რატომ „თრგუნავს" სათამაშოების სიმრავლე ბავშვის ტვინს?
ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი სათამაშო აქვს ბავშვს, მით უფრო მრავალფეროვანია მისი განვითარება. თუმცა, ნეიროფსიქოლოგიური კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს: სათამაშოების ჭარბი რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ყურადღების დეფიციტთან და კრეატიულობის დაქვეითებასთან.
რას ამბობს მეცნიერება?
ოჰაიოს უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ გარემოში სათამაშოების სიმრავლე ბავშვის ტვინში იწვევს ე.წ. არჩევანის პარადოქსს. როდესაც არჩევანი დიდია, ბავშვი ვერ ახერხებს ერთ ობიექტზე კონცენტრირებას, მისი ყურადღება ზედაპირულია და ის სწრაფად გადადის ერთი ნივთიდან მეორეზე, რაც ხელს უშლის აღმასრულებელი ფუნქციების ჩამოყალიბებას.
როდესაც ბავშვს ცოტა სათამაშო აქვს, მისი ტვინი იძულებულია ჩართოს უნარი, მოუძებნოს ერთ ნივთს მრავალი დანიშნულება. მაგალითად, უბრალო ხის კუბი შეიძლება გახდეს ტელეფონი, მანქანა ან სკამი. სწორედ ეს პროცესი ააქტიურებს ნეირონულ კავშირებს, რომლებიც პასუხისმგებელია პრობლემის გადაჭრასა და ფანტაზიაზე. ზედმეტი „მზა" სათამაშო კი ბავშვს ამ შემეცნებით ძალისხმევას ართმევს.
რეკომენდაციები მშობლებისთვის:
სათამაშოების როტაცია - ნუ გამოალაგებთ ყველაფერს ერთდროულად. დატოვეთ მხოლოდ 4-5 სხვადასხვა ტიპის ნივთი (მაგ: ერთი კონსტრუქტორი, ერთი ფიგურა როლური თამაშისთვის, ერთი ფაზლი). დანარჩენი შეინახეთ და 2-3 კვირაში შეცვალეთ. ეს ბავშვისთვის ყოველჯერზე „ახალი აღმოჩენის" ეფექტს შექმნის.
უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ნივთებს, რომლებსაც არ აქვთ ერთი კონკრეტული ფუნქცია (კუბები, ქსოვილები, ბუნებრივი მასალები). ისინი უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ბავშვის ინტერესს.