Nuk
სკრინინგის პროგრამებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაიწყო
სკრინინგის პროგრამებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაიწყო


თარიღი: 15/10/2021

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან - „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა “TBC დაზღვევასთან“ ერთად ახალი პროექტი დაიწყო, რომლის მიზანი დაავადებათა სკრინინგის პროგრამის თაობაზე ოჯახის ექიმების ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი ითვალისწინებს ოჯახის ექიმებთან გამართული შეხვედრების ფარგლებში მათი შესაბამისი ცოდნით აღჭურვას, რათა მათ პაციენტები კვლევის ჩატარების აუცილებლობაში დაარწმუნონ. აღსანიშნავია, რომ სკრინინგ პროგრამის მთავარ გამოწვევად სწორედ მოცვის მაჩვენებლის (პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის) გაზრდა რჩება. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ოჯახის ექიმები მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ კიბოს სკრინინგულ პროგრამებში მოქალაქეების ჩართვის მიმართულებით. მათ ხელეწიფებათ, როგორც გამოკვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით პაციენტის ინფორმირება, ასევე, მათი ვიზიტზე გადამისამართების უზრუნველყოფა.

 

პირველი საინფორმაციო შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში (ფიზიკურ და ონლაინ რეჟიმში) )კლინიკაში „რეიმანი“ გაიმართა, სადაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ სკრინინგ ცენტრის საქმიანობისა და დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ყველა იმ კომპონენტის შესახებ გამართა პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ. ეთერ კიღურაძემ ყურადღება გაამახვილა მომართვიანობის სტატისტიკასა და პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ოჯახის ექიმებმა, თავის მხრივ, აღნიშნულ პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს და ინტერესი გამოხატეს ისეთი მნიშვნელოვანი თემების მიმართ, როგორიცაა: მოქალაქეების სკრინინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, სკრინინგისთვის მოსამზადებელი პროცედურები, პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სხვა ტექნიკური საკითხები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღებისა და ჩაწერის უზრუნველყოფას.

 

ეროვნული სკრინინგ ცენტრი აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და ამ პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. „TBC დაზღვევამ“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიამ, გამოხატა სურვილი აქტიურად ჩაერთოს საინფორმაციო კამპანიაში და და ხელი შეუწყოს კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც დაავადებათა ადრეული გამოვლენა, მათი გავრცელების შეზღუდვა, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყებაა.