Nuk
იცოდით, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია ახალბედა მამიკოებსაც ემართებათ??!

თარიღი: 19 მაისი, 2020

მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქალებში დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზები არც თუ ისე სრულყოფილადააშესწავლილი. არსებობს მხოლოდ გარკვეული თეორიები, რომლებიც მეტად სრულყოფილ შესწავლას და დასაბუთებას საჭიროებს.

 

შემდგომი კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმ კვლევევბის მონაცემებმა და კონკრეტული მაგალითების განხილვამ, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად იდება როგორც სამეცნიერო, ასევე პოპულარული ხასიათის გამოცემებსა და სოციალურ ქსელებშიც კი. 

 

უკანასკნელი 5 წლის მანძილზე აქტიურად ჩნდება უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგები მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მსგავსი სახის ჩივილების არსებობაზე ახალბედა მ ა მ ე ბ შ ი ც !

 

დიახ, ეს რეალობაა!

 

რეალობა, რომლის მიხედვითაც 10-დან 1 კაცს მამათა მშობიარობის შემდგომი დეპრესია (PPPD-Paternal Postpartum Depression) აღენიშნება!

 

რეალობა, რომელიც ცნობილია უკვე დიდი ხანია, თუმცა მასზე იშვიათად საუბრობდნენ მანამ, სანამ უკანასკნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში თავად მამაკაცებმა არ დაიწყეს ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდში მათში განვითარებულ ხასიათის ცვლილებებზე საუბარი და ამის ვიდეო რგოლების სახით გაშუქება მედიასა და სოციალურ ქსელებში, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ გადახედილიყო მანამდე ჩატარებული კვლევების შედეგები და დაწყებულიყო ახალი კვლევები ამ საკითხის უკეთ შესასწავლად.

 

აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით აქტუალურია მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის კუთხით ქალებში და ძველი თეორიების გადახედვისკენ გვიბიძგებს.

 

როგორც ირკვევა, ყურადღების გამახვილება მამაკაცებში მშობიარობის შემდგომი დეპრესიის არსებობაზე ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო, თუმცა კვლევების პირველი შედეგები და მათი მეტა ანალიზები მხოლოდ 2010-იან წლებში გამოქვეყნდა. აქტიურად ამ პრობლემების განხილვა კი სულ ახლახანს დაიწყო, მაშინ როდესაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მამაკაცებმა თავად დაიწყეს საუბარი იმ სიმპტომებზე, რაც მათ გაუჩნდათ ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდში და საკუთარი დაკვირვებით და სპეციალისტების დახმარებით დაესვათ მსგავსი სახის დეპრესიის დიაგნოზი.

 

2010 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციების ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად კაცების 10%-ს აღენიშნება მამათა მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ეს იყო 1980-2009 წლებში სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მეტა ანალიზი, რომელიც მოიცავდა 28.000 მონაწილეს განაწილებულს 43 კვლევაში. მეტა ანალიზის შედეგების თანახმად მამაკაცის ხასიათის აღნიშნული სახის ცვლილებები ყველაზე მაღალი იყო მშობიარობიდან 3-6 თვემდე პერიოდში.

 

და მაშინ, როდესაც ჰორმონალური ცვლილებები მიჩნეულია დედათა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად, უახლესმა კველევებმა აჩვენა, რომ მსგავსი სახის დეპრესიის გამომწვევი მიზეზი მამაკაცებშიც გარკვეული სახის ჰორმონალური დისბალანსის განვითარებაა. 2017 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა ჰორმონ ტესტოსტერონის დაბალი მაჩვენებლების ასოციაცია მამაკაცების მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან.

 

ამასთან, საყურადღებოა ის მონაცემებიც, რომ მამაკაცებში დეპრესიის განვითარების სიხშირე მაღალი იყო იმ შემთხვევებში, როდესაც მსგავსი სახის დეპრესია აღენიშნებოდათ მათ პარტნიორებსაც. 2004 წელს გამოქვეყნდა 20 კვლევის მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც დედათა დეპრესია მიჩნეული იქნა მძლავრ პრედიქტორად მამათა დეპრესიის განვითარებისთვის მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ამ მაჩვენებელმა თითქმის 50% შეადგინა.

 

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის კლინიკური გამოვლინება კაცებში განსხვავებულია ქალებში გამოვლენილ სიმპტომებთან შედარებით. მაშინ როდესაც ქალებში უმეტესწილად გამოვლინდება ტირილიანობა, მოწყენილობა, სასოწარკვეთა, წონაში კლება, მამაკაცებში, უპირატესად, იმპულსური ხასიათის ცვლილებები  ჭარბობს.

 

იმისთვის, რომ გაგიადვილდეთ მსგავსი სახის ცვლილებების აღმოჩენა, გთავაზობთ იმ ნიშნების და სიმპტომების ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი მამაკაცებში მშობიარობის შემდგომი დეპრესიის არსებობისთვის.
ესენია:

 

- მომატებული აგრესია და კონფლიქტები გარშემომყოფებთან

- ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება

- იმედგაცრუების შეგრძნება და გაღიზიანებადობა

- ძალადობრივი ქცევა

- წონაში მნიშვნელოვანი მატება ან კლება

- იზოლაცია ოჯახისა და მეგობრებისგან

- სტრესის ქვეშ ადვილად მოქცევა

- იმპულსურობა

- უკმაყოფილების გამოხატვა ხშირად

- ცინიზმი

- ფიზიკალური პრობლემების ზრდა, როგორებიცაა: თავის ტკივილი, პრობლემები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ან სხვა მსგავსი სიმპტომები

- კონცენტრაციის და მოტივაციის პრობლემები

- ინტერესის დაკარგვა სამსახურის და ჰობის მიმართ

- ლიბიდოს დაქვეითება

- გამუდმებული მუშაობა

- პროდუქტიულობის დაქვეითება

- მოწყენილობა, ტირილი მიზეზის გარეშე

- ფიქრები სიუციდსა და სიკვდილზე

 

 ეს კი იმ ზოგიერთი ფაქტორის ჩამონათვალია, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს დეპრესიის განვითარებას ახალბედა მამიკოებში, არა მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ პერიოდში, არამედ უფრო ადრეც - უმეტესად მშობიარობასთან მიახლოებულ პერიოდში:

 

- დეპრესიის პერსონალური ისტორია

- დეპრესიის ოჯახური ისტორია

- შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ მალე მშობელი გახდება

- ღელვა იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ სულ მალე მოუწევს აიღოს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებით, არამედ მოირგოს მამის როლიც სრულყოფილად

- ფინანსური პრობლემები

- სოციალური და/ან ემოციური მხარდაჭერის არარსებობა

- ოჯახთან ან მეუღლესთან უთანხმოებით გამოწვეული სტრესი

- ყურადღების ნაკლებობა პარტნიორის მხრიდან ორსულობის დროს ან ამის მოლოდინი ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდში

- სტრესული მშობიარობის გამოცდილება

- ძილის პრობლემებზე ფიქრი ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდში

ასე, რომ თუ თქვენ ამჩნევთ ნებისმიერი სახის უარყოფითი ხასიათის ცვლილებას თქვენს პარტნიორში, ეს შესაძლოა სწორედ მამათა მშობიარობის შემდგომი დეპრესიით იყოს გამოწვეული. 

 

როგორ დავამარცხოთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია მამიკოებში?

ისევე როგორც ქალებში, მამაკაცებშიც საჭიროა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მართვა, იმისთვის, რომ არ გაუარესდეს გამოვლენილი სიმპტომები და არ დადგეს არასასურველი შედეგები როგორც მამაკაცისთვის, ასევე მისი პარტნიორისთვის და ბავშვისთვის, რომლის სტრესულ გარემოში გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან და საყურადღებო ფაქტორს წარმოადგენს საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. 

 

მკურნალობა მოიცავს როგორც მედიკამენტოზურ, ასევე არამედიკამენტოზურ თერაპიას.

- მხარდამჭერი ჯგუფების არსებობა

- რეგულარული ფიზიკური აქტივობა

- ძილის რეჟიმის მოწესრიგება

- საუბარი მეგობრებთან, მათი მხარდაჭერა

- ონლაინ რესურსების გაცნობა და 

- ზრუნვა საკუთარ თავზე 

მკურნალობის უმთავრესი თუ არა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გახდეს. 

 

და მაშინ, როდესაც კვლევების მონაცემებით დასტურდება მამათა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რეალურობა, მამაკაცთა უმეტესობა ჯერ კიდევ არაა ინფორმირებული მსგავსი პრობლემების გამოწვევი მიზეზების თაობაზე!

ამ მიმართულებით ინფორმაციის ნაკლებობაა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებშიც!! რაც მნიშვნელოვნად ართულებს ამა თუ იმ სახის სიმპტომზე ყურადღების დროულ გამახვილებას, სწორ დიაგნოსტირებას და შესაბამისი ფსიქოლოგიური თუ მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარებას. 

 

გაიგეთ მეტი! იყავით ინფორმირებული!

გაეცანით ჩვენს სტატიებს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით!

კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 579 14 77 07

ჩვენი მისამართია: თბილისი, ბახტრიონის ქ. 18

სამედიცინო ცენტრი „ლაზერი“

 

სტატიის ავტორები:

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე