Nuk
კურორტი ბორჯომი


კურორტი ბორჯომი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 810-850 მ სიმაღლეზე. იგი დაბალმთიან კურორტთა ჯგუფს მიეკუთვნება. ხეობას თითქმის ყველა მხრიდან ესაზღვრება წიწვოვანი და შერეულ-ფოთლოვანი ტყეებით დაფარული მთები. კურორტის მოსაზღვრე ზოგიერთი მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მ-ს აღწევს . იმის გამო, რომ ბორჯომი მდებარეობს ხეობაში, იგი დაცულია ძლიერი ატმოსფერული მოვლენებისა და ტემპერატურული ვარდნისაგან და განსხვავდება განსაკუთრებული ბუნებრივი პირობებით: სუფთა მთის ჰაერით, ზომიერი ტემპერატურით როგორც ზაფხულში, ასევე ზამთრის პერიოდში. ზაფხული თბილია, ზამთარი კი ზომიერად რბილი. კრისტალურად სუფთა ჰაერი, რომელიც გაჯერებულია ფიჭვის ტყეებით, განაპირობებს სრულყოფილ დასვენებას.

 

ბორჯომი ცნობილია მისი სამკურნალო მინერალური წყლებით, რომელიც გამოიყენება როგორც სასმელი წყალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, სანაღვლე გზების დაავადებისა და თირკმლის დაავადების მკურნალობისას, ასევე როგორც აბაზანა - სისხლძარღვთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა დაავადებების დროს.

 

სეზონი მთელი წლის განმავლობაშია..

 

„ბორჯომი“ — ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი ამავე სახელწოდების ქალაქი-კურორტიდან, საქართველოში, რომელიც ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში, ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც.

 

ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით.

 

ბორჯომის წყლის კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალიზებული, თანამედროვე მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლები.

 

რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?

მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას); ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის,  ბრონქული ასთმის,  ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.