ესტროგენშემცველი კონტრაცეფციისა და 25-ჰიდროქსი ვიტამინი D -ს კავშირი
თარიღი: 23 მარტი, 2018
კონტრაცეფცია და ვიტამინი D - ამ საკითხზე გვესაუბრება ენდოკრინული და მეტაბოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი , მედიცინის დოქტორი ქალბატონი ლალი ნიკოლეიშვილი.
აშშ-ში ქალების დაახლოებით 28% რეპროდუქციულ ასაკშია, 10.6 მლნ იყენებს პერორალურ კონტრაცეპტივებს. მრავალი კვლევითაა დადასტურებული, რომ ესტროგენშემცველი პერორალური კონტრაცეპტივების მიღება დაკავშირებულია ვიტ D -ს დონის მომატებასთან. თუმცა, ამ კვლევების სარწმუნოობა შეზღუდულია იმის გამო, რომ დაკვირვება ჩატარებულია პაციენტთა მცირერიცხოვან ჯგუფზე, კერძოდ, < 150 ინდივიდზე, გარდა ამისა, არაა გათვალისწინებული ვიტ D-ს მიღების ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, მაგალითად, როგორებიცაა ვიტ D3 -ის შემცველი საკვები დანამატები და/ან მზის სხივებით ინსოლაცია.
უკანასკნელ პერიოდში ჩატარდა ფართომასშტაბური კვლევა, რომელშიც ჩართული იყო 1662 აფრო-ამერიკელი რეპროდუქციული ასაკის ქალი და გათვალისწინებული იყო სხვადასხვა დამატებითი ფაქტორები.
კვლევის მონაცემების მიხედვით, არსებობს ურთიერთკავშირი ესტროგენის ნორმალურ დონეს, მომატებულ დონესა და ვიტამინი D-ს დონეებს შორის.
კვლევაში ჩართული იყო 23-24 წლის 1662 აფრო-ამერიკელი ქალი. შეისწავლეს ეგზოგენური ჰორმონებისა და ვიტამინი D-ს შორის დამოკიდებულება ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მოქმედებენ ვიტ. D-ს წარმოქმნაზე, როგორებიცაა:
კვლევაში ჩართული პაციენტების კვების ტიპი;
მზის სხივების მისაწვდომობა,
იღებდნენ თუ არა ვიტამინი D-ს შემცველ კვებით დანამატებს;
იღებდნენ თუ არა საკვებით ვიტ. D-ს შემცველ პროდუქტებს;
იყვნენ თუ არა ესტროგენის შემცველ კონტრაცეპტივებზე.
სატელეფონო და კომპიუტერული კითხვარის საშუალებით აგროვებდნენ ისეთ მონაცემებს, თუ რა დროს ატარებდნენ პაციენტები გარეთ, მზიან გარემოში, დღის მანძილზე, ზამთრის პერიოდში.
მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ პაციენტების უმრავლესობა იღებდა D ვიტამინის შემცველ საკვებ დანამატებს, მნიშვნელოვნად ვარირებდა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მწეველობა, განათლება და გარეთ გატარებული დრო, რაც უზრუნველყოფდა მზის სხივებით ინსოლაციას.
ამ ფაქტორების შეჯერების შემდეგ გაკეთდა დასკვნა, რომ ესტროგენშემცველი კონტრაცეპტივების გამოყენება 20%-ით ზრდის D ვიტამინის დონეს.
D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით გამოხატულია მუქი ფერის კანის ქალებში, ასევე, ჩრდილოეთში მცხოვრებ ქალებში, ან იმ ქალებში, რომლებიც ატარებენ თავსაბურავს და მოკლებული არიან მზის სხივებით საკმარის ინსოლაციას. გარდა ამისა, აფრო-ამერიკელ ქალებში ხშირია ლაქტოზის აუტანლობა, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ვიტამინის D-ს დეფიციტის რისკს.
ესტროგენების შემცველი კონტრაცეპტივების გამოყენება ასოცირებულია ვიტამინი D-ს დონის 20%-იან მომატებასთან ქალებში. კვლევამ გამოავლინა, რომ კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდგომ ვლინდება ვიტ დ 3-ის დეფიციტი. ამიტომ, კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა ვიტამინი D-ს ნორმალური დონის უზრუნველყოფა ვიტამინი D -ს შემცველი პრეპარატების მიღებით, სწორი კვებითა და ზამთრის პერიოდში მზის აბაზანის უზრუნველყოფით.
ქალბატონებისთვის, რომლებიც წყვეტენ კონტრაცეპტივების მიღებას, უნდა მიაქციონ ყურადღება, ხომ არ აქვთ ვიტ.D3-ის დეფიციტი (განისაზღვრონ დ 3 ვიტამინის რაოდენობა სისხლში) და, შესაბამისად, მოახდინონ მისი კორექცია, განსაკუთრებით ორსულობის დროს, ან ორსულობის დაგეგმვისას.