ახალი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისა და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელის დასაგეგმად პირველადი ჯანდაცვის ქსელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ახალი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისა და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელის დასაგეგმად პირველადი ჯანდაცვის ქსელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.


თარიღი: 18/03/2020

ახალი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისა და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელის დასაგეგმად პირველადი ჯანდაცვის ქსელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროში პჯდ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ზედმეტი ვიზიტებისგან და კონტაქტებისგან თავი შეიკავოს. სწორედ ამიტომ პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებულია სატელეფონო კონსულტაციის გაწევისთვის. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში კი, უმოკლეს ვადაში, შესაძლებელია როგორც ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა, ასევე ბინაზე ვიზიტის ორგანიზებაც.

დღეს, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება ამის საჭიროება, გაუწიოს აქტიური სატელეფონო კონსულტაცია. ამდენად, ჩვენი რეკომენდაცია მოსახლეობისთვის არის ის, რომ შეინარჩუნონ აქტიური კონტაქტი ოჯახის ექიმთან, უმჯობესია სატელეფონო სახით და შემდეგ ოჯახის ექიმის რჩევის შესაბამისად მიმართონ სხვა სამედიცინო სამსახურებს. რა თქმა უნდა ჩვენ  აქტიურად ვმუშაობთ პროტოკოლებზე და გაიდლაინებზე, რომლებიც გამოყენებული იქნება ოჯახის ექიმების მიერ. იგეგმება ონლაინ ტრენინგები, როგორც თბილისის, ისე სოფლის ოჯახის ექიმებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ სრული და უახლესი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს შემთხვევების მართვა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა ექვემდებარება ჩვეულებრივ, სტანდარტულ, სიმპტომურ მკურნალობას და მისი მართვისთვის განსაკუთრებული პირობები საჭირო არ არის. თუმცა მძიმე შემთხვევებში, მნიშვნელოვანია პაციენტის დროული გადამისამართება შესაბამის დაწესებულებაში.