რამდენად სამართლიანია ბავშვების შეფასება რამდენიმე წამის მიხედვით
რატომ არ დაეხმარნენ ბავშვს? კითხვა, რომელსაც მარტივი პასუხი არ აქვს.
ემპათია მნიშვნელოვანი უნარია და, რა თქმა უნდა, დაცემული ბავშვის მიმართ თანაგრძნობა ბუნებრივი რეაქციაა. თუმცა ფსიქოლოგიაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც ძლიერი საფრთხის ან პანიკის დროს ადამიანები ისე იქცევიან, როგორც მშვიდ მდგომარეობაში არასოდეს მოიქცეოდნენ. მაგალითად, მიწისძვრის, ხანძრის ან სხვა ექსტრემალური სიტუაციის დროს ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშობელი თავდაპირველად ინსტინქტურად გარბის და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ აცნობიერებს, რომ შვილი მის გვერდით აღარ არის. ეს არ ნიშნავს, რომ მას შვილი არ უყვარს ან გულგრილია. ხშირად ეს არის ტვინის ავტომატური, სტრესზე რეაქცია და არა გააზრებული გადაწყვეტილება.
სწორედ ამიტომ, რამდენიმე წამიანი ვიდეოს საფუძველზე ადამიანების, მით უმეტეს ბავშვების, ხასიათზე, ემპათიასა თუ ღირებულებებზე დასკვნების გამოტანა სიფრთხილეს მოითხოვს. სტრესულ სიტუაციაში ადამიანის რეაქცია ყოველთვის არ ასახავს იმას, როგორი ადამიანია ის სინამდვილეში.
მოულოდნელი მოვლენის დროს ტვინი შეიძლება გადავიდეს „გაყინვის" რეჟიმში. ზოგი მოქმედებს მყისიერად, ზოგი იბნევა, ზოგი კი აგრძელებს იმას, რასაც იმ მომენტამდე აკეთებდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი სცენაზეა, უამრავი ადამიანის წინ და თან პირდაპირ ეთერში, ალბათ ისიც იცით როგორი დირექტივები ექნებოდათ პედაგოგის მხრიდან.
ერთი შეხედვით გულგრილობად აღქმული ქცევა ყოველთვის გულგრილობას არ ნიშნავს. ზოგჯერ ის არის დაბნეულობის, შფოთვის, პასუხისმგებლობის შიშის ან სტრესზე ავტომატური რეაქციის შედეგი.
სანამ ბავშვებს შევაფასებთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ჩვენ ვხედავთ მხოლოდ რამდენიმე წამს, მაგრამ ვერ ვხედავთ იმ ემოციებსა და განცდებს, რომლებიც იმ წამებში მათ შიგნით მიმდინარეობდა.
ემპათია გვჭირდება არა მხოლოდ დაცემული ბავშვის მიმართ, არამედ იმ ბავშვების მიმართაც, რომლებიც მოულოდნელად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
აქ უფრო მეტად იმ ზრდასრულებზეა სასაუბრო, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრნი იყვნენ გარშემო და უნდა უზრუნათ პირველ რიგში დაცემული და შემდეგ ყველა ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე .
და დღეს საზოგადოება ამ ბავშვებს დანაშაულის გრძნობას რომ უნერგავთ რის მიღწევას ცდილობთ?