Nuk
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მსოფლიო დღე
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მსოფლიო დღე

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) მსოფლიო დღე ყოველწლიურად ნოემბრის მეორე ან მესამე ოთხშაბათს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
თარიღი: 15/11/2017

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მსოფლიო დღე

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) მსოფლიო დღე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებათა გლობალური ინიციატივის (GOLD – Global Initiative for Chronic Obstructive lung diseases) მიერ იქნა დაწესებული ჯანდაცვის პროფესიონალებთან და ფქოდით დაავადებულ პაციენტთა ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ფქოდის მსოფლიო დღე პირველად 2002 წელს აღინიშნა. მისი მიზანია ფქოდის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ფქოდით დაავადებულთა სამედიცინო მზრუნველობის გაუმჯობესება.

 

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებათა გლობალური ინიციატივა ყოველწლიურად  ფქოდის მსოფლიო დღისათვის არჩევს თემას და ახდენს ამ დღისადმი მიძღვნილი მასალების და თვალსაჩინოებების მომზადებასა და გავრცელებას. თითოეულ ქვეყანაში ფქოდის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს უერთდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები, მენტორები და საზოგადოების წევრები, რომელთა მიზანია ფქოდით გამოწვეული ავადობის ტვირთის შემცირება.

 

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) მსოფლიო დღე ყოველწლიურად ნოემბრის მეორე ან მესამე ოთხშაბათს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

 

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება წარმოადგენს ფილტვის სნეულებას, რომელიც ხასიათდება ფილტვებიდან ჰაერის ნაკადის გამოსვლის შეუქცევადი ბლოკირებით. იგი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, ხელს უშლის ნორმალურ სუნთქვას, არ არის სრულად აღდგენადი და განკურნებადი. ფქოდ-ის დიაგნოზი გულისხმობს ქრონიკული ბრონქიტსა და ემფიზემას.

 

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების ძირითად მიზეზს თამბაქოს კვამლი წარმოადგენს (მათ შორის, მეორადი/პასიური მწეველობა). სხვა რისკ-ფაქტორებია:

 

ჰაერის დაბინძურება შენობების შიგნით (მაგალითად, საკვების მოსამზადებლად და გათბობისთვის გამოყენებული ბიომასა და ნახშირი);

ატმოსფეროს დაბინძურება;

პროფესიულ მტვერი და ქიმიკატები (ორთქლი, გამღიზიანებლები და ბოლი);

ქვედა სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები ბავშვობაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მსოფლიოში 65 მილიონ ადამიანს აქვს საშუალო ან მძიმე ხარისხის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. 2005 წელს 3 მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა ფქოდით, რაც მსოფლიო სიკვდილობის 5%-ს წარმოადგენს.

 

ფქოდ-ის პრევენცია შესაძლებელია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს ფქოდის პრევენციის უდიდეს საზოგადოებრივ ჯანდაცვით მნიშვნელობას.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიის მიზანია მხარი დაუჭიროს მონაწილე ქვეყნებს ფქოდთან დაკავშირებული ავადობის, უნარშეზღუდულობის და ნაადრევი სიკვდილობის შემცირებაში. ამ ასპარეზზე საჭიროა საერთაშორისო ძალისხმევათა გაძლიერება რათა მიღწეული იქნას:

 

საზოგადოების გათვიცნობიერებულობის დონის ამაღლება დაავადების შესახებ, რაც გულისხმობს ჯანდაცვის პროფესიონალებისა და პაციენტების მიერ დაავადების და მასთან დაკავშირებული პრობლემების სირთულეების აღიარებას.

გლობალური ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ორგანიზება და კოორდინირება ფქოდ-ის მსოფლიო და რეგიონული ტენდენციების მონიტორირებისათვის.

 

დაავადების პრევენციისა და მართვისათვის ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.