Nuk
ქცევის მართვა

თარიღი: 19 აპრილი, 2018

რა არის ქცევა?

ქცევა არის გარკვეული, ჩამოყალიბებული  ურთიერთზემოქმედება ადამიანისა გარემოსთან. ქცევა განისაზღვრება ადამიანის უნარით შეცვალოს საკუთარი მოქმედება გარე და შიდა ფაქტორების ზემოქმედებით. 

 

მშობლები ხშირად საუბრობენ საკუთარი შვილების როგორც მომავალზე, ასევე აწმყოზე. მომავალში მათ სურთ დაინახონ შვილები ჯანმრთელები, უნდათ, რომ მათ დაამთავრონ სკოლა, ინსტიტუტი, აითვისონ რომელიმე პროფესია, ჰყავდეთ ოჯახი, მიაღწიონ წარმატებას ამა თუ იმ სფეროში და ა.შ. ხოლო, როდესაც საუბარია შვილების აწმყოზე, ხშირად ხდება ბავშვების კონკრეტული ქცევების დახასიათება და ხშირად უარყოფითი აქცენტით, მაგ., ბავშვმა არ უნდა იჩხუბოს, უნდა კარგად ისწავლოს, არ ილაპარაკოს ხმამაღლა, არ დაანაგვიანოს ოთახი და მრავალი სხვა.

„არ შეგვარცხვინოს!“

ბავშვი უნდა იცავდეს ქცევის იმ წესებს, რომლებიც მიღებულია კონკრეტულ საზოგადოებაში, სიტუაციაში, ოჯახში. ხოლო, თუ ბავშვი ამა თუ იმ მიზეზის გამო, არღვევს ამ წესებს, მისი ქცევა ხდება მიუღებელი, არასასურველი, რთული ან პრობლემური. ბავშვის ე.წ. არასასურველი ქცევის მართვას ხშირად მოსდევს ბევრი მუქარა, შენიშვნა, მოთხოვნა, რომელიც ნათქვამია ბრძანებით, ბავშვის გრძნობების გაზიარების გარეშე ან პირიქით ნათქვამია თხოვნით, მუდარით. ორივე შემთხვევაში სასურველ შედეგის მიღწევა რთულდება.  აღნიშნულმა ქმედება, შეიძლება იმ წუთას შეაჩეროს მიუღებელი ქცევა, მაგრამ ეს დროებითი შედეგია და არასასურველი ქცევა აუცილებლად იჩენს თავს სხვა დროსაც და შეიძლება უფრო მძაფრი გამოხატულებით.

 

როგორ ქცევას ეძახიან არასასურველს, რთულს?

ეს არის ნებისმიერი ქცევა, რომელიც არღვევს არსებულ საზოგადოებაში ან კონკრეტულ სიტუაციაში არსებულ წესებს და ხელის შემშლელია სხვებისთვის. ხშირად მშობლები პრობლემურს ეძახიან შემდეგ ქცევებს:

ხანგძლივი ჭირვეულობა

ე.წ. ისტერიკები (ტანტრუმი)

ბავშვი იტყუება

იკბინება, ჩხუბობს

ყვირის

არ ალაგებს თავის ნივთებს

საგნებს აგდებს ან აზიანებს მათ, არ უფრთხილდება თავის ნივთებს

გარბის, თავს არიდებს სიტუაციას

ჭამაზე უარს ამბობს ან კვების რეჟიმი აქვს დარღვეული, კვების მენიუ „მიუღებელი“

ვლინდება თვითდამაზიანებელი ქცევა

არ აკეთებს გაკვეთილებს

არ მიდის სკოლაში

უხეშობს.

და ა.შ.

მრავალი წლის განმავლობაში მკვლევარები ცდილობდნენ პასუხის გაცემას კითხვაზე -  როგორ ავირიდოთ მსგავსი ქცევა თავიდან?

 

არ არსებობს მაგიური აბი, რომელიც  უეცრად შეცვლის ბავშვის ქცევას, მაგრამ არსებობს სტრატეგიათა რიგი, რომელიც დაგვეხმარება  არასასურველი, რთული ქცევის თავიდან არიდებაში ან მის მართვაში.

 

თითოეულ ქცევას აქვს თავისი ფორმა და ფუნქცია.

 ფორმა - ეს არის გზა, რომლითაც ესა თუ ის ქცევა ვლინდება, მაგ. ბავშვი ყვირის, აგდებს იატაკზე ნივთებს, სიტყვებით, ჟესტებით, მიმიკით  გამოხატავს საკუთარ სურვილებს  და მრავალი სხვა.

თითოეულ ქცევას აქვს წინაპირობა (სიტუაცია, ადამიანი, მოვლენა, გარემოება, სიტყვა და ა.შ.), რომელიც შეიძლება იყოს ქცევის გამშვები (ტრიგერი), თვითონ ქცევა და ქცევის შემანარჩუნებელი შედეგი (თუ რას აღწევს ან რისი მიღწევა უნდა ამ ქცევით ბავშვს).

ანუ ქცევას აქვს ფუნქცია - რატომ აკეთებენ? ქცევის ფუნქცია არის ის თუ, რა მიზანს ემსახურება ქცევა.

ქცევას როგორც წესი რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს - რაღაცის (საგნის, ადამიანის, ქმედების) მოთხოვნა/ყურადღების მოთხოვნა, რაღაცისგან ან ვიღაცისგან თავის არიდება, დახმარების თხოვნა, თვითსტიმულაცია. ბავშვების ქცევა ხშირად არის საშუალება გვითხრან ჩვენ, თუ რა უნდათ, ეს არის განაცხადი, კომუნიკაცია და ჩვენ უნდა ვეცადოთ დავინახოთ, თუ რა დგას ამა თუ იმ კონკრეტული ქცევის უკან.

ბავშვებმა შეიძლება არ იცოდნენ ან არ აქცევდნენ ყურადღებას იმას, რომ ამ კომუნიკაციაში იყენებენ „არასასურველ“, „მიუღებელ“ საშუალებებს. ასეთ შემთხვევაში უფროსებმა უნდა ასწავლონ მათ საკუთარი სურვილების გამოხატვის მისაღები გზები.

მაგრამ, რა უნდა გაკეთდეს, თუ ბავშვმა იცის თუ როგორ უნდა იმოქმედოს, მაგრამ მაინც არ იქცევა „სწორად“? მხოლოდ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცე, ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები ასე მოიქცევიან. შეიძლება მათთვის უფრო მარტივია გამოიყენონ არასასურველი ქცევა, ვიდრე იკითხონ რამე (მაგ., უარის მიღების შიშის გამო) ან იმოქმედონ წესების დაცვით. ხშირად ეს არის განმტკიცებული მშობლების მხრიდან ქცევის მართვის არათანმიმდევრული სტრატეგიით და იმით, რომ მშობლები ბავშვებს სურვილებს სწორედ არასასურველი ქცევის შედეგად უსრულებენ, რაც ნიშნავს, რომ ბავშვებს არასასურველი ქცევა  უკვე განმტკიცებული აქვთ. ან შეიძლება ამის მიზეზი იყოს ის, რომ მათ აკლიათ მშობლების, მასწავლებლების ყურადღება და უფროსებმა მიაჩვიეს ბავშვი ე.წ. უარყოფითი ყურადღების მიღებას.

 

რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში?

არსებობს რამდენიმე წინაპირობა, რომელთა გათვალიწინება არის საჭირო პრობლემური ქცევის მართვის და უფრო ზუსტად პრობლემური ქცევის პრევენციის (თავიდან აცილების) დროს. ესენია:
- ე.წ. რუტინის შემუშავება

- მკაფიო წესების და მათი შესრულების პირობების ჩამოყალიბება

- თანმიმდვრული და ოჯახის ყველა წევრის მხრიდან ერთიანი სტრატეგიის შემუშავება

- ბავშვების გრძნობების მიღება, მათთან ე.წ. პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება

რუტინა არის სტრუქტურირებული დღის რეჟიმი - დღის განმავლობაში მოსალოდნელი აქტივობების რიგი, რომელთა განხორციელებას აქვს თავისი ფიქსირებული დრო, ადგილი, წესი, თანმიმდევრობა. ჩამოყალიბებული რუტინა უქმნის ბავშვს უსაფრთხო გარემოს, რადგანაც ხდის მას მოსალოდნელს და ნაცნობს, ამცირებს ბავშვების შფოთვას მოსალოდნელი ცვლილებებისადმი. გარდა ამისა, სტრუქტურირებული დღის რეჟიმი, კერძოდ, დროული კვება, დროული ძილი მნიშვნელოვანია ბავშვების ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.


ბავშვების უმეტესობა ვერ იტანს მოულოდნელობას, ამიტომ აუცილებელია ბავშვის წინასწარი შემზადება რუტინაში მოსალოდნელი ცვლილებებისადმი და ზოგადად მოსალოდნელი მოქმედებისადმი.


ბავშვთან ერთად წინასწარ განიხილეთ სამომავლო აქტივობები, წინასწარ აცნობეთ მას, თუ რას აპირებთ, სად მიდიხართ, ვინ შეიძლება  დაგხვდეთ იქ, ან ვინ მოვა თქვენთან და რა აქტივობების განხორციელებას აპირებთ. ამ დროს უნდა აღწეროთ ძალიან კონკრეტული მოქმედებები. ეს სასურველია მოხდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვთან.

 

რუტინის და ზოგადად ქცევების ჩამოყალიბებული წესები მკაფიო და კონკრეტული უნდა იყოს. წესების ჩამოყალიბებისას უნდა გვახსოვდეს შემდეგი:

-  წესი პოზიტიურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული

-  ამ დროს ოჯახის უფროსი წევრები აუცილებლად უნდა თავად იცავდნენ  მათ მიერ ჩამოყალიბებულ წესებს, უნდა წარმოადგენდნენ ქცევის მოდელს ბავშვისთვის. თუკი  ჩამოყალიბებული წესი არ სრულდება ოჯახის წევრების მიერ, ერთის მხრივ, ბავშვიც არ ეცდება მის შესრულებას და მეორეს მხრივ, მშობელმა ან სხვა უფროსმა ოჯახის წევრმა შეიძლება დაკარგოს ავტორიტეტი ბავშვის თვალში.

-  ამასთან ერთად უნდა იყოს გაჟღერებული შედეგები, რომლებიც შეიძლება მოყვეს წესების დარღვევას. ბავშვმა უნდა იცოდეს თუ  რა მოხდება ამა თუ იმ წესის  არ შესრულების, დარღვევის შემთხვევაში.

-  და წესი არ უნდა იცვლებოდეს სიტუაციიდან სიტუაციამდე. თუმცა შესაძლებელია ახალი წესის შემოღება თუ ვითარება კარდინალურად იცვლება.

არასასურველი, რთული ქცევის პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიას წარმოადგენს ბავშვებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება, რომელიც ახალი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

როდესაც ბავშვი ახორციელებს თქვენთვის მიუღებელ ქცევას, ეცადეთ გაიგოთ  რა ემოცია უდევს საფუძვლად მას და გაახმოვანოთ ის. მაგ., „მე მესმის შენ ახლა ხარ გაბრაზებული, იმიტომ რომ ...“, „შენ გაგიხარდა და ამიტომ .....“ და სხვა

მოუსმინეთ ბავშვს, მიიღეთ მისი გრძნობები. ბავშვის მიღება, არ ნიშნავს ყველა მის უარყოფით საქციელზე და შეცდომაზე თვალების დახუჭვას.

-  ბავშვის მიღება, გარდა მისი სიყვარულისა და მასზე ზრუნვისა, ნიშნავს მისი გრძნობების და ინტერესების გაზიარებას კრიტიკის და პიროვნული შეურცხყოფის გარეშე.

-  ბავშვებს აქვთ საკუთარი გრძნობებისა და სურვილების გამოხატვის უფლება და უფროსებმა უნდა ასწავლონ მათ ამის გაკეთება მისაღები გზით. მიუღებელია გრძნობების აკრძალვა („აქ საწყენი არაფერია, ახლავე გაჩუმდი“), მათი აბუჩად აგდება („რა არის ახლა აქ საშიში! ნუ იქცევი პატარა ბავშვივით!“), დაცინვა და ა.შ.

-  გარდა ამისა, უნდა ვასწავლოთ  ჩვენს შვილებს სხვათა გრძნობების გაგება და გაზიარება. ამისთვის კი, ჩვენ თვითონ არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი გრძნობების გამოხატვის (სწორი გზით) და საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკის

-  მოუსმინეთ ბავშვს - უნდა ისწავლოთ აქტიური მოსმენა - ვუსმენთ ბავშვს ყურადღებით სხვა აქტივობებზე გადართვის გარეშე, ზედმეტი შენიშნების და კრიტიკის გარეშე

-  მტკიცე და მშვიდი (მოქმედება, ტონი, სიტყვები) - არ არის საჭირო ზედმეტი ექსპრესია, თუმცა ინდეფერნტულობაც არ არის სწორი. მშობლების სიტყვები და მათი მიმიკა, ჟესტები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.  აკრძალვა ნათქვამი გაღიმებული სახით არ იქნება მიღებული

-  ყოველ შემთხვევაში გამოიყენეთ მცირე ნაბიჯების ტექნიკა - „კითხვაზე საპასუხოდ მიიღეთ ერთი სიტყვა იმის ნაცვლად, რომ მოითხოვით მთელი წინადადება“

უკვე არა ერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბავშვის ქცევის მართვა იწყება მშობლების ქცევით. იმისთვის, რომ ვმართოთ ბავშვის ქცევა ხშირად საჭიროა საკუთარი ქცევის შეცვლა და ოჯახის ყველა წევრის მხრიდან ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ბავშვის ქცევის შესაცვლელად, მაგრამ უშედეგოდ. ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ ის რაც კეთდება ქცევის გამოსასწორებლად, არ მუშაობს და ამიტომ მშობლების ქცევაშიც რაღაც უნდა შეიცვალოს. მნიშვნელოვანია არ ეცადოთ რაიმის შეცვლა მანამ, სანამ არ მიხვდებით, რომ ის რასაც თქვენ ახლა აკეთებთ ნამდვილა დარ იძლევა სასურველ შედეგს.


არასასურველი ქცევის მართვა

ბავშვის ქცევის მართვის დროს უაცილებლად უნდა გავითვალიწინოთ მისი (ბავშვის) ფიზიკური მგომარეობა - ხომ არ შია, ხომ არ სწყურია, ხომ არ არის დაღლილი ან  არა არის ავად,  ხომ არ განიცდის სენსორულ „შიმშილს“ და ა.შ.

ასევე გასათვალიწინებელია ის გარემო, რომელშიაც მიმდინარეობს ქცევა - ხომ არ არის მასში ისეთი რამ, რაც იწვევს ბავშვის გაღიზიანებას (მაგ., მკვეთრი შუქი ან ხმაური). რა უნდა შევცვალოთ გარემოში, რომ არასასურველი ქცევის გამოვლინება იყოს ნაკლები? ან იქნებ საკმარისია გარემოდან თავის არიდება.

პატარა ასაკის ბავშვებთან შეიძლება გამოვიყენოთ არასასურვერლი ქცევის მართვის შემდეგი სტრატეგიები:

-  გრძნობების აღიარება

-  ყურადღების გადატანა, ჩანაცვლება სხვა საინტერესო აქტივობის შეთავაზებით

-  არ მისცეთ უფლება, რომ ბავშვის უარყოფითმა ქცევამ (ყვირილმა, ტირილმა და ა.შ.) მიაღებინოს მას სასურველი საგანი ან ქმედება. თუ ეს მოხდა ბავშვის ქცევა სამომავლოდ შეიძლება უფრო გაუარესდეს. ამ დროს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის ერთიანი მიდგომა.

-  გახსოვდეთ, რომ აკრძალვის სტრატეგია არ უნდა იყოს ქცევის მართვის ერთადერთი სტრატეგია. აუცილებლად გამოიყენეთ დაჯილდოვება და  წახალისება!

-  მიეცით არჩევანის გაკეთების უფლება, მაგრამ გარკვეული პარამეტრების ფარგლებში, რომელთა გაკონტროლება თქვენ შეგიძლიათ, მაგ.,“ რას იზამ - დახატავ, თუ ითამაშებ?“

-  და ბოლოს მოახდინეთ არასასურველი ქცევის იგნორირება - იგი ხშირად გამოიყენება, როდესაც ქცევის მიზანი ყურადღების მიქცევაა, სასურველის მოპოვება და ქცევა არ არის საფრთხის მომტანი.  ამ დროს არ ვესაუბრებით ბავშვს, არ ვეჩუბებით, არ ვთხოვთ დამშვიდებას, ვართ ახლოს მანძილზე, მაგრამ ვართ დაკავებულები სხვა საქმით. გახსოვდეთ, რომ ხშირად, როდესაც თქვენ იწყებთ იგნორირების სტრატეგიის გამოყენებას, ამან შეიძლება გაამწვავოს ბავშვის ქცევა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. არ დანებდეთ. ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვს ამ დროს არ შია, არ სწყურია, არაფერი სტკივა.

მაგრამ უნდა გვხსოვდეს შემდეგიც, რომ თითოეული ბავშვი, თითოეული შემთხვევა, სიტუაცია ინდივიდუალურია! ხშირად საჭირო ხდება გარკვეული ინდივიდუალური ცვლილებების შეტანა ქცევის მართვის სტრატეგიების არჩევის და მათი განხორციელების დროს.

გარდა ამისა, თუ ქცევა უფრო დესტრუქციულ ხასიათს ატარებს იგნორირება არ გამოიყენება.       

 

არასასურველი ქცევა მოზარდობის ასაკში

თითქმის ყველა მშობელს ხვდება გარკვეული  სირთულეები თავისი გარდატეხის ასაკში მყოფი შვილების ქცევის მართვაში. ზოგიერთი მშობელი ჩივის, რომ ბავშვები ხდებიან ზედმეტად ჭირვეულები, ცდილობენ თვითდამკვიდრებას სხვადსხვა არასასურველი ქცევით, ცდილობენ იმის გაკეთებას, რაც მათ ეკრძალებოდათ. ამ დროს უფროსების  მცდელობამ ბავშვების დასჯის ან მათი სხვა გზით გაკონტროლების  შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს არასასურველი ქცევა.

გარდატეხის ასაკში პრობლემური ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა, „ბრძოლა ძალაუფლებისთვის“;  „შურისძიება“  (ნდობის დაკარგვა ბავშვსა და მშობლებს შორის); წარუმატებლობის შიში.

მოზარდობის ასაკში ხდება კარდინალური ცვლილებები ბავშვში - ის იცვლება ფიზიკურად, ემოციურად, იცვლება მისი ქცევა, პრიორიტეტები, ინტერესები და ა.შ. ზოგიერთი ეს ცვლილება ბუნებრივ ხასიათს ატარებს და არ უნდა განიხილებოდეს როგორც „პრობლემა“. მაგრამ როგორ განვასხვავოთ  პრობლემური ქცევა ასაკისთვის დამახასიათებელი ქცევისაგან?

 

ცვლილებები  გარეგნობაში

ჩვეულებრივი ქცევაა - მოზარდები მისდევენ მოდას, იცვლება მათი ჩაცმის სტილი, შეიძლება იცვამდნენ გამომწვევად, შეიძლება შეიღებონ თმები, გაიკეთონ უცხო ვარცხნილობა. ეს არის საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარების პერიოდი.

 

ეს არ არის ყველაზე ცუდი რამ, რისი გაკეთებაც მათ  შეუძლიათ ამ ასაკში

საყურადღებოა -  თუ ცვლილებებს გარეგნობაში თან ახლავს სირთულეები სკოლაში, სხვა სახის ქცევითი სირთულეები. ყურადღება მიაქციეთ იმას, ხომ არა აქვს მოზარდს სხეულზე ჭრილობები, ნასერები, ხომ არ შეიცვალა მისი წონა . 

 

მუდმივი  კამათი და წინააღმდეგობა

ჩვეულებრივი ქცევაა -  დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილის გამო, მოზარდები ხშირად კამათობენ მშობლებთან, ცდილობენ საკუთარი აზრის, პოზიციის დაფიქსირებას და დაცვას. ჩვენ უნდა მივცეთ მათ ამისა საშუალება, არ ავუკრძალოთ საკუთარი აზრების გამოხატვა და უნდა ვცადოთ მივიღოთ ისინი პიროვნულად შეურცხმყოფელი შეფასებების გარეშე

საყურადღებო ნიშნებია - გამძაფრებული კამათი, აგრესიის გამოვლინებებით.  ამ დროს  მოზარდმა შესაძლებელია იჩხუბოს  „ გარეთ“ და  კანონიც დაარღვიოს.            

 

გუნება/განწყობილების  ცვლილებები

ჩვეულებრივი  ქცევა - ჰორმონალური  ცვლილებები და მოზარდის  განვითრების  თავისებურებანი იწვევენ იმას, რომ მას ხშირად ეცვლება  გუნება-განწყობილება, ის ხდება  გაღიზიანებული და უჩნდება ემოციების კონტროლის სირთულეები

 

საყურადღებო ნიშნები - ხასიათის მკვეთრი ცვლილებები, დაბალი მოსწრება, მუდმივი შფოთვა. მოწყენილობა ან ძილთან, კვებასთან დაკავშირებული სირთულეები შეიძლება მიუთითებდნენ  დეპრესიაზე, ჩაგვრაზე ან სხვა პრობლემებზე. სერიოზულად მოეკიდეთ მოზარდის მიერ სუიციდის ნებისმიერ ხსენებას. გაითვალისწინეთ ასევე, რომ მოზარდებში დეპრესია ხშირად გამომწვევ, აგრესიულ ქცევაშიც ვლინდება.

 

მეგობრების  გავლენა

ჩვეულებრივი  ქცევა - მოზარდისთვის მეგობრები ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენენ. ხშირად ისინი გავლენას ახდენენ ბავშვის არჩევანზე. ის ითვალიწინებს მათ აზრს და ამით ნელ-ნელა შორდება მშობლებს. მშობლები თავის მხრივ ემოციურად იღებენ ამ ფაქტს და სწყინთ ეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მეგობრების მეტად გათვალისწინება ამ ასაკში  ჩვეულებრივი ზრდის პროცესია და ნებისმიერ შემთხვევაში მოზარდებს მაინც სჭიდებათ მშობლების სიყვარული და თანადგომა.

საყურადღებო ნიშნებია - თუ მოზარდს მკაფიოდ ეცვლება მეგობრების წრე (განსაკუთრებით, თუ ამის მერე დაიწყო ე.წ. არასასურველი, რთული ქცევის გამოვლენა), როდესაც ის აპროტესტებს სამართლიან წესებს და შეზღუდვებს, იწყებს ტყუილის თქმას, ასევე საყურადღებოა, თუ  მოზარდი  დიდ  დროს  ატარებს  მარტო.

 

როდის  უნდა  მიმართოთ  დახმარებისთვის მესამე პირს? აუცილებელია სპეციალტთან (ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი) მიმართვა, თუ ვლინდება შმდეგი სახის ქცევები:

 

მოზარდი თამაშობს ამა თუ  იმ  სახის  იარაღით და  ამ თამაშს აქვს გარკვეული ემოციური მუხტის დატვირთვა

მოზარდი ზედმეტად გატაცებულია აგრესიული კომპიუტერული თამაშებით, ფილმებით  ან  ინტერნეტ-საიტებით

მოზარდი აშინებს გარშემომყოფ ადამიანებს, ჩაგრავს სხვებს

თვითონ არის ჩაგვრის ობიექტი

მოზარდი გამოხატავს სისასტიკეს ცხოველების მიმართ

ისერავს სხეულს

იპარავს  ან სახლიდან გააქვს ნივთები

მიეძალა ალკოჰოლს, ნარკოტიკს

არის დეპრესიული

ჰქონდა სუიციდის მცდელობა ან ხშირად საუბრობს სუიციდზე

 როგორ შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს ჩვენთვის მისაღები ქცევა/ქცევები?  

 

ყველა მოზარდს უნდა, რომ ის უყვარდეთ - თითოეული მოზარდი არის პიროვნება თავისი უნიკალური ხასიათით და ინტერესებით. მაგრამ ყველა მოზარდს აქვს რაღაც საერთო. არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად დაგშორდათ თქვენ ბავშვი, რამდენად დამოუკიდებელი გახდა ის და რა ქცევას ავლენს - მას  სჭირდება თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა

ეცადეთ  გაიგოთ, როგორ  ვითარდება   მოზარდი - მოზარდი შეიძლება იყოს მაღალი და თავის ასაკზე უფროსად გამოიყურებოდეს, მაგრამ მას ჯერ არ შეუძლია აზროვნება უფროსის მსგავსად. არასასურველი ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს ცვლილებები ჰორმონალურ სისტემაში. ეს არ ამართლებს არასასურველ ქცევას და არ ათავისუფლებს  ბავშვს  პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ  ხსნის  მის   იმპულსურობას, შფოთვას   და   ურჩობას.  გარდა ამისა, მოზარდობის ასაკში იცვლება დამოკიდებულება გარე სამყაროსთან. მოზარდის ტვინი ვითარდება და ამიტომ გადაამუშავებს ინფორმაციას  ზრდასრული ადამიანის ტვინისგან განსხვავებულად.    

როგორ  მოვიქცეთ  თუ  მოზარდი  გაბრაზებულია

ბევრ მოზარდს უჭირს გაბრაზებასთან გამკლავება და ამიტომ ისინი ხშირად ნიღბავენ მას მრავალი სხვა ემოციით - მორიდება, სევდა, შიში, სირცხვილი, გამომწვევი ქცევა  და   სხვა.

როდესაც მოზარდს არ შეუძლია გრძნობების მართვა, მან შეიძლება დაარტყას ან განახორციელოს ისეთი ქცევა, რომელიც სახიფათო იქნება მისთვის ან სხვა ადამიანებისთვის

უმრავლეს შემთხვევაში მოზარდებს უჭირთ საკუთარი გაბრაზების გაცნობიერება, მისი  გამოხატვა მისაღები   გზით  ან   დახმარების   თხოვნა.

მშობლების ამოცანაა- დაეხმარონ მოზარდებს ემოციებთან გამკლავებაში და ასწავლონ მათ საკუთარი გაბრაზების სწორი გამოხატვის გზები. ამისთვის სასარგებლო  იქნება  შემდეგი    რეკომენდაციები:

-  როდესაც თქვენ და თქვენი შვილი იქნებით მშვიდ განწყობაზე, აუხსენით მას, რომ გაბრაზება - ეს ნორმალურია, მაგრამ, უნდა მოიძებნოს გზა მისი მისაღები გზით გამოხატვის.

-  ჩამოაყალიბეთ საზღვრები, წესები და განსაზღვრეთ მათი დარღვევის შედეგები

-  ეცადეთ გაიგოთ, რა იმალება მოზარდის გაბრაზების უკან:

 

ის ნაწყენია თუ მას აქვს დეპრესია?

შეიძლება ის იქცევა ასე, იმიტომ, რომ უნდა რაღაც ნივთი, რომელიც აქვს მის მეგობრებს და არა აქვს მას?

ან შეიძლება მას უბრალოდ უნდა რომ მოუსმინონ შეფასების და კრიტიკის გარეშე?

ან იქნებ, მას აბრაზებს კონკრეტული სკოლის საგანი?

როდესაც ადამიანს შეუძლია იმის გარკვევა, თუ რა იწვევს მასში ბრაზს- მას უადვილდება საკუთარი ემოციების კონტროლი დაეხმარეთ მოზარდს იპოვოს ბრაზის გამოხატვის, კონტროლის  გზები. 

ამისთვის კარგია ფიზიკური  ვარჯიშები - სირბილი, ველოსიპედზე  კატაობა, სპორტი, ცეკვა, სიმღერა, ხატვა, ძერწვა, წერა

გამოუყავით „დამშვიდების“სივრცე -როდესაც მოზარდი გაბრაზებულია, მას სჭირდება უსაფრთხო  ადგილი, სადაც  ის   შეძლებს  დამშვიდებას.  არ გაჰყვეთ ამ დროს ბავშვს, ნუ მოსთხოვთ  ბოდიშის მოხდას ან განმარტებას სანამ გაბრაზების შეტევა არ გაივლის - ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს მდგომარეობას და  შეიძლება  გამოიწვიოს მეტი  აგრესიაც

 

ისწავლეთ საკუთარი გაბრაზების მართვა 

თქვენ  ვერ დაეხმარებით მოზარდს, თუ თქვენ თვითონ გიჭირთ საკუთარი ემოციების მართვა

ნებისმიერ სიტუაციაში თქვენ უნდა შეინარჩუნოთ გარეგნული სიმშვიდე, მიუხედავად მოზარდის პროვოკაციებისა

თუ ოჯახში მიღებულია ყვირილი, საგნების გადაგდება, მოზარდი  სწავლობს, რომ ასეთი გზით გაბრაზების  გამოხატვა   მისაღებია


როგორ  მიაღწიოთ თანამშრომლობას 

მნიშვნელოვანია, რომ მოზარდმა იცოდეს ჩვენი უპირობო სიყვარულის შესახებ და თქვენი დაინტერესების შესახებ. უთხარით, რომ თქვენ ყოველთვის მზად ხართ მოუსმინოთ მას (ნოტაციების წაკითხვის გარეშე)

ისწავლეთ მოსმენა

არ შეაფასოთ

არ დაიკავოთ „თხოვნის“ პოზიცია, იყავით დამოუკიდებელნი

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც ჩვენ საუკეთესო განზრახვებით ვცილობთ არასასურველი ქცევის  ჩახშობას კონტროლით და დასჯით - უარესს ვაკეთებთ, რადგანაც მუდმივი და ყოვლისმომცველი კონტროლი თავის მხრივ ახდენს „ამბოხის“ პროვოცირებას ან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მოზარდები საკუთარ თავში იკეტებიან.

ზოგი  მშობელი მეორე უკიდურესობაში ვარდება  და თვლის, რომ კონტროლის და დასჯის კარგი ალტერნატივაა ყველაფრის უფლების მიცემა. მაგრამ ესეც არ არის სწორი

ეცადეთ იპოვოთ ოქროს შუალედი

გამოხატეთ ნდობა ბავშის მიმართ

არაფერი არ  მოიმოქმედოთ, სანამ ორივენი არ დამშვიდდებით

ეცადეთ ჩაახშოთ თქვენი ზედმეტი ემოციურობა - კი, თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ თქვენი შვილის საქციელი, მისი სიტყვები, მაგრამ ეცადეთ შეიკავოთ ემოციები. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ეს არის უნარი, რომლის განვითარება შესაძლებელია მონდომების პირობებში

აუხსენით ბავშვს, რომ შეცდომების დაშვება არ არის საშიში, მთავარია ეს შეცდომა არ იყოს ზარალის მომტანი ვინმესთვის

უყურეთ მას, როგორც პიროვნებას

გაიზიარეთ მისი ემოციები

დასვით ღია კითხვები, მაგრამ არა კონფრონტაციული

აირჩიეთ დიალოგი, მონოლოგის ნაცვლად

ჩამოაყალიბეთ წესად ოჯახური შეხვედრების დროს არსებული რთული სიტუაციების ერთად გადაწყვეტა. თუ მოზარდი უარს ამბობს ასეთ შეხვედრებზე მონაწილეობის მიღებაზე - ეს არი ნიშანი იმისა, რომ თქვენი კავშირები დარღვეულია. ამ დროს სასურველია არ დავაძალოთ  ბავშვს

უნდა ვისწავლოთ მოთმინებით მოვეკიდოთ  მოსალოდნელ ცვლილებებს  ჩვენს შვილებში (გარეგნობას, ჩაცმულობას, მათ ზედმეტად „მრისხანე“ გამოხედვას, მოუვლელ ოთახს და ა.შ.), მაგრამ გამოვხატოდ დაინტერესება ახალი გატაცებებით

გახსოვდეთ, რომ ცვლილებები მალე არ მოხდება და უნდა მოიკრიბოთ მოთმინება და იყოთ თანმიმდევრულნი

მოზარდები, როგროც წესი უბრუნდებიან თავის მშობლების ღირებულებებს, თუ მათ ექცევიან სიკეთით, მშვიდად,  უპირობო სიყვარულით, რწმენით მათ შესაძლებლობებში და ამავე დროს გარკვეული სიმტკიცით (არ იგულიხმება სიმკაცრე, ავტორიტარიზმი).

 

წყარო: https://www.wvi.org/kat/article