Nuk
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სთავაზობს
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სთავაზობს

მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ალბათ იანვრის ბოლოს გამოჩნდება.
თარიღი: 09/01/2018

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სთავაზობს

წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს, საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად არ დადასტურებულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, დღეს საქართველოში ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები. 

 

„წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მხოლოდ დეკემბრის მერე გამოჩნდა გრიპის ვირუსის ცირკულაცია. ჩვენთან, გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. დღეს, ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები - რინო ვირუსი, ასევე, ე.წ. რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ადენო ვირუსთან და რინო ვირუსთან შედარებით, ცოტა უფრო რთულად მიმდინარეობს, მაგრამ არა ისე რთულად, როგორც ნამდვილი გრიპი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ალბათ იანვრის ბოლოს გამოჩნდება.

 

ამირან გამყრელიძეს პრევენციისთვის სამი რეკომენდაცია აქვს: დროული აცრა, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში სახლში დარჩენა და ექიმის რჩევის შესაბამისად მკურნალობა. 

 

„პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დროული აცრა, მეორე რეკომენდაციაა - „არ გადასდო სხვას“, ანუ თუ გაქვთ გრიპოზული სიმტომები, ეცადოთ, რომ სახლში იყოთ, მითუმეტეს, თუ მაღალი ტემპერატურა გაქვს, მესამე პუნქტია, დროულად მკურნალობა. თუ გიჩნდებათ გრიპის სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა სახსრების, თავის, ყელის ტკივილი, ხველა და ა.შ. დაუკავშირდით ექიმს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, პრევენციისთვის ასევე მნიშვნელოვანია სახლების და სამუშაო ადგილების ხშირად განიავება, ხელების ხშირად დაბანა და ა.შ. 

 

წყარო: ipn.ge