Nuk
დავით სერგეენკო: ჯანმრთელობის დაცვა პრივილეგიიდან პრიორიტეტად იქცა
დავით სერგეენკო: ჯანმრთელობის დაცვა პრივილეგიიდან პრიორიტეტად იქცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თავის გამოსვლაში ძირითადი აქცენტები გააკეთა ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური პოლიტიკის, შრომისა და დასაქმების საკითხებზე.
თარიღი: 20/12/2017

დავით სერგეენკო: ჯანმრთელობის დაცვა პრივილეგიიდან პრიორიტეტად იქცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თავის გამოსვლაში ძირითადი აქცენტები გააკეთა ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური პოლიტიკის, შრომისა და დასაქმების საკითხებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გატარებული რეფორმების შედეგად,  ჯანდაცვა პრივილეგიიდან  პრიორიტეტად იქცა. რეფორმებს შორის კი ერთ-ერთი უმთავრესი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა. სწორედ აღნიშნული პროგრამა უზურნველყოფს მოსახლეობისთვის გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებების მიწვდომადობას. დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში აღიარეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადების აღმოფხვრის უნიკალურ საშუალება. ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება მიაპყრო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს, რამაც ერთობლიობაში რეფორმის მასშტაბი შეიძინა. სწორედ აღნიშნულმა ნაბიჯებმა  განაპირობა დედათა და ბავშვთა სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება და დაგეგმილ მაჩვენებლთან გათანაბრება. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყანაში აბორტის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება ფიქსირდება.

დავით სერგეენკომ გამოსვლაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული მიწვდომადობის ზრდას საქართველოს მასშტაბით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით უმთავრესი საქმიანობა იყო ახალი კლინიკებისა და ამბულატორიების მშენებლობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეფორმა, მისი სამედიცინო პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურების გაზრდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის სპეციალისტების პროფესიული მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალურად დაუცველთა საჭიროებებზე და მათი სოციალური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაზე. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მთავარი ტვირთი მედიკამენტებზე მიწვდომადობაა. სწორედ ამ მიზნით,2017 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატა სოციალურად დაუცველთა ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ჯგუფის მოქალაქეთა დანახარჯი მედიკამენტებზე. მინისტრმა  აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგია საჭიროებს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას და ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს შემუშავებული კონკრეტული სტრატეგია. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის და მათ  შორის ბავშვთა ზოგადი და უკიდურესი სიღარიბე, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაც ადასტურებს. თუმცა, მიღწეული შედეგებით სამინისტრო არ დაკმაყოფილდება და მუდმივად გაგრძელდება ამ საკითხზე მუშაობა. 

დავით სერგეენკომ ასევე ყურადღება გაამახვილა შრომისა და დასაქმების მიმართულებაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს, ფაქტობრივად,  არარსებული სფეროს ამუშავება მოუწია, რამდენადაც არ არსებობდა კონკრეტული ბერკეტი, რომელიც დასაქმებულთა შრომის პირობებსა და უფლებებს დაიცავდა. ჯანდაცვის სამინისტროში შექიმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურაში შემავალი შრომის ინსპექტორების მიერ ხორციელდება დასაქმებულთა შრომის პირობების მონიტორინგი. დავით სერგეენკომ აქცენტი გააკეთა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის  პროექტის მნიშვნელობაზე, რაც  ხელს შეუწყობს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო პირობების შექმნას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში  შრომითი დავების  მედიაციის მექანიზმის დანერგვა,  რამაც  ხელი შეუწყო შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შექმნას. დავით სერგეენკო თავის გამოსვლაში ასევე შეეხო დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოს მაძიებელთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები აქტიურად მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოტენციურ დამსაქმებლებთან სამუშაოს მაძიებელთა შეხვედრას და მათ დასაქმებას.