კურორტი საირმე


საირმე — ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მ, ბაღდათიდან 25 კმ. ჰავა რბილია. იცის მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვარში საშუალო ტემპერატურა — 1,0°C) და ზომიერად თბილი ზაფხული (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0°C). ნალექების რაოდენობა 900 მმ წელიწადში.

კურორტი ცნობილია არა მარტო წიწვოვანი, ფოთლოვანი ტყეებითა და მთის კლიმატით, არამედ სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლებით. მინერალური წყლებით მკურნალობა იძლევა შესანიშნავ შედეგს როგორც ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკული ანთების მკურნალობისას, ასევე შარდ-კენჭოვანის, შარდსაწვეთის, შარდის ბუშტის და ურეთრის მკურნალობის დროს.

საირმეში მდებარეობს დიდი რაოდენობით მინერალური წყალი, ამიტომაც აქ მინერალური წლის აბაზანებითა და მიღებით მკურნალობენ.

სამკურნალო ფაქტორია „ნარზანის“ ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი (წყარო № 1 და № 3) და „ბორჯომის“ ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი (ბურღილი № 4 და № 5) მინერალური წყალი „საირმე“

მკურნალობის ჩვენებებია: შარდ-სასქესსო დაავადებები, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი, ქრონიკული პროსტატი, რკინადეფიციტური ანემია, მსუბუქი და საშუალო დონის შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, პანკრეატიტი და სხვა...

 

რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?

 

მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას); ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის,  ბრონქული ასთმის,  ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.