Nuk
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

თარიღი: 19 ოქტომბერი, 2018

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. ჩიყვი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ხუთიდან მინიმუმ ერთ ადამიანს აქვს. ეს დაავადებები ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად ახალგაზრდებში გვხდება.
რა არის ჰიპოთირეოზი.
ხშირად ჩიყვის მცნების ქვეშ მხოლოდ თირეოტოქსიკოზს გულისხმობენ, რაც არასწორია. ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ჰქვია. დღეს ამ ორგანოს ზომების განსაზღვრის ყველაზე მიღებული მეთოდია მისი ულტრაბგერითი გამოკვლევა, ანუ ექოსკოპია.
ჩიყვი შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის როგორც დაქვეითებით, ისე მომატებით მიმდინარე დაავადებების ფონზე. ხშირად ჩიყვი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშეც ვითარდება, ამას ეუთირეოიდული ჩიყვი ეწოდება.
კვანძოვანი და მრავალკვანძოვანი ჩიყვი - მკურნალობა
ფარისებრ ჯირკვალში შეიძლება გაჩნდეს კვანძოვანი ჩანართები - კვანძები. იმ პაციენტებს, რომლებსაც ექოსკოპიით ფარისებრ ჯირკვალში 1 სმ-ზე მეტი ზომის კვანძი გამოუვლინდა, რეკომენდირებულია გაუკეთდეს პუნქციური ბიოფსია, რაც იძლევა საშუალებას განისაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა. კვანძის ქსოვილი შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი. საყურადღებოა, რომ დაავადების სიმძიმე არ არის დამოკიდებული კვანძების რაოდენობაზე. შეიძლება ჯირკვალში ერთი კვანძის არსებობამ მრავალკვანძოვან ჩიყვზე ბევრად სერიოზული პრობლემა შექმნას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდა პაციენტებს (უფრო მამაკაცებს) და მათ, ვისაც სწრაფად მზარდი კვანძები აქვს.
რით ვლინდება ჰიპოთირეოზი?
ჰიპოთირეოზი ვლინდება ბევრი სხვადასხვა ნიშნით (სიმპტომით), ესენია:
  • ადვილად დაღლა;
  • აპათია - უხალისობა;
  • საერთო სისუსტე;
  • მადის დაქვეითება;
  • სახის, განსაკუთრებით ქუთუთოების შეშუპება;
  • კიდურების შეშუპება;
  • კანის სიმშრალე;
  • სხეულის წონის მატება;
  • მეხსიერების გაუარესება;
  • ყაბზობა;
  • სიცივის აუტანლობა.
ჰიპოთირეოზის მიზეზები:
  • ენდემური იოდდეფიციტი
  • ქრონიკული აუტონომიური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს ჩიყვი);
  • ოპერაციები ფარისებურ ჯირკვალზე;
  • რადიოაქტიური იოდით მკურნალობა.
ჰიპოთირეოზის დიაგნოზი ისმება კლინიკური მონაცემების და ჰორმონების გამოკვლევის საფუძველზე.
რით ვლინდება თირეოტოქსიკოზი?
თირეოტოქსიკოზს სხვადასხვა ნიშნები ახასიათებს, ესენია:
  • ადვილად გაღიზიანებადობა, ხშირად ტირილი, შფოთვა;
  • წონის პროგრესული კლება, მიუხედავად კარგი მადისა;
  • გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), არითმია;
  • ადვილად დაღლა;
  • გაძლიერებული ოფლიანობა; კანი ნამიანი და ცხელია;
  • ხელების ან მთელი სხეულის კანკალი;
  • კიდურების კუნთების (განსაკუთრებით მხრის და ბარძაყის) ძლიერი სისუსტე;
  • მიდრეკილება ფაღარათისადმი;
ხშირია თვალის კაკლების ბუდიდან წინ წამოწევა, ცრემლდენა, თვალებში ფხაჭნის, “ქვიშის" შეგრძნება
თირეოტოქსიკოზის მიზეზები:
  • დიფუზური ტოქსიური ჩიყვი - ბაზედოვ-გრეივსის დაავადება.
  • იოდის ქრონიკული დეფიციტის ფონზე განვითარებული კვანძოვანი ჩიყვის ზოგიერთი ფორმა, როცა კვანძები იძენენ ეგრეთ წოდებულ “ფუნქციურ ავტონომიას", ანუ იწყებენ ჰორმონის დამოუკიდებელ, უკონტროლოდ გამომუშავებას.
  • ფარისებრი ჯირკვლის ანთებადი დაავადებები.
თირეოტოქსიკოზის მკურნალობა:
თირეოტოკსიკოზის თანამედროვე მკურნალობა სამი მიმართულებით ხორციელდება:
1. მკურნალობა მედიკამენტებით, რომლებიც თრგუნავენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყოფას.
2. მკურნალობა რადიოაქტიური იოდით, ტარდება სპეციალიზირებულ განყოფილებებში. რადიოაქტიური იოდი შლის ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების ნაწილს, რითაც იწვევს ჰორმონების სიჭარბის შემცირებას.
ბოლო ორი მეთოდის გამოყენების შედეგად ხშირად ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ზომაზე მეტად დაქვეითება; არის შემთხვევები, როცა თირეოტოქსიკოზი ხელახლა ვითარდება ოპერაციიდან ერთი ან რამოდენიმე წლის შემდეგ. ამიტომ ოპერაციული ან რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ პაციენტებმა პერიოდულად (წელიწადში 1-2-ჯერ მაინც) უნდა მიმართონ ექიმ-ენდოკრინოლოგს საკონსულტაციოდ.
3. ქირურგიული მეთოდი: იკვეთება ფარისებრი ჯირკვლის დიდი ნაწილი ან სრულად, რაც ჰორმონებს რაოდენობრივად ამცირებს და შესაბამისად მათი ზემოქმედებაც მცირდება.
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევის მეთოდებია:
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების - TSH, T3, T4 განსაზღვრა.
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკანირება - განსაზღვრავს მის ფორმას, ზომებს, ქსოვილის სტრუქტურას.
  • სცინტიგრაფია, ანუ ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევა რადიოაქტიური ნივთიერებების - იზოტოპების (იოდი, ტექნეციუმი) გამოყენებით (სურ.5).
  • ფარისებრი ჯირკვლის პუნქციური ბიოფსია, ანუ წვრილი ნემსით ჯირკვლის ქსოვილის მცირე ნაწილის აღება და მისი უჯრედული შემადგენლობის მიკროსკოპული გამოკვლევა.
ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში
ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ღია, სტანდარტული წესის შემთხვევაში ტარდება ნეირომონიტორინგით, მცირე ზომის განაკვეთით, კოსმეტიკური ნაკერით, ნაკერების მოხსნის გარეშე. ჩვენს კლინიკაში ასევე კეთდება ოპერაციები კისერზე განაკვეთის გარეშე, ენდოსკოპიური (უსისხლო) მეთოდით, როდესაც მცირე ზომის განაკვეთი კეთდება იღლიის არეში
 
ქირურგი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემინიური დოქტორი