სემილაქტი / SEMILACT
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): spironolactone, furosemide
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → კომბინირებული შემადგენლობის დიურეზული საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: World Medicine ilac san ve tic as
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 50მგ/20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
სემილაქტი
სავაჭრო დასახელება
სემილაქტი, Semilact
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება
სპირონოლაქტონი + ფუროსემიდი
Spironolactone + Furosemide
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: სპირონოლაქტონი 50 მგ ან 100 მგ. ფუროსემიდი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი თეთრი 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).
პრეპარატის ათქ კოდი C03EB01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დიურეზულები. დიურეზულები კალიუმის შემნახველ საშუალებებთან კომბინაციაში. მაღალაქტიური დიურეზულები კალიუმის შემნახველ საშუალებებთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სემილაქტი-კომბინირებული პრეპარატი, რომლის შარდმდენი და ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია სპირონოლაქტონისა და ფუროსემიდის თვისებების კომბინაციით.
სპირონოლაქტონი
სპირონოლაქტონი კონკურენტულად ბლოკავს ალდოსტერონის შეკავშირებას მის ციტოპლაზმურ რეცეპტორთან დისტალური არხებისა და შემგროვებელი მილაკების ბოლო ნაწილში. შედეგად, ალდოსტერონი ვერ აღწევს უჯრედის ბირთვში რეცეპტორთან შეუკავშირებელ მდგომარეობაში და არ ხდება ალდოსტერონით ინდუცირებული ცილების სინთეზი, რაც ხელს უშლის ალდოსტერონის ძირითადი ეფექტის განვითარებას - ნატრიუმის რეაბსორბციას და კალიუმის სეკრეციას.
ალდოსტერონის რეცეპტორები განლაგებულია თირკმელებში და თირკმელების გარეთ, მაგალითად, სანერწყვე ჯირკვლებში და ნაწლავებში. სპირონოლაქტონი ავლენს აქტივობას მხოლოდ ენდოგენური ან ეგზოგენური ალდოსტერონის არსებობისას. სპირონოლაქტონის ეფექტი შექცევადია ალდოსტერონის დონის მატებისას.
სპირონოლაქტონის თერაპიულ დოზებში გამოყენებისას ალდოსტერონის არც წარმოქმნა და არც სეკრეცია არ მცირდება. სპირონოლაქტონი თრგუნავს ალდოსტერონის ბიოსინთეზს მხოლოდ ძალიან მაღალი დოზებით გამოყენებისას.
სპირონოლაქტონი აძლიერებს ნატრიუმის, ქლორიდების და, ნაკლებად, კალციუმის გამოყოფას ორგანიზმიდან; მცირდება კალიუმის და ამონიუმის გამოყოფა, ასევე შარდის მჟავიანობა.
სპირონოლაქტონი ამცირებს თირკმელებით მაგნიუმის გამოყოფას.
მონოთერაპიის სახით გამოყენებისას სპირონოლაქტონს აქვს ოდნავ გამოხატული შარდმდენი მოქმედება. ნატრიურეზი შეიძლება გაძლიერდეს თიაზიდური ან მარყუჟოვანი დიურეზულების დამატებითი გამოყენებისას.
სპირონოლაქტონს შეუძლია გაზარდოს შარდოვანას კონცენტრაცია სისხლის შრატში გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის შემცირების გამო.
სპირონოლაქტონის ჰიპოტენზიური ეფექტი დადასტურებულია ჰიპერმინერალოკორტიკოიდულ სინდრომების დროს და პირველად ან მეორად ჰიპერალდოსტერონიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადებების დროს.
ფუროსემიდი
ფუროსემიდი არის ხანმოკლე მოქმედების ძლიერი მარყუჟოვანი შარდმდენი საშუალება. ჰენლეს მარყუჟის აღმავალ ნაწილში პრეპარატი თრგუნავს Na+ / 2Cl- / K + - კონატრანსპორტორს, რის შედეგადაც ირღვევა ზემოაღნიშნული იონების რეაბსორბცია. ნატრიუმის ის ფრაქცია, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან, შეიძლება შეადგენდეს თირკმელების გლომერულებში გაფილტრული ნატრიუმის 35%-მდე. ნატრიუმის ექსკრეციის გაზრდის შედეგად მეორადად იზრდება წყლის გამოყოფა, რაც იწვევს დისტალურ მილაკებში K + სეკრეციის მატებას და შარდის მოცულობის ზრდას. ასევე იზრდება Ca2+ და Mg2+ იონების გამოყოფა.
გარდა ზემოაღნიშნული ელექტროლიტების გამოყოფისა, შეიძლება აღინიშნოს შარდმჟავას გამოყოფის დაქვეითება და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა მეტაბოლური ალკალოზისკენ.
ფუროსემიდი არღვევს ტუბულო-გლომერულური უკუკავშირის მექანიზმს плотном пятне, ამიტომ პრეპარატის სალურეტიკური ეფექტურობა არ მცირდება.
ფუროსემიდი იწვევს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დოზადამოკიდებულ სტიმულაციას.
გულის მწვავე უკმარისობის დროს ფუროსემიდი ამცირებს გულზე წინასწარ დატვირთვას სისხლძარღვების ვენური ტევადობის გაზრდით. ეს სისხლძარღვოვანი ეფექტი პირველ ეტაპზე, როგორც ჩანს, განპირობებულია პროსტაგლანდინების მოქმედებით და აღინიშნება თირკმელების ნორმალური ფუნქციისას რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გააქტიურების და პროსტაგლანდინების სინთეზის შედეგად.
ფუროსემიდს აქვს ჰიპოტენზიური ეფექტი ნატრიუმის ქლორიდის ექსკრეციის გაზრდის და სისხლძარღვების შემავიწროვებელ სტიმულებზე სისხლძარღვთა გლუვი კუნთების უჯრედების მგრძნობელობის შემცირების გამო, აგრეთვე მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების შედეგად.
ფარმაკოკინეტიკა
სპირონოლაქტონი
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ სპირონოლაქტონი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) არის 1-2 საათი). პერორალურად მიღებისას სპირონოლაქტონი განიცდის მნიშვნელოვან ბიოტრანსფორმაციას (პირველი გავლის ეფექტი) და გარდაიქმნება 7-α-თიოსპირონოლაქტონად, კანრენონად ან კანრენოატად, 7-α-თიომეთილსპირონოლაქტონად ან 6-β-ჰიდროქსი-7-α-თიომეთილსპირონოლაქტონად. ზემოაღნიშნული მეტაბოლიტების სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ. ძირითად ნაერთთან შედარებით, პირველი სამი მეტაბოლიტის შედარებითი ანტიმინერალოკორტიკოიდული აქტივობა არის 26%, 68% და 33%, შესაბამისად.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სპირონოლაქტონის შეწოვა იზრდება საკვებთან ერთად მიღებისას. შედეგად, ძირითადი ნაერთისა და მეტაბოლიტების კონცენტრაცია სისხლის შრატში იზრდება 50-100%-ით.
განაწილება
დაბალ დოზებში გამოყენებისას (50-200 მგ), კანრენონის შრატში კონცენტრაცია-დროის მრუდის (AUC) ქვეშ ფართობი იზრდება ლინეარულად, ხოლო უფრო მაღალი დოზებით გამოყენებისას, შედარებით დაბალი კონცენტრაციები შეინიშნება სისხლში, როგორც ჩანს, სპირონოლაქტონის მეტაბოლიტებად ბიოტრანსფორმაციის სიჩქარის შემცირების გამო.
სპირონოლაქტონისა და კანრენონის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი, გამოყენებული მეთოდის მიხედვით, არის დაახლოებით 90% (წონასწორული დიალიზი) და 98% (ულტრაფილტრაცია).
სპირონოლაქტონი და მისი მეტაბოლიტები კვეთენ პლაცენტურ ბარიერს. კანრენონი გამოიყოფა დედის რძეში.
სპირონოლაქტონის დიურეზული ეფექტი ჩვეულებრივ ვითარდება ნელა. მაქსიმალური ეფექტი შეინიშნება თერაპიის დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ, პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ ეფექტი მცირდება დაახლოებით იმავე პერიოდში.
ბიოტრანსფორმაცია და ექსკრეცია
ძირითადი ნაერთი გამოიყოფა ორგანიზმიდან სწრაფად (ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) არის დაახლოებით 1-2 საათი), ხოლო მეტაბოლიტები გამოიყოფა უფრო ნელა. საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20 საათს კანრენონისთვის, დაახლოებით 3 საათს 7-α-თიომეთილსპირონოლაქტონისთვის და დაახლოებით 10 საათს 6-β-ჰიდროქსი-7-α-თიომეთილსპირონოლაქტონისთვის.
პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად შარდით და ნაკლებად ნაღველთან ერთად. სპირონოლაქტონი გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით მცირე რაოდენობით. შარდში გვხვდება მხოლოდ სპირონოლაქტონის მეტაბოლიტები, ძირითადად კანრენონი და კანრენონის გლუკურონიდი, ისევე როგორც 6-β-ჰიდროქსისულფოქსიდი.
ფუროსემიდი
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ, ფუროსემიდის შეყვანილი დოზის 50-70% შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. გულის ქრონიკული უკმარისობის ან ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში აბსორბცია შეიძლება შემცირდეს 30%-მდე.
პრეპარატის მოქმედების დაწყება აღინიშნება მიღებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება დაახლოებით 1 საათის შემდეგ.
განაწილება
ფუროსემიდის შრატის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს დაახლოებით 98%-ს. შეკავშირება ხდება უპირატესად ალბუმინთან. თირკმლის უკმარისობის დროს შრატის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეიძლება შემცირდეს 10%-მდე. პრეპარატის განაწილების ფარდობითი მოცულობა შეადგენს 0,2 ლ/კგ სხეულის მასაზე.
ბიოტრანსფორმაცია
ფუროსემიდი მეტაბოლიზდება მცირე რაოდენობით ღვიძლში (მიღებული დოზის დაახლოებით 10%) და ძირითადად გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით.
გამოყოფა
ფუროსემიდის მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით (2/3), 1/3 გამოიყოფა ნაღველით და საჭმლის მომნელებელი ტრაქტით.
ფუროსემიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 90 წუთს თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს 24 საათამდე თირკმელების ტერმინალური სტადიის დაავადების დროს.
ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტები
ნეფროზული სინდრომის დროს, სისხლის პლაზმის ცილების კონცენტრაციის შემცირების გამო, აღინიშნება ფუროსემიდის შეუკავშირებელი (თავისუფალი) ფრაქციის ზრდა. ამავდროულად, ასეთ პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობა მცირდება თირკმელების მილაკებში ალბუმინთან შეკავშირების და მილაკოვანი სეკრეციის შემცირების გამო.
ფუროსემიდი ორგანიზმიდან მცირე რაოდენობით გამოიყოფა დიალიზით.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფუროსემიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 30-90%-ით განაწილების უფრო დიდი მოცულობის გამო. გარდა ამისა, ამ კატეგორიის პაციენტებში აღინიშნა მნიშვნელოვანი ცვლილებები ყველა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრით.
პაციენტები გულის შეგუბებითი უკმარისობით, მძიმე არტერიული ჰიპერტენზიით, ხანდაზმული ასაკის პაციენტები
თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, მძიმე არტერიული ჰიპერტენზიით და ხანდაზმულ პაციენტებში ფუროსემიდის გამოყოფა მცირდება.
გამოყენების ჩვენებები
შეშუპების სინდრომი და ასციტი ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების მქონე პაციენტებში ალდოსტერონის გაზრდილი სეკრეციის გამო (ჰიპერალდოსტერონიზმი) და შემდეგი დაავადებების დიურეზული თერაპიის წინა ზომების უკმარისობისას:
გულის უკმარისობა შეშუპებით და ფილტვებში შეშუპებით;
ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებული ასციტი (მაგალითად, ღვიძლის ციროზი);
შეშუპება ნეფროზული სინდრომის დროს (როგორც დამატება ძირითადი დაავადების მკურნალობაზე).
სემილაქტი ნაჩვენებია მოზრდილ პაციენტებში გამოსაყენებლად.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
პრეპარატის დოზირების რეჟიმი განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და ჰიპერალდოსტერონიზმის სიმძიმის მიხედვით. ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები პრეპარატის დოზირების შესახებ:
ზრდასრული პაციენტები
სემილაქტი 100 მგ/20 მგ
საწყისი თერაპია
საწყისი დოზა ზრდასრული პაციენტებისთვის გულის უკმარისობით, როგორც წესი, არის 200 მგ სპირონოლაქტონი და 40 მგ ფუროსემიდი დღეში (პრეპარატ სემილაქტის 100მგ / 20 მგ 2 ტაბლეტი).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან ასოცირებული დაავადებების დროს საწყისი დოზა არის არაუმეტეს 400 მგ სპირონოლაქტონი და 80 მგ ფუროსემიდი დღეში (პრეპარატ სემილაქტის 100მგ / 20 მგ 4 ტაბლეტი).
შემანარჩუნებელი თერაპია
შემანარჩუნებელი დოზა თერაპიის 3-6 დღის შემდეგ, როგორც წესი, არის 100-200 მგ სპირონოლაქტონი და 20-40 მგ ფუროსემიდი დღეში (პრეპარატ სემილაქტის 100მგ / 20 მგ 1-2 ტაბლეტი).
დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 300 მგ სპირონოლაქტონამდე და 60 მგ ფუროსემიდამდე დღეში (პრეპარატ სემილაქტის 100მგ / 20 მგ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში). ამ დოზით პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად ან საჭიროების შემთხვევაში ყოველ მეორე ან მესამე დღეს.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 ტაბლეტს (400 მგ სპირონოლაქტონი და 80 მგ ფუროსემიდი).
სემილაქტი 50 მგ/20 მგ
საწყისი თერაპია
საწყისი დოზა ზრდასრული პაციენტებისთვის გულის უკმარისობით, როგორც წესი, არის 100 მგ სპირონოლაქტონი და 40 მგ ფუროსემიდი დღეში (პრეპარატ სემილაქტის 50მგ / 20 მგ 2 ტაბლეტი).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების დროს საწყისი დოზა არის არა უმეტეს 200 მგ სპირონოლაქტონის და 80 მგ ფუროსემიდის დღეში (პრეპარატ სემილაქტის 50მგ / 20 მგ 4 ტაბლეტი).
შემანარჩუნებელი თერაპია
შემანარჩუნებელი დოზა თერაპიის 3-6 დღის შემდეგ, როგორც წესი, შეადგენს 50-100 მგ სპირონოლაქტონს და 20-40 მგ ფუროსემიდს დღეში (პრეპარატის სემილაქტის 50 მგ/20 მგ 1-2 ტაბლეტი)
დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ სპირონოლაქტონამდე და 60 მგ ფუროსემიდამდე დღეში (პრეპარატ სემილაქტის 50მგ / 20 მგ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში). ამ დოზით პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად ან საჭიროების შემთხვევაში, ყოველ მეორე ან მესამე დღეს.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 ტაბლეტს (სპირონოლაქტონი 200 მგ და ფუროსემიდი 80 მგ).
ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს სპირონოლაქტონისა და ფუროსემიდის უფრო ნელი გამოყოფა ორგანიზმიდან.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
ტაბლეტი გადაიყლაპება მთლიანად სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით (მაგალითად, 1 ჭიქა წყალი). სასურველია პრეპარატის მიღება საუზმეზე ან სადილზე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება საღამოს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ვინაიდან შესაძლებელია ღამის დიურეზის მომატება.
თერაპიის ხანგრძლივობა უნდა შემოიფარგლოს უმოკლესი დროით.
გრძელვადიანი თერაპიის საჭიროება პერიოდულად უნდა გადაიხედოს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სულფონამიდების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
თირკმლის უკმარისობა ანურიით (ფუროსემიდით თერაპიაზე პასუხის ნაკლებობა);
თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები/სხეულის ზედაპირის 1,73 მ2-ზე, რაც შეესაბამება შრატში კრეატინინის დონეს 1,8-2 მგ/100 მლ);
ღვიძლის ენცეფალოპათიასთან დაკავშირებული კომა და პრეკომა;
ჰიპერკალიემია ან მძიმე ჰიპოკალიემია;
მძიმე ჰიპონატრიემია;
ჰიპოვოლემია ან გაუწყლოება;
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
სულფონამიდების (მაგ. სულფონამიდური ანტიბიოტიკები ან სულფონილშარდოვანას წარმოებულები) მიმართ ალერგიულ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი მგრძნობელობა ფუროსემიდის მიმართ.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების მოკლე პროფილი
ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია ელექტროლიტური დარღვევები, ჰიპოვოლემია და დეჰიდრატაცია (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), სისხლში კრეატინინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატება, არტერიული ჰიპოტენზია და ორთოსტატული რეგულირების დარღვევა.
ფუროსემიდზე არასასურველი რეაქციების სიხშირე გამოითვლება ლიტერატურული წყაროებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც დაკავშირებულია კლინიკურ კვლევებთან, რომლებშიც სულ 1387 პაციენტი მონაწილეობდა, რომლებშიც ფუროსემიდი გამოიყენებოდა ყველა შესაძლო დოზით და ყველა შესაძლო ჩვენებით. იმ შემთხვევებში, როდესაც ერთი და იგივე არასასურველი რეაქციის სიხშირე განსხვავებული იყო, გამოიყენებოდა ყველაზე მაღალი სიხშირე.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად - სისხლის გასქელება; არახშირად - თრომბოციტოპენია; იშვიათად - ეოზინოფილია, ლეიკოპენია; ძალიან იშვიათად - ჰემოლიზური ანემია, აპლასტიკური ანემია, აგრანულოციტოზი.
იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ქავილი, ალერგიული რეაქციები კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, პემფიგოიდი (ბულოზური), ექსფოლიაციური დერმატიტი, პურპურა, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ლიქენოიდური რეაქციები; იშვიათად - მძიმე ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი); სიხშირე უცნობია - სიმპტომების გამწვავება ან სისტემური წითელი მგლურას გააქტიურება.
მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ძალიან ხშირად - ელექტროლიტური დარღვევები (მათ შორის კლინიკური სიმპტომების განვითარებით), ჰიპოვოლემია და გაუწყლოება (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), სისხლში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება; ხშირად - ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპოკალიემია, სისხლში ქოლესტერინის მომატება, ჰიპერურიკემია და პოდაგრის შეტევები; არახშირად - გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა (ლატენტური შაქრიანი დიაბეტი); სიხშირე უცნობია - ჰიპოკალციემია, ჰიპომაგნიემია, სისხლში შარდოვანას დონის მომატება, მეტაბოლური ალკალოზი, ფსევდო-ბარტერის სინდრომი, ჰიპერკალიემია *, ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი *.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ღვიძლის ენცეფალოპათია ჰეპატოცელულარული უკმარისობის მქონე პაციენტებში; იშვიათად - პარესთეზია, დაბნეულობა და უენერგიობა თავის ტკივილი *, ატაქსია *, ძილიანობა * / უენერგიობა *; სიხშირე უცნობია - თავბრუსხვევა, სისუსტე ან გონების დაკარგვა (ასოცირებულია სიმპტომურ არტერიულ ჰიპოტენზიასთან), თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - მხედველობის დაქვეითება, არსებული მიოპიის მომატება.
სმენის ორგანოს და ლაბირინთის დარღვევები: არახშირად - სმენის შექცევადი დაქვეითება, სიყრუე (ზოგჯერ შეუქცევადი); იშვიათად - ტინიტუსი (ტინიტუსი).
სისხლძარღვების მხრივ: ძალიან ხშირად - არტერიული ჰიპოტენზია და ორთოსტატული რეგულირების დარღვევა; იშვიათად - ვასკულიტი; სიხშირე უცნობია - თრომბოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, პირის სიმშრალე და წყურვილი).
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: იშვიათად - ქალებში ხმის ტემბრის დაქვეითება, მამაკაცებში ხმის ტემბრის მატება, ხმის ჩახლეჩა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - გულისრევა; იშვიათად - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები (მაგალითად, ღებინება, დიარეა); ძალიან იშვიათად - მწვავე პანკრეატიტი, სისხლდენა კუჭის ლორწოვანი გარსიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები (სისხლდენის ჩათვლით); სიხშირე უცნობია - ნაწლავების სპაზმი *.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად - ქოლესტაზი, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება *, ჰეპატიტი *.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - ანულარული ერითემა*, წითელი ბრტყელი ლიქენის მსგავსი კანის დაზიანება*, თმის ცვენა*; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ჰირსუტიზმი ქალებში *.
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად - ოსტეომალაცია *; სიხშირე უცნობია - რაბდომიოლიზი, ხშირად ასოცირებული მძიმე ჰიპოკალიემიასთან.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ხშირად - დიურეზის მომატება; იშვიათად - თირკმელების ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი); სიხშირე უცნობია - შარდის შეკავების სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ობსტრუქციასთან (მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, ჰიდრონეფროზი, ურეთრის სტენოზი), ნატრიუმის კონცენტრაციის მომატება შარდში, ქლორიდის კონცენტრაციის მომატება შარდში, შარდის შეკავება, მეორადი გართულებები (შარდის შეკავების მქონე პაციენტებში) ნეფროკალცინოზი/ნეფროლითიაზი დღენაკლულ ბავშვებში, თირკმლის უკმარისობა.
გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, მშობიარობის შემდგომ და პერინატალურ მდგომარეობებზე: სიხშირე უცნობია - ღია არტერიული სადინარი, ოსტეოკლასტური ძვლის დაავადება ახალშობილებში.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ*: ხშირად - ძუძუს თავების ტაქტილური მგრძნობელობის მომატება, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, გინეკომასტია (მამაკაცებში); სიხშირე უცნობია - მასტოდინია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, ერექციული დისფუნქცია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: იშვიათად - სხეულის ტემპერატურის მომატება, გაუწყლოება.
* სპირონოლაქტონის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
გადაჭარბებულმა დიურეზმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და, შესაბამისად, ჰიპოვოლემია, სისხლის მიმოქცევის კოლაფსი და სისხლის შედედება. სისხლის შედედების შედეგად, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, იზრდება თრომბოზისადმი მიდრეკილება. ჰიპოვოლემიის ნიშნები შეიძლება იყოს: ანორექსია, პირის სიმშრალე და წყურვილი, ღებინება, თავის ტკივილი ან წნევა თავის არეში, ასთენია, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, აპათია, დაბნეულობა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
დარღვევები ნივთიერებათ ცვლისა და კვების მხრივ
ელექტროლიტური დისბალანსის განვითარების რისკის სიდიდე განისაზღვრება თანმხლები დაავადებებით (მაგალითად, ღვიძლის ციროზი, გულის უკმარისობა), მედიკამენტების მიღებით და დიეტით.
ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მძიმეა, უნდა დაკორექტირდეს.
ჰიპერურიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის შეტევების განვითარება.
ფუროსემიდით მკურნალობის დროს შეიძლება შემცირდეს გლუკოზის ტოლერანტობა და განვითარდეს ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა. მანიფესტირებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური მდგომარეობის გაუარესება. შესაძლოა განვითარდეს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი.
ელექტროლიტების და სითხეების დაკარგვის შედეგად შეიძლება განვითარდეს მეტაბოლური ალკალოზი ან არსებული ალკალოზის გამწვავება.
არასათანადო გამოყენებისას და/ან ფუროსემიდით ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ფსევდო-ბარტერის სინდრომი.
დამატებითი ინფორმაცია სპირონოლაქტონის შესახებ
პრეპარატის შემადგენელი ორი აქტიური ინგრედიენტი საპირისპირო გავლენას ახდენს კალიუმის გამოყოფაზე. კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეიძლება შემცირდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში (ფუროსემიდის მოქმედების ადრე დაწყების გამო). პრეპარატით თერაპიის მიმდინარეობისას კალიუმის კონცენტრაცია შეიძლება კვლავ გაიზარდოს (სპირონოლაქტონის მოქმედების მოგვიანებით დაწყების გამო), განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რასაც შეიძლება თან ახლდეს კუნთების დამბლა (ჰიპერკალიემიური დამბლა) და გულის არითმიები. გასათვალისწინებელია ჰიპერკალიემიის რისკი პაციენტებში, განსაკუთრებით არარეგულარული პულსის, დაღლილობის ან კუნთების სისუსტის განვითარებისას (მაგ., ქვედა კიდურებში).
სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი.
შესაძლებელია შარდში აზოტოვანი ნაერთების კონცენტრაციის შექცევადი მატება.
თავბრუსხვევა ან ქვედა კიდურების კუნთების სპაზმი შეიძლება ასევე განვითარდეს ჰიპოვოლემიის, გაუწყლოებბის ან ჰიპერკალიემიის გამო.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
პრეპარატის ძალიან მაღალი დოზებით გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გონების არევა და უენერგიობა.
დარღვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ
სიყრუე, მათ შორის შეუქცევადი სიყრუე, დაფიქსირდა ფუროსემიდის პერორალური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
ფუროსემიდის გამოყენებისას ოტოტოქსიური მოქმედების შედეგად, უპირატესად აღინიშნა სმენის შექცევადი დაქვეითება და/ან ყურებში შუილი (ტინიტუსი). როგორც ჩანს, არსებობს განსაკუთრებული მგრძნობელობა ამ ტიპის ტოქსიკურობის მიმართ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ჰიპოპროტეინემიით (მაგ., ნეფროზული სინდრომი).
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
გადაჭარბებულ დიურეზს შეიძლება თან ახლდეს სისხლის მიმოქცევის დარღვევა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და ბავშვებში, რაც გამოიხატება ძირითადად თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, ბუნდოვანი მხედველობის, პირის სიმშრალისა და წყურვილის გამოხატული შეგრძნების სახით.
დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს ქალებში ხმის ტემბრის დაქვეითება და მამაკაცებში ხმის ტემბრის მომატება. ხმის ცვლილებები ასევე შეიძლება გამოვლინდეს ხმის ჩახლეჩით. ზოგიერთ პაციენტში აღნიშნული ცვლილებები არ ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ; ამიტომ, პრეპარატით თერაპიის საჭიროება გულდასმით უნდა შეფასდეს რისკების გათვალისწინებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ხმა მნიშვნელოვანია პაციენტების პროფესიული საქმიანობისთვის (მაგალითად, თეატრში მუშაობა ან პედაგოგიური საქმიანობა).
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს შარდის შეკავების სიმპტომები დაკავშირებული ობსტრუქციასთან (მაგ., წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, ჰიდრონეფროზი, ურეთრის სტენოზი). შეიძლება აღინიშნოს შარდის შეკავება მეორადი გართულებებით, ასევე თირკმლის უკმარისობა, განსაკუთრებით თირკმელების სისხლით მომარაგების შემცირების გამო.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქციები ან ალერგიის მსგავსი კანის რეაქციები (მათ შორის ჭინჭრის ციება, ქავილი) და ჰირსუტიზმი ქალებში.
გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, მშობიარობის შემდგომ და პერინატალურ მდგომარეობებზე
რესპირატორული დისტრეს-სინდრომის მქონე დღენაკლულ ჩვილებში ფუროსემიდით თერაპიამ სიცოცხლის პირველ რამდენიმე კვირაში შეიძლება გაზარდოს ღია არტერიული სადინრის რისკი.
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
სპირონოლაქტონი ქიმიური სტრუქტურით სასქესო ჰორმონების მსგავსია და შეიძლება გამოიწვიოს ძუძუს თავების მომატებული მგრძნობელობა და სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ასევე სარძევე ჯირკვლების გადიდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში (დოზაზე დამოკიდებული არასასურველი რეაქცია). მამაკაცებში შეიძლება განვითარდეს უპირატესად შექცევადი გინეკომასტია, რაც დამოკიდებულია თერაპიის ხანგრძლივობაზე.
ქალებში აღინიშნა მასტოდინიის ან მენსტრუალური ციკლის დარღვევების შემთხვევები, მათ შორის ამენორეა (დოზაზე დამოკიდებული არასასურველი რეაქციები). სპირონოლაქტონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია (ერექციული დისფუნქცია) მამაკაცებში. კასტრაციისადმი მდგრადი პროსტატის კიბო შეიძლება აღინიშნოს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს კასტრაციისადმი რეზისტენტობის პროგრესირება.
საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს განუვითარდა პრეპარატის სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ პუნქტში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებისას უნდა ჩატარდეს ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის), ბიკარბონატების, კრეატინინის, შარდოვანას და შარდმჟავას დონის სისხლის შრატში, აგრეთვე სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგი.
პრეპარატით თერაპიის დაწყებამდე უნდა აღმოიფხვრას მძიმე ჰიპოკალიემია.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელექტროლიტური დარღვევების ან სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვის (მაგ., ღებინება, დიარეა ან ჭარბი ოფლიანობა) მაღალი რისკის მქონე პაციენტების ფრთხილი მონიტორინგი. აუცილებელია ჰიპოვოლემიის ან გაუწყლოების და ელექტროლიტური ან მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოფხვრა, რადგან ზემოაღნიშნული დარღვევებისას შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატით თერაპიის დროებით შეწყვეტა.
ხშირ შარდვასთან დაკავშირებული სხეულის მასის კლება არ უნდა აღემატებოდეს 1 კგ-ს დღეში, შარდვის სიხშირის მიუხედავად.
პრეპარატით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში აუცილებელია შარდის სათანადო გადინების უზრუნველყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში შარდის წარმოქმნის ზრდა შეიძლება ასოცირებული იყოს არასასურველ შედეგებთან.
განსაკუთრებით ფრთხილი მონიტორინგი უნდა ჩატარდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:
ჰიპოკალიემია;
თირკმელების ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ ან სისხლის შრატის კრეატინინის დონე 1,3-1,8 მგ/100 მლ) (ჰიპერკალიემიის გაზრდილი რისკი);
არტერიული ჰიპოტენზია;
არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების გაზრდილი რისკი (მაგალითად, პაციენტებში ცერებროვასკულური შემთხვევით ან გულის კორონარული დაავადებით);
აციდოზი;
ლატენტური ან მანიფესტირებული შაქრიანი დიაბეტი;
პოდაგრა;
ჰიპოპროტეინემია;
შარდის გადინების დარღვევა (მაგალითად, შარდის ბუშტის დაცლის დარღვევა, პროწინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, ჰიდრონეფროზი, ურეთრის სტენოზი);
ნეფროზული სინდრომი (არასასურველი რეაქციების გაძლიერების რისკი, ამიტომ პრეპარატის დოზა სიფრთხილით უნდა გაიზარდოს; შესაძლებელია ფუროსემიდის ეფექტის შესუსტება და ოტოტოქსიურობის გაზრდა);
ღვიძლის ციროზი და თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ჰეპატორენალური სინდრომი).
სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზია თავბრუსხვევის, სისუსტის ან გონების დაკარგვის განვითარებით შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფუროსემიდს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა პრეპარატებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება, და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკთან.
შრატში კალიუმის დონის ფრთხილად მონიტორინგი უნდა ჩატარდეს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით კრეატინინის კლირენსით 60 მლ/წთ/1,73 მ2-ზე ნაკლები სხეულის ზედაპირის ფართობზე ან შრატში კრეატინინის დონეებით 1,5 მგ/100 მლ-ზე მეტი, აგრეთვე პრეპარატის გამოყენებისას იმ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სისხლში კალიუმის დონის მატება.
ზოგიერთ პაციენტს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მქონე კასტრაციისადმი მეტასტაზური რეზისტენტობით განუვითარდა დაავადების პროგრესირება სპირონოლაქტონით თერაპიის ფონზე. სპირონოლაქტონი უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს და მისმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს პროსტატის სპეციფიური ანტიგენის კონცენტრაცია სისხლში.
პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ ჰიპოვოლემია ან გაუწყლოება ფუროსემიდით თერაპიის დროს, შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული მიღებისას.
ვინაიდან ფუროსემიდის გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს ჰიპოკალიემიის განვითარება, პაციენტებს ურჩევენ დაიცვან კალიუმით მდიდარი დიეტა (უცხიმო ხორცი, კარტოფილი, ბანანი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი, ჩირი და ა.შ.).
ფუროსემიდით ხანგრძლივი თერაპიის დროს პაციენტებმა უნდა მიიღონ თიამინი, რადგან თიამინის დეფიციტი ხშირად აღინიშნება თირკმელებით მისი გაზრდილი გამოყოფის გამო ფუროსემიდის მიღებისას, რასაც შეიძლება თან ახლდეს გულის ფუნქციის დარღვევის განვითარება.
სპირონოლაქტონმა და მისმა მეტაბოლიტმა კანრენოატმა შეიძლება ხელი შეუშალოს გარკვეული დიაგნოსტიკური ტესტების შედეგებს (მაგ., სისხლში დიგოქსინის დონეს რადიოიმუნური ანალიზის საშუალებით).
სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს ხმის ცვლილებები, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ პაციენტებს, რომელთა მუშაობისთვისაც ხმას აქვს პროფესიული მნიშვნელობა (მაგალითად, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები).
სპირონოლაქტონის ერთდროულ გამოყენებას ჰიპერკალიემიის გამომწვევ პრეპარატებთან შეიძლება თან ახლდეს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.
რისპერიდონის ერთდროული გამოყენება
დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში რისპერიდონის გამოყენების პლაცებო კონტროლირებად კვლევებში აღინიშნა სიკვდილიანობის ზრდა ფუროსემიდით და რისპერიდონით მკურნალობის ჯგუფებში (7.3%; საშუალო ასაკი 89 წელი, დიაპაზონი 75-97 წელი) რისპერიდონით მონოთერაპიის ჯგუფებთან შედარებით (3.1%; საშუალო ასაკი 84 წელი, დიაპაზონი 70-96 წელი) ან ფუროსემიდით მონოთერაპიასთან შედარებით (4.1%; საშუალო ასაკი 80 წელი, დიაპაზონი 67-90 წელი). რისპერიდონისა და სხვა დიურეზულების ერთდროული გამოყენება (უპირატესადთიაზიდური დიურეზულების დაბალი დოზებით) არ იწვევდა მსგავსს შედეგების. არ იქნა ნაჩვენები რაიმე პათოფიზიოლოგიური მექანიზმი ამ შედეგების ასახსნელად.
მედიკამენტების ზემოაღნიშნული კომბინაციის გამოყენებამდე ან სხვა ძლიერ დიურეტიკებთან ერთად რისპერიდონის გამოყენებამდე უნდა შეფასდეს რისკი/სარგებლის თანაფარდობა. სიკვდილიანობის ზრდა არ დაფიქსირებულა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რისპერიდონით სხვა დიურეტიკებთან ერთად.
მკურნალობის მიუხედავად, დეჰიდრატაცია არის სიკვდილიანობის საერთო რისკ-ფაქტორი, ამიტომ გაუწყლოება თავიდან უნდა იქნას აცილებული დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენებისას არსებობს სისტემური წითელი მგლურას გამწვავების ან გააქტიურების რისკი.
დღენაკლულ ჩვილებში საჭიროა თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი და თირკმელების ულტრაბგერითი გამოკვლევა (ულტრაბგერითი) (ნეფროკალცინოზის/ნეფროლითიაზიის განვითარების რისკი).
დამხმარე ნივთიერებები
სემილაქტი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებს იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
სემილაქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარე (მაგალითად, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების გამო), რის შედეგადაც შეიძლება დაირღვეს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარი (განსაკუთრებით პრეპარატით თერაპიის დასაწყისში, პრეპარატის დოზის მატებისას, მკურნალობის შეცვლისას ან ალკოჰოლთან ერთად მიღებისას).
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
სემილაქტის გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში ორსულობის დროს.
არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულობის დროს ქალებში სპირონოლაქტონის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში სპირონოლაქტონის მიღება დაკავშირებულია მამრობითი სქესის შთამომავლობაში ფემინიზაციასთან და ენდოკრინული დარღვევების ნიშნებთან, როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის შტამომავლობაში. პრეპარატის ანტიანდროგენული ეფექტი დაფიქსირდა ადამიანებში.
ფუროსემიდი უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს მხოლოდ მკაცრად ჩვენებების შემთხვევაში და მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელია სამედიცინო თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ნაყოფის ზრდის კონტროლი.
ფუროსემიდი კვეთს პლაცენტას, ჭიპლარის სისხლში პრეპარატის კონცენტრაცია აღწევს ქალის სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაციის 100%-ს. დღეისათვის ადამიანებში ფუროსემიდის ზემოქმედებასთან დაკავშირებული დეფექტების განვითარების შემთხვევები არ არის ცნობილი. თუმცა, არ არის საკმარისი მონაცემები ემბრიონზე/ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების რისკის საბოლოოდ შესაფასებლად. პრეპარატის გამოყენებისას ნაყოფში შარდის გამომუშავების სტიმულირება შესაძლებელია საშვილოსნოში. გარდა ამისა, ორსულობის გვიან პერიოდში გამოყენებისას ნაყოფს შეიძლება განუვითარდეს ოტოტოქსიური ეფექტები და ჰიპოკალიემიური ალკალოზი.
დიურეზულები არ გამოიყენება ორსულობის დროს ქალებში ჰიპერტენზიის და შეშუპების რუტინული მკურნალობისთვის, რადგან ისინი აფერხებენ პლაცენტის სისხლით მომარაგებას და, შესაბამისად, ანელებენ ნაყოფის ზრდას.
იმ შემთხვევებში, როდესაც საჭირო ხდება ფუროსემიდის გამოყენება ორსულობის დროს გულის ან თირკმელების უკმარისობის მქონე ქალებში, სისხლის ელექტროლიტების და ჰემატოკრიტის მაჩვენებლები, ისევე როგორც ნაყოფის ზრდა, გულდასმით უნდა გაკონტროლდეს. ფუროსემიდს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ბილირუბინს ალბუმინთან შეკავშირების დონეზე, ამასთან იზრდება ბირთვული სიყვითლის განვითარების რისკი ჰიპერბილირუბინემიისას.
ლაქტაცია
სემილაქტის გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.
მონაცემები დედის რძეში სპირონოლაქტონის გამოყოფის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. სპირონოლაქტონის კანრენოატის ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი გამოიყოფა დედის რძეში (დედის რძეში კონცენტრაციის /სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის თანაფარდობა არის 0,7).
ფუროსემიდი გამოიყოფა დედის რძეში და აფერხებს დედის რძის გამომუშავებას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფუროსემიდთან დაკავშირებული ურთიერთქმედება
ეფექტის შესუსტება
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა
შესაძლებელია ფუროსემიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება გაუწყლოების ან ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტებში. ფუროსემიდს შეუძლია გააძლიეროს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედება.
ფენიტოინი
სუკრალფატი
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ფუროსემიდის შეწოვის დაქვეითება. პრეპარატი უნდა იქნას მიღებული მინიმუმ 2 საათის ინტერვალით.
ალისკირენი
ალისკირენი ამცირებს ფუროსემიდის კონცენტრაციას პლაზმაში პერორალური მიღებისას. რეკომენდებულია ფუროსემიდის დიურეზული ეფექტის კონტროლი დასაწყისში და დოზის კორექციის დროს ალისკირენთან ერთდროული თერაპიის შემთხვევაში.
ეფექტის გაძლიერება
ჰიპოტენზიური საშუალებები, დიურეზულები ან პრეპარატები, რომლებსაც აქვთ არტერიული წნევის დაქვეითების პოტენციალი
ფუროსემიდთან კომბინაციაში მოსალოდნელია არტერიული წნევის უფრო გამოხატული დაქვეითება. აღინიშნა არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, მათ შორის შოკის განვითარებით და თირკმელების ფუნქციის გაუარესებით (ზოგიერთ შემთხვევაში განვითარდა თირკმლის მწვავე უკმარისობა), კერძოდ, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის (აგფ ინჰიბიტორი) ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის გამოყენებისას პირველად ან უფრო მაღალი დოზით. საჭიროა ფუროსემიდის მიღების დროებით შეწყვეტა ან მისი დოზის შემცირება აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიის დაწყებამდე სამი დღით ადრე, ან ამ უკანასკნელის დოზის გაზრდა.
ანესთეტიკები, კურარიმაგვარი მიორელაქსანტები
მიორელაქსიური მოქმედების გაძლიერება და გახანგრძლივება ან არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება.
ორალური ანტიკოაგულანტები
შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.
პრობენეციდი, მეთოტრექსატი და სხვა პრეპარატები, რომლებიც, ფუროსემიდის მსგავსად, ძირითადად გამოიყოფა თირკმლის მილაკებით.
ფუროსემიდმა შეიძლება შეამციროს ზემოაღნიშნული პრეპარატების გამოყოფა თირკმელებით.
მაღალი დოზების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ფუროსემიდის ან ზემოაღნიშნული პრეპარატების კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში და გაიზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი. ამავდროულად, ზემოხსენებულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ფუროსემიდის ეფექტი.
თეოფილინი
ელექტროლიტური დარღვევები
გლუკოკორტიკოიდები (GCS), კარბენოქსოლონი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, სალიცილატები, ამფოტერიცინი B, პენიცილინი G, საფაღარათო საშუალებები
ფუროსემიდთან ერთდროულ გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს კალიუმის გამოყოფის გაზრდა (ჰიპოკალიემიის რისკი).
დიდი რაოდენობით გამოყენებისას ძირტკბილას პრეპარატები მოქმედებენ კარბენოქსოლონის მსგავსად.
გულის გლიკოზიდები
ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ფუროსემიდით თერაპიის დროს განვითარებული ჰიპოკალიემიისას და/ან ჰიპომაგნიემიისას, იზრდება მიოკარდიუმის მგრძნობელობა საგულე გლიკოზიდების მოქმედების მიმართ. ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება (მაგალითად, ტერფენადინი, I და III კლასების ზოგიერთი ანტიარითმული პრეპარატი), და ელექტროლიტური დარღვევების არსებობისას, იზრდება პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკი („პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის ჩათვლით).
ნეფრო- და ოტოტოქსიური მოქმედება
ამინოგლიკოზიდები (მაგ., კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) და სხვა ოტოტოქსიური პრეპარატები
ამინოგლიკოზიდების (მაგ., კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) და სხვა ოტოტოქსიური პრეპარატების ოტოტოქსიური ეფექტი შეიძლება გაიზარდოს ფუროსემიდთან ერთად მიღებისას. განვითარებული სმენის დარღვევა შეიძლება შეუქცევადი იყოს. ზემოაღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მნიშვნელოვანი სამედიცინო ჩვენება.
ნეფროტოქსიური პრეპარატები (მაგალითად, ანტიბიოტიკები, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, პოლიმიქსინები)
ფუროსემიდმა შეიძლება გაზარდოს უარყოფითი ზემოქმედება, რასაც შეიძლება თან ახლდეს თირკმელების ფუნქციის გაუარესება.
ცისპლატინი
გასათვალისწინებელია სმენის დაქვეითების რისკი ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას. იმ შემთხვევებში, როდესაც ცისპლატინით მკურნალობის დროს ფუროსემიდი გამოიყენება ფორსირებული დიურეზის მიზნით, ფუროსემიდი უნდა იქნას გამოყენებული დაბალი დოზებით (მაგ. 40 მგ თირკმელების ნორმალური ფუნქციისას) და მხოლოდ დადებითი სითხის ბალანსის შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცისპლატინის ნეფროტოქსიური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.
რენტგენის კონტრასტული პრეპარატები
თირკმელების ფუნქციის დარღვეის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფუროსემიდს, რადიოკონტრასტული პრეპარატების შეყვანისას, წინასწარი ინტრავენური რეჰიდრატაციის გარეშე, თირკმლის ფუნქციის დარღვევები უფრო ხშირად აღინიშნებოდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ინტრავენურ რეჰიდრატაციას რადიოკონტრასტული პრეპარატის შეყვანამდე.
სხვა ურთიერთქმედება
ჰიპოგლიკემიური საშუალებები და ვაზოპრესორული ამინები (მაგ., ადრენალინი, ნორადფრენალინი)
ზემოაღნიშნული საშუალებების მოქმედება შეიძლება შემცირდეს ფუროსემიდთან ერთდროული გამოყენებისას.
ციკლოსპორინი A
ფუროსემიდთან ერთდროული გამოყენება ასოცირდება პოდაგრული ართრიტის განვითარების მომატებულ რისკთან ჰიპერურიკემიის გამო, რომელიც დაკავშირებულია ფუროსემიდის გამოყენებასთან, და შარდმჟავას თირკმელებით გამოყოფის დაქვეითებასთან, რომელიც დაკავშირებულია ციკლოსპორინის გამოყენებასთან.
ლითიუმის პრეპარატები
ფუროსემიდის ერთდროული მიღება დაკავშირებულია ლითიუმის კარდიოტოქსიური და ნეიროტოქსიური ეფექტების მატებასთან თირკმელებით ლითიუმის გამოყოფის შემცირების გამო. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასეთ კომბინაციას, რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონის ფრთხილად მონიტორინგი.
სალიცილატები მაღალი დოზებით
ფუროსემიდთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ტოქსიკური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
რისპერიდონი
აუცილებელია სიფრთხილე, ასევე სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასება, როდესაც რისპერიდონი ფუროსემიდთან ან სხვა ძლიერ დიურეტიკებთან ერთად გამოიყენება.
ლევოთიროქსინი
მაღალი დოზებით ფუროსემიდს შეუძლია დათრგუნოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეკავშირება ტრანსპორტულ ცილებთან, რაც იწვევს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის თავისუფალი ჰორმონების კონცენტრაციის გარდამავალ ზრდას, რასაც მოჰყვება სისხლში თირეოიდული ჰორმონების საერთო დონის დაქვეითება. ასეთ სიტუაციებში აუცილებელია სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის კონტროლი.
სპირონოლაქტონთან დაკავშირებული ურთიერთქმედება
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპერკალიემიას
სპირონოლაქტონის ერთდროული გამოყენება კალიუმის მარილების შემცველ პრეპარატებთან, პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ კალიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, აგფ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, კაპტოპრილი, ენალაპრილი), ანგიოტენზინ II ანტაგონისტებთან (მაგალითად, კანდესარტანი, ვალსარტანი) ან კალიუმის პრეპარატებთან (ტრიამტერენი, ამილორიდი) შეიძლება განვითარდეს მძიმე, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემია.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სპირონოლაქტონთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს კალიუმის კონცენტრაცია სისხლში და, შედეგად, განვითარდეს მძიმე ჰიპერკალიემია. შეიძლება აღინიშნოს სპირონოლაქტონის ეფექტის შესუსტება.
კარბენოქსოლონი
სპირონოლაქტონმა და კარბენოქსოლონმა შეიძლება შეასუსტონ ერთმანეთის ეფექტს.
დიდი რაოდენობით გამოყენებისას ძირტკბილას პრეპარატები მოქმედებენ კარბენოქსოლონის მსგავსად.
ქოლესტირამინი
ქოლესტირამინის ერთდროულ გამოყენებას სპირონოლაქტონთან ჰიპოქლორემიული მეტაბოლური აციდოზის მკურნალობისას შეიძლება თან ახლდეს ჰიპერკალიემიის განვითარება.
ნეომიცინი
ნეომიცინმა შეიძლება შეანელოს სპირონოლაქტონის შეწოვა.
დიგოქსინი
დიგოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა, რასაც შეიძლება თან ახლდეს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის დონის მატება.
სპირონოლაქტონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტების შედეგებს, რათა დადგინდეს სისხლში დიგოქსინის დონე რადიოიმუნური ანალიზის საშუალებით.
კო-ტრიმოქსაზოლი
ტრიმეტოპრიმის/სულფამეთოქსაზოლის (კო-ტრიმოქსაზოლის) ერთდროულ გამოყენებას სპირონოლაქტონთან შეიძლება თან ახლდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემიის განვითარება.
აბირატერონი
სპირონოლაქტონი უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს და შეიძლება გაზარდოს პროსტატის სპეციფიური ანტიგენის დონეები წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აბირატერონს. არ არის რეკომენდებული აბირატერონისა და სპიროლაქტონის ერთობლივი გამოყენება.
სპირონოლაქტონის მიღების ფონზე სისხლში კორტიზოლის კონცენტრაციის გაზომვისას „მატინგლის“ მეთოდით, აღინიშნება ცრუ მაღალი მნიშვნელობები.
სემილაქტის სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება.
ზოგიერთი ელექტროლიტური დარღვევების დროს (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია) შეიძლება გაიზარდოს გარკვეული მედიკამენტების ტოქსიკური ეფექტი (მაგალითად, საგულე გლიკოზიდები და პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება).
ქლორალჰიდრატის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ფუროსემიდის ინტრავენური შეყვანის შემდეგ აღინიშნა სიცხის მოწოლის, მომატებული ოფლიანობის, შფოთვის, გულისრევის, არტერიული წნევის მომატების და ტაქიკარდიაის განვითარების ცალკეული შემთხვევები. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების შესაძლო განვითარების გამო, არ არის რეკომენდებული სემილაქტის ერთდროული გამოყენება, რომელიც შეიცავს ფუროსემიდს და ქლორალჰიდრატს.
სპირონოლაქტონის შეწოვა იზრდება სემილაქტის საკვებთან ერთად მიღებისას.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
პრეპარატის მწვავე ან ქრონიკული დოზის გადაჭარბების კლინიკური სურათი დამოკიდებულია სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვის ხარისხზე.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატული რეგულაციის დარღვევა და ელექტროლიტების დარღვევა (ჰიპო- ან ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია) და ალკალოზი. სითხისა და ნატრიუმის მნიშვნელოვანმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და გონების არევა, სისხლძარღვების კოლაფსი, სისხლის შედედება თრომბოზისკენ მიდრეკილებით და თირკმლის მწვავე უკმარისობა გაუწყლოების და ჰიპოვოლემიის შედეგად. სითხისა და ელექტროლიტების სწრაფმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს დელირიუმი.
ანაფილაქსიური შოკი (სიმპტომები: მაგალითად, გაძლიერებული ოფლიანობა, გულისრევა, ციანოზი, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ცნობიერების დაქვეითება, მათ შორის კომის განვითარება) იშვიათად აღინიშნა.
ჰიპერკალიემიას შეიძლება თან ახლდეს გულის არითმიები (მაგ., მოციმციმე არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), გულის გაჩერება, ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები (მაღალი T ტალღები და QRS კომპლექსის გაფართოება), არტერიული ჰიპოტენზია პერიფერიულ სისხლძარღვთა კოლაფსით და ნევროლოგიური დარღვევებით (დამბლა, აპათია, ცნობიერების არევა).
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე თერაპია.
იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის მიღებიდან გასულია მცირე დრო, შესაძლებელია პრეპარატის გამოყოფის (ინდუცირებულიღებინება, კუჭის ამორეცხვა) ან შეწოვის შემცირების (გააქტიურებული ნახშირის) მიზნით ზომების მიღება, რომ შემცირდეს მისი მოხვედრა სისტემურ სისხლის ნაკადში.
მძიმე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრების მონიტორინგი, ინტენსიური თერაპიის ჩატარება და წყლალ-ელექტროლიტური ბალანსის, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის, გლუკოზისა და შარდმჟავას დონის მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, მათი კორექტირება.
შარდის გამოყოფის დარღვევების მქონე პაციენტებში (მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში) აუცილებელია შარდის ადეკვატური გადინების უზრუნველყოფა, ვინაიდან შარდის გადინების ობსტრუქციამ, რომელიც დაკავშირებულია შარდის ბუშტის გაუვალობასთან, შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის გადავსება.
სპეციფიური ანტიდოტები სპირონოლაქტონისა და ფუროსემიდისთვის უცნობია.
ჰიპოვოლემიისა და ჰიპონატრიემიის დროს აუცილებელია ნატრიუმის და სითხის დაკარგვის კომპენსირება.
სისხლის მიმოქცევის კოლაფსის დროს აუცილებელია პაციენტი მოთავსდეს შესაბამის პოზიციაში და საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს ანტიშოკური თერაპია.
ჰიპოკალიემიის დროს აუცილებელია კალიუმის პრეპარატებით თერაპიის ჩატარება.
სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერკალიემიის დროს პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ინტენსიური მკურნალობა.
კალიუმის უჯრედშიდა და უჯრედგარე კონცენტრაციების თანაფარდობის ნორმალიზება
ნატრიუმის ბიკარბონატი აძლიერებს უჯრედების მიერ კალიუმის ათვისებას (პირდაპირი მექანიზმი) - 50-100 მლ ნატრიუმის ბიკარბონატის 1-მოლარიანი (8.4%) ხსნარის ინტრავენური შეყვანა (ეფექტის დაწყება აღინიშნება რამდენიმე წუთის შემდეგ, ეფექტის ხანგრძლივობა რამდენიმე საათია).
გლუკოზა განსაკუთრებით აძლიერებს კალიუმის ათვისებას უჯრედების მიერ - 200 მლ 25% (1,4 მოლ/ლ) გლუკოზის ხსნარის და 25 სე ინსულინის (1 სე ინსულინი 2 გ გლუკოზაზე) ინტრავენური შეყვანა 30-60 წუთის განმავლობაში ( ეფექტის ხანგრძლივობა რამდენიმე საათია).
ჰიპერკალიემიის კორექცია, მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზებისა
გარდა ზემოაღნიშნული გადაუდებელი ღონისძიებებისა, ორგანიზმიდან ჭარბი კალიუმის გამოსადევნად უნდა იქნას მიღებული ზომები, რომლებიც ხასიათდება ეფექტის უფრო დიდი ხანგრძლივობით.
იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია თირკმელებით კალიუმის ექსკრეციის გაზრდა (მაგალითად, ფუროსემიდის გამოყენებისას), უნდა იქნას მიღებული ზომები კალიუმის ექსკრეციის გაზრდის მიზნით არათირკმლისმიერი გზით - კათიონგაცვლის ფისების პერორალური მიღება (მაგალითად, Resonium A ან Calcium Resonium).
იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია კალიუმის უჯრედგარე კონცენტრაციის ნორმალიზება ზემოაღნიშნული ზომების გამოყენებით, აუცილებელია პერიტონეალური დიალიზის ან ჰემოდიალიზის ჩატარება.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
1, 2 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.