Nuk
რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა
რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა


თარიღი: 23/01/2024

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი,  გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად, გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. ცვლილებების შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფო დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, სავალდებულო იქნება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისათვის.

პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობისთვის, ხელმისაწვდომი იქნება მრავალპროფილური კლინიკის სერვისები, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა მთავარი სამედიცინო მიმართულება, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.  

ხაზგასასმელია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული.  საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა.  ნაწილისთვის კი შესაბამისი ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რომელიც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული.

ახალი მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე, ჯანდაცვის სამინისტრო, უზრუნველყოფს შესაბამისი ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადება- გადამზადებას, სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.

ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება არსებული შენობის დემონტაჟი. აღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის დასკვნაში, კორპუსის შემინული გარე ფასადი შეფასებულია, როგორც მწვავე ავარიული„ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება, შეფასებულ იქნას, როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“, - აღნიშნულია დასკვნაში.

აღსანიშნავია, რომ 2023 აგვისტოში,  ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით,  ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის დაგეგმარების საერთაშორისო ექსპერტმა,   მოამზადა ანგარიში -  „თანამედროვე საავადმყოფოს საჭიროებები“.  ანგარიშის მიზანია, საავადმყოფოს მთავარი განყოფილებებისა და ფუნქციების ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილ კრიტერიუმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ვერ აკმაყოფილებს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, 2023 წლის სექტემბერში, გამოსცა დასკვნა, კლინიკის მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების რენტაბელურობის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“  შენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე საავადმყოფოს ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, შენობის კონსტრუქციული სქემიდან გამომდინარე, არარენტაბელურია, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - შეუძლებელი.

2023 წელს, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დაცვის მიმართულებით, კლინიკაში არსებული ვითარება შეამოწმა.  შედეგად, გამოვლინდა ნორმებთან შეუსაბამობის 62 შემთხვევა. 

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და კლინიკაში არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი  (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე, ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას.

ექსპერტულ დასკვნებში, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გამოწვევად რჩება კლინიკის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე - კლინიკური და ფინანსური გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებულია, 2025 წლისთვის მინიჭებული ჰქონდეს  საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

გამოწვევად რჩება კლინიკის თანამშრომელთა უსაფრთხოებაც. ძლიერი ქარის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. ჩაიმსხვრა მინები და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. შენობაში, პაციენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება შრომის ინსპექციის სამსახურმა და რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმში აღნიშნულია, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული და დაზიანებული ფასადიდან მუდმივად ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე - გარე პერიმეტრზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დასაქმებულების, პაციენტებისა და ვიზიტორების დაშავება. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, მოეწყობა ახალი სამედიცინო დაწესებულება. პროექტის დასრულების შემდგომ, სახელმწიფო მიიღებს დედაქალაქში მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც იქნება კლინიკური სერვისების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგიონული ჰაბი და სამედიცინო ტურიზმისთვის მიზიდულობის ცენტრი.