Nuk
ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!
ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.
თარიღი: 25/04/2017

2017 წლის 24 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად გაიმართა პრესკონფერენცია სლოგანით ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!

 

შეხვედრას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, 2007 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

 

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

 

კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

 

ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი.

მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა;

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, სერთიფიცირებულია როგორც ველური პოლიომიელიტის ვირუსისაგან თავისუფალი ტერიტორია;

 

1988 წლიდან 2015 წლამდე პოლიომიელიტით დაავადებულთა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში 99%-ით იკლო, რაც ნიშნავს 350 000 შემთხვევის 74 შემთხვევამდე შემცირებას.

 

წითელასა და წითურას ელიმინაციის ევროპის რეგიონული ვერიფიკაციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნების მიხედვით, 2016 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 37 ქვეყანაში შეწყდა ენდემური წითელასა და/ან წითურას გავრცელება.

 

მიუხედავად მიღწევებისა, საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, რადგან

– ყოველწლიურად, ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებში 10.7 მილიონი ახალშობილიდან 650,000 არ იღებს დიფთერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას საწინააღმდეგო აცრების სამდოზიან კურსს ერთი წლის ასაკამდე;

– 2015 წელს გლობალურად დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 134 200 შემთხვევა – თითქმის 367 შემთხვევა დღეში ანუ 15 შემთხვევა საათში;

– 2017 წლის იანვარში ევროპის რეგიონში დაფიქსირდა 559 წითელას წემთხვევა, აქედან 474 დაფიქსირდა 7 ენდემურ ქვეყანაში (გერმანია, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა, საფრანგეთი, შვეიცარია);

 

„წითელას და წითურას ელიმინაციის მყარი ტენდენციების გათვალისწინებით ბოლო ორი წლის მანძილზე, განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს რეგიონში წითელას შემთხვევების მატება“ (ჯანმოს რეგინალური დირექტორი, ჟ. ჯაკაბი, 23 მარტი, 2017)

2017 წლის იმუნიზაციის კვირეულის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წითელასა და წითურას ელიმინაციის, პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის პროცესში მიღეწეულ პროგრესს და არსებულ გამოწვევებს

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად, ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11.2015წ).

 

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული 10 ვაქცინის შესყიდვას, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ასევე სრულად არის დაფინანსებული კალენდრით გათვალისწინებული 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

 

ვაქცინების მაღალი ხარისხის გარანტირებისათვის სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე სერთიფიცირებულ ან/და დასავლეთის ქვეყნებში რეგისტრირებულ ვაქცინებს.

 

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში 2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა.

 

2017 წელს ბოლოს საქართველოში დაიწყება ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეტაპობრივი დანერგვა. აცრები ჩატარდება 9 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნული ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

2016 წელს შეიქმნა პროფილაქტიკური აცრების ეროვნული

 

კალენდრის მობილური და ტაბლეტ აპლიკაცია (რომელიც მუშაობს IOS და Android პლათფორმებზე), რომელიც საშუალებას იძლევა მიიღოთ ინფორმაცია აცრების კალენდრის, ვაქცინების, უკუჩვენებების, გაფრთხილებების და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ. აპლიკაციის ერთერთი ფუნქციაა მომავალი აცრების ვადების შეხსენება.

 

უფასო აპლიკაციის ჩამოსატვირთად App Store-ში ან Google Play-ში აკრიფეთ სიტყვა ,,აცრები“ ან ეწვიეთ ვებ გვერდს www.ncdc.ge, სადაც განთავსებულია აცრების ეროვნული კალენდარი და მიჰყევით ბმულს.

 

იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი!

 

ვებგვერდი – www.ncdc.ge