Nuk
არ გაანებივროთ შვილები მატერიალური „სიკეთეებით“, სწორედ ამაშია არადისციპლინურობის საწინდარი

თარიღი: 13 ივლისი, 2020

როგორ ვასწავლოთ ბავშვს თვითდისციპლინა და ორგანიზებულობა – ამ თემაზე კლინიკურმა ფსიქოლოგმა ქეთი დალინკევიჩმა ისაუბრა.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი თავის მართვა და დამოუკიდებლად ფუნქციონირება?
მშობლობა ურთულესი პროცესია, რომელიც გულისხმობს ისეთი ინდივიდის აღზრდას, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის მართვა და დამოუკიდებლად ფუნქციონირება. საკუთარი თავის მართვა მოიცავს ისეთ უნარსაც, რომელიც გულისხმობს გარკვეული საქმის კეთებას – ისეთი დავალებების შესრულებას, რომლებიც ხშირად რთული გვეჩვენება და უსიამოვნოა. საქმის წარმატებით შესრულებაში ორი უნარი გვეხმარება: თვითდისციპლინა და ორგანიზებულობა. ამ უნარების სწავლება შვილებისათვის, უმჯობესია, ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყონ მშობლებმა.

დისციპლინას შესაძლოა, სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს მშობლისათვის. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დისციპლინას ბევრი სარგებელი მოაქვს ბავშვებისთვის. მაგალითად: დისციპლინა უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხოებას, ეხმარება მათ შფოთვასთან გამკლავებაში, კარგი არჩევანის გაკეთებაში, ემოციების მართვაში.

მშობლის მიერ არჩეული დისციპლინის ტაქტიკა არ უნდა გულისხმობდეს ბავშვის კონტროლს. ამის ნაცვლად, დისციპლინის მიზანი უნდა იყოს ბავშვისთვის საკუთარი თავის კონტროლის სწავლება. ამგვარად, ბავშვები უკეთ გაუმკლავდებიან ცხოვრებისეულ გამოწვევებსა და სტრესს, გააკეთებენ ჯანსაღ არჩევანს მაშინაც კი, როდესაც მშობელი არ იქნება ახლოს.

სკოლის დავალებების შესრულება, სახლის საქმეები და ფულთან ურთიერთობა – ყველა ამ საკითხს თვითდისციპლინა სჭირდება. ზრდასრულები, რომლებსაც უჭირთ დროისა და თანხის მართვა, შესაძლოა, ნაკლებად დისციპლინირებულები იყვნენ და გაუჭირდეთ ამ უნარების ბავშვებისთვის სწავლება. არადა, ეს აუცილებელია მათი შემდგომი ცხოვრებისთვის.

სწორედ მატერიალური საკითხები შესაძლოა გახდეს სერიოზული პრობლემის საწყისი. ბავშვებს, რომლებიც მიჩვეულები არიან, რომ ყველა მათი “კაპრიზი” სრულდება, მოზარდობისა და ზრდასრულ ასაკში უჭირთ პრობლემასთან გამკლავება და მუდმივად არიან მშობლებზე დამოკიდებულები, როგორც ემოციურად, ასევე ფინანსურად. თუმცა მშობელი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის ყოველთვის ვერ იქნება შვილის გვერდით. ამიტომ პატარა ასაკიდანვე უნდა ასწავლოთ შვილს დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარი ემოციების მართვა. გარკვეული ასაკიდან აუცილებელია ბავშვს ვასწავლოთ შრომასთან დაკავშირებული საკითხები, მშობლები ხშირად არიდებენ შვილებს ასეთ თემებს, არადა ეს უმნიშვნელოვანესია მათი შემდგარ და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. გაარჩიეთ თქვენი შვილის კაპრიზები საჭიროებებისგან, ნუ გაუწევთ “დათვურ” სამსახურს. 

რაც უფრო მეტად არის ბავშვი დისციპლინირებული, ნაკლები დისციპლინა სჭირდება მას მშობლებისგან. ამის ნაცვლად, მშობლებს შეუძლიათ შვილისთვის სხვა უნარების სწავლება და უფრო ჯანსაღი ურთიერთობის წახალისება.

დისციპლინის ნაკლებობის მაგალითები:
- 4 წლის ბავშვი საუბარს აწყვეტინებს ზრდასრულებს, ვინაიდან არ შეუძლია საკუთარი რიგის დაცვა;
- 8 წლის ბავშვი არაჯანსაღი საკვების მიღებას იწყებს მაშინვე, როგოც კი მშობლები თვალს მოეფარებიან;
- 10 წლის ბავშვი საკუთარ თავისუფალ დროს ფანქრით თამაშში ატარებს, ნაცვლად მეცადინეობისა; 
- 12 წლის ასაკის მოზარდი ამბობს, რომ ვიოლინოზე დაკვრის სწავლა სურს, თუმცა არასდროს ვარჯიშობს.

დისციპლინის მაგალითები:

- 4 წლის ბავშვი აგრესიულად შურისძიების ნაცვლად, დახმარებას ითხოვს, როდესაც თანატოლი მის სათამაშოს აიღებს;
- 8 წლის ბავშვი უარს იტყვის მეგობრებთან ერთად სხვა ბავშვების დაცინვაში მონაწილეობის მიღებაზე;
- 10 წლის ბავშვი თავად ჯდება სამეცადინოდ მას შემდეგ, რაც საკვები მიირთვა;
- 12 წლის მოზარდს უნდა ჰქონდეს თანხის დაგროვების უნარები, თუნდაც ამას ხანგრძლივი დრო დასჭირდეს, რათა სასურველი ნივთი იყიდოს. მხოლოდ მშობლისთვის მოთხოვნის წაყენება, არასწორია.

 

აჩვენეთ და უთხარით – ასწავლეთ მისაღებისა და მიუღებლის გარჩევა მშვიდი სიტყვებითა და ქმედებით. საკუთარ თავზე დაანახეთ ის ქცევები, რომლებიც გინდათ რომ თქვენმა შვილმაც განახორციელოს.

მოუსმინეთ – აცადეთ ბავშვს დაასრულოს ისტორია, სანამ პრობლემის გადაჭრას დაიწყებთ. მაგალითად, თუ თქვენს შვილს ვინმესი შურს. ესაუბრეთ მას ამის შესახებ და აუხსენით, რომ ეს სწორი საქციელი არ არის. როცა ბავშვს რაღაც უნდა, რაც მის თანატოლს აქვს, გააცნობიერეთ, რომ მსგავსი სიტუაციები ხშირად იქნება, ამიტომ ასწავლეთ საკუთარი სურვილების მართვა და თქვენი შრომის დაფასება.

მოემზადეთ სირთულეებისათვის – წინასწარ შეემზადეთ ისეთი სიტუაციებისთვის, როდესაც, შესაძლოა თქვენი შვილი მიუღებლად მოიქცეს. გააფრთხილეთ მოსალოდნელი მოვლენის შესახებ და აუხსენით როგორ ქცევას ელით მისგან.

ასწავლეთ უკუკავშირის მიღება – ბავშვს გაუადვილდება გარემოსთან ადაპტაცია, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სახლში იძენს უკუკავშირის მიღების უნარს. მას უკვე ეცოდინება, რომ ცუდ არჩევანს და საქციელს – ცუდი უკუკავშირი მოჰყვება. იმის თქმა, თითქოს ბავშვი ყველაფერს კარგად აკეთებს, ხელს შეუშლის მის ადექვატურ თვითშეფასებას და თითდისციპლინასაც.

გადაჭერით პრობლემები მათთან ერთად და არა – მათ ნაცვლად – ასწავლეთ თავად როგორ გააკეთოს ან რა არ გააკეთოს. გააგებინეთ ბავშვს, რომ პრობლემა თავად გადაჭრას, მოაუროს საკუთარ ნივთებს, გააკეთოს გაკვეთილები დამოუკიდებლად, ასწავლეთ პასუხიმგებლობის აღება.

შესაძლოა ცოტა დრო გაატაროთ შვილთან ერთად, მაგრამ იზრუნეთ ხარისხზე. წაიკითხეთ წიგნები, ითამაშეთ შვილებთან ერთად.

არ გაანებივროთ შვილები მატერიალური „სიკეთეებით“, ვინაიდან ამაშია არადისციპლინურობის საწინდარი.

წყარო: https://fortuna.ge/