაშში ვატარებდი. ერთ დღესაც, სახლში მარტო აღმოვჩნდი, შესაბამისად საშუალება მომეცა, რომ ეს აკრძალული წიგნი ამეღო. ზუსტად მახსოვს, წიგნის ნახევარი ლამის ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. წიგნის სათაურიც კარგად მახსოვს - „ ჩინეთის 5000 წლიანი ისტორია“. დღევანდელი გადმოსახედიდან დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ ეფექტურად გამაცურეს! “

· „ პატარაობაში ჩემი შვილი ძალიან იმპულსური იყო - ყოველთვის, როდესაც გზაზე გადავდიოდით, ხელს მიშვებდა და წინ გარბოდა. იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ მომხდარიყო, ასეთი გეგმა შევიმუშავე: ჩემს შვილს ვეუბნებოდი, რომ ქუჩაში ჩემი ხელი უნდა სჭეროდა, რადგან მეშინოდა არ დავკარგულიყავი. საბედნიეროდ ამ გეგმამ გაჭრა! ბავშვმა ჩემ მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნო და ყველანაირად ცდილობდა, რომ ჩემი ხელი მაგრად სჭეროდა იმისათვის, რომ მე არ დავკარგულიყავი.“

· „ ჩემი გამოცდილება ასეთია: უმჯობესია, თუკი ბავშვებს ორ მოქმედებას, თუ საგანს შორის შესთავაზებთ არჩევანის გაკეთებას იმის ნაცვლად, რომ ერთი რაიმე კონკრეტულის გაკეთების შესახებ პირდაპირ ჰკითხოთ, უნდათ თუ არა მისი შესრულება. მაგალითად, როდესაც უკვე დაძინების დროა და ჩემი შვილი ჯიუტად აცხადებს უარს, მე მას ვეკითხები: „დასაძინებლად წასვლა გირჩევნია, თუ იატაკზე დაყრილი სათამაშოების ალაგება?“ ისიც ყოველთვის დასაძინებლად წასვლას ამჯობინებს ხოლმე. ამ მეთოდის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ პატარა ბავშვები გადაწყვეტილების მიღებაში თავად არიან ჩართულები, შესაბამისად თავიანთ ქმედებაზე პასუხისმგებლობასაც გრძნობენ და ასევე, სიამოვნებთ, რომ არჩევანის გაკეთებისას უფროსები მათ აზრს ითვალისწინებენ. მათ უჩნდებათ განცდა, რომ დაფასებულები არიან.