Nuk
თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება
თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმართვა საქართველოს საზოგადოებისადმი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით
თარიღი: 11/04/2017

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმართვა საქართველოს საზოგადოებისადმი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრევენტირებადი პრობლემაა მსოფლიოში.

თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 1.5 მილიონი ქალია; 600 000-ზე კი მეტი მეორადი კვამლით იღუპება. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება.

მე-20 საუკუნეში თამბაქომ 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, 21-ე საუკუნეში ერთი მილიარდი ადამიანი დაიღუპებათამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების გამო.

თამბაქოს ეპიდემიის გლობალიზაციის პასუხად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, რომელიც ძალაში 2005 წლის 27 თებერვალს შევიდა.

თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისა და დიაბეტის ძირითადი რისკ-ფაქტორია; იგი მნიშვნელოვნად ამწვავებს ასთმის შეტევებს ბავშვებში. ამ დაავადებებს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 60% მსოფლიოში, 85% ევროპაში და 94% საქართველოში. სიკვდილის ყოველი 8 ძირითადი მიზეზიდან 6 ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან.

გადაუდებელი ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში, 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა  8 მილიონს მიაღწევს მსოფლიოში; ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი. ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოშიც.

მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10%; საქართველოში სიტუაცია ამ მიმართულებით ბევრად უფრო ტრაგიკულია - ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევს.

ჯანდაცვაზე დანახარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ თამბაქოთი გამოწვეულ დაავადებებზე მოდის როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. 

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით (2005 წ.) საქართველომ, მსოფლიოს სხვა 178 ქვეყანასთან ერთად, აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე. ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იქნა დანერგილი. 

თამბაქოს მოხმარების კუთხით საქართველოს, სამწუხაროდ, მეორე ადგილი უკავია ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის.

ამჟამად თამბაქოს მოიხმარს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 31% (მამაკაცების 57% და ქალების 7%). მწეველობის გავრცელებას მზარდი ტენდენცია აქვს და ეს ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებში. (STEPS 2010-2016)

13-15 წლის მოსწავლეთა 7% (10% ბიჭი და 4% გოგო) სიგარეტის ამჟამინდელი მწველია; 42% (38% ბიჭი და 45% გოგო) განიცდის თამბაქოს მეორად ზემოქმედებას სახლში, 55% (48% ბიჭი და 63% გოგო) - საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში, 51% (51% ბიჭი და 51% გოგო) - საზოგადოებრივი თავშეყრის ღია ადგილებში; 54% (51% ბიჭი და 57% გოგო) აღნიშნავს, რომ უნახავს მოწევის ფაქტი სკოლის შენობაში ან სკოლის ტერიტორიაზე. (Global Youth Tobacco Survey 2014)

16 წლის მოსწავლეთა შორის მწეველობა 18% (26% ბიჭი და 9% გოგო) იყო. ქართველი მოსწავლეთა 21%-მა მოწევა (ბიჭების 28% და გოგონების 13%) 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა. 60%-მა განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია.  (European School Project on Alcohol and Other Drug – ESPAD 2015)

თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებას განიცდიან ქალებიც: 52% სახლში და 44% კი სამუშაო ადგილზე. (GERHS 2010)

სავაჭრო ობიექტების  92% ვაჭრობს თამბაქოს ნაწარმით, სკოლებიდან 50 მეტრზე ახლოს განლაგებული ობიექტების 85% ყიდის თამბაქოს. თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრე ობიექტების 2%-ში თამბაქოს ნაწარმი განლაგებულია იმ სექციებში, სადაც ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია იყიდება, 27.7%-ში თამბაქო იყიდება ღერებით, 34% -ში თამბაქოს ნაწარმის დანახვა შესაძლებელია გარედან. (NCDC-IDRC 2014)

მოსახლეობის 38.8% თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებას ყოველდღიურად განიცდის სახლში; 90-100% იმყოფება თამბაქოს რაიმე სახის რეკლამისა და პოპულარიზაციის ზემოქმედების ქვეშ; 90% მხარს უჭერს თამბაქოსგან თავისუფალ სამუშაო ადგილებს, 70% კი თამბაქოსგან თავისუფალ სამასპინძლო დაწესებულებებს; 80% მხარს უჭერს კოლოფზე სამედიცინო გაფრთხილებების ზომის გაზრდას და პიქტოგრამების შემოღებას და თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის სრულ აკრძალვას;  60-70% უჭერს მხარს თამბაქოს გაყიდვაზე, წარმოებასა და იმპორტზე ლიცენზირების სისტემის შემოღებას. (NCDC-Emory 2014) 

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია (30.07.2013) და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა (29.11.2013); შემუშავდა სხვადასხვა კანონში ცვლილებათა პროექტები.

მიუხედავად სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებისა, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თამბაქოს აქციზის მრავალჯერადი ზრდისა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახლმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მრავალმხრივი ღონისძიებებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტებისა, თამბაქოს მოხმარება ქვეყანაში იზრდება; სიტუაცია განსაკუთრებით საგანგაშოა ქალებისა და მოზარდების მიმართულებით. 

მომავალი თაობის სიცოცხლის გადასარჩენად და მათი ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად გადაუდებლად აუცილებელია თამბაქოს კონტროლის გასაძლიერებლად გატარდეს რადიკალური ღონისძიებები, რომლებიც დიდი ხანია წარმატებით გაატარეს დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა და ატარებს ჩვენი მეზობელი ქვეყნები.

მრავალჯერადი მცდელობის შედეგად პარლამენტში ინიცირებულია და პირველი მოსმენით წარმატებით გავიდა ახალი კანონპროექტები (კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რომელთა დამტკიცების შემთხვევაში ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაძლიერდება თამბაქოს კონტროლი. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია: თამბაქოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება; თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება. შემოთავაზებული კანონპროექტის ამოცანებია: თამბაქოს მოხმარების გავრცელების ზრდის შეჩერება და თანდათანობითი შემცირება; მოწევის დაწყების მაჩვენებლის შემცირება; საზოგადოებრივ ადგილებში არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლისგან; მოწევის შეწყვეტის მსურველთა ხელშეწყობა თავი დაანებონ მოწევას და მწეველების ხელშეწყობა გაუჩნდეთ ძლიერი მოტივაცია თავი დაანებონ მოწევას.

ცვლილებები ეხება: 2018 წლის 1 იანვრიდან თამბქოს მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევის აკრძალვა ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვა; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანა; ელექტრონული სიგარეტების რეგულირება; საცალო გაყიდვის აკრძალვა ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვა. 

კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის წინ მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სირთულეები, რამეთუ თამბაქოს ინდუსტრია სერიოზულად ეწინააღმდეგება მათ მიღებას. ისინი არაფერს არ ერიდებიან და ღიად თუ ფარულად ცდილობენ ჩაერიონ და მართონ პროცესები.

ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით გაერთიანდეს საზოგადოება, მითუმეტეს საზოგადოებრივი აზრი მომწიფებულია და დიდი უმარავლესობა, ესმის რა თამბაქოს კონტროლის გაძლიერების ღონისძიებების სასიცოცხლო აუცილებლობა, მხარს უჭერს საქართველოს ჯანსაღ მომავალს. 

 

მოგიწოდებთ:

დროა ვიზრუნოთ ჯანსაღ, თამბაქოსაგან სრულად თავისუფალ გარემოზე ჩვენი მომავალი თაობისათვის! 

გავერთიანდეთ და შევხვდეთ 31 მაისს - თამბაქოს გარეშე მსოფილო დღეს, ახალი კანონებით. 

გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება! 

 

გავერთიანდეთ საქართველოს ყველა მოქალაქე, ქართველი და არაქართველი, მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი, მწეველი და არამწეველი, ქალი და კაცი, სხვადასხვა უმცირესობებისა და უმრავლესობის წარმომადგენელი, ახალგაზრდა და ხანდაზმული, ერი და ბერი, თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შესამცირებლად, ჯანმრთელი საქართველოსთვის!