Nuk
ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული
ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული

ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ
თარიღი: 24/10/2017

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული 2017 წლის 22-28 ოქტომბერი

NATIONAL CENTER FOR DISEASE CONTROL & PUBLIC HEALTH, GEORGIA (NCDC & PH)·TUESDAY, OCTOBER 24, 2017

 

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულის მიზანია ჯანმრთელობაზე ტყვიის ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. კვირეულის აღნიშვნით მხარს ვუჭერთ ბავშვებში ტყვიით მოშხამვის პრევენციისათვის აუცილებელი სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას.

ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის. იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ. ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მავნეა ტყვიის ნებისმიერი დონის ექსპოზიცია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტყვიით მოწამვლის შემთხვევები მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ტყვიის ექსპოზიციაზე მოდის დაავადებათა გლობალური ტვირთის 1%.  განვითარებად ქვეყნებში ბავშვებში აღრიცხული გონებრივი ჩამორჩენილობის 15-20% ტყვიის ექსპოზიციას უკავშირდება.

ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასების (IHME) ინსტიტუტის გამოთვლებით, 2013 წელს ტყვიის ექსპოზიციის ხარჯზე მოდიოდა სიკვდილის 853 000 შემთხვევა, რაც ტყვიის ჯანმრთელობაზე გავლენის შორეულ ეფექტებს უკავშირდება. ამ მხრივ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის ტვირთი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე მოდის. იმავე ინსტიტუტმა ასევე დაადგინა, რომ ტყვიის ექსპოზიცია განაპირობებს იდიოპათიური ინტელექტუალური ინვალიდობის გლობალური ტვირთის 9.3%-ს, გულის იშემიური დაავადების გლობალური ტვირთის  4%-სა და ინსულტის გლობალური ტვირთის 6.6%-ს.

ტყვიით მოწამვლის ძირითადი წყაროები:

ტყვიის შემცველი საღებავი.საღებავები, რომლებსაც საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის (სახლების, კედლების, ავეჯის შესაღებად და სხვ.) იყენებენ, შეიძლება სხვადასხვა დოზით შეიცავდნენ ტყვიას.

ტყვიით დაბინძურებული ჰაერი: ინდუსტრიული ნარჩენებით და ტყვიის შემცველი საწვავით გარემოს დაბინძურება იწვევს ტყვიის მოხვედრას ჰაერსა და წყალში, რაც იწვევს ტყვიით მოწამვლას და სავალალოდ მოქმედებს პირველ რიგში ფეხმძიმე ქალებსა და ბავშვებზე.

ტყვიით დაბინძურებული ნიადაგი: ინდუსტრიული ნარჩენებითა და საწვავის გამონაბოლქვით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედაფენა ტყვიას შეიცავს, რომელიც არ იშლება. მოწამვლის საფრთხის წინაშე დგანან ის ადამიანები, ვინც ტრანსპორტით და ინდუსტრიული წარმოებით გადატვირთულ ქალაქებში ცხოვრობენ. ტყვით მოწამვლის განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ მათ, ვინც მაგისტრალურ ქუჩებთან, დიდ გზაჯვარედინებთან, ავტოტრასებთან, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს ცხოვრობს. ასეთ რაიონებში დაბინძურებული ნიადაგიდან ტყვია სახლის მტვერში ხვდება და წამლავს ადამიანს.

ტყვიის შემცველი საკვები:ადამიანის ორგანიზმში ტყვია შეიძლება მოხდეს საკვებიდან. დაბინძურებული ნიადაგიდან და საძოვრებიდან ტყვია პროდუქტებში ხვდება.

 

ბოლო წლებში ტყვია აღმოჩნდა სხვადასხვა სახის სათამაშოებში, სამკაულებსა და პარფიუმერულ ნაწარმში.

რისკის ჯგუფები:

0- 6 წლამდე ასაკის ბავშვები, 

ორსულები,

პროფესიული, სხვადასხვა ეთნიკური/რასობრივი ჯგუფები,

მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე აშენებული სახლების მაცხოვრებლები.

 

ტყვიის მეტაბოლიზმი

ტყვია ადამიანის ორგანიზმში ხვდება ორი გზით:

· საჭმლის მომნელებელი ტრაქტი 

· ტყვიის შემცველი საკვების მიღებით,

· ტყვიით დაბინძურებული საკვებისა და წყალის მიღებით, თუმცა მინიმალურია რისკი დედის რძისგან

 

რესპირატორული ტრაქტი

· დაბინძურებული ჰაერი

· მტვერი

· საწვავის გამონაბოლქვი

 

ტყვია მოზრდილებში, ძირითადად, ინჰალაციური გზით ხვდება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება   10-დან 20% -მდე.

მცირეწლოვან ბავშვებში ტყვია 40-70%-ში შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ორსული ქალებში ტყვიის მოხვედრისას პლაცენტა გამავალი ხდება მეტალისადმი და ტყვიისადმი ექპოზიციას პრენატალურ პერიოდში აქვს ადგილი. ტყვიის ბავშვის ორგანიზმში მოხვედრა ინჰალაციის გზითაც ხდება, თუმცა შედარებით ნაკლები ინტესიურობით. აბსორბციას აძლიერებს ანემია, რკინის, კალციუმისა და ცინკის იონების დეფიციტი, აგრეთვე მჟავე საკვები. მეტაბოლიზმი რთული და ცვალებადია ასაკის შესაბამისად.

ინჰალაციის შედეგად ტყვიის 30% -50% გადადის სისხლის ნაკადში, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მოხვედრისას ტყვიის მხოლოდ  8% -დან 15% -მდე აბსორბცია ხდება სისხლში, დერმალური კონტაქტისას კი - აბსორბცია ძალზე მცირეა.

შეწოვის შემდეგ ტყვია პირველად ხვდება სისხლში, შემდეგ კი რბილ ქსოვილებში - ღვიძლის, თირკმლის და ტვინის ქსოვილებში. ქრონიკული ექსპოზიციის ძირითადი დეპოზიტია ძვლის ქსოვილი (90%), რაც ძალიან ნელი ელიმინაციით ხასითდება.

ორგანული ტყვია მეტაბოლიზდება ღვიძლში, მაშინ როცა არაორგანული ტყვია ბიოტრანფორმაციას არ განიცდია. ტყვია,  ძირითადად, თირკმელებიდან შარდის მეშვეობით გამოიყოფა.

ტყვის ექსპოზიციის შედეგები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სისხლში ტყვიის დონეზე, და ექსპოზიციის ხანგრძლიბობასა და ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის გზებზე.

 

ტყვიით მოწამვლის სიმპტომები 

ტყვიით მოწამვლა იწვევს ფსიქიკური/გონებრივი განვითარების შეფერხებას, კრუნჩხვით გულყრებს, სიბრმავეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილსაც კი.

ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევა, შესაძლებელია, რთული გამოსავლენი იყოს, რადგან ის სპეციფიკური ნიშნებით არ ხასიათდება.  ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ადგილი აქვს შემდეგ ქცევით სიმპტომებს: 

ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა,

ინტელექტის შეფასების ტესტებში დაბალი დონე,

ჰიპერაქტიულობა,

სირთულეები კითხვისას,

კოორდინაციის გაძნელება,

ქცევითი დარღვევები,

დაბალი მოსწრება სკოლაში,

ზრდისა და განვითარების შეფერხებები

 

რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს ორგანიზმში ტყვიის არსებობამ ბავშვის ჯანმრთელობას?

თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაზიანება,

ზრდისა და განვითარების შეფერხება,

სწავლის უნარის დაქვეითება და ქცევის პრობლემები,

სკოლაში დაბალი აკადემიური მაჩვენებელი,

დაბალი ინტელექტუალური მაჩვენებელი,

სმენისა და მეტყველების პრობლემები,

ყურადღების კონცენტრირების შემცირება.

ადამიანის ორგანიზმში ტყვიის გაზრდილი დონე იწვევს ავთვისებიან სიმსივნეებს, მიოკარდის ინფარქტს, ზრდის შეჩერებას, სმენის დაქვეითებას, ინტელექტუალურ დეგრადაციას. იმ რაიონებში, სადაც გარემო ტყვიით არის გაბინძურებული, ოთხჯერ მეტია დანაშაული, ვიდრე იმ რაიონებში სადაც ტყვიის კონცენტრაცია მინიმალურია. ტყვიით მოწამვლის რისკი ბავშვებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე მოზრდილებისთვის, რადგან ნივთიერებათა ცვლის პროცესები ბავშვებში ბევრად ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსწავლეთა ცუდი მოსწრება და აგრესიული ქცევა დაკავშირებულია ტყვიის დაგროვებასთან.

 

როდის გამოვიკვლიოთ ბავშვი ტყვიის შემცველობაზე?

თუ საცხოვრებლად გადახვედით ძველ შენობაში ან შეღებეთ საცხოვრებელი სახლი,

თქვენი შვილი ხშირად იდებს პირში სხვადასხვა საგნებს და პირით ეხება ფანჯრის რაფას,

თქვენს შვილს არ ჩაუტარებია ანალიზი ტყვიის შემცველობის დასადგენად;

5 წლამდე ასაკის ბავშვებს ყველაზე მეტი შეხება აქვთ ტყვიის შემცველ ნივთიერებებთან. მათ ორგანიზმში ტყვიის მტვრისა და ნაწილაკების მოხვედრის წყარო შეიძლება იყოს: სათამაშოები, იატაკი და ფანჯრის რაფა. ბავშვის სისხლში ტყვიის აღმოსაჩენად საუკეთესო საშუალება სისხლის ანალიზია.

სისხლის ანალიზი ტარდება კაპილარულ ან ვენური სისხლში. თუ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, აუცილებელია რიგი ღონისძიებების განხორციელება.

 

სად შეიძლება არსებობდეს ტყვია ბავშვის ირგვლივ არსებულ გარემოში?

ძველ აშენებულ სახლებში უმეტესად გამოყენებულია ტყვიის შემცველი საღებავები,

საღებავის დაზიანებით წარმოქმნილი ტყვიის მტვერის ჩაყლაპვა და ჩასუნთქვა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისათვის,

ზოგიერთი წყლის მილი შეიცავს ტყვიას,

სათამაშოები და სათამაშოს აქსესუარები,

ზოგიერთი ქვეყნიდან იმპორტირებული ტკბილეული.

 

რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ტყვიისგან უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შესანარჩუნებლად?

შეინარჩუნეთ სათამაშო გარემო სუფთად. გარეცხეთ სათამაშოები ყოველკვირეულად; თავიდან მოიშორეთ ძველი და ხმარებიდან გამოსული სათამაშოები და აქსესუარები,

რეგულარულად წმინდეთ მტვერი,

რეგულარულად წმინდეთ ფანჯრის რაფები, ჩარჩოები, კარებები და ადგილები, რომელსაც ეხება ბავშვი,

ხშირად წმინდეთ იატაკი სველი წესით; ასევე, იატაკი და ხალიჩა მტვერსასრუტით,

მოარიდეთ ბავშვი ტყვიაშემცველ ნივთიერებებს,

დაიცავით ელემენტარული ჰიგიენური ნორმები:

დაბანეთ ბავშვს ხელები ჭამის წინ და ძილის წინ

აჭამეთ ბავშვს სუფთა მაგიდასთან

არ დაუშვათ, რომ თქვენმა ბავშმა გამოიყენოს საწოვარა, რომელიც იატაკზე დავარდა

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის კვებით ნორმებს და უნარ-ჩვევებს,

საკვების მოსამზადებლად გამოიყენეთ ცივი და არა ცხელი წყალი. წყლის აღებამდე ერთი წუთის განმავლობაში მოუშვით წყლის ჭავლი, რათა მილები გაიწმინდოს ტყვიის ნაწილაკებისაგან,

კონსერვირებული პროდუქტი გახსნის შემდგომ გადაიტანეთ მინის ან პოლიეთილინის ჭურჭელში,

გამოიყენეთ ჭურჭელი, რომელიც არ შეიცავს ტყვიას. მომინანქრებული ჭურჭელი შეიძლება შეიცავდეს ტყვიას. სურსათისათვის არ გამოიყენოთ დაზიანებული ჭურჭელი,

სიფრთხილე გამოიჩინეთ სარემონტო სამუშაოების დროს,

ყურადღება მიაქციეთ გამოყენებულ საღებავებში ტყვიის შემცველობას. მოარიდეთ ბავშვი ისეთ ადგილებს, სადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები,

ყურადღება მიაქციეთ თქვენს სამუშაო გარემოს,

ადამიანები, რომელთა სამუშაო გარემო უკავშირდება მშენებლობას, სანტექნიკას, სამღებრო სამუშაოებს, მანქანების შეკეთებასა და სხვა მსგავს სამუშაოებს ხშირად არიან კონტაქტში ტყვიის ნაწილაკებთან; შეეცადეთ არ მიიტანოთ ტყვიის ნაწილაკები სამუშაო ადგილიდან სახლში.