Nuk
იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები, გრიპის ვაქცინა თუ ვიტამინები

თარიღი: 23 ნოემბერი, 2020

როგორ მოვემზადოთ წლის ყველაზე მწვავე სეზონისთვის, როდესაც COVID19-ის პადნემიას გრიპის ვირუსი ემატება. რა დაგვიცავს, იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები, გრიპის ვაქცინა თუ ვიტამინები – ამ თემაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა.

მოდით, არსებული დაძაბული რეალობის ფონზე მაინც ვეცადოთ და პოზიტიურად შევხედოთ ამ თემას. ბავშვები ინფიცირდებიან, თუმცა, კოვიდინფიცირებულ ბავშვებში დაავადება გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. როგორც ვიცით, ახალი კორონავირუსი გასული წლის დეკემბერში აღმოაჩინეს, შესაბამისად მასზე ინფორმაციას ექიმები და მეცნიერები დღითიდღე აგროვებენ. თებერვალში და მარტში მართლაც ითვლებოდა, რომ ბავშვები ამ ვირუსით არ ავადობენ, თუმცა, სამწუხაროდ დღეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ბავშვებიც ინფიცირდებიან კოვიდ-19-ით. შეგვიძლია გამოვყოთ 12 წლამდე ასაკის ჯგუფი. მათ ნაწილს დაავადება საერთოდ უსიმპტომოდ გადააქვს, ნაწილს კი მინიმალური კლინიკური სიმპტომატიკა აქვს გამოხატული. რასაკვირველია ეს სიმშვიდის საფუძველი არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვების ზედა სასუნთქ გზებში ინფექციის პერსისტირება შესაძლოა კარგა ხნის განმავლობაში და საბოლოო ჯამში მეცნიერები ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რამდენად გადამდები არიან ბავშვები. არიან ისინი გადამდებები მხოლოდ მაშინ, როდესაც ახველებენ ან აცემინებენ, თუ ვირუსს ისინი ჩვეულებრივი კონტაქტის დროსაც ავრცელებენ. ამ ეტაპზე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბავშვები ძალიან აქტიურად ავრცელებენ ვირუსს.

რაც შეეხება კოვიდთან დაკავშირებულ რეალობას, ძალიან სამწუხარო რეალობაა დღეისათვის ჩვენთან, თუმცა სხვა ქვეყნებში ბევრად უარესია, ამიტომ პრევენციის ის ღონისძიებები, რაც მარტივად შესასრულებელა, უნდა შევასრულოთ. რასაკვირველია, დავეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამას მომაბეზრებლად ან რუტინულად თვლის, თუმცა ამის გაკეთება აუცილებელია.

ხელების ხშირი დაბანა, პირბადეების ტარება, ჰიგიენის ნორმების დაცვა თქვენ და თქვენს გარშემომყოფებს არამხოლოდ კოვიდ-19-ის, არამედ ყველა სხვა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები რესპირატორული ინფექციისგან გიცავთ.
სამწუხაროდ, არ გამართლდა მოლოდინი იმის შესახებ, რომ კორონავირუსს შესაძლოა სეზონური ხასიათი ჰქონოდა. შემთხვევების ზრდა კი ჩემი აზრით იმითაცაა გამოწვეული, რომ გახშირებული იყო ხალხმრავალი შეკრებები. თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა კლებაზე მალე წავა.

რაც შეეხება გრიპის ვირუსს, გრიპი A,B ან C ტიპის ვირუსია, რომელსაც სეზონური ხასიათი აქვს. იგი ძირითადად გვიან შემოგომასა და ზამთარში ცირკულირებს მოსახლეობაში. გრიპის ვირუსი თვითლიკვიდირებადია, თუმცა არსებობს რისკ-ჯგუფები, რომლებში შემავალ ადამაინებსაც შესაძლოა გრიპის გართულებული ფორმა განუვითარდეთ. ეს არიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები, 65 წელს გადაცილებული ადამიანები, პაციენტები ასთმით, ანემიით და სხვა თანმდევი დაავადებებით, რაც ართულებს ვირუსის მიმდინარეობას და შესაძლოა პროცესი არასასურველი გამოსავლისკენ წაიყვანოს, შესაძლოა ვირუსი წარიმართოს პოლიორგანოპათიით, ანუ მან აარჩიოს რამდენიმე სამიზნე ორგანო. ყველაზე კარგი საშუალება გრიპის პრევენციისთვის არის ვაქცინაცია და ეს საქართველოში უკვე წლებია დანერგილი პრაქტიკაა. გრიპის ვაქცინას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს გართულებების რისკები არა მხოლოდ გრიპით, არამედ კოვიდ-19-ით ინფიცირების დროსაც.


ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი რეკომენდაციაა წელს სავალდებულო გახდეს გრიპის ვაქცინაცია, თუმცა, ვაქცინა ქვეყანაში ჯერ არ შემოსულა. მინდა გკითხოთ რჩევა ძალიან მცირეწლოვან ბავშვებთან დაკავშირებით. როგორც წესი, გრიპზე იცრებიან ბავშვები, რომლებიც მიდიან ბაღში ან სკოლაში, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით ღირს თუ არა, რომ უფრო ადრეული ასაკის ბავშვებიც ავცრათ?
გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ახალ ვირუსთან გვაქვს, რომელზეც არ ვფლობთ ბევრ ინფორმაციას და არ ვიცით, როგორ შეიცვლის ის ფორმას მომავალში, ეპიდემიოლოგები რასაკვირველია თავის დაზღვევას ცდილობენ. მათ უნდათ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც მზად იყონ, ამიტომ მე პირადად ბატონი თენგიზის ინციატივას მივესალმები და მიმაჩნია, რომ წელს გრიპის ვაქცინაციას მასიური ხასიათი უნდა მიეცეს და ის უნდა ჩაუტარდეს ყველას, გარკვეული გამონაკლისების გარდა. გასულ წლებში ჩვენ მშობლებს ვურჩევდით, რომ თუ ბავშვი არ მიდიოდა ბაღში ან სკოლაში, არ იმყოფებოდა მუდმივად ბევრი ადამიანის გარემოცვაში სახლში და არ წარმოადგენდა ხშირად მოავადე ბავშვების ჯგუფს, მათშეეძლოთ არ აეცრათ ასეთი ბავშვი გრიპზე. თუმცა წელს განსხვავებული ვითარებაა მსოფლიო პანდემიის სახით, ასე რომ რასაკვირველია რეკომენდაციები იცვლება და სასურველია ვაქცინაციამ წელს მასიური ხასიათი მიიღოს.


როგორი სიმპტომატიკა ახასიათებს კორონავირუსს ბავშვებში, როგორია მსოფლიო სტატისტიკა? ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბავშვებში კოვიდ-19 შესაზლოა მხოლოდ დიარეის სახით გამოვლინდეს და მას არ ახლდეს სხვა სიმპტომები, თუნდაც ხველა, ცხელება და რას შეიძლება მივაქციოთ კიდევ ყურადღება ისეთი შიდაგავრცელების ფონზე, როგორიც დღეს ქვეყანაშია? ასევე საინტერესოა რატომ ხდება, რომ ხშირად ბავშვებს არ გადაედებათ ინფექცია იმ დროსაც კი, თუ ინფიცირებულები არიან მშობლები?
თავიდან ითვლებოდა, რომ კორონავირუსი ვლინდება მხოლოდ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებისათვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომატიკით, თუმცა შემდეგ გამოჩნდა არაერთი კვლევა და სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსი შეიძლება გამოვლინდეს არამხოლოდ რესპირატორული ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, არამედ დიარეითაც. იყო შემთხვევები, სადაც ინფექცია დიარეით გამოვლინდა. ზოგადად, ნებისმიერი სიმპტომი, ნებისმიერი მინიმალური გამოვლინება, იქნება ეს სასუნთქი გზების თუ კუჭ-ნაწლავის მხრივ, უნდა იყოს ნიშანი მშობლისთვის, რომ მან მიმართოს ექიმს. თქვენ საინტერესო ფაქტი აღნიშნეთ, ხშირად შეიძლება მშობლები და ოჯახის სხვა წევრები იყვნენ ინფიცირებული, თუმცა ბავშვს არ გადაედოს ვირუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებში ვირუსის მიმღებლობა გაცილებით დაბალია. ინფიცირებულ გარემოში ბავშვები უფრო ნაკლებად და ნაკლები ხარისხით ავადობენ, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ბავშვი იყოს ან ვირუსის მატარებელი, ან კოვიდინფიცირებული მინიმალური სიმპტომატიკით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრეული ასაკის ბავშვები მარტო არ დადიან არსად, შესაბამისად მათ ვირუსი ოჯახის წევრისგან უნდა გადაედოთ. თუ ოჯახის მოზრდილი წევრები იზრუნებენ საკუთარ თავზე, ისინი ბავშვებზეც იზრუნებენ და დაიცავენ მათ ინფიცირებისგან.


ეკა, შემოვიდა შეკითხვა „დექსამეტაზონთან“ დაკავშირებით. თუ ბავშვი მიდრეკილია ხშირი სპაზმური ხველისკენ და ამის გამო ხშირად იღებს „დექსამეტაზონს“, არსებობს თუ არა საშიშროება იმისა, რომ უკვე ახალი კორონავირუსით ინფიცირების დროს პრეპარატმა დაკარგოს ძალა ამ ბავშვთან მიმართებაში?
ჰორმომანალური პრეპარატი „დექსამეტაზონი“ კრუპების სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა როგორც წესი,  მკურნალობის კურსი 3 დღეზე მეტ ხანს არ გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატს ძალიან დიდხანს არ მოიხმარს ბავშვი, მასზე ეს პრეპარატი ჩვეულებრივად იმოქმედებს და დაავადებასაც შეებრძოლება. პრეპარატთან მიჩვევა ხანმოკლე კურსის დროს არ ხდება.


ჩვენ გვინახავს სეზონური ვირუსი, რომელსაც გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა აქვს, თუმცა გრიპი არ არის. ახლა უკვე გვაქვს ახალი პრობლემაც კორონავირუსის სახით. არსებობს თუ არა ერთი სიმპტომი მაინც, რომელიც განასხვავებს ერთმანეთისგან ამ სამ ვირუსულ ინფექციას?
სამწუხაროდ არა იმიტომ, რომ კოვიდ-19 შეიძლება გამოვლინდეს როგორც რესპირატორული ინფექციის სიმპტომატიკით, ასევე გამონაყრით და დიარეით. ასე რომ მშობლები ვერ მოახერხებენ მის განსხვავებას გრიპის თუ სხვა სეზონური ინფექციისგან. თუმცა ექიმებს გვაქვს მეთოდიკა, რომლის საშუალებითაც ბუნებრივია შეგვიძლია დავსვათ ზუსტი დიაგნოზი.


დაცვის მექანიზმზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პირბადე, რომელიც  დაცვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. ისიც ითქვა, რომ თუ პირბადეს ვატარებთ, ინფიცირების შანსი ძალიან დაბალია. მიუხედავად ამისა ცნობილია, რომ დაბალი კლასის მოსწავლეებს პირბადის ტარება არ მოუწევთ სკოლებში მას შემდეგ, რაც სწავლა აღდგება, რადგან ბავშვებისთვის ეს ძალიან რთულია. მოდით ვისაუბროთ ამ საკითხზე – პირბადე ბავშვებში…
პირბადის ტარება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს აპრობირებული მეთოდია რესპირატორული ინფექციებისგან დაცვისათვის. კიდევ იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ პირბადე 100%-ით არ გვიცავს ინფიცირებისგან, ის მკვეთრად ამცირებს ვირუსის კონცენტრაციას, რაც პირდაპირ კავშირშია დაავადების მიმდინარეობის სირთულესთან. როგორც აღმოჩნდა, ვირუსის მიმდინარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით მოხვდა ის ორგანიზმში, ასე რომ პირბადე ნამდვილად საუკეთესო დაცვაა. ეს საუკეთესო გამოსავალია ამ შემთხვევაში.


ეკა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ორგანიზმი რაც შეიძლება კარგ მდგომარეობაში შეხვდეს ამ დაავადებებს? ბუნებრივია ვგულისხმობ სხვა საშუალებებს, არსებული რეკომენდაციების მიღმა. თუნდაც ვიტამინების და იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებების მიღებას…
ვიტამინების მიღება ეფექტური მაშინ არის, როდესაც ადამიანი არასრულფასოვნად იკვებება. ვიტამინები – ეს არის კვებითი დანამატები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის და იმუნიტეტის შესანარჩუნებლად. ძალიან ბევრი დაავადების მიზეზი აღმოჩნდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არაჯანსაღი მდგომარეობა. როცა კუჭ-ნაწლავი გამართულად ვერ ფუნქციონირებს, ეს არაერთ სხვა პრობლემას იწვევს. იმუნიტეტის სტატუსი 70%-ით არის დამოკიდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, რომელზე ზრუნვაც სიცოცხლის პირველი დღეებიდან უნდა დაიწყოს. ამიტომ აუცილებელია რაციონალური, ბალანსირებული, სრულფასოვანი კვება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვობაში, არამედ მთელი სიცოცხლის მანძილზე. თუ ადამიანი არ იკვებება ჯანსაღად, რასაკვირველია მან ვიტამინები უნდა მიიღოს, თუმცა ვიტამინები უნდა მივიღოთ დეფიციტის შესავსებად და არა პროფილაქტიკის მიზნით. რაც შეეხება იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებს, არსებობს უამრავი კვლევა არსებული მედიკამენტების შესახებ, რომლებიც ადასტურებს, რომ მათი მიღების შემდეგ იმუნიტეტის გაჯანსაღება მხოლოდ 10-15%-ით ხდება, შესაბამისად ეს პრეპარატები იმუნიტეტის გაჯანსაღების საქმეში გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს. აქვე მინდა პარალელი გავავლო გრიპის ვაქცინაციასთან, რომლის სარგებლიანობის მაჩვენებელის 65%-ს აღწევს. იმუნური სტატუსის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია ახალშობილის მდგომარეობა, არის თუ არა ის დღენაკლული, ბუნებრივ კვებაზეა თუ არა, აქვს თუ არა ძილის ჯანსაღი რეჟიმი… ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე სუფთა ჰაერზე სეირნობა, ორი საათით მაინც. ეს ყველაფერი ბავშვს ჯანსაღ იმუნიტეტს უყალიბებს. როგორც აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია სეზონურ გრიპზე.

წყარო: https://fortuna.ge/