სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს იწყებს
სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს იწყებს

პროექტის განმახორციელებელია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
თარიღი: 02/03/2017

სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს იწყებს.
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2017 წლის პროგრამა სახელმწიფომ უკვე დაამტკიცა. ამ მიმართულებით მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყოფა.

ხარისხის კონტროლის პროცესში მაკონტროლებელი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდის სამკურნალო საშუალების ნიმუშს და ადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისიანობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლებისა და სხვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას. 

ფალსიფიკაციისა და გაუვარგისების მაღალი რისკის არსებობისას, სააგენტო უზრუნველყოფს სადისტრიბუციო რგოლში შესყიდული ნიმუშის შემდგომ ლაბორატორიულ კვლევას.

პროექტის განმახორციელებელია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 ათასი ლარიდან 10 ათასი მედიკამენტების ნიმუშების შესყიდვისთვის დაიხარჯება, 10 ათასი მივლინების ხარჯებისთვის, ხოლო 80 ათასი ლაბორატორიული კვლევებისთვის. 

როგორც მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, პროგრამის მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან.

როგორც ბატონმა დავით სერგეენკომ აღნიშნა,  "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტს განიხილავენ, რომელიც ამ საკითხსაც მოიცავს. 

"ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.

"ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და, თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.

"თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

წყარო: http://newsday.ge; http://businesscontract.ge