Nuk
ეკატერინე ტიკარაძე კარლ ჰარცელს შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე კარლ ჰარცელს შეხვდა


თარიღი: 16/02/2021

ეკატერინე ტიკარაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირის დაფინანსებით  COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. მხარეებმა   ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ვაქცინის შესყიდვის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს „კოვაქს“ პლატფორმასთან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით  მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„პრიორიტეტული საკითხი  კვლავ ვაქცინაციაა. ევროკავშირის ელჩი ყველა  იმ საკითხით დაინტერესდა, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში მიმდინარეობს. კარლ ჰარცელმა გამოხატა მზაობა, რომ ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში. ევროკავშირის ელჩს  ყველა დეტალთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცი მივაწოდეთ“-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი  წარმატებით განხორციელდება.

„შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ.განვიხილეთ ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა. ჩვენ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით, რათა სამედიცინო პერსონალმა უსაფრთხოდ  იმუშავოს.  მჯერა , რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით განხორციელდება“-ამის შესახებ  ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. 

შეგახსნებეთ, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა,  რაც ვაქცინის დაუბრკოლებლად შემოტანასთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველს ქმნის.