Nuk
როგორ დავუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას მარტივად და სტრესის გარეშე?

დღესასწაულების შემდეგ რუტინაში დაბრუნება ბევრისთვის რთული პროცესია. შეცვლილი ძილის რეჟიმი, უხვი სუფრები, ნაკლები მოძრაობა და თავისუფალი გრაფიკი ორგანიზმსა და გონებას „ასვენებს“, რის გამოც ერთბაშად ყოველდღიურ რიტმში დაბრუნება  ხშირად სტრესულად ხდება. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს — მთავარი არა იდეალურად დაწყებაა, არამედ უბრალოდ  დაწყებაა. როდესაც პირველ ნაბიჯს გადავდგამთ, დანარჩენი ეტაპობრივად დალაგდება.

 

რუტინაში დაბრუნება არ ნიშნავს ერთ დღეში ყველაფრის გამოსწორებას. პირიქით, ეს პროცესი უფრო შედეგიანია მაშინ, როდესაც საკუთარ თავს დროს ვაძლევთ და ცვლილებებს ნელ-ნელა ვნერგავთ.

 

როგორ დავუბრუნდეთ რეჟიმს მარტივად და სტრესის გარეშე?

ნაბიჯ-ნაბიჯ
არ არის საჭირო ერთ დღეში ძველი გრაფიკის სრულად აღდგენა. პატარა ნაბიჯები ბევრად უფრო მდგრად შედეგს იძლევა. დაიწყეთ იმით, რაც ყველაზე მარტივად გეჩვენებათ — ეს შეიძლება იყოს ადრე გაღვიძება 15–20 წუთით ან დღის გარკვეულ დროს ერთი კონკრეტული აქტივობის შესრულება.

 

ძილის რეჟიმის დალაგება
ძილი არის ენერგის, კონცენტრაციისა და ემოციური სტაბილურობის საფუძველი. სცადეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება. თუნდაც პირველ დღეებში სრულად ვერ შეძლოთ, მცირე პროგრესი უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორგანიზმისთვის.

 

დღის 1–2 პატარა საქმით დაწყება
სრული სიის შესრულება პირველივე დღეს ხშირად გადაღლასა და იმედგაცრუებას იწვევს. ამის ნაცვლად, შეარჩიეთ 1–2 მარტივი ამოცანა, რომლის შესრულებაც რეალურად შეგიძლიათ. დასრულებული საქმე მოტივაციას აძლიერებს და გვაძლევს ძალას შემდეგი ნაბიჯისთვის.

 

თვითკრიტიკის ნაცვლად — თვითთანაგრძნობა
არ გააკრიტიკოთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ დღესასწაულების დროს მოდუნდით. დასვენება აუცილებელია როგორც სხეულისთვის, ისე ფსიქიკისთვის. საკუთარ თავს ნუ ესაუბრებით მკაცრად — იყავით მხარდამჭერი და მომთმენი. სწორედ თვითთანაგრძნობა არის ის, რაც რუტინაში დაბრუნებას ამარტივებს და არა მკაცრი მოთხოვნები.

 

დაიმახსოვრეთ: რუტინა არ არის სასჯელი, ის არის სტაბილურობა, რომელიც გვაძლევს ენერგიას, სიმშვიდესა და კონტროლის შეგრძნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაიწყეთ დღეს მცირე ნაბიჯით — და ხვალ უფრო გაგიმარტივდებათ პროცესი.