Nuk
ნორმოგრიპი / Normongrip

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): chlorpheniramine, phenylephrine, paracetamol
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Normon
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: (500მგ+10მგ+4მგ) მყარი ჟელატინის კაფსულა №14
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

1. რას წარმოადგენს ნორმოგრიპი მყარი კაფსულები და მათი გამოყენება

ნორმოგრიპი მყარი კაფსულები წარმოადგენს პარაცეტამოლის (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი), ქლორფენამინის (ანტიჰისტამინი, რომელიც ამსუბუქებს ნაზალურ სეკრეციას) და ფენილეფრინის (ამცირებს ცხვირის გაჭედვას) კომბინაციას.

 

ეს მედიკამენტი ნაჩვენებია კატარალური ან გრიპის მსგავსი პროცესების დროს სიმპტომების მოსახსნელად, რომლებიც ხასიათდება ტკივილით (სუსტი ან ზომიერი ხასიათის), ცხელებით, ცხვირის გაჭედვით ან ცხვირიდან გამონადენით მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.

 

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს, მისი მდგომარეობა უარესდება ან ცხელება ნარჩუნდება 3 დღეზე მეტხანს, ან ტკივილი გრძელდება 5 დღეზე მეტხანს.

 

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოგრიპი მყარი კაფსულების მიღებამდე

დაუშვებელია ნორმოგრიპი მყარი კაფსულების მიღება:

- თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) პარაცეტამოლის, ფენილეფრინის, ქლორფენამინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

- თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);

- თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (ჰიპერთირეოზი);

- თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება;

- თუ პაციენტს აღენიშნება გულის ან არტერიების მძიმე დაავადება (როგორიცაა მძიმე კორონარული დაავადება ან სტენოკარდია);

- თუ პაციენტს აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი;

- თუ პაციენტს აღენიშნება ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა);

- თუ პაციენტი მკურნალობს მონოამიის ოქსიდაზის ინჰიბიტორებით (მაოი) (როგორიცაა ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები);

- თუ პაციენტი მკურნალობს სიმპათომიმეტური მედიკამენტებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ ან მედიკამენტები, რომლებიც აჩქარებენ გულისცემის სიხშირეს);

- თუ პაციენტი მკურნალობს ბეტა-ბლოკატორებით (საგულე მედიკამენტები ან მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიების დაავადებების დროს) (იხ: სხვა მედიკამენტები და ნორმოგრიპი მყარი კაფსულები);

- თუ პაციენტს აღენიშნება გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);

- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნორმოგრიპი მყარი კაფსულების მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

დაუშვებელია მედიკამენტის იმაზე მეტი რაოდენობით მიღება, რაც რეკომენდებულია მე-3 პარაგრაფში (ნორმოგრიპი მყარი კაფსულების მიღების წესი).

ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა არ მიიღონ 2 გ პარაცეტამოლზე (ნორმოგრიპი მყარი კაფსულების 4 კაფსულაზე) მეტი.

თავიდან უნდა იქნას აცილებული მედიკამენტის მიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად, რადგან მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. არ უნდა იქნას მიღებულ პარაცეტამოლის შემცველ ერთ მედიკამენტზე მეტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

 

მედიკამენტის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიარონ:

- თირკმლის, ღვიძლის, გულის ან ფილტვების დაავადებების მქონე პაციენტებმა და ანემიის მქონე პაციენტებმა;

- ასთმის მქონე პაციენტებმა, რომლებიც მგრძნობიარეები არიან აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ;

- პაციენტებმა, რომლებიც მგრძნობიარეები (ალერგიულები) არიან რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატის მიმართ, რადგან შეიძლება მგრძნობიარეები იყვნენ სხვა ანტიჰისტამინების (როგორიცაა ქლორფენამინი) მიმართ;

- პაციენტებმა, რომლებიც იტარებენ მკურნალობას პროსტატის ჰიპერტროფიის, ბრონქული ასთმის, ბრადიკარდიის, ჰიპოტენზიის, ცერებრული არტერიოსკლეროზის, პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის (სტენოზური პეპტიკური წყლულის), დუოდენალური პილორული ობსტრუქციის (კუჭსა და ნაწლავებს შორის), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამო, პაციენტებმა, რომლებიც მგრძნოიარეები არიან ზოგიერთი მედიკამენტის სედაციური ეფექტების მიმართ;

- თუ პაციენტი იტარებს მკურნალობს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ან მსგავსი ეფექტების მქონე მედიკამენტებით და აღენიშნება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რადგან შეიძლება განვითარდეს პარალიზური ილეუსი (ნაწლავის ნორმალური მოტორიკის შეწყვეტა).

 

ბავშვები და მოზარდები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს მედიკამენტი არ ინიშნება.

 

ანალიზებზე გავლენა:

თუ პაციენტს ესაჭიროება ანალიზების აღება (მათ შორის სისხლის, შარდის და ა.შ.), ექიმს უნდა აცნობოს, რომ იღებს ამ მედიკამენტს, რადგან შეიძლება შეიცვალოს ამ ანალიზების შედეგები.

 

სხვა მედიკამენტები და ნორმოგრიპი მყარი კაფსულები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ სხვა მედიკამენტს.

 

განსაკუთრებით, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს რომელიმე მათგანის დოზის ცვლილება ან მათი მიღება უნდა მოხდეს განცალკევებულად, არაუმცირეს 15 დღის შემდეგ, ან უნდა შეწყდეს მკურნალობა.

- ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები: ანტიეპილეფსიური მედიკამენტები (ლამოტრიჯინი, ფენიტოინი ან სხვა ჰიდანტოინები, ფენობარბიტალი, მეთილფენობარბიტალი, პრიმიდონი, კარბამაზეპინი);

- ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (იზონიაზიდი, რიფამპიცინი);

- კრუნჩხვების ან დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ბარბიტურატები), გამოიყენება საძილე, სედაციური და ანტიკონვულსანტური საშუალებების სახით;

- მედიკამენტები, რომლებიც ახდენენ სისხლის თრომბოზის პრევენციას: პერორალური ანტიკოაგულანტები (აცენოკუმაროლი, ვარფარინი);

- შარდვის გამაძლიერებელი მედიკამენტები (მარყუჟოვანი დიურეტიკები, როგორიცაა ფუროსემიდის ჯგუფის ან სხვა დიურეტიკები) და სხვა დიურეტიკები, რომლებიც იწვევენ კალიუმის დაკრგვას (გამოიყენება ჰიპერტენზიის ან სხვა მდგომარეობის სამკურნალოდ);

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის (მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი);

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი და სულფინპირაზონი);

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) და გულის რიტმის დარღვევების (არითმიის) სამკურნალოდ (პროპრანოლოლი);

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის დასაქვეითებლად (ქოლესტირამინი);

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, პარკინსონის დაავადების ან სხვა დაავადებების სამკურნალოდ (მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი)). ნორმოგრიპი მყარი კაფსულების მიღება უნდა მოხდეს განცალკევებულად, მკურნალობის შეწყვეტიდან არაუმცირეს 15 დღის შემდეგ;

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ; მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მშობიარობის დროს; მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის ან სხვა დაავადებების სამკურნალოდ (ალფა-ადრენერგული ბლოკატორები);

- ალფა და ბეტა-ადრენერგული ბლოკატორები, როგორიცაა ლაბეტალოლი და კარვედილოლი (გამოიყენება გულის  ან არტერიების დაავადების დროს);

- დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები);

- ზოგადი საანესთეზიო საშუალებები;

- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (აქვეითებენ არტერიულ წნევას);

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის სამკურნალოდ, როგორიცაა საგულე და ანტიარითმიული გლიკოზიდები;

- თიროიდული ჰორმონების შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს);

- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს (ატროპინის სულფატი);

- მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიას (მაგ.: უძილობის ან შფოთვის დროს გამოყენებული მედიკამენტები);

- ოტოტოქსიკური მედიკამენტები (გვერდითი მოვლენის სახით იწვევენ ყურის დაზიანებას);

- ფოტოსენსიტიური მედიკამენტები (გვერდითი მოვლენის სახით იწვევენ სინათლეზე ალერგიას).

 

ნორმოგრიპი მყარი კაფსულების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, რადგან ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს მედიკამენტის გვერდითი მოვლენები.

 

გარდა ამისა, პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტების მიღებამ იმ პაციენტებში, რომლებიც ჩვეულებრივ იღებენ ალკოჰოლს (3 ან მეტი ალკოჰოლური სასმელი: ლუდი, ღვინო, ლიქიორი და ა.შ. ყოველდღე), შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.

ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ მიიღონ ნორმოგრიპი მყარი კაფსულების 4 კაფსულაზე მეტი დღეში (2 გ პარაცეტამოლი), რომელიც გაყოფილი უნდა იქნას რამდენიმე მიღებად.

 

მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.

 

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, 

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ფეხმძიმობის დროს, თუ არ არის ექიმის მიერ დანიშნული.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ბავშვზე.

 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან მენტალური და/ან ფსიქიკური უნარების დაზიანება. თუ პაციენტს აღენიშნება ეს ეფექტები, თავიდან უნდა იქნას აცილებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

3. ნორმოგრიპი მყარი კაფსულების მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

 

დოზირება

მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდები: რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა ყოველ 6-8 საათში (3-4 კაფსულა დღეში). მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 6 კაფსულა.

 

დაუშვებელია 24 საათში 3 გ პარაცეტამოლზე მეტის მიღება.

 

ღვიძლის ან თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები: საჭიროა ექიმთან კონსულტაცია (იხ. პარაგრაფი 2: რა უნდა იცოდეს პაციენტმა მედიკამენტის მიღებამდე).

 

12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება:

12 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

 

ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება:

ხანდაზმულებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან განსაკუთრებით შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია) ან გულისცემის სიხშირის შემცირება ფენილეფრინისა და ქლორფენამინის შემცველობის გამო. ასევე, უფრო მეტად შეიძლება გამვლინდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰიპოტენზია ან აგზნება და შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ისეთი ეფექტების მიმართ, როგორიცაა პირის სიმშრალე და შარდის შეკავება.

 

მიღების მეთოდი

ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

1 კაფსულის მიღება უნდა მოხდეს ცოტაოდენ სითხესთან, უმჯობესია ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად.

ეს მედიკამენტი გამოიყენება სიმპტომების არსებობის დროს. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სიმპტომები ქრება.

თუ ტკივილი გრძელდება 5 დღეზე მეტხანს, ცხელება  - 3 დღეზე მეტხანს ან ტკივილი ან ცხელება უარესდება, ან ვლინდება სხვა სიმპტომები, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

ნორმოგრიპი მყარი კაფსულების დიდი რაოდენობით მიღებისას

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა:

 

დოზის გადაჭარბებისას. საჭიროა სამედიცინო ცენტრში დაუყოვნებლივ მიმართვა, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, რადგან ხშირად ძლიერი ინტოქსიკაციის დროსაც სიმპტომები არ ვლინდება დოზის გადაჭარბებიდან 3 დღემდე.

 

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს: თავბრუსხვევა, ღებინება, მადის დაკარგვა, კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე) და მუცლის ტკივილი. შფოთვა, შიში, აგზნება, თავის ტკივილი (რომელიც შეიძლება მაღალი არტერიული წნევის სიმპტომი იყოს), კონვულსიები, უძილობა (ან უკიდურესი ძილიანობა), დაჭიმულობა, გულისწასვლის შეგრძნება, ბარბაცი, ცნობიერების დაბინდვა, გაღიზიანებადობა, ტრემორი, ანორექსია, ფსიქოზი ჰალუცინაციებით (განსაკუთრებით, ბავშვებში). პირის, ცხვირის ან ხახის სიმშრალე. ეფექტები, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, არითმია (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), გულის თრთოლვა, შარდვის გამოყოფის შემცირება. მეტაბოლური აციდოზი (სისხლში ტუტიანობის დაქვეითება), სისხლის პლაზმის შემცირება (სისხლის მოცულობის შემცირება) შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივად გამოყენებისას.

 

დოზის გადაჭარბების მკურნალობა უფრო ეფექტურია, თუ იწყება მედიკამენტის დოზის გადაჭარბებიდან 4 საათის განმავლობაში.

პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ბარბიტურატებით ან არიან ქრონიკული ალკოჰოლზმით დაავადებულები, უფრო მგრძნობიარეები არიან პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების ტოქსიკურობის მიმართ.

 

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა სამედიცინო დაწესებულებაში ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები 

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. 

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე არ არის ზუსტად დადგენილი, აღინიშნა პარაცეტამოლის, ფენილეფრინისა და ქლორფენამინის მიღებისას:

- გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება უფრო ხშირად (ხშირი გვერდითი მოვლენები):

სუსტი გაბრუება, თავბრუსხვევა, კუნთების სისუსტე: ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გაქრეს მკურნალობის 2-3 დღის შემდეგ. სახის მოძრაობის გაძნელება, დაჭიმულობა, ტრემორი, მგრძნობელობის დარღვევები და ჩხვლეტის შეგრძნება, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, გემოს ან ყნოსვის ცვლილება, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი (რომელიც შეიძლება შემცირდეს, თუ წამლის მიღება ხდება საკვებთან ერთად), გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, კუჭის ტკივილი, შარდის შეკავება, ცხვირისა და ხახის სიმშრალე, ლორწოს გასქელება, ოფლიანობა, მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

 

- გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება უფრო ნაკლები სიხშირით (იშვიათი გვერდითი მოვლენები):

დისკომფორტი, არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია) და ტრანსამინაზების დონის მომატება სისხლში. მიოკარდიუმის ინფარქტი, პარკუჭოვანი არითმია (არარეგულარული გულისცემა), ფილტვის შეშუპება (ფილტვებში სითხის მოცულობის გაზრდა) და თავის ტვინში სისხლდენა (მაღალი დოზების მიღებისას ან მგრძნობიარე პაციენტებში).

 

ნერვული აგზნება (ძირითადად მაღალი დოზების მიღებისას და უფრო ხშირად ხანდაზმულებსა და ბავშვებში), რომელიც შეიძლება მოიცავდეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: მოუსვენრობა, უძილობა, ნევროზულობა და კრუნჩხვებიც. სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს დაბალი სიხშირით: მკერდში მოჭერის შეგრძნება, ფილტვებში ხიხინი, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (ძირითადად დოზის გადაჭარბებისას), ღვიძლის დარღვევები (შეიძლება გამოვლინდეს კუჭის ან მუცლის ტკივილით, მუქი შარდი ან სხვა სიმპტომები), ალერგიული რექცია, ძლიერი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ხველა, ყლაპვის გაძნელება, სწრაფი გულისცემა, ქავილი, ქუთუთოების ან თვალის უპეების, სახის, ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, და ა.შ.), ფოტომგრძნობელობა (მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა), ჯვარედინი მგრძნობელობა (ალერგია) მედიკამენტების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია ქლორფენამინთან. სისხლის ცვლილებები (სისხლის უჯრედების ფორმულის ცვლილებები, როგორიცაა: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, აპლაზიური ანემია, თრომბოციტოპენია) სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა: უჩვეულო სისხლდენა, ყელის ტკივილი ან დაღლილობა; არტერიული წნევის დაქვეითება ან გაზრდა, შეშუპება (შესივება), სმენის დარღვევები, იმპოტენცია, მენსტრუალური დარღვევები.

 

- გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება ძალიან დაბალი სიხშირით (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები):

თირკმლის დაავადებები, შემღვრეული შარდი, ალერგიული დერმატიტი (გამონაყარი კანზე), სიყვითლე (კანის გაყვითლება), სისხლის ცვლილებები (ნეიტროპენია, ჰემოლიზური ანემია) და ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება).

კანის მძიმე რექციები აღინიშნა ძალიან იშვიათად.

პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება მაღალი დოზებით მიღებისას ან გახანგრძლივებული მკურნალობისას.

 

- გვერდითი მოვლენები, რომელთა გამოვლინების სიხშირე უცნობია:

შფოთვა, გაღიზიანებადობა, სისუსტე, არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია, ზოგადად, მაღალი დოზებით მიღებისას და მგრძნობიარე პაციენტებში), თავის ტკივილი (მაღალი დოზების მიღებისას და შეიძლება იყოს ჰიპერტენზიის სიმპტომი), ძალიან შენელებული გულისცემა (მძიმე ბრადიკარდია), სისხლძარღვების შევიწროება (პერიფერიული ვაზოკონსტრიქცია), გულის მუშაობის დაქვეითება, განსაკუთრებით, მოზრდილებსა და ცერებრული ან კორონარული ცირკულაციის დარღვევის მქონე პაციენტებში, გულის დაავადების შესაძლო განვითარება ან მისი გამწვავება, შარდის შეკავება, სიფერმკრთალე, თმების მტვრევადობა, სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, მეტაბოლური აციდოზი (მეტაბოლიზმის ცვლილება), კიდურების გაცივება (ფეხებისა და ხელების), ალები, გულისწასვლის შეგრძნება (ჰიპოტენზია). მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს: ღებინება, გულის ფრიალი, ფსიქოზები ჰალუცინაციებით; სისხლის მოცულობის დაქვეითება შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გამოყენებისას.

 

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: წწწ.ნოიფიცაღAM.ეს

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

 

5. ნორმოგრიპი მყარი კაფსულების შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

 

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კონტეინერსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტებისა და კონტეინერების გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქში განთავსებულ სიგრე სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილებში. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, არასაჭირო პრეპარატისა და კონტეინერის გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას. 

 

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სად შევიძინოთ?