Nuk
უახლესი თაობის აპარატი VERSA HD სხივური მედიცინის ცენტრში
უახლესი თაობის აპარატი VERSA HD სხივური მედიცინის ცენტრში

უახლესი თაობის ხაზოვანი ამაჩქარებელი VERSA HD “სხივური მედიცინის ცენტრის“ სხივური თერაპიის დეპარტამენტი
თარიღი: 08/09/2017

VERSA HD

“სხივური მედიცინის ცენტრის“ სხივური თერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია შვედური კომპანია Elekta-ს უახლესი  თაობის ხაზოვანი ამაჩქარებლით VERSA HD, რომელიც უზრუნველყოფს სტერეოტაქსიური რადიოთერაპიისა და სტერეოტაქსიური რადიოქირურგიის ჩასატარებლად საჭირო სიზუსტეს და სისწრაფეს.

Versa HD ასევე გამოიყენება   სტანდარტული სხივური  თერაპიისთვისაც. დღეისათვის, აპარატი Versa HD წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე სისტემას, რომელმაც შეცვალა კიბოს მკურნალობის სტანდარტები.

  

Versa HD-ის მახასიათებლები:

- მკურნალობის ხანგრძლივობის მინიმუმამდე დაყვანა სწრაფი მულტი-ფურცლოვანი კოლიმატორის გამოყენების და გამოსხივების მაღალი დოზის მიწოდების ხარჯზე;

- სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპიისა და რადიოქირურგიის სტანდარტულ დროში ჩატარების დიდი პოტენციალი;

-  რბილი ქსოვილების 4D ვიზუალიზაციის ტექნოლოგია.

 

რადიოთერაპიის  მეთოდები აპარატ Versa HD-ის გამოყენებით 

· 3D კონფორმული რადიოთერაპია:

3D CRT არის სამგანზომილებიან  გამოსახულებაზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოიცავს სიმსივნისა და რისკის ორგანოების მულტისექციურ კონტურირებას. მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებით  შესაძლებელია სიმსივნური წარმონაქმნის  მაღალი დოზით დასხივება სხვადასხვა კუთხიდან.

 

· ინტენსივობა-მოდულირებული რადიოთერაპია:

ხშირად  სიმსივნე და სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელი ორგანოები და ქსოვილები  ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა განთავსებული. ასეთ შემთხვევაში, 3D გამოსახულების მიღების შემდეგ, კონფორმული რადიოთერაპიისაგან განსხვავებით, ამაჩქარებლის მიერ გამომუშავებული სხივების ინტენსივობის კონტროლი ხორციელდება დიდი სიზუსტით. ამ პრინციპზე დამყარებულ მკურნალობის მეთოდს „ინტენსივობა-მოდულირებული რადიოთერაპია“ (IMRT) ეწოდება. IMRT-ის ტექნიკის გამოყენებით, შესაძლებელია სიმსივნის მაქსიმალურად მაღალი დოზით დასხივება, ირგვლივ მდებარე ჯანმრთელ ქსოვილების მაქსიმალური დაცვით.

 

· გამოსახულებით მართული რადიოთერაპია:

აღნიშნული მეთოდი გულისხმობს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში გადაღებული სურათების ყოველდღიურ შედარებას, სამიზნის კონფიგურაციის შეფასების მიზნით. მკურნალობის პროცესში მიღებული გამოსახულებების საშუალებით ხდება სამიზნე მოცულობის კონტროლი, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ხარისხს.

 

სტერეოტაქსიური რადიოქირურგია (SRS) და  სტერეოტაქსიური რადიოთერაპია (SBRT):

 

სტერეოტაქსიური რადიოქირურგია და რადიოთერაპია გამოიყენება სიმსივნისა და სპეციფიური ვასკულარული მალფორმაციების სამკურნალოდ. ეს მეთოდი იყენებს მაღალი დოზის კონცენტრირებულ მაიონიზირებელ რადიაციულ გამოსხივებას ფოკუსური სისტემის გამოყენებით 1-5 ფრაქციაში. აღნიშნული მანიპულაციისას ჯანმრთელ ქსოვილებზე მოსული რადიაციის დოზა მინიმალურია რამდენიმე სესიის შემდეგაც. გამოცდილი სპეციალისტის მიერ სწორად შერჩეული სტერეოტაქსიური რადიოქირურგიული მკურნალობის შედეგი არის ტრადიციული ოპერაციული ჩარევის ტოლფასი. 

 

· მოცულობითი ინტენსივობა-მოდულირებული რკალური თერაპია:

მოცულობითი ინტენსივობა-მოდულირებული რკალური თერაპია (VMAT) წარმოადგენს გამოსახულებით მართული ინტენსივობა-მოდულირებული რადიოთერაპიის (IG-IMRT) გაუმჯობესებულ ვარიანტს. მკურნალობა ხორციელდება მცირე დროში (დაახლოებით 4 წუთში). აპარატი ბრუნავს პაციენტის ირგვლივ, რის შედეგადაც ხდება სიმსივნის  დიდი სიზუსტით დასხივება ავტომატურ რეჟიმში, ირგვლივ მყოფი ორგანოების და ქსოვილების  მაქსიმალური დაცვით.

 

· სხივური თერაპია ელექტრონებით:

სხივური თერაპია ელექტრონებით იყენებს ხაზოვანი ამაჩქარებლის მიერ წარმოქმნილ ელექტრონების ნაკადს. სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებულ ელექტრონთა ენერგია ვარირებს 4-15 MeV-ის ფარგლებში. ელექტრონების მიერ  გადაცემული ენერგია ქსოვილებში გარკვეულ მანძილზე გავრცელებისას თანდათან მცირდება. ეს თვისება  იძლევა  ელექტრონების  ენერგიის ზედაპირული სიმსივნეების  (მაგალითად კანის სიმსივნის შემთხვევაში) სამკურნალოდ გამოყენების საშუალებას, მონოთერაპიული ან სხივური თერაპიის სხვა მეთოდთან კომბინაციაში.

 

დღეისათვის, აპარატი Versa HD წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე სისტემას, რომელმაც შეცვალა კიბოს მკურნალობის სტანდარტები.