Nuk
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვის განვითარება შეფერხდა

თარიღი: 10 სექტემბერი, 2023

რას ნიშნავს განვითარების ეტაპების შეფერხება და როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი აღნიშნულ პრობლემაზე, კავშირშია თუ არა გაჯეტებზე დამოკიდებულება მეტყველების დარღვევასთან, რა ტიპის პრობლემას წარმოადგენს ქცევითი დარღვევა პატარებში და რა კავშირი აქვს ამას მეტყველებასთან, რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ ქცევის და მეტყველების პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს ბავშვი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ბავშვთა ნევროლოგმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, კლინიკა „მზიური მედის“ ექიმმა – გვანცა არველაძემ ისაუბრა.

ბოლო პერიოდში პრაქტიკაში უფრო მეტად გვხვდება განვითარების ეტაპების შეფერხების დიაგნოზი. რას ნიშნავს განვითარების ეტაპების შეფერხება და როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი აღნიშნულ პრობლემაზე?
ბავშვთა განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც განსაზღვრავს ბავშვის ჯანმრთელობას, როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქიკურს, სოციალური უნარების ჩამოყალიბებას და მის პიროვნებად ჩამოყალიბებას. შესაბამისად, როდესაც ჩვენ განვითარების ეტაპების დაყოვნებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ვაკვირდებით. არის გარკვეული მახასიათებლები, რომელთა შეფასებაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაუბროთ ნორმალურ განვითარებაზე ან დაყოვნებაზე.

მოგეხსენებათ, განვითარების შეფასება ახალშობილობის პერიოდიდან იწყება. როდესაც ახალშობილი იბადება, მას უკვე განვითარებული აქვს გრძნობათა ორგანოები, ჩამოყალიბებული აქვს გემოვნება, ხედავს, ესმის, გრძნობს, იმყოფება თანდაყოლილი რეფლექსების ზემოქმედების ქვეშ, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რეფლექსები შესაძლებლობას აძლევს მას, რომ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება მანამ, სანამ მისი და ტვინის მომწიფება მოხდება.

აღნიშნული რეფლექსებია: ძუძუს ძებნის, წოვის, ნაბიჯების, ცოცვის და ა.შ. შესაბამისად, თანდათანობით, უკვე 2 თვის ასაკისთვის ხდება ხმაურზე ფოკუსირება, მხედველობის ფიქსაცია, თვალის გაყოლება.

3 თვის ასაკისთვის გვაქვს გამოცოცხლების პერიოდი, როდესაც ცნობაზე გვაქვს აქცენტი.

4 თვის ასაკში მშობელს ვეუბნებით, რომ აქცენტი იყოს ხელის განვითარებაზე, რადგანაც მას შეუძლია, რომ შეეხოს.

5 თვის ასაკიც ძალიან აქტიური პერიოდია, ვაკვირდებით გადაბრუნებას, შემდგომ ვაკვირდებით ჯდომას, ნაბიჯების გადადგმას დახმარებით, ნაბიჯების გადადგმას დამოუკიდებლად.

ეს არის ის მოტორული მახასიათებლები, რომლებიც გარკვეულ ასაკში უნდა განვითარდეს.

რა თქმა უნდა, არსებობს საშუალო ვადა და არსებობს შესაძლო საზღვარი, თუ საიდან იწყება და სად არის ბოლო ვადა და ბოლო პერიოდი, ამიტომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, 5 თვის ასაკში ყველა ბავშვი აუცილებლად უნდა ტრიალებდეს.

რატომ აგვიანებს მეტყველება იმ ბავშვებთან, ვინც გაჯეტებეზე დამოკიდებული არ არის და წარმოადგეს თუ არა ეს, უფრო რთულ შემთხვევას?
ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელობა აქვს გარემოს, თუ რა გარემოში იმყოფება ბავშვი, მაგალითად, გაჯეტებს და სხვადასხვა სტრესულ ფაქტორებს. მაგრამ გარდა გაჯეტებისა, არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რომელთაც შეიძლება მეტყველების შეფერხება და დაყოვნება გამოიწვიონ. ეს შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორები, სხვადასხვა დაავადებები, ცენტრალური ნერვიული სისტემის დაზიანება, ინფექცია, ტრავმა, ამის ბევრი მიზეზი არსებობს. თავის ტვინში არსებობს შესაბამისი ცენტრები, რომლებიც შეიძლება არ იყოს სრულფასოვნად განვითარებული, ამიტომ მხოლოდ გაჯეტი არ შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ გაჯეტიც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ზუსტად ჩავშალო, თუ რატომ. მეტყველებაში არსებობს რამდენიმე სენსიტიური ფაზა, არსებობს მგრძნობიარე, კრიტიკული პერიოდი, როდესაც ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაგალითად, 1,5 – დან 2 წლამდე ასაკში, როცა უკვე ძალიან აქტიურად ხდება სიტყვათა ფორმირება და ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში, თუ ბავშვი იმყოფება სტრესულ პირობებში, თუ ის მუდმივად არის გაჯეტის და ეკრანის ზეგავლენის ქვეშ, ანუ არ აქვს ცოცხალი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული დაყოვნება ტიპურ ბავშვებში და ისეთ ბავშვებში, რომელთაც აქვთ გარკვეული საჭიროება, იქ კიდევ უფრო მძიმედ მიდის ეს მდგომარეობა. მეორე ფაზაზე თუ ვისაუბრებთ, როდესაც 2 წლის ასაკიდან უკვე ფრაზული მეტყველებაა, ბავშვი ფრაზებს აბამს, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან აქ არის ფიზიოლოგიური იტერაციის პერიოდები, ანუ ხდება გამეორება სიტყვების, ბგერების და აქაც სტრესი არასასურველი ფაქტორია და გარემოს არასასურველი პირობები, ორივე იწვევს მდგომარეობის გაუარესებას. როგორც აღვნიშნეთ, გაჯეტის გარდა არის სხვა მიზეზებიც, თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაჯეტი, არამედ გარემოც, რომელშიც ჩვენი პატარა იმყოფება.

რა ტიპის პრობლემას წარმოადგენს ქცევითი დარღვევა პატარებში და რა კავშირი აქვს ამას მეტყველებასთან?
მეტყველების დარღვევა და ქცევის დარღვევა ძალიან მჭიდრო კავშირშია. ისეთ ბავშვებში, რომლებთანაც გვაქვს სხვადასხვა სახის პრობლემა, განვითარების ეტაპების დაყოვნება, აუტისტური სპექტრი თუ ა.შ. ძალიან ხშირად პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და მეტყველება და ქცევა, მაგრამ განვიხილოთ, თუ რატომ ირღვევა ქცევა ბავშვებში, რომელთაც მხოლოდ მეტყველების დარღვევა აქვთ. მოგეხსენებათ, მეტყველება არის კომუნიკაციის საშუალება, შენი სურვილის გამოხატვა, სხვისი დავალების და ა.შ. გაგება და როდესაც ეს სირთულე აქვს ბავშვს, რა თქმა უნდა, ეს იწვევს მის ემოციურ ლაბილობას, ქცევის რეგულაციის დარღვევას, აგზნებას და ა.შ.

გვანცა, ახლახან ასეთი ფრაზა ამოვიკითხე, რომელი ბავშვი უფრო სწრაფად გაივლის, რომელსაც მხარდაჭერა აქვს თუ ბავშვი, რომელსაც ეს მხარდაჭერა არ აქვს. ყველა ერთხმად ამბობდა, რომ რა თქმა უნდა, თუ ბავშვს აქვს მხარდაჭერა, უფრო მარტივად გაივლისო. ასეა თუ არა ენისა და მეტყველების განვითარების ნაწილშიც, რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ ქცევის და მეტყველების პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს ბავშვი?
მეტყველებას თუ დავყოფთ, ერთ-ერთია რეცეპტული მეტყველება, ანუ რა მესმის, რისი გაგება შემიძლია. ჩვილობის პერიოდზე თუ ვისაუბრებთ, ამ ასაკში ექსპრესიული მეტყველება ჯერ კიდევ არ არის განვითარებული, მას უბრალოდ შეუძლია შენი მოსმენა და გაგება, ამიტომ ახალშობილობის და ჩვილობის პერიოდში ჩემი რეკომენდაციაა, ძალიან ბევრი ვესაუბროთ ბავშვს. აუცილებლად უნდა ვესაუბროთ, ყველაფერი უნდა გავუჟღეროთ, უნდა ავუხსნათ, ჩვენს პატარასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია უნდა გვქონდეს. უკვე შემდგომ, როდესაც მეტყველება ყალიბდება და სიტყვები, მარცვლები ჩნდება, ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი და განვითარება, აქცენტები. პირველ რიგში, მშობელი თვითონ უნდა იყოს განათლებული ამ სფეროში და ამ მიმართულებით. ეს შეიძლება გაიაროს თავის ექიმთან, სპეციალისტთან, მაგალითად, მე ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვუხსნი, თუ რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი, რა ასაკში რა მოდის და რაში უნდა ვიყოთ ჩართულები. წლის ასაკის მერე, ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ მუშაობა და ზრუნვა ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნებაზე. ტიპური, ჯანმრთელი განვითარების ბავშვებში ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავისითაც წამოვა, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ გარემო არ არის შესაბამისი, თუ არ ვესაუბრებით და არ ვასწავლით ბავშვს, რა თქმა უნდა, იქ გარკვეული ტიპის შეფერხება იქნება.

ბავშვთა განვითარებაში, წლიდან 3 წლამდე არის ცნობისმოყვარეობის ინდექსი, რომ ყველაფერი აინტერესებს, ყველაფერს უყურებს, ძალიან წამყვანია მიმბაძველობა. ჰბაძავს იმას, თუ რას აკეთებ, რას საუბრობ. უნდა ვასწავლოთ და აქცენტი უნდა გვქონდეს ფერებზე, სხეულის ნაწილებზე, ციფრებზე, თამაშზე. წლის და 6 თვის ასაკისთვის ბავშვს დაახლოებით 20-30 სიტყვის წარმოთქმა და უფრო მეტის გაგება შეუძლია. თუ ატყობთ, რომ ბავშვს აქვს სიტყვათა მარაგის დეფიციტი, არ ესმის ელემენტარული, აქვს ბავშვებთან ურთიერთობის სირთულე, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს და ნამდვილად დღესდღეობით არის იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი ბავშვები ჩვენ წინ წამოვწიოთ და რომ ისინი დაეწიონ აბსოლუტურად სრულფასოვან განვითარებას. აქტიური მუშაობისას ჩვენ ყველა შემთხვევაში გვაქვს გარკვეული გაუმჯობესება.

დღესდღეობით პრაქტიკულად ყოველი მეორე ბავშვი აგვიანებს მეტყველებას. მსოფლიომ ხომ არ შეცვალა დამოკიდებულება ამ მიმართულებით და ხომ არ მოგვცა ახალი გაიდლაინი, რომ მაგალითად, სულაც არ არის აუცილებელი, 2 წლის ბავშვი 2 სიტყვიანი წინადადებებით საუბრობდეს?
როგორც აღვნიშნეთ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები იყო და არის, რომ ამ ასაკის ბავშვს შეუძლია და აქვს უნარი, რომ ორი სიტყვა გადააბას, რომ ვითარდება ფრაზული მეტყველება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არის საშუალო ვადები და არის შესაძლო საზღვრები. არის რეკომენდაცია, რომ რაღაც საზღვრების ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია ბავშვი დაკვირვების ფაზაში გვყავდეს, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მშვიდად არ უნდა ვიყოთ. პარალელურად უნდა იყოს ის ყველაფერი, რაც აუცილებელია ბავშვისთვის, უნდა იყოს მშობლის და სპეციალისტის ჩართულობა.

როგორ უნდა ამოვიცნოთ რთული ხასიათის მქონე ბავშვთან გვაქვს საქმე, თუ ეს არის ქცევის პრობლემა, რომელსაც კორექცია სჭირდება?
არსებობენ რთული ტემპერამენტის და შედარებით უფრო მარტივი ტემპერამენტის მქონე ბავშვები. ტემპერამენტს განსაზღვრავს რიტმულობა, კომუნიკაბელურობა, სიცოცხლისუნარიანობა, მგრძნობელობა, ანუ ყველა ადამიანში და ყველა ბავშვში ეს ერთნაირად შეიძლება არ იყოს გამოხატული. შესაბამისად, შესაძლოა ჩვენ საქმე გვქონდეს რთული ტემპერამენტის მქონე ბავშვებთან, რომლებთანაც შედარებით უფრო რთულად და კრიტიკულად აღიქმება, მაგალითად, ეს ასაკი, კრიტიკული 2 წელი, როდესაც საკუთარი მეს დიფერენციაცია გვაქვს. ასეთი ტიპის ბავშვმა ეს ასაკობრივი მახასიათებლები შეიძლება რთულად გადაიტანოს, მაგრამ ასეთ ბავშვში ჩვენ არ უნდა გვქონდეს მეტყველების პრობლემები, არ უნდა იყოს კომუნიკაციის სირთულეები, ასევე ნორმალური განვითარების უნდა იყოს კოგნიტური უნარები. თუ არის მხოლოდ ხასიათობრივი რაღაც ისტერია, ტანტრუმი, ხშირი ჭირვეულობა და დანარჩენი უნარები, განვითარების ეტაპები ნორმალურად მიდის, ნამდვილად, საქმე გვაქვს რთული ტემპერამენტის ბავშვებთან და მშობელმა რაღაცნაირად ქცევის მართვის მიდგომები უნდა ისწავლოს. თუ ქცევას თან ახლავს ზემოთ აღნიშნული მდგომარეობები, ეს უკვე სხვა საკითხია და სხვა განხილვის თემაა.

რა ტიპის სათამაშოები და აქტივობებია აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის?
აქაც არსებობს რეკომენდაციები, რომელთაც ვაძლევთ მშობლებს და ეს რეკომენდაციები განვითარების ეტაპებთან არის დაკავშირებული. ყველა ასაკობრივ ჯგუფს თავისი მიდგომა აქვს და უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას ვანვითარებთ, რა განვითარების ეტაპი მოდის და რაზე უნდა გვქონდეს აქცენტი. მაგალითად, 4 თვის ასაკში ეს არის შეხება, სათამაშოს აღება, მოზრდილ ასაკში უკვე თან უნდა გავუჟღეროთ ბავშვს და თან უნდა ვანახოთ. მაგალითად, ნახე კოვზი, ნახე ჭიქა. უნდა ავარჩევინოთ 2 საგნიდან, რომელია კოვზი, რომელია ჭიქა. ასე ეტაპობრივად, თამაშით უნდა ვასწავლოთ ეს ყველაფერი. შემდეგ უკვე მხედველობითი აღქმა მოდის. ვამრავალფეროვნებთ საგნებს და ვეუბნებით, აბა, ნახე რამდენი საგანია. ეს საგნები შეიძლება იყოს ფაზლები, ციფრები, ფერები და ა.შ. თამაშს ბავშვის განვითარებაში უდიდესი როლი აქვს.

ხშირად მშობლები ძალიან დიდ იმედს ამყარებენ ბაღზე. მაგალითად, ვერ ლაპარაკობს ბავშვი, მივიდეთ ბაღში და დაიწყებს ლაპარაკს, არ არის ბავშვი კარგი ხასიათის, მივიყვანოთ ბაღში და ისწავლის ქცევას და ა.შ. რამდენად სწორია, რომ ბაღს მივანდოთ ყველაფერი და გვეხმარება თუ არა ბაღი სხვადასხვა საკითხებში?
ნამდვილად არ არის სწორი ის მოსაზრება, რომ ყველაფერი ბაღს მივანდოთ, რადგან ბაღი ვერ შეძლებს საჭიროების მქონე ბავშვებში ჰქონდეს ის ჩართულობა და საჭიროებები, რაც პატარას სჭირდება, თუმცა, ნებისმიერი გარემო, არა მარტო ბაღი, იქნება ეს სხვადასხვა წრეები თუ ა.შ. , სადაც არის კომუნიკაციის საშუალება, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპამდე ეხმარება ბავშვს. საჭიროების შემთხვევაში აქ უკვე სპეციალისტის, ექიმის თუ მეტყველების თერაპევტის ჩართვის აუცილებლობაა და ეს არის სწორი მიდგომა და ეს ნამდვილად დაეხმარება ბავშვს სწორ განვითარებაში.

მინდა, გვიან ამეტყველებულ ბავშვებზე გკითხოთ. როცა ბავშვი არ მიჰყვება ეტაპებს სწორად და მშობელი დროულად ვერ ახდენს ჩარევას, ბავშვი ოდესღაც მაინც იწყება საუბარს, თუმცა იწყებს პრობლემებით, დეფექტებით და დგება მეორადი პრობლემები, მაგალითად, დასწავლის. ასეთ შემთხვევაში თუ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს?
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დროული ჩართულობა, რადგან ეს იწვევს დასწავლის უნარის სირთულეებს მომავალში. როგორც აღვნიშნეთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ემოციური და ქცევითი დარღვევა, მით უმეტეს, როცა სკოლაში ხვდება ბავშვი, ვერ მეტყველებს კარგად, უჭირს დასწავლა და ის შეიძლება უნებურად დაცინვის საგანიც გახდეს, რაც კიდევ უფრო მეტად თრგუნავს ბავშვს. ასეთ ბავშვებში თავს იჩენს ხოლმე დისლექსია.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს, მაინც ვდგავართ შემდეგი პრობლემის წინაშე, რაშიც განვითარების ეტაპების შეყოვნების დროს გამოყენებულ მედიკამენტებს ვგულისხმობ. ბევრი ადამიანი წერს, რომ გარკვეულ მედიკამენტებს მოახმარს ბავშვს, მუშაობს კი ისინი? როგორც ვიცი, ასეთ ბავშვებთან უალტერნატივოა თერაპია, თქვენი პაციენტების მაგალითზე, რა შედეგები აქვს თერაპიას?
მეტყველების დარღვევასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მედიკამენტები ფაქტობრივად არ მუშაობს. აქ საუბარია სხვადასხვა დამატებით ვიტამინებზე, დანამატებზე და ა.შ. , რომელთაც ეფექტი არ აქვთ. ერთადერთი საშუალება გახლავთ ადრეული ინტერვენციის პროგრამა, საბედნიეროდ, დღესდღეობით არის ამის შესაძლებლობა და ძალიან ბევრი ბავშვი არის ჩართული ამაში. ეს არის მეტყველების თერაპია, ფსიქოთერაპია, ოკუპაციური თერაპია, სხვადასხვა ტიპის თერაპიები, რომელთაც თვითონ სპეციალისტი განსაზღვრავს და შესაბამის გეგმას და სქემას მიჰყვება ბავშვი. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს ძალიან კარგი ეფექტი აქვს. გაუმჯობესება ყველა შემთხვევაში გვაქვს, ზოგ შემთხვევაში ჩვეულებრივ ეწევიან თავის სასკოლო ასაკს, უნარებს და ა.შ.

წყარო: https://fortuna.ge