Nuk
ციფლოსინი 500 მგ / Ciflosin® 500mg


 

ციფლოსინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პერორალურად მისაღები.

 

აქტიური სუბსტანცია: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 583 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს, რაც 500 მგ ციპროფლოქსაცინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი CL, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრი OY-D-7233 თეთრი (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი)

 

 

რას წარმოადგენს ციფლოსინიდარისთვისგამოიყენება
ციფლოსინი წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აქტიურ ნივთიერებას (ციპროფლოქსაცინი). ციპროფლოქსაცინი, სიფლოსინის აქტიური სუბსტანცია, მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელწოდებით ფტორქინოლონები.
ციფლოსინი ხელმისაწვდომია 10 ტაბლეტიანი შეფუთვით.

ციფლოსინი გამოიყენება ზრდასრულებში სასუნთქი გზების ინფექციების, ყურის ან სინუსიტის ხანგრძლივი და მორეციდივე ინფექციების, თირკმელების და საშარდე გზების ინფექციების, ადნექსიტის (საკვერცხეების და საშვილოსნოს მილების მწვავე ან ქრონიკული ანთება, რომლებიც წარმოადგენენ ადნექსიას), გონორეის, სასქესო ორგანოების ინფექციების, მათ შორის პროსტატიტის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციების, მუცლის ღრუს ინფექციების, როგორიცაა მუცლის ღრუს გარსის ანთება (პერიტონიტი), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების, ძვლებისა და სახსრების ინფექციების, 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში Neisseria meningitidis ბაქტერიით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკისთვის, ასევე ჯილეხის საინჰალაციო გზით მოხვედრის დროს და მწვავე გარე ოტიტის სამკუნალოდ.
ციპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში (კომბინირებული თერაპიის ნაწილად) იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ ნეიტროპენია და ცხელება, რომლის გამომწვევი მიზეზიც სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციაა.
თუ თქვენ გაქვთ მძიმე ინფექცია ან ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ერთზე მეტი ტიპის ბაქტერიით, ციფლოსინთან ერთად შეიძლება დაგინიშნონ დამატებითი ანტიბიოტიკოთერაპია.
ციფლოსინი გამოიყენება კისტოზური ფიბროზით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც იწვევს ფილტვების, თირკმელების ან პანკრეასის მხრივ დარღვევებს), ფილტვებისა და ბრონქების ინფექციების დროს, მათ შორის თირკმელების დაზიანებით (პიელონეფრიტი), საშარდე გზების გართულებული ინფექციების დროს, აქტიური ნივთიერების ციპროფლოქსაცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, როდესაც სხვა ალტერნატიული მკურნალობა არ არის შესაფერისი, ასევე ჯილეხის სასუნთქი გზებით (ინჰალაციით) ზემოქმედების შემთხვევაში. ციფლოსინი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება შეუძლებელია ბავშვებსა და მოზარდებში დაფიქსირებული სხვა სპეციფიკური მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, თუ ექიმი ამას საჭიროდ ჩათვლის.
ფტორქინოლონები, მათ შორის ციფლოსინი, არ უნდა იქნას გამოყენებული ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გამწვავებების დროს და როდესაც არსებობს ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების (UTI) სამკურნალოდ, სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკის გამო.
ამ ჩვენებების შემთხვევაში, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა მკურნალობის ვარიანტები არაეფექტურია.
ციფლოსინი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ დადასტურებული ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის, ან  ძლიერი ეჭვის არსებობისას, რომ გამოწვეულია მგრძნობიარე ბაქტერიებით.

 

რა უნდა იცოდეთ ციფლოსინის გამოყენებამდე

• ციპროფლოქსაცინმა, ციფლოსინის აქტიურ ნივთიერებამ და ანტიბიოტიკების ჯგუფმა სახელწოდებით ფტორქინოლონები, რომელშიც შედის ციპროფლოქსაცინი, შეიძლება გამოიწვიოს დამაინვალიდებელი და შეუქცევადი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა

o ტენდინიტი (მყესების ანთება) და მყესების (კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი იოგები) გაწყვეტა

o პერიფერიული ნეიროპათია (ნერვის დაზიანების ტიპი).

o ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები (ჰალუცინაციები (არარსებულის დანახვა, მოსმენა ან შეგრძნება), შფოთვა (შფოთვითი მდგომარეობა), დეპრესია, სუიციდური მიდრეკილებები, უძილობა (ძილის დარღვევა), ძლიერი თავის ტკივილი და ცნობიერების არევა (უეცარი დაბნეულობა).

 

თუ პაციენტს აღენიშნება ამ რეაქციებიდან რომელიმე, ციფლოსინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ფტორქინოლონების მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

 

• ფტორქინოლონებმა, მათ შორის ციფლოსინმა, შეიძლება გაამწვავოს კუნთების სისუსტე მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს). მოერიდეთ ციფლოსინის გამოყენებას, თუ გაქვთ მიასთენია გრავისი.

 

• ვინაიდან ფტორქინოლონებს, მათ შორის ციფლოსინს, სერიოზული გვერდითი მოვლენები აღენიშნებათ, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ შემდეგი ჩვენებებისთვის სხვა ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები არ არსებობს:

o გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციები (ინფექციები, რომლებიც გვხვდება ჯანმრთელ პირებში, არ ახლავს თან ზრდასრულებისათვის დამახასიათებელი საშარდე სისტემის სტრუქტურული და ანატომიური დარღვევები)

o ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გამწვავება (ფილტვებში ბრონქების მემბრანების მუდმივი ანთების ხელახალი გამწვავება)

 

ფტორქინოლონებს, მათ შორის ციპროფლოქსაცინს, თან ახლავს სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ინვალიდობა და რაც პოტენციურად შეუქცევადია. ხშირი გვერდითი მოვლენები მოიცავს: კუნთოვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ პრობლემებს (როგორიცაა ტენდინიტი (მყესების ანთება) და მყესების (იოგების) გაწყვეტა, მყესების შეშუპება ან ანთება, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, ხელებსა და ფეხებში დაბუჟების შეგრძნება, კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე, სახსრების ტკივილი, სახსრების შეშუპება), ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), პერიფერიული ნეიროპათია (ნერვების დაზიანება), დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ჰალუცინაციები (არარსებულის დანახვა, მოსმენა ან შეგრძნება), შფოთვა (ღელვის შეგრძნება), დეპრესია, სუიციდური აზრები, უძილობა (ძილის დარღვევა), ძლიერი თავის ტკივილი და დაბნეულობა (უეცარი დეზორიენტაცია) (იხილეთ ნაწილი "4. შესაძლო გვერდითი მოვლენები"). ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ციფლოსინის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. ეს გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ყველა ასაკის პაციენტებში ან მათ არ აღენიშნებოდათ წინასწარი რისკ-ფაქტორები. ნებისმიერი სერიოზული გვერდითი ეფექტის პირველი ნიშანის ან სიმპტომის გამოვლენისას,  ციფლოსინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, თუ თქვენ შენიშნავთ ფტორქინოლონებთან დაკავშირებულ რომელიმე სერიოზულ გვერდით რეაქციას, ფტორქინოლონების, მათ შორის ციფლოსინის, გამოყენებას თავი უნდა აარიდოთ ამ რეაქციების მქონე პაციენტებში.

 

არ მიიღოთ ციფლოსინი შემდეგ შემთხვევებში:
თუ
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ციფლოსინის, სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკების ან ციფლოსინის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტიზანიდინს, რომელიც გამოიყენება კუნთების რელაქსანტად (იხილეთ თავი „სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება“).
 
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ციფლოსინის გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობებისას:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის
თუ გაქვთ დიარეა,
თუ ოდესმე გქონიათ თირკმელების ან ღვიძლის დაავადება
თუ გაწუხებთ სახსრების ტკივილი და შეშუპება და ტენდინიტი ან გაქვთ მყესების მხრივ პრობლემების ისტორია ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს
თუ თქვენ ხართ ხანდაზმული და იღებთ კოტრიზოლის შემცველ მედიკამენტებს,
თუ გაქვთ ნერვული სისტემის დაავადება ან ეპილეფსია,
თუ გაქვთ დიაბეტი; ციფლოსინის მიღებისას არსებობს ჰიპოგლიკემიის (შაქრის მომატებული დონე) განვითარების რისკი.
თუ გაქვთ დეპრესია და ფსიქოზი.
ციფლოსინის პირველად მიღებისას შეიძლება განგივითარდეთ ფსიქიკური რეაქციები. თუ გაწუხებთ დეპრესია ან ფსიქოზი, ციფლოსინით მკურნალობის დროს თქვენი სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება გადაიზარდოს სუიციდურ ფიქრებში, სუიციდის მცდელობაში ან სუიციდში. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ციფლოსინის მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ პირველი მიღების შემდეგ განვითარდა რაიმე გვერდითი რექცია ნერვული სისტემის მხრივ
თუ იღებთ თეოფილინის შემცველ რომელიმე პრეპარატს (სუნთქვის პრობლემების სამკურნალო პრეპარატი), მეთილქსანტინს, კოფეინს, დულოქსეტინს (დეპრესიის, დიაბეტური ნერვის დაზიანების ან შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატი), როპინიროლს (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი), კლოზაპინს (ანტიფსიქოზური პრეპარატი), ოლანზაპინს (ფსიქიატრიული პაციენტების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიფსიქოზური პრეპარატი)
თუ ხართ ხანდაზმული
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

 

მძიმე, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი, ანგიონევროზული შეშუპება). პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი არსებობს მცირე შანსი, განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქცია შემდეგი სიმპტომებით: შებოჭილობა გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, გულისრევა ან გონების დაკარგვა, ასევე თავბრუსხვევა წამოდგომისას. ამ შემთხვევაში, შეწყვიტეთ ციფლოსინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ანთება და მყესის გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან პირველი 48 საათის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში. ტენდინოპათიის ეს რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით. ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაასვენეთ მტკივნეული ადგილი. ნებისმიერმა არასაჭირო ვარჯიშმა შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.

თუ გაგიუარესდათ მხედველობა  ან თვალები რაიმე ფორმით დაზიანდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.

ციფლოსინის მიღების დროს თქვენი კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის ან ულტრაიისფერი (UV) სხივების მიმართ. თავი უნდა აარიდოთ ძლიერ მზის სხივებს ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებს, როგორიცაა სოლარიუმი.

დიარეა შეიძლება განვითარდეს ციფლოზინის გამოყენების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც. თუ ის მძიმე ან მუდმივია, ან შეიცავს სისხლს ან ლორწოს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ციფლოზინით მკურნალობა, რადგან ის შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. არ უნდა გამოიყენოთ მედიკამენტები, რომლებიც აჩერებენ ან ამცირებენ ნაწლავების მოქმედებას და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ციფლოსინის მიღებისას, თუ გაქვთ გულის დაავადება, თუ თქვენ დაბადებიდან გაქვთ ან გაქვთ ოჯახური ისტორია QT ინტერვალის გახანგრძლივებისა (მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ეკგ-ზე, რომელიც გულის ელექტრული ჩანაწერია), სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), ძალიან ნელი გულისცემა (ბრადიკარდია), სუსტი გული (გულის უკმარისობა), გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ისტორია, ხართ ქალი ან ხანდაზმული ადამიანი, ან თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ზე პათოლოგიურ ცვლილებებს.

არ არის რეკომენდებული ციფლოსინის გამოყენება მეტოტრექსატან ერთად, ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატი (კიბოს ზოგიერთი სახეობა, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზი).

გენიტალური ტრაქტის (რეპროდუქციული სისტემის) ზოგიერთი ინფექციის დროს ექიმმა შეიძლება ციპროფლოქსაცინთან ერთად დამატებითი ანტიბიოტიკი დაგინიშნოთ. თუ მკურნალობის მესამე დღისთვის გაუმჯობესება არ შეიმჩნევა, მიმართეთ ექიმს.

სისხლის ან შარდის ანალიზის ჩატარებისას აცნობეთ, რომ იყენებთ ციფლოსინს.

თუ ციფლოსინის გამოყენების დროს შენიშნავთ ნეიროპათიის სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და/ან სისუსტე, შეწყვიტეთ ციფლოსინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

 

ციფლოსინმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს, როგორიცაა მადის დაკარგვა, სიყვითლე (კანის გაყვითლება), მუქი შარდი, ქავილი ან ტკივილს მუცლის არეში, შეწყვიტეთ ციფლოსინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს მემკვიდრული დაავადება, სახელწოდებით გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზა (G6PD), ციფლოსინის მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ანემიის განვითარების რისკი. ამიტომ, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი.

ციფლოსინის გამოყენებისას Mycobacterium tuberculosis-ის კულტურის ანალიზის დროს შეიძლება მიღებულ იქნას ცრუ უარყოფითი შედეგები.

ციფლოსინის მიმართ მგრძნობიარე ან რეზისტენტული მიკროორგანიზმების თაობაზე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

მიასთენიის გრავისის (მდგომარეობა, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს) გაუარესება:

ფტორქინოლონებმა, როგორიცაა ციფლოსინი, შეიძლება გააუარესონ მიასთენიის გრავისის სიმპტომები, როგორიცაა კუნთების სისუსტე და სუნთქვის პრობლემები. თუ თქვენ განიცდით კუნთების სისუსტის მომატებას ან სუნთქვის პრობლემებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ციფლოსინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ორგანიზმის ინფექციების მიმართ რეზისტენტობის შემცირება. თუ თქვენ შეამჩნევთ ინფექციის სიმპტომებს, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ან ცხელება და ინფექციის ადგილობრივი ნიშნები (ყელის, სასუნთქი გზების, პირის ღრუს ან საშარდე გზების დაავადებები), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შესაძლო შემცირების დასადგენად. მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება თქვენს მიერ მიღებული მედიკამენტების შესახებ.

 

ციფლოსინი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში:
თუ დაგისვეს დიდი სისხლძარღვის გაფართოების ან „აორტის ანევრიზმის“ (აორტის ანევრიზმა ან პერიფერიული დიდი სისხლძარღვების ანევრიზმა) დიაგნოზი.

თუ ადრე გქონიათ აორტის დისექციის (აორტის კედლის გახევის) ეპიზოდი.

თუ თქვენ გაქვთ აორტის ანევრიზმის ან აორტის დისექციის ოჯახური ისტორია, ან თუ გაქვთ სხვა რისკ-ფაქტორები ან წინასწარგანწყობის გამომწვევი მდგომარეობები (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან სისხლძარღვოვანი ელერს-დანლოსის სინდრომი, ან სისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან ცნობილი ათეროსკლეროზი).

თუ მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში უეცარ და ძლიერ ტკივილს იგრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, ან გეხებოდათ თუნდაც წარსულში, მიმართეთ ექიმს.

 

ციფლოსინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ციფლოსინის რძის პროდუქტებთან (როგორიცაა რძე, იოგურტი ან ყველი) ან მინერალებით გამდიდრებულ სასმელებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეამციროს მისი შეწოვა. პრეპარატი არ უნდა მიიღოთ მსგავს პროდუქტებთან ერთად.

 

ორსულობა

ამ მედიკამენტის მიღებამდე გაიარე კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს თავი აარიდეთ ციფლოსინის გამოყენებას.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე გაიარე კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ ციფლოსინი ძუძუთი კვების დროს, რადგან ციპროფლოქსაცინი გადადის დედის რძეში და შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას.

 

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

ციფლოსინმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ციფლოსინის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც გაფრთხილებას საჭიროებენ.

 

სხვა წამლებთან ერთდროული მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ციფლოსინთან ერთად იღებთ სხვა მედიკამენტებს:

გულის რიტმის მარეგულირებელი მედიკამენტები (მაგ., ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები), ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (მაკროლიდების კლასს მიეკუთვნება) და ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ)

პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ)

მეტოკლოპრამიდი (გულისრევის სამკურნალო პრეპარატი)

ომეპრაზოლი (კუჭის სამკურნალო საშუალება)

თეოფილინი (ასთმის სამკურნალო საშუალება)

ტიზანიდინი (გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში კუნთების ძლიერი შეკუმშვების სამკურნალო საშუალება, დაავადება, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით ტვინის და ზურგის ტვინის ფუნქციას)

მეტოტრექსატი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება რევმატიზმის, ფსორიაზის და კიბოს სამკურნალოდ),

ციკლოსპორინი (კანის დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის და ორგანოების ტრანსპლანტაციის სამკურნალო იმუნომოდულატორული საშუალება)

K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი ან ფლუინდიონი) ან სხვა პერორალური ანტიკოაგულანტები

როპინიროლი (პარკინსონის დაავადების დროს)

კლოზაპინი (ანტიფსიქოზური საშუალება)

ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტი)

ოლანზაპინი (ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი)

ზოლპიდემი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ძილის დარღვევების დროს).

 

ციფლოსინმა შეიძლება გაზარდოს შემდეგი პრეპარატების დონე სისხლში:

პენტოქსიფილინი (სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს)

კოფეინი

დულოქსეტინი (დეპრესიის, დიაბეტური ნერვის დაზიანების ან შეუკავებლობის დროს)

ლიდოკაინი (გულის პრობლემებისა და  ანესთეზიის დროს)

სილდენაფილი (ერექციული დისფუნქციის დროს, ასევე ცნობილი როგორც მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია)

აგომელატინი (დეპრესიის სამკურნალო საშუალება).

 

ზოგიერთი მედიკამენტი ამცირებს ციფლოსინის ეგფექტურობას:

ანტაციდები (გამოიყენება მონელების დარღვევების დროს)

მინერალური დანამატები

სუკრალფატი (გამოიყენება გულძმარვის, საჭმლის მონელების დარღვევის, კუჭის ან ნაწლავების წყლულების სამკურნალოდ)

პოლიმერული ფოსფატის შემკვრელი (სეველამერი, ლანთანის კარბონატი) (გამოიყენება ფოსფატის დონის შესამცირებლად თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში),

მაგნიუმის, კალციუმის, ალუმინის ან რკინის შემცველი მედიკამენტები ან დანამატები.

თუ ამ მედიკამენტების მიღება აუცილებელია, ციფლოსინი მიიღეთ მათ მიღებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე ან მათ მიღებიდან არაუგვიანეს 4 საათისა.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.

 

ციფლოსინიმიღების წესი

სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:

ექიმი ზუსტად აგიხსნით, რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ციფლოსინი, ასევე რა სიხშირით და ხანგრძლივობით. ეს დამოკიდებული იქნება ინფექციის ტიპზე და მის სიმძიმეზე.

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

 

მკურნალობა, როგორც წესი, 5-დან 21 დღემდე გრძელდება, თუმცა მძიმე ინფექციების დროს შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ეს წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და როგორ გამოიყენოთ ისინი.

 

მიღების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

ტაბლეტები გადაყლაპეთ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. არ დაღეჭოთ ტაბლეტები.

შეეცადეთ, მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.

ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ კვების დროს ან კვებებს შორის. კალციუმის საკვებთან ერთად მიღება მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს მედიკამენტის შეწოვაზე. თუმცა, ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტებთან, როგორიცაა რძე ან იოგურტი, ან მინერალებით გამდიდრებულ სასმელებთან (მაგ., კალციუმით გამდიდრებულ ფორთოხლის წვენთან) ერთად.

გახსოვდეთ, რომ ამ წამლის გამოყენებისას უნდა მიიღოთ ბევრი სითხე.

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში: ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

გამოყენება ხანდაზმულებში: ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

 

გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმელების ფუნქციის დარღვევა: თირკმელების მხრივ პრობლემების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ დოზის კორექცია. დოზირების კვლევები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში არ ჩატარებულა.

 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. ღვიძლის უკმარისობის მქონე ბავშვებში დოზირების კვლევები არ ჩატარებულა.

თუ ფიქრობთ, რომ ციფლოსინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ციფლოსინი:

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ციფლოსინი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შესაძლებელია, თან წაიღეთ ტაბლეტები ან მედიკამენტების კოლოფი ექიმისთვის საჩვენებლად.

 

თუ დაგავიწყდათ ციფლოსინის მიღება:

მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა რაც შეიძლება მალე და შემდეგ გააგრძელეთ დანიშნული დოზის შესაბამისად. თუმცა, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულებისამებრ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. აუცილებლად დაასრულეთ მკურნალობის კურსი.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

 

ციფლოსინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ეფექტები:

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის კურსი დაასრულოთ, მაშინაც კი, თუ რამდენიმე დღის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ. თუ ამ პრეპარატის მიღებას ნაადრევად შეწყვეტთ, შესაძლოა ინფექცია სრულად არ განიკურნოს და ინფექციის სიმპტომები დაბრუნდეს ან გაუარესდეს. ასევე, შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ციფლოსინის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში.
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.
 
თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, შეწყვიტეთ ციფლოსინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
იშვიათი:
კრუნჩხვები

ძალიან იშვიათი:
მძიმე, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი) ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულმკერდის არეში შებოჭილობა, თავბრუსხვევა, გულისრევის ან სისუსტის შეგრძნება, ან თავბრუსხვევა წამოდგომისას (იხილეთ მე-2 ნაწილი  ციფლოსინის გამოყენებამდე)
კუნთების სისუსტე, მყესების ანთება ან გაწყვეტა, განსაკუთრებით კოჭის უკან მდებარე დიდი მყესის (კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი ქსოვილი, აქილევსის მყესი) (იხილეთ მე-2 ნაწილი ციფლოსინის გამოყენებამდე)
კანის მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში გამონაყარი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს კანის ფართოდ გავრცელებულ ბუშტუკებში ან აქერცვლაში, ხშირად მოიცავს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, თვალების და სხვა ლორწოვანი გარსების, მაგალითად, სასქესო ორგანოების არეალს (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

 

უცნობი:

ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დისკომფორტი, როგორიცაა დაბუჟება ან სისუსტე ხელებსა და ფეხებში (ნეიროპათია) (იხილეთ მე-2 ნაწილი ციფლოსინის გამოყენებამდე)

გამონაყარი, ცხელება, შინაგანი ორგანოების ანთება, სისხლის ანალიზში დარღვევები და სისტემური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს მთელ სხეულზე (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)).

 

ციპროფლოსინით მკურნალობის დროს გამოვლენილი სხვა გვერდითი მოვლენები მოცემულია ქვემოთ სიხშირის მიხედვით:

ხშირი

გულისრევა

დიარეა

სახსრების ტკივილი და ანთება ბავშვებში

 

არახშირი

სახსრების ტკივილი ზრდასრულებში

სოკოვანი სუპერინფექცია (ინფექციით დასუსტებულ ორგანიზმში მეორადი ინფექციის დაწყება)

სისხლში ეოზინოფილების მაღალი კონცენტრაცია, სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი

მადის დაკარგვა

ჰიპერაქტიურობა

შფოთვა

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ძილის პრობლემები

გემოს დარღვევები

ღებინება

მუცლის ტკივილი

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ პრობლემები, როგორიცაა კუჭის აშლილობა (მონელების დარღვევა/გულძმარვა) ან აირები და შებერილობა

სისხლში გარკვეული ნივთიერებების დონის მომატება (ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზას) და/ან ბილირუბინის მომატება)

გამონაყარი

ქავილი

ჭინჭრის ციება

თირკმელების დაავადება

კუნთების ან ძვლების ტკივილი, ზოგადი სისუსტე (ასთენია) ან ცხელება

სისხლში ტუტე ფოსფატაზას (სისხლში არსებული გარკვეული ნივთიერება) დონის მომატება.

 

იშვიათი

კუნთების ტკივილი, ართრიტი, კუნთების ტონუსის მომატება და სპაზმები.

ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული ნაწლავის ანთება (ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური) (იხილეთ მე-2 ნაწილი ციფლოსინის გამოყენებამდე)

სისხლის უჯრედების რაოდენობის მომატება ან შემცირება (ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია)

სისხლის შედედების უჯრედების რაოდენობის შემცირება ან გაზრდა

ალერგიული რეაქცია, შეშუპება (ედემა) ან კანისა და ლორწოვანი გარსების უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) (იხილეთ მე-2 ნაწილი ციფლოსინის გამოყენებამდე)

სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია)

სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) (იხილეთ მე-2 ნაწილი ციფლოსინის გამოყენებამდე)

უეცარი ცნობიერების არევა (დაბნეულობა)

დეზორიენტაცია (ორიენტაციის დარღვევა)

შფოთვითი რეაქციები

უცნაური სიზმრები

დეპრესია (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობა ან დასრულებული სუიციდი) (იხილეთ მე-2 ნაწილი ციფლოსინის გამოყენებამდე)

არარსებულის დანახვა, მოსმენა ან შეგრძნება (ჰალუცინაციები)

უჩვეულო მგრძნობელობა, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა და ჩხვლეტის შეგრძნება

მგრძნობელობის დაქვეითება

გრძნობის დაკარგვა

კანკალი

წონასწორობის დარღვევა

მხედველობის დარღვევები (მათ შორის, გაორებული მხედველობა, სახელწოდებით დიპლოპია)

ტინიტუსი

სმენის დაკარგვა

სმენის დაქვეითება

გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)

სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია)

დაბალი არტერიული წნევა

გონების დაკარგვა

ქოშინი (მათ შორის ასთმასთან დაკავშირებული მდგომარეობები), ასთმის მსგავსი ნიშნები (სიმპტომები)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

სიყვითლე, გამოწვეული სანაღვლე გზების ბლოკირებით

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

ფოტომგრძნობელობა (იხილეთ მე-2 ნაწილი ციფლოსინის გამოყენებამდე)

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

სისხლი შარდში

კრისტალები შარდში

საშარდე გზების ინფექცია

ორგანიზმში წყლის შეკავებით გამოწვეული შეშუპება (ედემა)

ოფლიანობის მომატება

ამილაზას მომატება, რომელიც საჭმლის მომნელებელი ფერმენტია

 

ძალიან იშვიათად:

ანემია, რომელსაც თან ახლავს სისხლში სისხლის წითელი უჯრედების დაშლა (ჰემოლიზური ანემია) (იხილეთ მე-2 ნაწილი ციფლოსინის გამოყენებამდე)

სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია) (სიცოცხლისთვის საშიში)

სისხლის თეთრი უჯრედების საშიში შემცირება (აგრანულოციტოზი) (იხილეთ მე-2 ნაწილი ციფლოსინის გამოყენებამდე)

ძვლის ტვინის დათრგუნვა (სიცოცხლისთვის საშიში)

შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქცია (ალერგიული რეაქციის სახეობა)

ფსიქიკური დარღვევები (ფსიქოზური რეაქციები, რომლებიც პოტენციურად იწვევს თვითმკვლელობის აზრებს, თვითმკვლელობის მცდელობას ან თვითმკვლელობის დასრულებას) (იხილეთ მე-2 ნაწილი ციფლოსინის გამოყენებამდე)

შაკიკი

კოორდინაციის დარღვევა

არასტაბილური სიარული

ყნოსვის დარღვევა

ტვინზე ზეწოლა (თავის ქალასშიდა წნევა და ფსევდოსიმსივნე ცერებრული)

მხედველობის ფერის დარღვევები (ვასკულიტი)
სისხლძარღვების ანთება

პანკრეასის ანთება

ღვიძლის დაზიანება (ნეკროზი), რამაც ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იხილეთ მე-2 ნაწილი. ციფლოსინის გამოყენებამდე)

მცირე, წერტილოვანი სისხლდენა კანქვეშ (პეტექიები), სხვადასხვა გამონაყარი ან გამონაყარი კანზე

მიასთენია გრავისის გამწვავება (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს) (იხილეთ მე-2 ნაწილი. ციფლოსინის გამოყენებამდე).

 

უცნობი:

ძლიერი აგზნებადობა (მანია) ან დიდი ოპტიმიზმისა და ჰიპერაქტიურობის შეგრძნება (ჰიპომანია)

გულის რიტმის დარღვევა, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა, გულის რიტმის ცვლილება (ე.წ. „QT ინტერვალის გახანგრძლივება“, რომელიც აღინიშნება ეკგ-ზე, გულის ელექტრული აქტივობა)

გავლენა სისხლის შედედებაზე (პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ K ვიტამინის ანტაგონისტებით).

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მითითებული პაციენტის საინფორმაციო ფურცელში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) www.titck.gov.tr-ზე „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0800 314 00 08. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

 

როგორ შევინახოთ ციფლოსინი

შეინახეთ ციფლოსინი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ციფლოსინი 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.

 

 

სად შევიძინოთ?