Nuk
ელირნო / elyrno


რას წარმოადგენს ელირნო და რისთვის გამოიყენება
ელირნო არის აგფ-ინჰიბიტორის (ენალაპრილი) და კალციუმის არხის ბლოკატორის (ლერკანიდიპინი) ფიქსირებული კომბინაცია. ეს ორი პრეპარატი ახდენს არტერიული წნევის დაწევას.
ელირნო გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებშიც არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება მხოლოდ 20 მგ ენალაპრილით. ელირნო გამოიყენება ჰიპერტენზიის საწყისი მკურნალობისათვის.

რა უნდა იცოდეთ ელირნოს მიღებამდე
არ მიიღოთ ელირნო:
- თუ გაქვთ ალერგია ენალაპრილის ან ლერკანიდიპინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6)
- თუ გაქვთ ალერგია ელირნოსთან მჭიდროდ დაკავშირებულ პრეპარატებზე (მაგ. ამლიდიპინი, ფელოდიპინი, ნიფედიპინი, კაპტოპრილი, ფიზონოპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი)
- თუ ხართ სამ თვეზე მეტი ხნის ორსული (უმჯობესია თავი შეიავოთ ელირნოს გამოყენებისაგან ორსულობის ადრეულ ეტაპზე – იხილეთ პუნქტი ორსულობის შესახებ)
- თუ გაწუხებთ ზოგიერთი გულის დაავადება:
• არანამკურნალები გულის შეგუბებითი უკმარისობა
• გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის დინების ობსტრუქცია, მათ შორის აორტის შევიწროვება (აორტის სტენოზი)
• სტენოკარდია (მოსვენებულ მდგომარეობაში ან პროგრესიულად მზარდი)
• გულის შეტევიდან ერთი თვის განმავლობაში (მიოკარდიუმის ინფარქტი)

- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული პრობლემები ან თუ იმყოფებით დიალიზზე.
- თუ იღებთ ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა:
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)
- მაკროლიდური ანტიბიოტიკები (მაგ, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი)
- ანტივირუსული საშუალებები (მაგ. რიტონავირი)
- თუ იმავდროულად იღებთ ციკლოსპორინს
- გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად
- თუ ოდესმე გქონიათ ანგიოშეშუპება (სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის, ხელების და ტერფების შეშუპება), მემკვიდრეობითი ან განვითარებული ადრე ჩატარებული აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ
- თუ გაქვთ მემკვიდრეობითი მიდრეკილება ქსოვილების შეშუპებისადმი ან თუ გქონიათ ქსოვილების შეშუპება უცნობი მიზეზით (მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიოშეშუპება).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ელირნოს მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ გაწუხებთ გულის დაავადება სისხლის ნაკადის შეწყვეტით (იშემია)
- თუ გაწუხებთ თავის ტვინში სისხლის ნაკადის დარღვევა (ცერებროვასკულარული დაავადება)
- თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი გულის დაავადებები: გულის უკმარისობა, აორტის ან მიტრალური სარქველის შევიწროვება (სტენოზი) ან გულის გადიდება (ჰიპერტროფული კარდიომიოპათია)
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები (მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის თირკმლის ფუნქციის დარღვევა)
- თუ მომატებული გაქვთ ღვიძლისმიერი ფერმენტები ან თუ განვითარდა სიყვითლე
- თუ აღინიშნება სხვადასხვა ხარისხის სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი), რაც სავარაუდოდ იწვევს ინფექციისადმი მგრძნობელობას და მძიმე ხარისხის ზოგად სიმპტომებს
- თუ გაწუხებთ შემაერთებელი ქსოვილების გარკვეული დაავადებები სისხლძარღვების დაზიანებით (კოლაგენური ვასკულარული დაავადება)
- თუ იმავდროულად იღებთ ალოპურინოლს (პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატი), პროკაინამიდს (არარეგულარული გულისცემის სამკურნალო) ან ლითიუმს (დეპრესიის გარკვეული სახეობების სამკურნალო)
- თუ ელირნოს გამოყენებით მკურნალობისას განვითარდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან ქსოვილების შეშუპება (ანგიოშეშუპება)
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი
- თუ განვითარდა პერსისტენტული მშრალი ხველა
- თუ არსებობს სისხლში კალიუმის დონეების მომატების რისკი, რაც შეიძლება განვითარდეს შემდეგი მდგომარეობების დროს: თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, 70 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში, კალიუმდამზოგავი დიურეტიკებით მკურნალობისას. კალიუმის დონეები სისხლში ვლინდება ლაბორატორიული ანალიზებით, შესაბამისად, დაიცავით ექიმის მითითებები.
- თუ არტერიული წნევის დაწევა არაადექვატურია თქვენი ეთნიკური წარმომავლობის გამო (განსაკუთრებით შავკანიან პაციენტებში)
- თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ), ელირნოს გამოყენება რეკომენდებული არ არის ადრეული ორსულობის დროს და არ გამოიყენება ორსულობის მესამე თვის შემდეგ, ვინაიდან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვილს (იხ. პუნქტი ორსულობის შესახებ)
თუ საჭიროებთ დესენსიტიზაციურ თერაპიას მწერების ნაკბენების გამო, ელირნოს ჩანაცვლება დროებით უნდა მოხდეს სხვა სახის შესაბამისი პრეპარატით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები. ამგვარი რეაქციები ვითარდება მწერების ნაკბენების შემდეგ.
ელირნოს გამოყენებამ დიალიზის დროს ან სისხლში ლიპიდების მომატებული დონეების მკურნალობისას შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და სიცოცხლისათვის საშიში შოკიც კი.
უთხარით ექიმს, რომ მკურნალობთ ელირნოს გამოყენებით ან რომ გესაჭიროებათ დიალიზი, რათა ექიმმა გაითვალისწინოს მკურნალობის დანიშვნისას. 
თუ ახლო მომავალში უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია ან ანესთეზია (მათ შორის სტომატოლოგიური ანესთეზია), უთხარით ექიმს, რომ იღებთ ელირნოს, ვინაიდან ანესთეზიის დროს შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა.
ამ პრეპარატის გამოყენება საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს. ამიტომ, აუცილებლად ჩაიტარეთ ექიმის მიერ დანიშნული ლაბორატორიული ანალიზები და გამოკვლევები.

ბავშვები და მოზარდები
ელირნოს უსაფრთხოება და ეფექტიანობა ნაჩვენები არ არის ბავშვებში კონტროლირებული კვლევებისას.

სხვა პრეპარატები და ელირნო
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან მომავალში უნდა მიიღოთ ნებისმიერი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი.
ელირნოს ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს ელირნოს ან სხვა პრეპარატების მოქმედება, ან შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები.

არტერიული წნევის დამწევი მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ელირნოსთან ერთად შემდეგი პრეპარატების გამოყენებისას:
- ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატი)
- პერორალური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი
- ანტივირუსული პრეპარატები, როგორიცაა რიტონავირი
- მაკროლიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი
- წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატი ციმეტიდინი 800 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზით
- დიურეტიკები, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი, ქლორთალიდონი, ფუროსემიდი, ტრიამტერენი, ამილორიდი, ინდაპამიდი, სპირონოლაქტონი ან არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატები
- ზოგიერთი ვაზოდილატატორული პრეპარატი, როგორიცაა გლიცერილტრინიტრატი და ორგანული ნიტრატები (იზოსორბიდი) ან ანესთეზიური საშუალებები
- ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და ანტიფსიქოტური პრეპარატები
- ბაკლოფენი

არტერიული წნევის დამწევი მოქმედება შეიძლება შესუსტდეს ელირნოსთან ერთად შემდეგი პრეპარატების გამოყენებისას:
- ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი (მაგ. პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ნაპროქსენი, ინდომეტაცინი ან ასპირინი, თუ არ გამოიყენება დაბალი დოზებით)
- სისხლძარღვებზე მოქმედი პრეპარატები (მაგ. ნორადრენალინი, იზოპრენალინი, დოპამინი, სალბუტამოლი)
- ანტიკონვულსანტური საშუალებები, როგორიცაა ფენიტოინი და კარბამაზეპინი
- რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი)

თუ იღებთ დიგოქსინს (პრეპარატი, რომელიც გავლენას ახდენს გულის კუნთის ტონზე), ჰკითხეთ ექიმს, თუ რა ნიშნების გამოვლენაზე უნდა გამოიჩინოთ სირთხილე.
თუ იღებთ კალიუმდამზოგავ დიურეტიკებს (სპირონოლაქტონს) კალიუმის დანამატებს, შეიძლება აღინიშნოს სისხლში კალიუმის დონის მომატება.
ლითიუმის კარბონატისა და ელირნოს ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმით ტოქსიკურობა.
თუ იღებთ იმუნოსუპრესანტებს ან პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს მგრძნობელობა სერიოზული ინფექციებისადმი.
თუ გაქვთ დიაბეტი, გაითვალისწინეთ, რომ ელირნოს და ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების, როგირიცაა სულფონილშარდოვანა და ბიგუანიდი, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მნიშვნეოვნად შემცირება) მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. 
უთხარით ექიმს, თუ იღებთ ანტიჰისტამინებს, როგორიცაა ტერფენადინი ან ასტემიზოლი ან ანტიარითმიულ საშუალებებს, როგორიცაა ამიოდარონი ან ქინიდინი, ან ესტრამუსტინს ან ამიფოსტინს ან ოქროს, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს გარკვეული წამალთშორისი ურთიერთქმედებები.

ელირნოს მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
ელირნო მიიღება ჭამამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე.
ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს ელირნოს მოქმედება. ამიტომ, გირჩევთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი ან მკაცრად შეზღუდოთ ალკოჰოლის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია.
ორსულობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე. ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ ელირნოს მიღების შეწყვეტას დაორსულებამდე ან მაშინვე, როგორც კი შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს ელირნოს ნაცვლად. ელირნო რეკომენდებული არ არის ადრეული ორსულობისას და არ გამოიყენება ორსულობის 3 თვის შემდეგ, ვინაიდან ამ პერიოდში გამოყენებისას შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.
ლაქტაცია
უთხარით ექიმს თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი გამოკვების დაწყებას. ახალშობილების (დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირა) და განსაკუთრებით დღენაკლული ჩვილების ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის ელირნოს გამოყენების პერიოდში. უფრო დიდი ასაკის ჩვილის შემთხვევაში, ექიმი გეტყვით ლაქტაციის პერიოდში ელირნოს გამოყენების სარგებლისა და რისკების შესახებ, სხვა მკურნალობებთან შედარებით. 
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
თუ განვითარდა თავბრუ, სისუსტე, დაღლილობა ან ძილიანობა ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, არ მართოთ ავტომობილები და მექანიზმები.
ელირნო შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

როგორ მიიღება ელირნო
ელირნო ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმი განსხვავებულ დოზირებას არ დანიშნავს, ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს. უმჯობესია ტაბლეტის მიღება საუზმემდე მინიმუმ 15 წუთით ადრე. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით.
ტაბლეტები არ მიიღება გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
თუ ფიქრობთ, რომ ელირნოს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ელირნო, ვიდრე უნდა მიგეღოთ
თუ მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე მაღალი დოზა ან ჭარბი დოზის მიღებისას, დაუყოვენლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას და თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ ტაბლეტები და/ან კონტეინერი.
დანიშნულზე მაღალი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაცემა და არარეგულარული ან უფრო სწრაფი გულისცემა.
გარდა ამისა, არტერიული წნევის სერიოზულად დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ორგანოებისკენ სისხლის ნაკადის შემცირება, კარდიოვასკულარული უკმარისობა და თირკმლის უკმარისობა.

თუ დაგავიწყდათ ელიწნოს მიღება
თუ დაგავიწყდათ ელირნოს მიღება, გამოტოვებული ტაბლეტი მიიღეთ რაც შეიძლება მალე, თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის დრო. შემდეგ გააგრძელეთ ტაბლეტების ჩვეულებრივად მიღება. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ ელირნოს მიღება
თუ შეწყვეტთ ელირნოს მიღებას, შეიძლება კვლავ აღინიშნოს არტერიული წნევის მატება. ელირნოს მიღების შეწყვეტამდე გაესაუბრეთ ექიმს.
მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე შემდეგი ნიშანი ან სიმპტომი:
- სახის, კიდურების, ტუჩების, ლორწოვანი გარსის, ენის და/ან ხორხის შეშუპება ან ქოშინი.
- კანის და ლორწოვანი გარსების სიყვითლე
- ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და/ან ყელის ანთება.
ასეთ შემთხვევებში, შეწყვიტეთ ელირნოს მიღება და მიმართეთ ექიმს, რომელიც საჭირო ზომებს მიიღებს.
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები (1-10% სიხშირის), რომლებიც განვითარდა ელირნო 20მგ/10 მგ-ს მიღებისას არის ხველა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პერიფერიული შეშუპება და გამონაყარი. 
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა ის არასასურველი ეფექტი, რომლებიც გამოვლინდა ელირნო 20 მგ/ 10 მგ-ს ან ენალაპრილის ან ლეკანიდიპინის ცალ-ცალკე მიღებისას: 
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
- მხედველობის დაბინდვა
- თავბრუსხვევა
- ხველა
- გულისრევა
- სისუსტის შეგრძნება 
ხშირი (შეიძლება განვიტარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
- თავის ტკივილი, დეპრესია
- კოჭების შეშუპება, არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაწევა, მათ შორის არტერიული წნევის ზედმეტად დაცემა წამოდგომისას, გონების ხანმოკლე დაკარგვა, გულის შეტევა ან ინსულტი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, გულის რითმის დარღვევა, გულისცემის სიხშირის მომატება
- ქოშინი
- დიარეა, მუცლის ტკივილი, გემოს ცვლილება
- სახეში სისხლის მოწოლა, კანის გაწითლება და სითბოს შეგრძნება, კანზე გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის, ყელის, ხელების შეშუპება
- დაღლილობა, სახის გაწითლება
- სისხლში კალიუმის მომატებული დონეები, სისხლში კრეატინინის დონის მომატება
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში)
- ანემია
- სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონეები
- გონების არევა, ძილიანობა, ნერვოზულობა, უჩვეულო შეგრძნებები (ჩხვლეტის)
- გულში მძიმე დარტყმები
- გამონადენი ცხვირიდან, ყელის ტკივილი, ასთმა, სტვენით სუნთქვა
- ნაწლავების ობსტრუქცია, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ღებინება
- მონელების დარღვევები, ყაბზობა, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული
- მომატებული ოფლიანობა, ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, თმის ცვენა
- თირკმლის პრობლემები
- იმპოტენცია
- კუნთების სპაზმი, ხმაური ყურებში, შეუძლოდ ყოფნა, ცხელება
- სისხლში შარდოვანას მომატება, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-მდე პაციენტში)
- ზოგიერთი სისხლის უჯრედის რაოდენობის შემცირება, ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის დაქვეითება (ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის), ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, ლიმფური კვანძების შეშუპება,  აუტოიმუნური დაავადება
- სიზმრების ცვლილება, ძილის დარღვევები
- სიცივე ხელებსა და ტერფებში
- ფილტვის ქსოვილის დარღვევები, გაცივება, ფილტვის ანთება
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება და დაწყლულება, ენის ანთება
- ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება, სიყვითლე (კანის და/ან თვალების სკლერის სიყვითლე)
- კანის მძიმე რეაქციები. აღინიშნა სიმპტომების კომპლექსი, რაც შეიძლება ასოცირებული იყოს რომელიმე ან ყველა შემდეგ გვერდით ეფექტთან: ცხელება, შრატისმიერი ზედაპირების ანთება, სისხლძარღვების ანთება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი / კუნთებისა და სახსრების ანთება და გარკვეული ცვლილებები ლაბორატორიულ მაჩვენებლებში; კანზე გამონაყარი, სინათლის მიმართ მგრძნობელობა და კანის სხვა რეაქციები.
- შარდის გამოყოფის შემცირება, შარდის გამოყოფის მომატება
- მამაკაცებში მკერდის გადიდება
- ლაბორატორიული მაჩვენებლების (ღვიძლისმიერი ფერმენტების, შრატისმიერი ბილირუბინის) მომატება
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-მდე პაციენტში)
- ღრძილების გასქელება, ნაწლავების შეშეშუპება
ცნობილი არ არის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

როგორ ინახება ელირნო
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25°C-მდე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ტენისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატები არ გადაყაროთ საკანალიზაციო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ექიმს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გესაჭიროებათ. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ელირნო
- აქტიური სუბსტანციებია ენალაპრილის მალეატი და ლერცანიდიპინის ჰიდროქლორიდი. ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ენალაპრილის მალეატს (რაც შეესაბამება 15.29 მგ ენალაპრილს) და 10 მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდს (რაც 9.44 მგ ლერკანიდიპინის ექვივალენტურია)
- სხვა ინგრედიენტებია: პოვიდონი K30, მალეინის მჟავა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი “ა”, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, მაკროგოლი 6000, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) და ქინოლონი ყვითელი (E104) გარსში. 

ელირნოს აღწერა და შეფუთვის შემცველობა
შემოგარსული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრი ამობურცული, ჩამოთლილი კიდეებით, ტაბლეტის დიამეტრი 10 მმ.
ელირნო წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვებში 10, 14, 15, 28, 30, 50, 56, 60, 84, 90, 98 ან 100 შემოგარსული ტაბლეტით კოლოფში.
ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე წარმოდგენილი.

სამკურნალო პრეპარატის გაცემის წესი
გაიცემა სამედიცინო რეცეპტით.

სად შევიძინოთ?