გულის თანდაყოლილი მანკი
თარიღი: 18 ივნისი, 2025
გულის თანდაყოლილი მანკი არის გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების სტრუქტურული/ანატომიური პათოლოგია, გულის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე.
გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სიხშირე ასეთია: დაახლოებით, 10-12 შემთხვევა 1000 ცოცხლადშობილ ახალშობილზე.
გულის თანდაყოლილი მანკი ემბრიონული განვითარების ანომალიაა, რომლის ჩამოყალიბება მიმდინარეობს ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მანკის ჩამოყალიბების ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება შეუძლებელია, თუმცა, ცნობილია ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც ნაყოფზე მუცლადყოფნის პერიოდში მოქმედებს.
მანკები შეიძლება განვითარდეს როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორების ზემოქმედებით, ან ორივე მათგანის შერწყმით.
მაგალითად:
ნაყოფის გენეტიკური დაავადებები (დაუნის, ტერნერის, ნუნანის სინდრომი და სხვა);
დედის ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, სისტემური დაავადებები);
ორსულობის პირველ ტრიმესტრში გადატანილი მწვავე ვირუსული ინფექცია (წითურა, გრიპი და სხვა);
ნარკოტიკული საშუალებები, ალკოჰოლი და მედიკამენტები და სხვა.
გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირება შესაძლებელია ორსულობის მე-18 კვირიდან.
გულის თანდაყოლილი მანკების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ზოგი მათგანი მარტივია, ზოგი რთული და კომპლექსური. ძირითადად გულის თანდაყოლილი მანკები შეიძლება, დავყოთ ორ ჯგუფად:
ე.წ ციანოზური (ლურჯი) მანკები;
ე.წ აციანოზური მანკები (მანკები სილურჯის გარეშე).
ციანოზით მიმდინარე გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტების ნაწილს სიცოცხლის პირველივე დღეებში ესაჭიროებათ ქირურგიული ჩარევა. კომბინირებული, რთული მანკის შემთხვევაშიც ხშირად საჭიროა ქირურგიული ჩარევა დაბადებიდან პირველ კვირაში.
გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტების მკურნალობისას გამოიყენება ქირურგიული, ენდოვასკულური და თერაპიული (მედიკამენტური) მეთოდები.
ქირურგიული ჩარევა მოიცავს ორ მიმართულებას: რადიკალურ კორექციას და პალიატიურ ჩარევას (დამხმარე ოპერაციას).
არსებობს გულის თანდაყოლილი მანკები, რომელთა მკურნალობა შეიძლება მოხდეს ენდოვასკულური (არაოპერაციული) მეთოდით.
თერაპიულ (მედიკამენტურ) მკურნალობას მივმართავთ გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის დროს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით.
ზოგიერთ შემთხევაში, როდესაც გულის თანდაყოლილი პათოლოგიის მარტივ ფორმებთან გვაქვს საქმე, მხოლოდ დაკვირვებაა საჭირო.
გულის თანდაყოლილ მანკებს მეტ-ნაკლებად მსგავსი სიმპტომები და კლინიკური გამოვლინება ახასიათებთ, თუმცა, განსხვავდება და კავშირშია პაციენტის ასაკთან.
ბავშვთა ასაკში ძირითადი სიმპტომებია:
ციანოზი;
კანის აჭრელება;
ადვილად დაღლა და ოფლიანობა კვების დროს;
კვების გახანგრძლივება ან მიღებული ულუფის შემცირება;
წონის ცუდი ნამატი, ზრდა-განვითარების შეფერხება;
სუნთქვის გახშირება, ქოშინი;
ხშირი ავადობა/ჰოსპიტალიზაცია სასუნთქი გზების ინფექციებით;
მოზარდებსა და მოზრდილებში ძირითადი სიმპტომებია:
ადვილად დაღლა და ქოშინი ფიზიკური აქტივობის დროს;
გონების კარგვა;
ზოგადი სისუსტე;
ტკივილი გულმკერდში, გულის ფრიალის შეგრძნება.
ჩვენს დროში გულის თანდაყოლილი მანკი სიცოცხლესთან შეუთავსებელ პრობლემად აღარ მიიჩნევა.
გულის თანდაყოლილი მანკის დროულ დიაგნოსტირებასა და შესაბამის მკურნალობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!