Nuk
კრუპი – დიდი საფრთხე პატარებისთვის

თარიღი: 21 აპრილი, 2020

ყველა დედის მთავარი საზრუნავი შვილის ჯანმრთელობაა. ბავშვობაში გადატანილმა ავადმყოფობამ შესაძლოა კვალი დააჩნიოს ორგანიზმს და ზრდასრულ ასაკში მძიმე პათოლოგია გამოიწვიოს.

კრუპი მიეკუთვნება მცირეწლოვან ბავშვებში გავრცელებულ პოტენციურად საშიშ დაავადებებს და ძალიან აშინებს მშობლებს – ცოტამ თუ იცის, როგორ დაეხმაროს ამ დროს ბავშვს.
კრუპის მიმდინარეობაზე, მკურნალობასა და პრევენციაზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ივანე ჩხაიძე.

– რა არის კრუპი? რის მიხედვით განასხვავებენ ცრუ და ჭეშმარიტ კრუპს?
– კრუპი მწვავე დაავადებაა, რომელსაც ზემო სასუნთქი გზების შევიწროება ახასიათებს. მისი სახელწოდება მომდინარეობს ძველი ინგლისური სიტყვისგან croup, რომელიც ხმის ჩახლეჩით ტირილს, ყეფას ნიშნავს. სახელს საფუძვლად დაედო დაავადებისთვის დამახასიათებელი მყეფავი ხველა.
კრუპი, როგორც თავადაც აღნიშნეთ, ორი სახისაა: ჭეშმარიტი და ცრუ. ჭეშმარიტი კრუპი დიფთერიის შემდეგ ვითარდება, ცრუს გამომწვევი კი, წესისამებრ, სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციაა.

ფაქტები
– დიფთერია მწვავე ინფექციური დაავადებაა. მიმდინარეობს ნუშურების, ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, ზოგჯერ – თვალისა და გენიტალიების, იშვიათად – კანისა და სხვა ორგანოთა ლორწოვანი გარსების ფიბრინული ანთებით და ზოგადი ინტოქსიკაციით. ვაქცინაციის შემოღებამდე ის სასიკვდილო იყო, ახლა კი მართვადია და ლეტალურ შედეგს, წესისამებრ, აღარ იწვევს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წელს ევროპის რეგიონში დიფთერიის სულ 35 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო მთელ მსოფლიოში – 7324. შემთხვევათა უმეტესობა (7217) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონისა და ინდოეთის (6094) წილად მოდის.


საბედნიეროდ, საქართველოში, რამდენიმე ათწლეულია, დიფთერიის დიაგნოზი აღარ დასმულა. გავრცელება კი 6 თვიდან 5 წლამდე პერიოდში აღწევს პიკს.
რაც შეეხება საქართველოს, 90-იან წლებში აქ დიფთერიის ეპიდემია დაიწყო, რომელიც 90-იანების ბოლომდე გაგრძელდა. აღირიცხა 1500-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 150-მდე – ლეტალური. ბოლო წლებში კი, საბედნიეროდ, დიფთერიის მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვხვდება მოზრდილებს შორის და ამას ვაქცინაციას უნდა ვუმადლოდეთ. სწორედ მისი დანერგვის შემდეგ ჩაბარდა დიფთერია საქართველოში წარსულს.


– რომელი ვირუსული დაავადების დროს არის მოსალოდნელი ცრუ კრუპის განვითარება?
– ვირუსულ კრუპს უმეტესად პარაგრიპის ვირუსი იწვევს, შედარებით იშვიათად – გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი.


- რატომ ავადდებიან ვირუსული კრუპით ყველაზე ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვები?
– ამ ასაკში ბავშვები პირველად ეჯახებიან ვირუსულ ინფექციებს. ჩაკეტილ სივრცესა და ორგანიზებულ კოლექტივში (მათ შორის – ბაგა ბაღებსა და ბაღებში) ეს ინფექციები ადვილად ვრცელდება. დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორებია ამ ასაკის ბავშვების სხეულის ანატომიური თავისებურებები.
ყოველივე ამას ემატება სეზონურობაც – კრუპი განსაკუთრებით ხშირდება შემოდგომაზე და ზამთარში.

როგორ ამოვიცნოთ
– ვირუსული კრუპის დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. იმდენად ტიპურია მისი სიმპტომატიკა, რომ თუ ადამიანს ერთხელ მაინც უნახავს კრუპის შეტევა, მომავალში მისი ამოცნობა აღარ გაუჭირდება.
კრუპს ახასიათებს ტრიადა – სამი ნიშნის ერთობლიობა:
* მყეფავი შეტევითი ხველა;
* ხმის ტემბრის შეცვლა;
* სტრიდორი – ხმაურიანი, გაძნელებული, გახანგრძლივებული ჩასუნთქვა, რომელიც ყველაზე საშიშ სიმპტომად მიიჩნევა.
თუ თქვენი ოჯახის წევრს, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ არაფერს უჩიოდა, ღამით უეცრად აუვარდა მყეფავი ხველა, ჩაეხლიჩა ხმა, ჩასუნთქვა უჭირს და სახეზე შეშინებული გამომეტყველება ადევს, შეგიძლიათ, უდიდესი ალბათობით კრუპი ივარაუდოთ.
განასხვავებენ კრუპის მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებს. მსუბუქი ფორმის დროს დამატებითი სამედიცინო ჩარევა არ არის საჭირო და დაავადება შეიძლება სახლის პირობებშიც იმართოს. საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმების დროს კი პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელია.


– ვირუსული კრუპი, როგორც აღნიშნეთ, მოულოდნელად იწყება. ხომ არ აქვს დამახასიათებელი ადრეული სიმპტომი, რომ მისი განვითარება წინასწარ ვივარაუდოთ?
– ასეთი სიმპტომი, სამწუხაროდ, არ არსებობს. ჩვეულებრივი მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის დროს, როდესაც ტემპერატურა მაღლა იწევს, ბავშვს აცემინებს და ცხვირიდან ჩამოსდის, ვერანაირად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, გადაიზრდება დაავადება კრუპში, გაციების ფარგლებში დარჩება თუ რაიმე სხვა მძიმე პათოლოგიით გართულდება.

პირველი დახმარება

- სასწრაფო დახმარების მოსვლამდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ ბავშვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად?
– ალბათ წარმოგიდგენიათ მოულოდნელობის ეფექტი, როდესაც დედას შუაღამისას ესმის, როგორ უჭირს სუნთქვა მის შვილს, ამიტომ პირველი რჩევაა, ნუ დაიბნევით, აიყვანეთ ბავშვი ხელში, დაამშვიდეთ, გამოაღეთ ფანჯარა და სუფთა ჰაერი ასუნთქეთ. ნუ გეგონებათ, რომ ეს გააღიზიანებს. ხშირად მოისმენთ ასეთ რეკომენდაციას: შეიყვანეთ ბავშვი სააბაზანოში, მოუშვით ცხელი წყალი და რამდენიმე წუთის განმავლობაში ასუნთქეთ ტენიანი თბილი ჰაერი, – თუმცა კვლევა, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა ამ მეთოდის ეფექტიანობას, არ ჩატარებულა.
დღეს ბევრი ოჯახისთვის ხელმისაწვდომია საინჰალაციო აპარატი. თუ ხედავთ, რომ ბავშვის მდგომარეობა მძიმდება და მისი კლინიკაში გადაყვანაა საჭირო, შეგიძლიათ, გაუკეთოთ ერთჯერადი ინჰალაცია ეპინეფრინით (ადრენალინით), მერე კი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეთ. აქვე მინდა, დავამშვიდო დედები და ვუთხრა, რომ თუმცაღა ბავშვი ამ დროს ძალიან მძიმე პაციენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, საავადმყოფომდე მის მისაყვანად დრო საკმარისია.

როდის მივმართოთ ექიმს
კრუპის იმ სამი ნიშნიდან, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, სწორედ სტრიდორია მდგომარეობის სიმძიმის მანიშნებელი. სტრიდორზე საუბრისას ვგულისხმობთ სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობას, გაძნელებულ, გახანგრძლივებულ ჩასუნთქვას. მდგომარეობის სიმძიმე უმეტესად იმით განისაზღვრება, მოსვენების დროსაც აღინიშნება სტრიდორი თუ მხოლოდ მღელვარების, ტირილის დროს. თუ თქვენს შვილს ძილში უეცრად სტრიდორი განუვითარდა, იცოდეთ: მდგომარეობა მძიმეა, ბავშვი კლინიკაში უნდა გადაიყვანოთ.
თუ ბავშვს აქვს მყეფავი ხველის შეტევა და ხმაც ჩაეხლიჩა, მაგრამ არ უჭირს ჩასუნთქვა და სტრიდორი მხოლოდ ტირილის დროს ვითარდება, მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის კრუპი. ამ შემთხვევაში თქვენი გადასაწყვეტია, ბინაზე ეცდებით ჩარევას თუ კლინიკაში გადაიყვანთ.


კრუპის მსუბუქ ფორმას კი მხოლოდ მყეფავი ხველა და ხმის ჩახლეჩა ახასიათებს. სტრიდორი ამ მდგომარეობას თან არ ახლავს, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, ბავშვი სახლში დატოვოთ.
ნიშანდობლივია, რომ რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მაღალია კრუპის მძიმე მიმდინარეობის რისკი. ხუთ წლის ბავშვთან თუ შეგიძლიათ, სახლში დაელოდოთ მდგომარეობის გაუმჯობესებას საშუალო და მსუბუქი ფორმის კრუპის დროს, ხუთი თვის ასაკში მკაცრადაა რეკომენდებული ბავშვის კლინიკაში გადაყვანა.

როგორ ვუმკურნალოთ
კრუპის მკურნალობის ტაქტიკა განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკი ამ დროს საჭირო არ არის, ვინაიდან კრუპი ვირუსული დაავადებაა. მკურნალობა თავიდან ბოლომდე ეფუძნება ორ პრეპარატს. ერთია ეპინეფრინი/ადრენალინი, რომლითაც ინჰალაცია ტარდება, მეორე – ჰორმონი დექსამეტაზონი. როცა სწრაფი ეფექტის მიღება გვსურს, პირველ რიგში საინჰალაციო პრეპარატს ვიყენებთ, ხოლო დექსამეტაზონი ახანგრძლივებს ინჰალაციური თერაპიის შედეგს.
ამ ორი პრეპარატის გამოყენების შედეგად პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მიღებული დახმარების შემდეგ, მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, ბავშვების უდიდესი ნაწილი ბინაზე ეწერება. ძალიან მცირე ნაწილთან კრუპი შესაძლოა ისე მძიმედ მიმდინარეობდეს, რომ საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია, თუმცა, როგორც წესი, არც ის არის ხანგრძლივი და რამდენიმედღიანი აქტიური ინჰალაციური თერაპიის შემდეგ კრუპის ეპიზოდი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს.

როგორ ავიცილოთ თავიდან
ვირუსული ინფექციისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა, თუმცა პარაგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, შესაბამისად, ვირუსული კრუპისგან თავის დაცვა შეიძლება მხოლოდ ისეთი პრევენციული ღონისძიებების მეშვეობით, რომლებსაც საზოგადოდ, ვიყენებთ მწვავე რესპირაციული ინფექციების მიმართ.
მაქსიმალურად მოარიდეთ ბავშვები იმ ადამიანთან კონტაქტს, რომელსაც შეიძლება რესპირაციული ვირუსული ინფექცია ჰქონდეს.
ასწავლეთ, ხშირად დაიბანოს ხელები.
გამოიყენეთ პირბადე (აქვე გაგაფრთხილებთ: საყოფაცხოვრებო პირბადეები, რომლებსაც აფთიაქებში ვყიდულობთ, ვერ იცავს ვირუსული ინფექციებისგან; თუ ახლო კონტაქტი გაქვთ ინფიცირებულთან და მან დააცემინა ან დაახველა, ასეთი პირბადე ვერ დაგიცავთ, განსხვავებით სპეციალური სამედიცინო პირბადისგან, რომელიც იცავს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის დროსაც).


ვირუსულისგან განსხვავებით, ჭეშმარიტი კრუპის პრევენციის ერთადერთი გზაა დიფთერიის საწინააღმდეგო გეგმური აცრის ჩატარება. საბედნიეროდ, დღევანდელი აცრების ეროვნული კალენდარი თითქმის იდეალურია და გვიცავს ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა დიფთერია, ტეტანუსი, წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი... ეს ის დაავადებებია, რომლებიც ბავშვებისთვის პოტენციურად საშიშია და მათ საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალო საშუალება არ არსებობს.
კიდევ ერთი: ტექნოლოგიური პროგრესი ამ კუხით დიდ პრაქტიკულ უპირატესობას გვაძლევს. ამის ერთ-ერთი მაგალითია აპლიკაცია, რომელიც დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. „აცრები“ - ასე ჰქვია აპლიკაციას, რომლის უფასო გადმოწერაც ყველა თქვენგანს შეუძლია. აპლიკაციის ლინკი: https://play.google.com/store/apps/details?id=com.ncdc.immunization  მას თან ახლავს აცრების კალენდარი და, რაც მთავარია, მასში ცალკეა ჩამოთვლილი, რა ჭეშმარიტი თუ ცრუ წინააღმდეგჩვენება აქვს ამა თუ იმ ვაქცინას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ცრუ უკუჩვენებათა ცოდნა, რადგან მათი მომიზეზებით ბევრი გადადებს ან უარს ამბობს აცრაზე. ასეთებია, მაგალითად, ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, დისბიოზი, წონაში ჩამორჩენა, ხელოვნური კვება, განვითარების სხვადასხვა მანკი, ფერმენტოპათია, ალერგია და სხვ. ასე რომ, ნუ დაუჯერებთ არაპროფესიონალებს, ნუ ირწმუნებთ ყურმოკრულ ამბებს; შვილზე ზრუნვა თქვენი მოვალეობაა, მისდამი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, ამიტომ აცერით ბავშვი და უზრუნველყავით მისი უსაფრთხო მომავალი.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ვირუსის ერთი მნიშვნელოვანი თვისება: ის არ ექვემდებარება ანტიბიოტიკოთერაპიას. კრუპის და, საზოგადოდ, ვირუსული ინფეციური დაავადებების, განსაკუთრებით კი გრიპის დროს ექიმებისა თუ პაციენტების მიერ ანტიბიოტიკების გამოყენების პრაქტიკა ჯერ კიდევ მთელ მსოფლიოში გვხვდება. რა მაღალდოზირებული, ფართო სპექტრისა და ძვირად ღირებულიც არ უნდა იყოს ანტიბიოტიკი, ვირუსის წინაღმდეგ მისი ეფექტი ნულის ტოლია. ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკის გამოყენება გვერდითი მოვლენების პოტენციური წყარო და მომავალში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ჩამოყალიბების რეალური მიზეზია. ანტიბიოტიკების ხშირად, ქაოსურად, არასაჭიროებისამებრ მიღებამ ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა აღზარდოს ბაქტერიის წამალგამძლე შტამი, რომელსაც შემდეგ ვერავითარი ანტიბიოტიკი ვეღარ მოერევა.

დაბოლოს
მინდა, შევახსენო მშობლებს: კრუპის დროს ტირილი, გაღიზიანება, აგზნება მდგომარეობას ამძიმებს, ამიტომ მაქსიმალურად ვერიდებით კუნთშიდა ინექციას, ინტრავენურ გადასხმას, ყველაფერს, რაც ზედმეტად აღაგზნებს ბავშვს. ეცადეთ, პატარას კომფორტი შეუქნათ, დაამშვიდოთ, მოარიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება გააღიზიანოს და, ამგვარად, მდგომარეობის დამძიმება თავიდან აიცილოთ.

 

წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)

https://www.aversi.ge/\